Accessibility links

„2025 წელს ჩვენ ახალ აფხაზეთში ვიცხოვრებთ“ - რას ამბობენ სოხუმელები?


სოხუმი

რუსი ჩინოვნიკები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობენ. „რას ჩაწერდით ‘აფხაზეთის განვითარების სტრატეგიაში 2025’?“ - ამ კითხვით სოხუმელებს რადიო „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტმა ანაიდ გოგორიანმა მიმართა.

რაფაელ არჩელია: „პირველ რიგში, სოფლის მეურნეობა და წარმოებაა ფეხზე დასაყენებელი. ქალაქებში, რაიონებში თუნდაც თითო საწარმოს შექმნაა საჭირო, ახალგაზრდობა რომ იყოს ჩართული, რომ მათ მუშაობა შეძლონ. ესაა ყველაზე მთავარი. ეს გადაგვარჩენს, ამოგვქაჩავს, ხალხს დავასაქმებთ და რაღაც სარგებელი იქნება რაიონებსა და სოფლებში. შემდეგ კი, ვისაც მოუნდება, სხვადასხვა დარგობრივ საწარმოებს გახსნიან“.

როგორი იქნება აფხაზეთი შვიდი წლის შემდეგ?

რაფაელ არჩელია: „სიტუაცია თითქოს დაწყნარდა უკვე ჩვენთან. ხალხმა შრომა დაიწყო. ვფიქრობ, ნორმალური მდგომარეობა გვექნება. ეკონომიკას წამოვაყენებთ ფეხზე. თუკი ვიმუშავებთ, ხელს გავანძრევთ, ყველაფერი ნორმალურად გვექნება“.

ლალი ისიანი, აფხაზეთის ომის ვეტერანი: „ბავშვებისთვის რომ უფრო მეტი გასართობი ცენტრი, კარუსელები გახსნან - ისეთი მასშტაბური რამ, სადაც წასვლა შეიძლება. ახლა არდადეგებზე რით უნდა დაკავდნენ ბავშვები? არ ვიცი ჩემი შვილები სად წავიყვანო, როგორ გავართო“.

როგორ აფხაზეთს ხედავთ შვიდი წლის შემდეგ?

ლალი ისიანი, აფხაზეთის ომის ვეტერანი: „ადრე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ აფხაზეთი ვითარდება, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ბოლო ორი წელია, რატომღაც მეჩვენება, რომ ადგილზე ვდგავართ, ლამის უკან წავიდეთ. უკეთესობის იმედი მინდა მქონდეს, რომ სოფლის მეურნეობა, კურორტები, ტურიზმი, სერვისი უმაღლეს დონეზე იყოს. შვიდი წლის შემდეგ, ვფიქრობ, ყველაფერი პოზიტიურად იქნება.

ელია: „მეტი ბავშვთა ფსიქოლოგები სკოლაში, საბავშო ბაღებში, დიდი ყურადღება რომ დაუთმონ ბავშვთა განვითარებას. ბავშვთა საავადმყოფო - ექიმები გვყავს, აპარატურა - არა, სამწუხაროდ. პალატები საშინელ მდგომარეობაშია. ჩვენ მოვხვედრილვართ ბავშვებით ამ საავადმყოფოში, საშინელი პირობებია. უნდა დავიწყოთ სამშობიარო სახლით, ბავშვთა საავადმყოფოთი და, რა თქმა უნდა, აღზრდით. ნაკლებ სავარაუდოა, 7 წლის შემდეგ აფხაზეთი ეკონომიკურად განვითარებული იყოს, აყვავებული. მშვიდობიანი ცა მინდა რომ გვქონდეს, პირველ რიგში. კეთილდღეობა რომ ჰქონდეს ხალხს - უკეთესი, ვიდრე ახლა აქვს“.

გრიგორი: „2025 წელს ჩვენ ახალ აფხაზეთში ვიცხოვრებთ“.

უფრო კონკრეტულად, მაგალითად, რა შეიცვლება?

გრიგორი: „შეიცვლება განვითარების სტრატეგიასთან მიდგომები, მათ შორის. შეიცვლება საერთოდ ყოფიერების კონცეფცია. ჩვენ თუ არ შევიცვლით აზროვნებას, არ შევეცდებით გავიაროთ ეს კრიზისი, არა ფინანსური, არამედ ადამიანებს თავში რომ აქვთ, ვერ გადავლახავთ იმ წინააღმდეგობებს, რის წინაშეც ახლა ვდგავართ. ჩემი აზრით, ჩემი რწმენით, 2025 წელს ჩვენ საერთოდ განსხვავებულ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ, ისეთში არა, ახლა რომ არის - მძიმე, დეპრესიული. ვფიქრობ, გვჭირდება ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ მუშაობა, მოქმედება, დღევანდელი საკითხების გადაჭრა და ესმით დღევანდელი დღის წესრიგი და ვითარება, რომელიც ჩვენს წინაშე და გარშემოა. სანამ ეს არ იქნება, ჩვენ ვერსად ვერ გავაღწევთ“.

სერგეი ტანია: „ოპოზიცია და ხელისუფლება მეგობრულად რომ მუშაობდეს, ხალხისთვის, მოსახლეობისთვის, კარგად რომ იყოს ყველაფერი. ამის გაკეთება შეიძლება, თუკი ყველა გაერთიანდება, იცხოვრებს მშვიდად, იმუშავებს სამშობლოს საკეთილდღეოდ. შვიდი წლის შემდეგ მინდა ვნახო, რომაფხაზეთი იყოს მეგობრული, მდიდარი, აყვავებული.

ტექსტი შეიცავს იმ ტერმინებსა და ტოპონიმებს, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG