Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. გენერალური პროკურორი რუსეთიდან - ცხინვალელი აქტივისტები აღშფოთებული არიან


ცხინვალი
ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დე ფაქტო პარლამენტს ახალი ე. წ. გენერალური პროკურორის კანდიდატურა წარუდგინა დასამტკიცებლად. დამტკიცების შემთხვევაში, ვიტალი სავჩენკო სოჭიდან ცხინვალში გადავა სამუშაოდ.

ამჟამინდელი დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, უფლებამოსილების ვადა 6 აპრილს იწურება. ჯაგაევი თავის დროზე რუსეთის ქალაქ სოჭის საგამოძიებო ორგანოებში მუშაობდა. 35 წლის ვიტალი სავჩენკოს ცხინვალელმა ანალიტიკოსებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა უკვე უწოდეს ჯაგაევის კაცი. ოპოზიცია ბოლო თვეების განმავლობაში მუდმივად ითხოვდა ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენებას და მას ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმის არასათანადო გამოძიების გამო უნდობლობას უცხადებდა. ოპოზიცია არ აპირებს დე ფაქტო გენერალური პროკურორის ახალ კანდიდატურას მხარი დაუჭიროს.

ვიტალი სავჩენკო
ვიტალი სავჩენკო

ადგილობრივ პრესაში უკვე გამოქვეყნდა ურუზმაგ ჯაგაევის მემკვიდრის ბიოგრაფია. ვიტალი სავჩენკო 35 წლისაა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში დაბადებული ურუზმაგ ჯაგაევისგან განსხვავებით, გენერალური პროკურორის ახალი კანდიდატი დაიბადა და გაიზარდა კრასნოდარის მხარეში. სწავლობდა ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო სამართლის აკადემიაში. ამჟამად მუშაობს კრასნოდარის რაიონის პროკურატურაში.

სავჩენკოს ერთადერთი კავშირი ცხინვალის რეგიონთან არის ამჟამინდელი დე ფაქტო გენერალური პროკურორი ჯაგაევი, რომელიც ცხინვალში დაბრუნებამდე, 2016 წელს, იყო ქალაქ სოჭის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის უფროსი. ეს არის ის, რაც ახალგაზრდა კანდიდატისადმი ოპოზიციონერი ე. წ. დეპუტატის, დავით სანაკოევის, შეკითხვებს იწვევს:

პირველ რიგში, ეს არის ადამიანი, რომელსაც, ალბათ, არასოდეს გაუგია სამხრეთ ოსეთის შესახებ.
ალექსანდრ პლიევი

„ჩვენ ვნახეთ, თუ რას აკეთებდა ეს ახალგაზრდა კაცი დღევანდელ დღემდე. ვფიქრობ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობა ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მაღალია და ის, ვისაც მისი დაკავება უნდა, უპირველეს ყოვლისა, გამოცდილების მქონე ადამიანი უნდა იყოს. მეორეც, უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არ არის აფილირებული რომელიმე მხარესთან და პარტიასთან. ყოველ შემთხვევაში, მას უნდა ესმოდეს, რომ პასუხისმგებელი იქნება მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ჩემი აზრით, იგი არ შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რომლებიც მე აღვნიშნე. ვიტალი სავჩენკო სოჭელი ადამიანია, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ის ამჟამინდელი გენერალური პროკურორის, ჯაგაევის, კაცია. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვცდილობთ, რომ ჯაგაევი თანამდებობიდან გადადგეს სერიოზული დარღვევების გამო. ამას ჩვენ ვითხოვდით და კვლავ ვითხოვთ. და თუ ეს კანდიდატი მისი კაცია, მაშინ ის (ჯაგაევი) რეალურად გააგრძელებს ამ პოლიტიკას და პროკურატურის მართვას”, - ამბობს დავით სანაკოევი „ეხო კავკაზასთან“ საუბარში.

კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის, „სახალხო პარტიის“, ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრ პლიევის თქმით, დეპუტატების ნაწილი სავჩენკოს კანდიდატურისთვის ხმის მიცემას არ აპირებს.

მე არ მესმის, რატომ უნდა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩემი ქვეყნის გენერალური პროკურორი?
დინა ალბოროვა

„პირველ რიგში, ეს არის ადამიანი, რომელსაც, ალბათ, არასოდეს გაუგია სამხრეთ ოსეთის შესახებ. მეორეც, მას მაიორის ჩინი აქვს. მაშინ რატომ გვყავს ამდენი გენერალი, რომ მაიორი მოვიდეს და გენერლებს უმეთაუროს? ნუთუ სამხრეთ ოსეთში ნამდვილად ვერ მოიძებნა ერთი კომპეტენტური, განათლებული ადამიანი, რომელიც გენერალურ პროკურატურას უხელმძღვანელებს? მაშინ ჩვენ გროშის ფასი ვართ! მაშინ რატომ ვუწოდებთ საკუთარ თავს ხალხს, სახელმწიფოს, მათ შორის ალანიის სახელმწიფოს?!“

ალექსანდრ პლიევი პირდაპირ კავშირს ხედავს ჯაგაევსა და სავჩენკოს შორის, რომლებსაც ქალაქი სოჭი, იქაურ პროკურატურასა და საგამოძიებო ორგანოებში ერთად მუშაობის წლები აკავშირებთ.

დე ფაქტო პარლამენტისთვის სავჩენკოს კანდიდატურის წარდგენის შემდეგ, ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტებმა სოციალურ ქსელში დისკუსია გამართეს. მათი აზრით, უცხო ქვეყნის მოქალაქის დანიშვნა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, პირველ რიგში, ადგილობრივი საზოგადოების შეურაცხყოფაა. პოლიტოლოგი დინა ალბოროვა ამბობს:

„მე არ მესმის, რატომ უნდა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩემი ქვეყნის გენერალური პროკურორი? მე ეჭვქვეშ არ ვაყენებ მის პროფესიონალიზმს, მაგრამ იმ აზრის გამო კი მრცხვენია, რომ ამ პოსტზე ერთი ღირსეული კანდიდატი არ გვყავს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მე საშინლად მძაბავს ის, რომ კანდიდატურა კრასნოდარის რეგიონიდან არის. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ პარლამენტს წარუდგინეს ძველი გენერალური პროკურორი, სხვა სახელით და გვარით“.

ოსური საზოგადოების ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ბიბილოვის ხელისუფლება, დაპირებული რეფორმების მიუხედავად, არაფრის შეცვლას არ აპირებს და ისევ ისეთი განუკითხაობა გაგრძელდება ძალოვან სისტემაში, როგორიც აქამდე იყო.

ოპოზიციონერი დე ფაქტო დეპუტატების ინფორმაციით, ბიბილოვი და ჯაგაევი ამჟამად მოსკოვში იმყოფებიან და იქ ე. წ. გენერალური პროკურორის კანდიდატსაც ხვდებიან.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის თანახმად, თუ პარლამენტი ხმათა უმრავლესობით არ დაამტკიცებს წარდგენილ კანდიდატს, მაშინ პრეზიდენტი ვალდებულია საკანონმდებლო ორგანოს 6 თვის შემდეგ სხვა კანდიდატურა შესთავაზოს. დე ფაქტო პარლამენტის კომიტეტებში ახალი კანდიდატურის განხილვა მიმდინარე კვირაში ჩატარდება და კენჭისყრაც შესაძლოა კვირის ბოლოს გაიმართოს. ადგილობრივი ექსპერტების აზრით, ბიბილოვი და მმართველი პარტია პარლამენტში უმრავლესობას ფლობენ და სავჩენკოს კანდიდატურის დამტკიცებას პრობლემა არ ექნება.

XS
SM
MD
LG