Accessibility links

ცხინვალში აქციები გაგრძელდება: ბიბილოვი მომხრეებს დე ფაქტო პარლამენტშიც კარგავს


ოკუპირებული ცხინვალი. 11 სექტემბერი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო მეტად ღრმავდება.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა უარი თქვა დე ფაქტო გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენებაზე, საპარლამენტო უმრავლესობა კი ბიბილოვის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ე.წ. მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას არ ამტკიცებს.

გასულ ოთხშაბათს დე ფაქტო პრეზიდენტმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, თუმცა მეტი დრო ოპოზიციის კრიტიკას დაუთმო, ვიდრე წინასწარი დაკავების იზოლატორში ადგილობრივი მცხოვრების, ინალ ჯაბიევის, მკვლელობის გამოძიებას. სწორედ ამ ეთერში განაცხადა ბიბილოვმა, რომ არ აპირებს პროკურორის გადაყენებას, საპარლამენტო უმრავლესობა კი ბოიკოტს აგრძელებს, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

„მე დეპუტატებს გენერალური პროკურორის შესახებ უკვე გავუგზავნე პასუხი. მე ვეკითხები მათ, რისთვის უნდა მოვხსნა გენერალური პროკურორი? კანონით, ის რომ გადავაყენო, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა იყოს აღძრული. ასეთივე პრაქტიკაა რუსეთის ფედერაციაში. ახლა მიმდინარეობს გამოძიება და არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ დამნაშავეები იქნებიან დასჯილი. კითხვა: რისთვის მოვხსნა? გამაგებინეთ. პასუხი არ არის“, - განაცხადა ბიბილოვმა.

დე ფაქტო პრეზიდენტს ე.წ. ოპოზიციურმა უმრავლესობამ უკვე უპასუხა. ისინი ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმეში პასუხისმგებლობას აკისრებენ დე ფაქტო გენერალურ პროკურორ ჯაგაევსაც, რომელსაც ევალებოდა ზედამხედველობა სამართალდამცავ ორგანოებსა და კანონის აღსრულებაზე. დე ფაქტო პარლამენტის წევრების უმრავლესობამ დე ფაქტო პრეზიდენტს პროკურორის გადაყენება მოსთხოვა და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე საპარლამენტო მუშაობა შეაჩერა. ახლა პარლამენტში კვორუმი ვერ გროვდება და ყველა საკითხის განხილვა შეჩერებულია. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით სანაკოევმა, ფეისბუკით უპასუხა დე ფაქტო პრეზიდენტს:

„ახლა მე და ჩემს კოლეგებს გვეკითხებიან, რა იქნება მომავალში, როგორია კრიზისიდან გამოსავალი. გამოსავალი ერთია: პრეზიდენტის მიერ კანონის დაცვა და ჯაგაევის თანამდებობიდან გათავისუფლება, ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმის სამართლიანი გამოძიება. ჩვენ მშვიდად და თანმმიმდევრულად ამას მივაღწევთ“.

დავით სანაკოევი იმასაც წერს, რომ ბიბილოვი რესპუბლიკას მთავრობის გარეშე დატოვებს და, კონსტიტუციით, ვერც პარლამენტს დაითხოვს, რადგან ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო, ცხინვალში კი ასეთი სასამართლო არც შეუქმნიათ.

„ჩვენ, დეპუტატებს, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ბოლომდე ვიდგეთ. ჩვენ ვასრულებთ ხალხის ნებას. ხალხი ითხოვს სამართლიან გამოძიებას, მაგრამ ამ პროკურორის მუშაობის პირობებში ეს შეუძლებელია. პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ჯაგაევის გადაყენების დადგენილება მიიღო, გაუგზავნა პრეზიდენტს. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს ამ დადგენილების იგნორირების უფლება არა აქვს. მან უნდა გამოგვიგზავნოს გადაწყვეტილება, მაგრამ არ აკეთებს და ჩვენც ბოლომდე ვიდგებით. იმისთვის რომ მან პარლამენტი დაითხოვოს, მისი ანტიკონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადასტუროს, რომელიც აქამდე შექმნილი არ არის“, - ამბობს დავით სანაკოევი.

რადიო თავისუფლების წყარო ცხინვალიდან გვწერს, რომ საზოგადოების განწყობა ბიბილოვის მიმართ ყოველდღიურად უარყოფითისკენ იცვლება, რადგან ხალხი ხედავს, რომ ის ჯაგაევს ხელს აფარებს:

„ხალხი ხედავს, რომ გამოძიება ისე არ მიდის და ინალ ჯაბიევის წამების და მკვლელობის მხოლოდ შემსრულებლები არიან დაკავებული და არა მათთვის ნებართვის მიმცემები. ოპოზიციის რიგები კი სულ უფრო იზრდება. „ედინაია ოსეტიას“ („ერთიანი ოსეთი“ მმართველი პარტიაა) ფრაქცია ერთმა დეპუტატმა, გარი მულდაროვმა, დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა, სხვებიც მზად არიან. ახლა ბიბილოვი იმით მანიპულირებს, რომ ხელფასების გაზრდა უნდა და დეპუტატების ბოიკოტის გამო ამას ვერ ახერხებს. პრეზიდენტი ყველაფერში დეპუტატებს ადანაშაულებს, მაგრამ მოხსნას ჯაგაევი და პარლამენტიც დაიწყებს მუშაობას. ხალხს უნდა სამართლიანი გამოძიება და ეს უნდა გაიგოს პრეზიდენტმა“.

ოსური მედიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტმა დე ფაქტო პარლამენტს ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე გენადი ბეკოევის კანდიდატურა წარუდგინა, მაგრამ პარლამენტში მისი კანდიდატურის განხილვა კვორუმის არარსებობის გამო ვერ ხერხდება. თუ ასე გაგრძელდა, ოკუპირებული რეგიონი ე.წ. მთავრობის გარეშე დარჩება და კრიზისი ყველა სფეროში გაღრმავდება.

ოპოზიცია კი აქციებს ისევ აანონსებს. „სახალხო პარტიის“ ლიდერი ალექსანდრე პლიევი ამბობს:

„ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს, დეპუტატები არ ვივლით საპარლამენტო სესიებზე. ჩვენი საპარლამენტო მუშაობა გრძელდება, მაგრამ ეს ბოიკოტი ეხება სასესიო სხდომებს. ჩვენ პრეზიდენტისგან ველოდებით კონსტრუქციულ გადაწყვეტილებას, მათ შორის გენერალური პროკურორის გადაყენებას, რადგან გენერალური პროკურორი ის ფიგურა არაა, რომელიც ობიექტურ გამოძიებას ჩაატარებს“.

30 წლის ინალ ჯაბიევი 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. სავარაუდოდ, ინალ ჯაბიევი მილიციელებმა აწამეს და სცემეს. ამ ინფორმაციას და სოციალური ქსელებით ფოტოების გავრცელებას ცხინვალში მასობრივი მღელვარება და საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა ე.წ. მთავრობა დაეთხოვა. მიუხედავად ამისა, 28 აგვისტოს შემდეგ ცხინვალში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები თავად ბიბილოვისა და დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ჯაგაევის, გადადგომის მოთხოვნით. წინასწარი ინფორმაციით, მომავალ კვირაში ცხინვალში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG