Accessibility links

წიგნს მოყოლილი არასახუმარო ამბები


წიგნის ყიდვა არ არის სახუმარო ამბავი!

გრიგოლ ორბელიანის წერილების საყოველთაოდ ცნობილი ორტომეული, აკაკი გაწერელიას რედაქციით და ლადო გრიგოლიას გაფორმებით, 1936-1937 წლებში გამოიცა. თავიდან სამ ტომად ყოფილა ჩაფიქრებული, მაგრამ მკვლევარმა 1859 წლით ანუ მეორე ტომით დაამთავრა "წერილების" გამოცემა.

ორბელიანის ეს "ბარათები" სავსეა XIX საუკუნის თბილისის ყოფის სურათებითა და ცოცხალი ქალაქური ლექსიკით. სამართლიანად შენიშნავდა გამოცემის რედაქტორი, ორბელიანის წერილები უფრო ცხოვრების დოკუმენტებია, ვიდრე პროფესიონალი მწერლის ბარათებიო; წერილები სავსეა ლექსიკური რუსიციზმებით და ვულგარული გამოთქმებითაც კი, მაგრამ საინტერესოა იმით, რომ ააშკარავებს უაღრესად საინტერესო ეპიზოდებით მდიდარ ცხოვრებასო.

II ტომი (გახუნებული და ამოძენძილი ყდით), 1937-ში გამოცემული, თითქმის 20 წელია მაქვს, I კი, რომელმაც დღის სინათლე ერთი წლით ადრე, 1936-ში იხილა, ვერაფრით მოვიხელთე.

დროთა განმავლობაში, შევეგუე, რომ არ იშოვებოდა და ძებნასაც შევეშვი. რამდენჯერმე, როცა დამჭირდა, საჯაროში მივაკითხე... მაგრამ, მოულოდნელად, ორიოდე დღის წინ, 51-ე სკოლასთან, უზარმაზარი თარო-კედლით, ბუკინისტები გამოჩნდნენ! ამჯერად გამიმართლა. პირველივე ცდაზე ამოვიღე. ფოტოზეც ჩანს, II ტომზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია. ფასიც, უფრო იაფი, წარმოუდგენელია: 2 ლარი!

I ტომი 1832-1850 წლებს მოცავს, სულ 157 ცალ წერილს, ცხადია, განსხვავებული შინაარსისა და ემოციისას... მაგრამ ერთი მაინც ყველასგან გამორჩეულია. "პახოდში" მყოფი გრიგოლი საყვედურით წერს ძმა ილიას, რომელიც ასევე ხანგრძლივ "პახოდშია":

გრიგოლ ორბელიანი
გრიგოლ ორბელიანი

"ჩემო ილიკო! არ ვიცი რა უნდა ვჰქნა მე, რომ ხანდახან შენი წიგნი მომივიდეს? სწორედ გითხრა ვერა მომიფიქრებია რა მე ისეთი, რომელმანცა ძალად აგაღებინოს კლამი ჩემდა მოსაწერად. - აღარა გყვედრი ამისათვის, და აღარცა ვწუხვარ შენის ჩემდამი უზრუნველობისათვის; მაგრამ დროსა მოაქუს ერთი შემთხვევა, რომლისა ცნობა ჩემთვის საჭირო არის ისე, როგორც შენთვის, მაგალითებრ - ოჯახის მდგომარეობის ცნობას დავეხსნათ, თავის დღეში არ მოგიწერია - ტატოს ამბავი, ჩემი გულით საყვარელის ტატოს ამბავი მომწერე, ცოცხალია თუ მკვდარი? - უცნობლობა მკლავს; შენ მიხაკოსთვის მოგეწერა ტატოს უიმედოდ ავათმყოფობა, ამანაც წიგნი არ მაჩვენა, ისე ზეპირათ მითხრა, მაგრამ ასე მითხრა, რომ თითქმის მკვდარი უნდა იყოს. - ახრ ეს დამალვა რა არის? - თუ მიხაკოს სწერ, მე რაღა ვარ? - აქაურმა ცხოვრებამ, ძაღლის ცხოვრებამ და ამ უცნობლობამ ტატოსათვის მე ავათ გამხადეს; ეს ექუსი დღეა ვწევარ გარიაჩკითა მიხაკოსთან. - თუ ხატი გწამს, მომწერე ტატოს ამბავი სასწრაფოებით და მასუკან - რადგან შენთვის დიდი შრომაა - ნუღარ მოიწერები, იყავ შენთვის მშვიდობიანად. - შენი ძმა გრიგოლი. 12 ნოებმერს თემირხანშურით."

12 ნოემბერიო... ნიკოლოზ ბარათაშვილი ამ დროს სამი კვირის გარდაცვლილია და წევს განჯაში, ეკლესიის გალავანში გათხრილ საფლავში.

ეს ის ილიაა, შამილს რომ ჰყავდა ტყვედ (მოგვიანებით რუსულად აღწერს ამ ამბავს) და დისშვილ ნიკოლოზ ბარათაშვილს "მერანი" რომ დააწერინა... მალევე გარდაიცვლება 38 წლის გენერალი ილია ორბელიანიც ბაშკადიკლართან ბრძოლაში მიღებული ჭრილობით და დასაფლავდება ქაშუეთის ეკლესიაში, გულზე ახალშობილი ვაჟის ცხედარით.

ორი სიტყვა ვთქვათ I ტომის წიგნის სატიტულე და სხვა გვერდებიდან ამოშლილ, უფრო ზუსტად, შავი მელნით დაფარულ ადგილებზე. ასეთი "შავი ლაქა" სულ სამ ადგილას გვხება. მათ შორის სარჩევში, „წინასიტყვაობის“ გასწვრივ. თვითონ ათგვერდიანი წინასიტყვაობა (v-xv გვერდები) ფაქიზადაა ამოჭრილი. ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის დახმარებით არ გაგვიჭირდა შეგვეტყო, რომ წინასიტყვაობის ავტორი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის დირექტორის მოადგილე, კოტე გორდელაძეა, რომელიც ნაციონალ-უკლონისტობისა და ტროცკისტობის ბრალდებით ჯერ დააპატიმრეს (1936 წლის 21 აგვისტო), შემდეგ კი დახვრიტეს 1937 წლის 26 ივნისს.

კოტე გორდელაძე
კოტე გორდელაძე

...მოკლედ, „ცენზორმა“ გულმოდგინებ იმუშავა შავი მელნით, მაგრამ ერთგან მაინც გაეპარა (არ მგონია, მელანი გამოლეოდა) "გრ. ორბელიანის წერილების" წინასიტყვაობის ავტორისა და „ხალხის მტრის“ გვარი. წიგნის 25-ე გვერდზე ვკითხულობთ:

„გულითად მადლობას მოვახსენებ იმ პირთ, რომლებმაც ხელი შემიწყვეს წერილების გამოქვეყნების საქმეში: პოეტ ნ. მიწიშვილს, ლ. გასვიანს, . გორდელაძეს და შ. რადიანს, საქ. მუზეუმის თანამშრომელს გ. ბოჭორიძეს და ჩემ მეგობარს ალ. ლორდელს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი შრომა აქვს გაწეული ამ წიგნზე.“

კოტე გორდელაძეზე უკვე ვთქვით. ნიკოლო მიწიშვილის ამბავიც საყოველთაოდაა ცნობილი. დახვრიტეს 1937 წელს.

სტალინიზმი - დახვრეტა, გადასახლება...
please wait

No media source currently available

0:00 0:04:07 0:00

ლიდია გასვიანი - სახელმწიფო გამომცემლობის დირექტორის მოადგილე (დრამატული ბიოგრაფიის ქალი) - დახვრიტეს 1937 წელს.

ლიდია გასვიანი
ლიდია გასვიანი

გიორგი ბოჭორიძე - დააპატიმრეს 1937 წელს. მეტეხის ციხეში ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, 1939 წელს მოკლეს თანასაკნელება ეტაპით გადაყვანისას დაბა გუდერმესთან.

ალექსანდრე ლორდელი - დახვრიტეს 1937 წელს...

პროფესორმა შალვა რადიანმა 1977 წლამდე იცხოვრა... მათ შორის იცხოვრა ვერის დაღმართზე, იმ ცნობილ სახლში, სადაც მეუღლესთან, ქეთევან ირემაძესთან ერთად შეასახლეს მიხელ ჯავახიშვილის ბინაში 1937 წელს. ბევრისთვის მოულოდნელად იშვიათი ადამიანობა გამოუჩენიათ დახვრეტილი კოლეგის მემკვიდრეობის გადარჩენასა და ოჯახზე ზრუნვაში, რასაც, წლების შემდეგ, მადლიერებით გაიხსებებს მოგონებების წიგნში მიხ. ჯავახიშვილის ქალიშვილი რუსუდანი. მეტიც, როდესაც 1945 წელს ძუძუს კიბოთი გარდაიცვლება შალვას მეუღლე, ქეთევან ირემაძე - 33 წლის ულამაზესი და უნიჭიერესი მთარგმნელი - რადიანები და ჯავახიშვილები ერთად დაიტირებენ ძვირფას ადამიანს...

მოკლედ სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა გუშინწინ შეძენილ წიგნზე. მოულოდნელად ვრცელი და სევდიანი ამბავი გამოვიდა, თუმცა რაღა მოულოდნელად, ხომ ვთქვით, წიგნის ყიდვა არ არის სახუმარო ამბავი!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG