Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალიდან მოითხოვეს ჯაშუშობაში ბრალდებული გოლოევის გათავისუფლება - მის დაკავებას „გატაცებასა“ და „პროვოკაციას“ უწოდებენ

24 აპრილს სუსის მიერ დაკავებულ თამაზ გოლოევს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს (ფოტო არქივიდან).
24 აპრილს სუსის მიერ დაკავებულ თამაზ გოლოევს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს (ფოტო არქივიდან).

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის “საგარეო საქმეთა სამინისტროში” აცხადებენ, რომ ახალგორის მკვიდრს, 27 წლის თამაზ გოლოევს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობაში „მოგონილი საბაბით“ დასდო ბრალი.

სუსის ინფორმაციით, გოლოევი საქართველოს მოქალაქეა; ხოლო "სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების" თანახმად, მას ასევე აქვს “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა”. 21 აპრილს გოლოევმა - “სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის” სტუდენტმა - საკონტროლო გამშვები პუნქტი „რაზდახანი“ გადაკვეთა.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 22 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე თამაზ გოლოევი „გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და მას მიენიჭა შესაბამისი ფსევდონიმი“ (რა ფსევდონიმი ჰქონდათ მისთვის შერჩეული, სუსი არ აზუსტებს).
  • 24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დახურულ სხდომაზე, თამაზ გოლოევს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.


ცხინვალის “საგარეო უწყების” განცხადებით, გოლოევისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ ინფორმაცია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) „ცხელი ხაზის“ საშუალებით დააზუსტეს - “უწყვეტი კონსულტაციების” რეჟიმში. იციან ასევე, რომ სასამართლოს შემდეგი სხდომა მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება

„საქართველოს რეპრესიული აპარატის არაფრით გამართლებულ მსგავს ქმედებებს, რომლებსაც აშკარად პოლიტიკური ხასიათი აქვთ, განვიხილავთ თამაზ გოლოევის უფლებების უხეშ დარღვევად და ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილის ეპოქის ტერორის პოლიტიკის გაგრძელებად” - ცხინვალიდან დაკავებულის დაუყოვნებელ გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორია კვლავაც რჩება „სახიფათო და მტრულ გარემოდ სამხრეთ ოსეთისა და მის მცხოვრებთათვის“ - “მიუხედავად ოფიციალური თბილისის წარმომადგენელთა ბაგეთაგან იშვიათად გაჟღერებული „მშვიდობისმოყვარე” ხმებისა”.

აქვეა გაფრთხილებაც:

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების მიზნით დაჟინებით ურჩევს სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს, თავი შეიკავონ საქართველოში მგზავრობისგან“.

სუსის ვერსია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 22 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე თამაზ გოლოევი „გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და მას მიენიჭა შესაბამისი ფსევდონიმი“ (რა ფსევდონიმი ჰქონდათ მისთვის შერჩეული, სუსი არ აზუსტებს).

სუსის ცნობითვე, ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ, მას ევალებოდა ინფორმაციის შეგროვება:

  • სუსის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ, ასევე მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება.
  • საქართველოში სტრატეგიული ობიექტების - მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო, ვიდეოგადაღება და სხვა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდა კაცი „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით“ არის დაკავებული.

ითქვა ისიც, რომ მას თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ, თუმცა ოფიციალური განცხადებებიდან არ ირკვევა, კონკრეტულად მოახერხა თუ არა მან რაიმე ინფორმაციის გადაცემა და თუ მოახერხა - რისი, ან რა მტკიცებულებებია საქმეში მის წინააღმდეგ.

დაკავებულს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემურება.

სუს-ში განაცხადეს, რომ დაკავებული კაცის გარდა, ასევე გამოვლენილია ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი, რომლებიც „საქართველოში არ იმყოფებიან“. მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ და იგეგმება მათზე ძებნის გამოცხადება ინტერპოლის არხებით.

რუსეთის აგენტი?

სუსში თავს იკავებენ იმ ქვეყნის დასახელებისგან, რომლის სასარგებლოდ ჯაშუშობაშიც ადანაშაულებენ საქმის ფიგურანტებს. არ ასახელებენ არც დაკავებულის ვინაობას.

პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი-2-ის" ინფორმაციით, სუსის მიერ დაკავებული კაციც და ძებნაში მყოფი ორი ადამიანიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ.

სუსის ყოფილ ხელმძღვანელს, მომავალ ვიცე-პრემიერს, მამუკა მდინარაძეს, ამ თემაზე კითხვა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დაუსვეს.

„შეიძლება, ჩემთვის დღეს ძალიან კარგი იყოს ვიღაცეების თვალში, ყურში, მოსასმენად და დასანახად თქმა და გაგონება, თუ რომელი ქვეყნის ჯაშუშებზე ვლაპარაკობთ დღეს - პიარულად შეიძლება კარგად გამოჩნდეს - მაგრამ უსაფრთხოების სამსახური არ აპირებს მხოლოდ ერთ ქვეყანაზე გაჩერებას და მერე სხვა უხერხულობები შეიძლება შეიქმნას. ჯობია, თავიდანვე არ ვთქვათ ჩვენ ერთი ქვეყანა, და შემდეგ არც მეორე, – თქვა მდინარაძემ და დაამატა, – რაღაცებს ვეღარ წამოგვაძახებენ აწი“.

მდინარაძემ გადაცემის წამყვანის, მაგდა ანიკაშვილის შეჩერება სცადა, როდესაც ის ამბობდა: „შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თქვენს ოპონენტებს აღარ ექნებათ საფუძველი იმის თქმის, რომ ამ ქვეყნის ჯაშუში არასოდეს გამოგივლენიათ... ჩვენი მაყურებელი თავად გააკეთებს დასკვნებს ამის თაობაზე“.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG