Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოიკოტი დე ფაქტო პარლამენტში: ცხინვალში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო


ცხინვალი. 31 აგვისტო
ცხინვალი. 31 აგვისტო

„მივიჩნევთ, რომ ურუზმაგ ჯაგაევის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ყოფნა ხელს უშლის სრულყოფილი და მრავალმხრივი გამოძიების ჩატარებას ინალ ჯაბიევის სიკვდილის მიზეზების დასადგენად“, - ეს არის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატთა განცხადების მცირე ნაწილი. ისინი დე ფაქტო გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის თანამდებობიდან გადადგომამდე საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებენ.

განცხადებას ხელს აწერს დე ფაქტო პარლამენტის 17 დეპუტატი, ანუ საპარლამენტო უმრავლესობა. მათი აზრით, ცხინვალში გამართული მიტინგების მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა სწორედ ჯაგაევის გადაადგომაა, ამიტომ ე.წ. დეპუტატები მოქალაქეების ამ სურვილის შესრულებამდე საპარლამენტო საქმიანობას აჩერებენ და დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს მოუწოდებენ ხალხის ნება შეასრულოს.

პარლამენტის დეპუტატების მიერ მიღებული განცხადება ოპოზიციური პარტია „ნიხასის“ წევრმა, დავით სანაკოევმა, სოციალურ ქსელ ფეისბუკში გაავრცელა. სანაკოევი აცხადებს, რომ ეს არის იძულებითი ნაბიჯი, რადგან ბიბილოვი არ აპირებს გადამჭრელი ზომების მიღებას სამხრეებიანი დამნაშავეების დასასჯელად:

„ჩვენ გვესმის, რომ ეს კოლაფსამდე მიგვიყვანს, მაგრამ ამ რესპუბლიკაში სხვაგვარად ცხოვრება შეუძლებელია. მას შემდეგ, რაც მოხდა, მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა და ამის შემდეგ ამ სამხრეებიანი დამნაშავეების წინააღმდეგ არ მიმართონ რაიმე ზომებს... მე არ ვფიქრობ, რომ ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება“.

პარტია „ედინსტვო ნაროდას“ (ხალხთა ერთობა) ლიდერი ვლადიმერ ქელეხსაევი „ეხო კავკაზასთან“ საუბარში ამბობს, რომ დეპუტატები იძულებული იყვნენ ასეთ ნაბიჯზე წასულიყვნენ, რადგან პრეზიდენტი მათ არ უსმენს:

„ჩვენ პრეზიდენტს გავუგზავნეთ წერილი, რომ გადაეყენებინა გენერალური პროკურორი. უკვე რამდენიმე დღეა, ეს ხდება და მას არ ესმის ჩვენი და ჩვენ პარლამენტის მეშვეობით მოქმედება გადავწყვიტეთ. თუ ის არ მოხსნის პროკურორს, ჩვენ პარლამენტის საქმიანობას დავბლოკავთ, ასევე მის მიერ წარმოდგენილ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. ესე იგი, თუ ჩვენ არ დავამტკიცეთ მთავრობის მეთაური, ბიბილოვი მას ვერ დანიშნავს. ჩვენ სხვა გამოსავალი არა გვაქვს, გარდა პარლამენტის ბლოკირებისა“.

ცხინვალში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. დე ფაქტო პრეზიდენტსა და დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატების ერთ ჯგუფს შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება. ე.წ. დეპუტატები ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმეში დე ფაქტო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, იგორ ნანიევის, პასუხისმგებლობასაც ხედავენ. ორი დღის წინ კი დე ფაქტო პროკურატურამ იმ მილიციელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ჯაბიევის ცემასა და მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი. 7 პირს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. პროკურატურის წარმომადგენელი ედუარდ თანდელოვი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეჭვმიტანილთა ნათესავებს ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით და ქონების განადგურებით. თანდელოვი იმასაც ამბობს, რომ ჯაბიევის მკვლელობაში ეჭვმიტანილთა ნათესავებს დაზარალებულები კი არა, სხვა დაინტერესებული პირები ემუქრებიან, რომლებიც პოლიტიკური ვითარების დასამძიმებლად სისხლიანი ანგარიშსწორების გაღვივებას ცდილობენ.

დე ფაქტო პარლამენტის წევრი დავით სანაკოევი კი ფიქრობს, რომ ვითარების დაძაბვას ბიბილოვის ხელისუფლება ცდილობს, როცა შემსრულებლებს აკავებს და შემკვეთებს ხელს აფარებს:

„ისინი კანონის დარღვევას აგრძელებენ, ისინი ვითომ რაღაც მოქმედებებს ატარებენ, მაგრამ ეს არ ჯდება კანონიერების ჩარჩოში. მათ უნდათ, რომ სისხლის სამართლის საქმე ისე დასრულდეს, როგორც აწყობთ, რომ ზოგიერთმა დამნაშავემ პასუხი არ აგოს, იმიტომ რომ ისინი ამათი ახლობლები არიან, და მთელი პასუხისმგებლობა ამ 7 ადამიანს დააკისრონ, რომლებიც დააკავეს. მათ ისეთი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს, რაც ვითარებას უფრო გაუგებარს ხდის“.

თავის მხრივ, დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა ამბოხებული დეპუტატების წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო და წლების წინ პარლამენტის დღევანდელი დეპუტატების სისხლის სამართლის საქმეები გაასაჯაროვა, რომლებიც აქამდე თაროებზე იყო შემოდებული. ერთ დეპუტატს ყალბი ცნობების გაცემაში ადანაშაულებენ, მეორეს - დანაშაულის დაფარვაში, მესამეს -ცილისწამებასა და ღირსების შელახვაში.

რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალური პროკურორი, ურუზმაგ ჯაგაევი, აცხადებს, რომ თანამდებობიდან იმ შემთხვევაში გადადგება, თუ ე.წ. დეპუტატები, რომლებიც მიტინგებზე გამოდიან და რომელთა მიმართაც თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. გენერალურ პორკურატურაში სხვადასხვა მასალები არსებობს, სადეპუტატო იმუნიტეტზე უარს იტყვიან, დატოვებენ დე ფაქტო რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის მანდატებს და ე.წ. სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

პარლამენტარები, რომელთა მიმართაც არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის ყველა საფუძველი, და პოლიტიკოსები, რომლებიც დაინტერესებული არიან კონკრეტული საქმეებით, ინალ ჯაბიევის ტრაგიკულ სიკვდილს თავიანთი პირადი ინტერესებისთვის იყენებენ. ისინი ზეწოლას ახდენენ სამართალდამცავ ორგანოებზე იმისთვის, რომ მათი კანონიერი საქმიანობის პარალიზება მოახდინონ და ამ გზით თავი აარიდონ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულებების გამო. ისინი იმედოვნებენ, რომ გენერალური პროკურორის გადადგომის შემდეგ მათი საქმეების წარმოება შეწყდება“, - განაცხადა ჯაგაევმა ბრიფინგზე, რომელზეც მან ისაუბრა მტკიცებულებებზე, რომლებიც, მისი თქმით, არსებობს, რათა სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. დეპუტატების, ალექსანდრე პლიევის, ჯამბულატ მედოევის, დავით სანაკოევისა და პარტია "ნიხასის" ლიდერის, ალან გაგლოევის, ძმის წინააღმდეგ.

30 წლის ინალ ჯაბიევი 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს-თა მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია მილიციელების მიერ მისმა წამებამ და ცემამ. ამ ინფორმაციის და სოციალური ქსელებით ფოტოების გავრცელებას ცხინვალში მასობრივი მღელვარება და საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა ე.წ. მთავრობა დაეთხოვა. მიუხედავად ამისა, 28 აგვისტოს შემდეგ ცხინვალში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები თავად ბიბილოვისა და დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ჯაგაევის, გადადგომის მოთხოვნით. 31 აგვისტოს ინალ ჯაბიევის დაკრძალვის შემდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრაც სცადეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG