Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალისა და მოსკოვისთვის რეპუტაციული ზარალი და ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე


დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ბოლო კვირის განმავლობაში განცხადებას განცხადებაზე ავრცელებს დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, შესახებ. ამ განცხადებებში კი თავადვე აირია.

ჯერ იყო და, ექიმი 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებს დაუკავშირეს, თუმცა დადასტურებულია, რომ გაფრინდაშვილი ომის დღეებში ღუდუშაურის კლინიკიდან არ გამოსულა და სხვა პაციენტებთან ერთად რუსეთის ფედერაციის სამხედრო მფრინავებსაც მკურნალობდა. მეორე განცხადებით კი, ცხინვალის უშიშროება უფრო შორს წავიდა და ექიმის მიერ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევა პოლიტიკურ მოტივებს დაუკავშირა, თუმცა კაგებე აქაც აირია, რადგან გაფრინდაშვილს, ერთდროულად, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე ოპოზიციის პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლად აცხადებს.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, საქართველოს ოპოზიციისა და ოფიციალური თბილისის მიზანია პოლიტიკური ქულების დაწერა გაფრინდაშვილის საქმეზე, ასევე, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლა საკუთარი რეიტინგის გასაუმჯობესებლად. ამ განცხადებების აბსურდულობაში დარწმუნდა ცხინვალელი პოლიტიკოსი, ყოფილი დეპუტატი როლანდ ქელეხსაევიც, რომელიც ბიბილოვის ხელისუფლებას გამოსავალს სთავაზობს. თუ ექიმი სამხრეთ ოსეთის დისკრედიტაციისთვის პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, დააჯარიმეთ და გაუშვით. დაკავება არ არის სკანდალი და, თუ სკანდალი არ არის, ესე იგი, პროვოკაციაც ვერ შედგაო, - აცხადებს „ეხო კავკაზასთან“ საუბარში როლანდ ქელეხსაევი.

„წინადადება მაქვს, - მათი შიდა პოლიტიკური თამაშები რომ არ ვითამაშოთ, ხომ არ მოვექცეთ ექიმს ისე, როგორც საზღვრის სხვა დამრღვევებს ვექცევით, - დავაჯარიმოთ და გავუშვათ“.

სკანდალის უაზრობასა და რაიმე რაციონალური ახსნის შეუძლებლობაში დარწმუნებულია რუსეთში გავლენიანი პოლიტოლოგი ნიკოლაი სილაევი. მისი თქმით, ბიბილოვის ხელისუფლება ყოველდღიურად კარგავს რეპუტაციას და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში თავის თავს არაჰუმანურ და არაადამიანურ მმართველად წარმოაჩენს:

„ამ შემთხვევაში რთული პოლიტიკური გათვლები არ უნდა ვეძებოთ იქ, სადაც სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების სერიოზული საგარეო პოლიტიკური შეცდომაა. დღეს ისინი გამოიყურებიან ადამიანებად, რომლებმაც ცარიელ ადგილზე თავი წარმოაჩინეს არაგულმოწყალე და სასტიკ ხალხადაც კი. ვინ რა დაარღვია, ამაზე თბილისსა და ცხინვალში სხვადასხვა შეხედულება აქვთ. მაგრამ არსებობს საერთო ადამიანური ცნება, რომ ექიმი ხელშეუხებელია. რეალური თუ მოჩვენებითი პოლიტიკური პრობლემების მოგვარება ექიმის ხარჯზე ლამაზი საქციელი არ არის. თუ საზღვარი დაარღვია, ოქმი უნდა დაუწერო და გაუშვა. ეს რეპუტაციის საკითხია, რეპუტაცია კი მორიგ ჯერზე შეილახა. დღეს ყოველი შემდგომი ნაბიჯი აუარესებს იმას, რაც უკვე გაკეთებულია. ერთადერთი გონივრული გამოსავალი მისი გათავისუფლებაა“.

სილაევის აზრით, არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის, არამედ რუსეთის რეპუტაციაც ზარალდება, რადგან ცხინვალის მოკავშირე და მფარველი მოსკოვია და ვერ ხვდება, ამას აცნობიერებენ თუ არა ცხინვალში.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ გავრცელებული განცხადებებით წაგებიან ვითარებაში ჩაიყენა თავი. მისი აზრით, აბსურდული და ულოგიკო ბრალდებები ვრცელდება და რაც მალე გაათავისუფლებენ მას, მით უკეთესი ცხინვალის ხელისუფლებისთვის. ბენდიანიშვილის აზრით, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებაც შეშინებულია და ალტერნატიულ აზრს ვერ აფიქსირებენ, თუმცა პირად მიმოწერებში ისინი აკრიტიკებენ ბიბილოვის ხელისუფლებას.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობითაც, ბიბილოვის ხელისუფლება უკვე სერიოზულად განიცდის რეპუტაციულ ზარალს და სახის შესანარჩუნებლად გაფრინდაშვილის გათავისუფლებას გეგმავს. მისი ინფორმაციით, გათავისუფლების საფუძველი უკვე მზადდება.

ამასობაში პატიმარ ექიმამდე ოჯახის მიერ გაგზავნილი ამანათი ვერ აღწევს. „სამწუხაროდ, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი ცხინვალის ციხეში კვლავ ვერ ახერხებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულებას და მისთვის ამანათის გადაცემას, რომელშიც ძირითადად მედიკამენტებია“, - ამ ინფორმაციას დაკავებულის ოჯახი ავრცელებს.

პირველად „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი ცხინვალის ციხეში ექიმის მოსანახულებლად 18 ნოემბერს შევიდა, დაკავებიდან 9 დღის შემდეგ. ექიმს ოჯახის მიერ გაგზავნილი წერილი გადასცეს და იქიდანაც საპასუხო წერილი წამოიღეს, რომელშიც გაფრინდაშვილი შემდეგ ჯერზე მედიკამენტების გაგზავნას ითხოვდა. ვაჟა გაფრინდაშვილის შვილის, ირინა გაფრინდაშვილის, ინფორმაციით, „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლობაში მათ ამანათი სამშაბათს, 19 ნოემბერს, დილითვე მიიტანეს, მაგრამ ამ დრომდე ეს ამანათი ციხეში ვერ ხვდება და „წითელ ჯვარს“ ისევ პრობლემა ექმნება. ოჯახს ჰპირდებიან, რომ გზავნილს ამ საღამოს ან ორშაბათ დილით ჩაიტანენ ცხინვალში. ოჯახის თხოვნაა, რომ პროცესი დაჩქარდეს, რადგან ვაჟა გაფრინდაშვილსა და ოჯახის წევრებს შორის კონტაქტი მხოლოდ „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით მყარდება. „წითელი ჯვარი“ ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში მუშაობს.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით დააკავეს. 15 ნოემბერს ახალგორის სასამართლომ მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG