Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნო კამპანია და დაფიქსირებული დარღვევები სამცხე-ჯავახეთში


გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო პლაკატები თბილისში
გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო პლაკატები თბილისში

ახალციხის ქუჩებში „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს. სააგიტაციო მასალაზე, რომელიც საბჭოთა პროპაგანდისტული პლაკატების სტილშია გადაწყვეტილი, გრიგოლ ვაშაძე ვლადიმირ პუტინთან ერთად არის გამოსახული. მასალები ცენტრალურ ქუჩებზეა გაკრული, ვაშაძის პლაკატები კი ჩამოხეულია. ასეთივე მასალები ახალციხის გარდა სამცხე–ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გააკრეს. „გაერთიანებული ოპოზიციის“ ახალციხის ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი ბარძიმაძე აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით მმართველი ძალა ცდილობს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს:

“ადამიანი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიო შემოიარა არაღიარების პოლიტიკის გამო... იმის თქმა, რომ ვაშაძე რუსეთის კაცია და ამის გამო რუსეთი ებრძვის მთელ „ნაციონალურ მოძრაობას“, ბოდვაა. წყალწაღებული ბიძინას ეჭიდებოდაო, ზუსტად ესადაგება დღევანდელ „ქართულ ოცნებას“. ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, მაგრამ გამორიცხულია ეს. მით უმეტეს იმის მერე, რაც მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის წიგნი გამოყენებულ იქნა ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ. ყველაფრის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი კვლავ აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ რიტორიკას".

სააგიტაციო მასალის მიხედვით, პუტინი „ირჩევს გრიგოლ ვაშაძეს“. მომხდარს სახელისუფლებო გუნდის ნამოქმედრად მიიჩნევენ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ახალციხის ოფისში. "ქართულ ოცნებაში" ოპოზიციური პარტიის კანდიდატის ანტიპიართან კავშირს უარყოფენ. გიორგი გვარამაძე მედიასთან ამბობს, რომ ეჭვი თავად „გაერთიანებულ ოპოზიციაზე“ აქვს.

"მე დილით რომ გამოვედი და ვნახე, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა. ჩვენ არავის დისკრედიტაცია არ გვინდა, მით უმეტეს ახალციხეში არანაირ კონკურენტს არ ვხედავთ გრიგოლ ვაშაძეში. ვინ აკეთებს ამ პლაკატებს, ეგეც არ ვიცით. არ არის გამორიცხული, რომ თვითონ აკეთებენ და ჩვენ გვაბრალებენ. იციან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ და ყველანაირი ხერხი შეიძლება სცადონ. ისევ მაგათზე გვაქვს ეჭვი", – ამბობს მმართველი პარტიის ახალციხის ოფისის ხელმძღვანელი.

ადამიანები 20-25 წელია უკვე საქართველოში აღარ ცხოვრობენ და მაინც სიებში არიან. სიებში ასევე ბევრია გარდაცვლილი ადამიანი და ამ პრობლემას წლებია არაფერი ეშველა...
გელა დემეტრაძე

„ევროპული საქართველოს“ ახალციხის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პლაკატებით ორთაბრძოლის გარდა სამცხე-ჯავახეთში სხვა უამრავი დარღვევა დაფიქსირდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს. გელა დემეტრაძე აქცენტს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, მკვდარ სულებსა და საუბნო კომისიებზე დანიშნულ ე.წ. ნეიტრალურ პირებზე აკეთებს:

"პირველი – საოლქოებს როდესაც ჰყავთ ექვს–ექვსი ვითომდა ნეიტრალური კანდიდატი საუბნო კომისიის წევრობისა, სინამდვილეში ყველანი აბსოლუტურად არიან სახელისუფლებო ძალის მიერ წარდგენილი კანდიდატები და ხდება მხოლოდ ამ პირების დანიშვნა, ვითომდა ნეიტრალურ წევრებად. მეორე – ადამიანები 20-25 წელია უკვე საქართველოში აღარ ცხოვრობენ და მაინც სიებში არიან. სიებში ასევე ბევრია გარდაცვლილი ადამიანი და ამ პრობლემას წლებია არაფერი ეშველა და მესამე – საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანებს უკვე სთხოვენ მხარდამჭერთა 20-კაციან სიებს და ასე აპირებს სახელისუფლებო გუნდი ამ არჩევნებში გამარჯვებას“.

მმართველი ძალა არ გამორიცხავს საპრეზიდენტო არჩევნებში მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის პირველივე ტურში გამარჯვებას, ხოლო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მეორე ტური აუცილებლად გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG