Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალიდან კოვიდინფიცირებულების თბილისში გადაყვანა დაიწყეს. ბიბილოვს კორონავირუსი აქვს


ერთი დღის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა  57 დადასტურებული შემთხვევით გაიზარდა.

არის გარდაცვალების პირველი შემთხვევაც. დე ფაქტო რესპუბლიკის სანიტარიული ექიმის ცნობით, გარდაცვლილია 88 წლის ქალი, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე. წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, კორონავირუსი დაუდასტურდა. გამოცემა „რესის“ თანახმად, ამ ინფორმაციას ანატოლი ბიბილოვის პრესმდივანი დინა გასიევა ავრცელებს.

როგორც ის იტყობინება, ბოლო ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ბიბილოვს დაავადება მსუბუქ ფორმებში გადააქვს და დისტანციურად აგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას.

გამოცემა „რესის“ თანახმად, კორონავირუსი მანამდე დაუდასტურდა ე. წ. პრეზიდენტის პრესმდივანს, თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავარ სანიტარიულ ექიმსა და ე.წ. მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელს. კორონავირუსითაა ინფიცირებული დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გენადი ბეკოევიც.

რუსეთის დე ფაქტო საზღვარზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით 194 ადამიანი დაინფიცირდა.

ბოლო კვირის განმავლობაში რესპუბლიკაში დაავადებულთა რიცხვის მატება შეინიშნება. მარტო ერთი დღე-ღამის განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 57 შემთხვევა. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ინფიცირებულის გარდაცვალების პირველი შემთხვევა. გარდაიცვალა 88 წლის ქალი, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა, - აღნიშნა დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ გამოცემა „რესთან“ საუბარში.

ცხინვალის საავადმყოფოს ინფექციურ საავადმყოფოში ყველა საწოლი უკვე დაკავებულია. ადგილობრივი ჯანდაცვა კრიზისშია და ამას ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსებიც უკვე ღიად აცხადებენ. დე ფაქტო ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცხინვალის ბავშვთა საავადმყოფო კოვიდჰოსპიტლად გადააკეთოს. დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციიდან ექიმების ჩასვლასაც ელოდნენ, მაგრამ ისინი არ ჩანან, ამ ფონზე კი ადგილზე სპეციალისტების დეფიციტია და ამაზე დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ექიმი ანესთეზიოლოგი ალექსანდრ პლიევი ღიად ლაპარაკობს. ის „ეხო კავკაზასთან“ საუბარში ადასტურებს ინფორმაციას, რომ წითელი ჯვრის მეშვეობით მძიმე პაციენტების გადაყვანა თბილისში დაიწყეს.

„4 პაციენტი უკვე გადაიყვანეს თბილისში, აქ არის ნათესავების ფაქტორიც და ის ფაქტორიც, რომ ასეთ მძიმე პაციენტებს აქ ვერ ვუმკურნალებდით. რუსი სპეციალისტები აქ არ არიან, ჩვენი ძალებით გვიწევს გამკლავება, მაგრამ ამას გამკლავებაც არ ჰქვია, იმიტომ რომ რეანიმატოლოგები თითებზე ჩამოსათვლელი გვყავს. ვითარება საკმაოდ სერიოზულია. ძირითადი პრობლემა პერსონალს უკავშირდება. ორი რეანიმატოლოგიც რომ გაგვიხდეს ავად, მათ ვერ ჩავანაცვლებთ და პაციენტებთან ვეღარავინ შევა“, - ამბობს ალექსანდრ პლიევი. მისი თქმით, ბავშვთა სავადმყოფო მალე გადაკეთდება კოვიდცენტრად. რაც შეეხება მედიკამენტებს, ცხინვალელი ექიმი აცხადებს, რომ დეფიციტი უკვე შეინიშნება.

როგორ მუშაობს რუსულ-ოსური პროპაგანდა და ვის სჯერა მისი

ოკუპირებულ ცხინვალში ვითარება მძიმეა, ადგილობრივი პროპაგანდა კი მოსახლეობას დიდი ხანია მოუწოდებს, რომ სამკურნალოდ თბილისში არ წავიდნენ. ამის შესახებ ე.წ. სამთავრობო მედიაში ბოლო ხანებში არაერთი სტატია გამოქვეყნდა, სადაც ლუგარის ცენტრი იყო დადანაშაულებული ვირუსის ხელოვნურ გამოყვანაში. ხშირად კომიკურ სტატიებში ადგილობრივი ავტორები იმასაც წერდნენ, რომ ქართული სპეცსამსახურები ოსების ბიოლოგიური მასალის მოსაპოვებლად ოკუპაციის ხაზთან სხვადასხვა ღონისძიებას ატარებენ. ხან თითქოს ღამურების მოსაპოვებლად გადასულ მოქალაქეს აკავებდნენ, ხანაც კაგებეს თანამშრომლები ბუზების, მწერების და წყლის სინჯების აღებით იყვნენ დაკავებული და ყველა შემთხვევაში მთავარ საფრთხედ ლუგარის ცენტრს ასახელებდნენ. ამ პროპაგანდის მიუხედავად, ცხინვალიდან თბილისში სამკურნალოდ წამსვლელების რაოდენობა არ იკლებს. კოვიდინფექციის სამკურნალოდ ადგილობრივები ვლადიკავკაზსა და მოსკოვში წასვლის ნაცვლად ისევ თბილისისკენ მიდიან - ზოგი წითელი ჯვრის მეშვეობით, ზოგი საკუთარი შესაძლებლობებით და ზოგიც ე. წ. საზღვარზე გადმოპარვით.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი გვეუბნება, რომ ცხინვალელები ადგილობრივ ჯანდაცვას არ ენდობიან და უმრავლესობას სურვილი აქვს, დაავადების შემთხვევაში, მკურნალობის კურსი თბილისში ჩაიტაროს.

„აქაური ჯანდაცვის სისტემა, ფაქტიურად, არ არსებობს. პატარა საზოგადოებაში ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება. ზოგს ექიმი ჰყავს ნათესავი და მისგან იცის, რა შესაძლებლობებია საავადმყოფოში, ზოგს მთავრობაში ჰყავს ვინმე და პირად საუბრებში არც ისინი მალავენ, რომ რთული სიტუაციაა და ვისაც როგორ შეუძლია, ისე უნდა უშველოს საკუთარ თავს. აგერ, ბიბილოვი დაავადდა და ვის აქვს გარანტია, რომ ეს ვირუსი არ შეხვდება?! რუსეთთან საზღვარი გახსნილია, რუსეთის მეოთხე ბაზის წარმომადგენლები დაუბრკოლებლად დადიან აქეთ-იქით. რა ხდება ამ ბაზაზე, რამდენი ჯარისკაცია დაავადებული, ამის შესახებ არაფერს გვეუბნებიან. პროპაგანდა ერთს ამბობს, მაგრამ პატარა ცხინვალში ყველამ ვიცით, რომ რესპუბლიკის მაღალჩინოსნები, რამე რომ გაუჭირდებათ, თბილისში გარბიან სამკურნალოდ. მათ არ სჯერათ ამ პროპაგანდის და ხალხმა რატომ უნდა დაიჯეროს?! ყველა ცხინვალელმა კარგად იცის, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვლადიკავკაზის სისტემაზე ბევრად უკეთესია და გადარჩენის შანსიც იქ მეტია. ამიტომ, როცა სიცოცხლე საფრთხეშია, ვერავინ ვერავის მოსთხოვსსად და როგორ წავიდეს“, - ამბობს რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის ოფისის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მარია თედეთი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, საქართველოს კლინიკებში ცხინვალიდან პაციენტების გადაყვანის სტატისტიკა ყოველდღიურად იზრდება.

„შეზღუდვების მიუხედავად, რაც კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ პაციენტების სამედიცინო გადაყვანას თბილისის ჯანდაცვის კლინიკებში. ეს ხელისუფლებასთან (დე ფაქტო ხელისუფლება) შეთანხმებით და ნებართვით ხდება და ამას ჩვენ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით ვაკეთებთ. 2020 წლის იანვრიდან დღემდე, დაახლოებით, 60 სამედიცინო გადაყვანა განვახორციელეთ. ამას ვაკეთებთ, როცა ადამიანს სიცოცხლის გადასარჩენად დაუყოვნებელი დახმარება სჭირდება“, - ამბობს მარია თედეთი.

ცხინვალიდან პაციენტების გადასაყვანად ბიბილოვის ხელისუფლება წითელ ჯვარს გზას სულ უფრო ხშირად უხსნის, რასაც ვერ ვიტყვით იზოლირებულ ახალგორზე, სადაც ორ ათეულზე მეტი ადამიანი მხოლოდ იმის გამო გარდაიცვალა, რომ მათთვის მაღალკვალიფიციური ჯანდაცვა ხელმიუწვდომელი იყო და პაციენტების ნათესავებსაც თბილისის კლინიკებში მათი გადაყვანის უფლება არ მისცეს. ბოლო შემთხვევა ახალგორში 14 ოქტომბერს მოხდა, როცა სკოლის პედაგოგის, ვერა კოტოლოვას, ოჯახის წევრებს მისი თბილისში გადაყვანის უფლება არ მისცეს, დამძიმებულ პედაგოგს კი დიაგნოზი ვერც ახალგორში დაუსვეს და ვერც ცხინვალში. ინსულტის ნიშნების მქონე პაციენტი სახლში გაწერეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG