Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დაუგეგმავი ვიზიტი „ვივამედში“?


კლინიკა "ვივამედი", პატიმართათვის განკუთვნილი განყოფილება
კლინიკა "ვივამედი", პატიმართათვის განკუთვნილი განყოფილება

მესამე დღეა, საქართველოში იმყოფებიან ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის წევრები. მათი დაუგეგმავი, ე.წ. AD HOC ვიზიტის ოფიციალური მიზანია პენიტენციური ჯანდაცვის საკითხების თაობაზე კლინიკა „ვივამედში“არსებული სიტუაციის შესწავლა.

თუმცა, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ ვიზიტის ამოსავალი წერტილი პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხის შესწავლაა. 26-27 მარტს კლინიკა „ვივამედში“ ვიზიტისას, კომიტეტის წევრებმა მოინახულეს როგორც მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კლინიკაში უკვე ათი თვეა მკურნალობს, ისე იქ მყოფი სხვა პატიმრები.

კლინიკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომიტეტმა მათგან სრულად გამოითხოვა მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პატიმრების სამედიცინო ისტორიები. მათივე განცხადებით, ყველა დოკუმენტი, რისი გადაცემაც შეეძლო კლინიკას, უკვე გადაცემულია.

პროტოკოლის თანახმად, კომიტეტის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

რა ორგანიზაციაა CPT ანუ, ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი?

კომიტეტი 34 წლის წინ, „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის“ იმპლემენტაციის მონიტორინგისთვის, 1989 წელს შეიქმნა. კომიტეტი 46 ქვეყნის არჩეული წევრისგან შედგება.

კომიტეტის მიზანია თავისუფლებააღკვეთილი პირების მონიტორინგი - როგორ ეპყრობიან მათ ციხეებში, არასრულწლოვანთა დაკავების ადგილებში, პოლიციის განყოფილებებში, იმიგრირებულ პირთა დაკავების ადგილებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, სოციალური დაცვის სახლებსა და ა.შ.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციები სარგებლობენ შეუზღუდავი შესვლისა და გადაადგილების უფლებით დაკავების ადგილებში. ისინი პირადად ესაუბრებიან როგორც თავისუფლებააღკვეთილ პირებს, ისე უკავშირდებიან ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კი შეუძლია ინფორმაციის მიწოდება.

თითოეული ვიზიტის შემდეგ წამების საწინააღმდეგო კომიტეტი შესაბამის სახელმწიფოს უგზავნის დეტალურ ანგარიშს. ეს ანგარიში მოიცავს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ მოპოვებულ მონაცემებს, მის რეკომენდაციებს, შენიშვნებსა და მოთხოვნებს გარკვეული ინფორმაციის მიწოდებაზე.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტი მოითხოვს ასევე დეტალურ პასუხს ანგარიშში დასმულ საკითხებზე. ეს ანგარიშები და პასუხები ქმნიან ერთგვარ დიალოგს შესაბამის სახელმწიფოებთან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან.

სწორედ საქართველოს იუსტიციის სამინისტროა პასუხისმგებელი საქართველოში CPT-ის ვიზიტის ლოგისტიკური საკითხების მოგვარებასა და ანგარიშის შემდეგ, მათთვის პასუხების გაცემაზე.

დაუგეგმავი, ანუ AD HOC ვიზიტისას, კომიტეტის წევრები მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე აყენებენ საქმის კურსში იუსტიციის სამინისტროს, რომ კომიტეტის წევრები საქართველოში მოემგზავრებიან

გეგმიური და არაგეგმიური ვიზიტები - რამდენი არაგეგმიური ვიზიტი ჰქონდა CPT-ის საქართველოში?

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციები ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ვიზიტებს გეგმიურად, 4-5 წელიწადში ერთხელ ახორციელებენ. გამონაკლის ქვეყნებს წარმოადგენენ მაგალითად, სკანდინავიური ქვეყნები, სადაც კომიტეტის წევრები, 6 წელიწადში ერთხელ ჩადიან თავისუფლებააღკვეთილი პირების მდგომარეობის შესაფასებლად.

აუცილებლობის შემთხვევაში, კომიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს, დამატებითი, არაგეგმიური, საგანგებო, ე.წ. AD HOC ვიზიტები.

ბოლო ვიზიტის ჩათვლით, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრები საქართველოში სულ სამი AD HOC ვიზიტით ჩამოვიდნენ.

  • პირველი ასეთი ვიზიტი განხორციელდა 2012 წელს, ე.წ. „ციხის კადრების“ გასაჯაროების შემდეგ. კომიტეტის წევრები საქართველოში 2012 წლის 19-23 ნოემბერს იმყოფებოდნენ. მათ ორი, გლდანისა და ქუთაისის პენიტენციური დაწესებულებები მოინახულეს. ანგარიშის გასაჯაროებას მაშინ 10 თვე დასჭირდა და ის 2013 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა.
  • მეორე AD HOC ვიზიტი 2021 წლის 17-24 მაისს შედგა. კომიტეტის დაუგეგმავი ვიზიტი საქართველოში მას შემდეგ განხორციელდა, რაც სახალხო დამცველის ოფისმა გაასაჯაროვა ინფორმაცია ციხეებში ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის არსებობისა და მათი გავლენების შესახებ. ვიზიტის ანგარიში 13 თვის თავზე, 2022 წლის ივნისში გასაჯაროვდა.
  • ამჯერად, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრები საქართველოში მესამე დაუგეგმავი ვიზიტით იმყოფებიან და ისინი "ვივამედში" არსებულ სიტუაციას სწავლობენ.

ვინ არიან საქართველოში ჩამოსული კომიტეტის წევრები?

საქართველოში, 25 მარტს ჩამოსული დელეგაცია სამი წევრისგან შედგება. კლინიკა „ვივამედში“ მყოფი პატიმარი პაციენტების, მათ შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მათ მიმართ მოპყრობას სწავლობენ:

  • ჰანს ვულფი (შვეიცარია), წამების საწინააღმდეგო კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ვიტაუტას რაშკაუსკასი (ლიეტუვა), ფსიქიატრი, ვილნიუსის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კონსულტანტი, ვილნიურის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი.
  • მარი კმეცოვა (ჩეხეთის რესპუბიკა), იურისტი, ჩეხეთის სახალხო დამცველის ოფისის უფროსი მრჩეველი ეროვნული პრევენციის მექანიზმის საკითხებში.

ვის შეხვდნენ კომიტეტის წევრები?

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომიტეტის წევრები შეხვდნენ და ესაუბრნენ კლინიკა „ვივამედში“ მყოფ პატიმრებს და კლინიკის ადმინისტრაციას.

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, შოთა თუთბერიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი ინფორმაციით, კომიტეტის წევრები 26 მარტს შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილსაც. თუმცა, 27 მარტს, პატიმართან შესულ ადვოკატს, მასთან CPT-ის წევრების ვიზიტსა და დიალოგის შინაარსზე არ უსაუბრია.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრები 25 მარტს შეხვდნენ სახალხო დამცველის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს, მის კოლეგას და სახალხო დამცველთან არსებული, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემსწავლელი კონსილიუმის ექვს წევრს.

კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, გიორგი გრიგოლია, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მათი შეხვედრა იყო ხანმოკლე და ძირითადად ინფორმაციის გაცვლით შემოიფარგლნენ:

გიორგი გრიგოლია
გიორგი გრიგოლია

„დაინტერესდნენ ჩვენი სამუშაოთი. ამ წელიწადნახევრის განმავლობაში რამდენჯერ შევხვდით პატიმარს, ჩვენ გავაცანით ჩვენი ექვსივე დასკვნა, რომელიც ისედაც საჯაროა. მათ ისედაც ჰქონდათ ეს ინფორმაცია. უბრალოდ გაგვეცნენ, გვკითხეს, რაიმე ხომ არ გვქონდა დასამატებელი, მაგრამ დასამატებელი აღარაფერი გვაქვს. გვითხრეს, რომ მეორე დღეს [26 მარტს რ.თ.] თვითონ უნდა ენახათ მიხეილ სააკაშვილი. საინტერესოა, თვითონ რას იტყვიან ამ შეხვედრების შემდეგ. მაგრამ როგორც მათ გვითხრეს, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, გვითხრეს, რომ დაწერენ დასკვნას, მაგრამ ამას არ გაასაჯაროებენ და მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდება ის ცნობილი“.

რას შეიძლება ნიშნავდეს CPT-ის AD HOC ვიზიტი?

„ეს ნიშნავს, რომ ქართულ პენიტენციურ სისტემას აქვს სერიოზული გამოწვევა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე.

მისი თქმით, ის რომ წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ბოლო ციკლის ფარგლებში, ანუ 2018 წლის გეგმიური ვიზიტის შემდეგ, მეორედ ჩამოვიდა AD HOC ვიზიტით, იმაზე მეტყველებს, რომ "კომიტეტს საქართველოში არსებული დახურული დაწესებულებების შესახებ მისდის ინფორმაცია, რაც მათთვის საგანგაშოა“.

გიორგი ბურჯანაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ CPT-ის დაუგეგმავი ვიზიტის ოფიციალური მიზანი პენიტენციური ჯანდაცვის საკითხების თაობაზე კლინიკა „ვივამედში“ არსებული სიტუაციის შესწავლაა, ფაქტია, რომ ამ ვიზიტის ამოსავალი წერტილი პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხის შესწავლაა:

გიორგი ბურჯანაძე
გიორგი ბურჯანაძე

„ყველა ხვდება, რომ მთავარი თემა ეს არის. კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი გადის მკურნალობას, ბუნებრივია, ორჯერ ორი ოთხია, რომ ამ ვიზიტის გარკვეული საკითხები მიხეილ სააკაშვილთანაა დაკავშირებული. CPT-ის რეგულარული ვიზიტი უნდა განხორციელებულიყო ან წელს, ან მომავალ წელს, 4-5 წლიანი ციკლის ფარგლებში. ეს დაუგეგმავი ვიზიტი, უკვე ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი და სიგნალია, რომ არსებობს პრობლემა. ამ კომიტეტზე უფრო გამოცდილი და მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანო ციხეების მონიტორინგთან დაკავშირებით, მსოფლიოში არ არსებობს. შესაბამისად, ევროსასამართლო ძალიან აქტიურად იყენებს მათ მიგნებებს. თუკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი ევროსასამართლოს რეგისტრში გადავა და თუკი CPT-ის ანგარიში იმ დროისთვის უკვე საჯარო იქნება და სასამართლოსთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, დარწმუნებული ვარ, რომ ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“.

გიორგი ბურჯანაძის თქმით, CPT-ის მუშაობის ფარგლებში, რამდენიმე შემთხვევაა აღრიცხული, როდესაც წამების საწინააღმდეგო კომიტეტი დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა იმ ქვეყნებში, სადაც პატიმრობას იხდიდნენ ცნობილი პოლიტიკოსები თუ საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები.

მათ შორის იყო, მაგალითად, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო, რომელსაც 2011 წელს სასამართლომ შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და გაფლანგვის ბრალდებების საფუძველზე, თუმცა, საპატიმროდან ის მაიდნის მოვლენების დროს, 2014 წელის თებერვალში, უკრაინის რადის დადგენილებით გათავისუფლდა.

ასევე, ცნობილი უკრაინელი რეჟისორი, ოლეჰ სენცოვი, რომელიც 2014 წლის 11 მაისს, ყირიმში დააპატიმრეს, იმავე წლის აგვისტოში კი რუსეთის სასამართლომ ის ტერორიზმში დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სენცოვი 2019 წლის 7 სექტემბერს გაათავისუფლეს, რაც იყო ნაწილი უკრაინასა და რუსეთს შორის ათობით პატიმრის გაცვლის ოპერაციისა.

„ამ შემთხვევებშიც კონკრეტულად ამ ადამიანების სანახავად არ ჩადიოდნენ კომიტეტის წევრები. ისინი ზოგადად პენიტენციურ სისტემაში არსებული სიტუაციის მონიტორინგისთვის ჩადიოდნენ, თუმცა, კონტექსტი გასაგები იყო“, - ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

ის, რომ კლინიკა „ვივამედით“ დაინტერესება, დიდი ალბათობით, სწორედ პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი და წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ყოფილი წევრი, გიორგი ტუღუში. ამ კომიტეტის წევრი ის 2007-2015 წლებში იყო:

გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში

„ფაქტია, რომ დღეს ეს არის მთავარი დაწესებულება, მასში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი და იქ იმყოფებიან სხვა პაციენტებიც. როგორც ჩანს, კომიტეტის კონკრეტული დაინტერესება გამოიწვია კლინიკა „ვივამედში“ არსებულმა სიტუაციამ“.

გიორგი ტუღუში საკუთარი გამოცდილებიდან და კომიტეტის რეგლამენტიდან გამომდინარე გვიხსნის ასევე კომიტეტის მოქმედების არეალსა და მათი უფლებამოსილების დიაპაზონს:

„კომიტეტს შეუზღუდავი წვდომა აქვს ყველა დაწესებულებაზე, სადაც შეიძლება იმყოფებოდეს თავისუფლებააღვეთილი პირი. მათ არ სჭირდება ხელისუფლების ნებართვა ქვეყანაში ჩასასვლელად და რომელიმე დაწესებულებაში ვიზიტის განსახორციელებლად. უბრალოდ, რამდენიმე დღით ადრე ხდება ხოლმე არაგეგმიური ვიზიტის შეტყობინება და ხელისუფლება ვალდებულია დაუშვას კომიტეტი მისი მოთხოვნის შესაბამისად“, - გვეუბნება გიორგი ტუღუში.

შოთა თუთბერიძე, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ CPT-ის, როგორც ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოს შეფასებას, დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ევროსაბჭოს პოზიციების ფორმირებაში და მისი თქმით, ეს პოზიციები, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა კუთხით, ყალიბდება მათ შორის, სწორედ CPT-ის შეფასებების გავლენით. შესაბამისად, კომიტეტის დასკვნა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

თუმცა, შოთა თუთბერიძეს არ აქვს „გადაჭარბებული მოლოდინები“, რადგან ამბობს, რომ წამების საწინააღმდეგო კომიტეტი არ არის საგამოძიებო ორგანო და მისი მთავარი ფუნქცია, პრევენციული საქმიანობაა:

შოთა თუთბერიძე
შოთა თუთბერიძე

„მოლოდინი იმისა, რომ კონრეტულ ადამიანთან, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის მოპყრობასთან დაკავშირებით ბრალდებები გაჟღერდება, ნაკლებად მაქვს, თუმცა, ზოგადი შეფასება, მათ შორის, არასათანადო მოპყრობის რისკების შესახებ, ცხადია, იქნება. და, რა თქმა უნდა, ევროსასამართლოსთვის და არა მხოლოდ ევროსასამართლოსთვის, არამედ ევროკავშირის, ევროპარლამენტის პოლიტიკური ინსტიტუციებისთვის, CPT-ის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“.

როდის გასაჯაროვდება CPT-ის ანგარიში?

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის რეგლამენტის თანახმად, დაუგეგმავი ვიზიტის შედეგების ანგარიში 2-4 თვის პერიოდში იწერება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანგარიში მაშინვე გასაჯაროვდება.

საქართველო არ შედის იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც CPT-ის ანგარიშის გასაჯაროების ავტომატურ მექანიზმს არიან მიერთებულები.

ასეთი ქვეყნებია ალბანეთი, ავსტრია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ფინეთი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონაკო, ნორვეგია, შვედეთი და უკრაინა.

ავტომატური გასაჯაროების მექანიზმი გულისხმობს მონიტორინგის ანგარიშის გასაჯაროებას მაშინვე, როგორც კი CPT დაწერს ანგარიშს.

სხვა შემთხვევაში, მონიტორინგის შედეგების ანგარიშმა გამოქვეყნებამდე საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი უნდა გაიაროს. არაგეგმიური ვიზიტების ანგარიშების გასაჯაროების საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე, ამას შეიძლება დასჭირდეს 10-13 თვე.

რეგლამენტის თანახმად, თავდაპირველად მზადდება ანგარიში, რომელიც უნდა დამტკიცდეს კომიტეტის სხდომაზე. ამის შემდეგ, როგორც წესი, ხელისუფლებას ეძლევა სტანდარტული, ექვსთვიანი ვადა, რომ უპასუხოს ანგარიშს და მხოლოდ ამ პროცედურების გავლის შემდეგ ხდება შესაძლებელი მონიტორინგის შედეგების გასაჯაროვება.

ამ დროისათვის უცნობია, როდის დატოვებენ საქართველოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრები.

თებერვლის დასაწყისში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საგანგებო დებატები გაიმართა ევროპარლამენტში, რომლის ინიციატორიც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა იყო.

ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. ევროკომისარმა ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს, როგორც სააკაშვილის სასამართლო მოსმენებს, ასევე მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მოვლენებს. მან საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და განაცხადა, რომ მათი პასუხისმგებლობაა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა.

დებატების მსვლელობისას, ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებდნენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის, უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

სპეციალისტების თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმებული გასული წლის ოქტომბრის შემდეგ.

სახალხო დამცველთან არსებული, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემსწავლელი კონსილიუმის ბოლო, 27 თებერვლის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ პაციენტთან ბოლო ვიზიტის (2022 წლის 4 დეკემბერი) შემდეგ, სახეზეა პაციენტის „საგრძნობი დამძიმება“.

კუნთების მნიშვნელოვანი განლევა, სისუსტის გამო გადაადგილების მნიშვნელოვნად შეზღუდვა, კახექსიის მძიმე, მე-4 სტადია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG