Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 5 წლამდე ასაკის ბავშვების 6 %-ს სათამაშო არა აქვს


5 წლამდე ასაკის ბავშვების 44 პროცენტს 3 საბავშვო წიგნიც კი არა აქვს, ხოლო ბავშვების 6 % სათამაშოების (იგულისხმება შეძენილი, ქარხნული წესით დამზადებული სათამაშოები) გარეშეა - ასეთი შედეგი აჩვენა გამოკვლევამ, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა.

„ვისაც აქვს, იმასაც მნიშვნელოვანია, რა ტიპის სათამაშოები აქვს. ძალიან ბევრი სათამაშო შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც ბავშვის განვითარებაში არანაირ როლს არ თამაშობს - ან უხარისხოა და ტყვიის შემცველი საღებავით შეღებილი“, - ამბობს ანა ჯანელიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის ადრეული განათლების სპეციალისტი.

უფრო დრამატული მდგომარეობაა წიგნებთან მიმართებით. შეძლებული ოჯახების 25 პროცენტსაც კი ოჯახში საბავშვო წიგნები არა აქვს.

„რაც უფრო მაღალია მშობლის განათლების დონე, მით მეტი შანსია ბავშვს წიგნები ჰქონდეს, მაგრამ აქაც 25 პროცენტის შემთხვევაში, დედის უმაღლესი განათლების მიუხედავად, ბავშვები წიგნების გარეშე არიან. ალბათ, ვერ აცნობიერებენ, რომ ამ ასაკში აუცილებელია საბავშვო წიგნი“, - ამბობს ანა ჯანელიძე.

ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, ის, რომ ბავშვებს სათამაშოები არა აქვთ, ძირითადად ან სიღატაკის ბრალია, ან გაუნათლებლობის:

„ბავშვებს, რომლებიც სათამაშოების გარეშე გაიზარდნენ ინსტიტუციური ჩამორჩენა აქვთ ხოლმე, რადგან მათ შესაბამისი გარემო არ ჰქონდათ განვითარებისთვის. ეს დეფიციტი კიდევ ბევრ სხვა დეფიციტს გამოიწვევს - საზოგადოებაში ინტეგრაციაც უჭირთ და ქცევითი პრობლემებიც აქვთ“.

ეს დეფიციტი კიდევ ბევრ სხვა დეფიციტს გამოიწვევს - საზოგადოებაში ინტეგრაციაც უჭირთ და ქცევითი პრობლემებიც აქვთ
მაია ცირამუა


ფსიქოლოგი განმარტავს, რომ სათამაშო ბავშვის კოგნიტური განვითარებისთვის არის საჭირო, ასევე მისი ფანტაზიის გასავითარებლად, სხვა ბავშვებთან საურთიერთოდ. ამასთან, საჭიროა ასაკის შესაბამისი სათამაშოები - იქნება ეს კონსტრუქტორი, თოჯინა თუ მანქანა.

თბილისში საერთაშორისო გერმანული სკოლის ფსიქოლოგი ქეთი ზურაბიანი უფრო დეტალურად საუბრობს სათამაშოებზე და სხვადასხვა მაგალითი მოჰყავს.

მოზაიკის აწყობა ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა შემოქმედებითობა, ნატიფი მოტორიკა, თვალისა და ხელის კოორდინაცია, ნიმუშებისა და ფერების ვიზუალური აღქმა.

აქ ბავშვები ყვავს ეთამაშებიან. ყვავს ხილის მოსავლის აღება უნდა დაასწრონ. მოგებული ხან ყვავი რჩება, ხან - ბავშვები. თამაშის მიზანია კოგნიტური (ფერებისა და სიმბოლოების ვიზუალური აღქმა, დათვლა) და სოციალურ-ემოციური უნარების, ასევე ნატიფი მოტორიკისა და ენა-მეტყველების გავარჯიშება.

ამ ყუთში სხვადასხვა ფიგურას ყრიან, ბავშვი კი მხოლოდ ხელის მოსინჯვით უნდა მიხვდეს, რა უჭირავს.

ბავშვებში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს ხელის თოჯინები. მათი საშუალებით განსახიერებული როლური თამაშები დადებით გავლენას ახდენს მეტყველებისა და კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე

„ბავშვს სათამაშო სჭირდება, რომ საკუთარი სამყარო ჰქონდეს მაგიდის ქვეშ ან სადმე თავის კუთხეში. როცა არც თოჯინაა, არც მანქანა, ბავშვის ცხოვრება მოსაწყენი ხდება. ეს პრობლემას შექმნის სხვა ბავშვებთან ურთიერთობაშიც. ხშირად რაღაც სათამაშოა ტრენდული, რომლის შესახებ ყველამ იცის და ის, ვინც არ იცის, შეიძლება არც მიიღონ თავის წრეში“, - ამბობს მაია ცირამუა.

მისივე თქმით, ბავშვის სათამაშოს გარეშე დატოვება მისი უგულებელყოფაა, რაც ძალადობის ერთ-ერთ ფორმად განიხილება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG