Accessibility links

წყალტუბოს ბაღებში 30-ზე მეტი ბავშვი დაინფიცირდა


„მედიქალ სითი“

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქუთაისის კლინიკამ მოწამვლის სიმპტომებით 30-ზე მეტი ბავშვი მიიღო. ყველა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების აღსაზრდელია. ამჟამად კლინიკა „მედიქალ სითის“ ინფექციურ განყოფილებაში რჩება 13 ბავშვი. ექვსი მათგანი საავადმყოფოში გასულ საღამოს და დღეს დილით გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნუგზარ მაღლაკელიძის ინფორმაციით, კლინიკას ერთნაირი ჩივილით მიმართა სულ 31-მა პაციენტმა და მათგან 14-მა საავადმყოფო პირველადი დახმარების მიღების შემდეგ დატოვა. შედარებით რთული მდგომარეობის გამო სტაციონარში გადაყვანა დასჭირდა ჩვიდმეტ ბავშვს და მათგან ოთხი უკვე გაწერეს. დანარჩენები კლინიკას, სავარაუდოდ, ორ-სამ დღეში დატოვებენ. ნუგზარ მაღლაკელიძის განმარტებით, ლაბორატორიული კვლევით პაციენტებს დაუდგინდათ ნაწლავური ინფექცია შიგელა.​

ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობლის, ლია ყოლბაიას, თქმით, მიუხედავად ინტოქსიკაციის რთული ფორმისა, მისი შვილის მდგომარეობა სტაციონარული მკურნალობის შემდეგ მალევე გაუმჯობესდა და სახლში დასაბრუნებლად ელოდება ექიმების საბოლოო დასკვნას. როგორც ლია ყოლბაია ამბობს, შვილის შეუძლოდ გახდომა ბაღის აღმზრდელმა 19 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, შეატყობინა.

ფიქრია ჭლიკაძის განცხადებით, სოფელ ოფშკვითის ბაღში დიდი რაოდენობით ვადაგასული გაყინული ხორცი აღმოჩნდა და ბაღი 1200 ლარით დაჯარიმდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ნაწლავთა მწვავე ინფექციურ დაავადებას, შიგელოზს, იწვევს ბაქტერია შიგელა, რომელსაც სეზონურობა ახასიათებს. დაავადება იწყება შემცივნებით, ტემპერატურის მომატებით, თავის ტკივილით, საერთო სისუსტით და ძლიერი შეტევითი ხასიათის ტკივილით მუცლის არეში. დაავადება გრძელდება 2-3 დღიდან 7-9 დღემდე და ძირითადი გადაცემის ფაქტორებია საკვები პროდუქტები, განსაკუთრებით, რძე და მისი ნაწარმი, ცუდად გარეცხილი ბოსტნეული და ხილი, არაკეთილსაიმედო წყალი და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნები, მათ შორის ჭურჭელი და სათამაშოები.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლის შემდეგ ექვს დაწესებულებაში განხორციელდა არაგეგმური შემოწმება. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს ინფორმაციით, ვადაგასული ხორცი აღმოჩნდა ერთ-ერთ ბაღში, საიდანაც ბავშვები ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაიყვანეს ქუთაისის კლინიკაში. სამმართველოს ხელმძღვანელის ფიქრია ჭლიკაძის განცხადებით, სოფელ ოფშკვითის ბაღში დიდი რაოდენობით ვადაგასული გაყინული ხორცი აღმოჩნდა და ბაღი 1200 ლარით დაჯარიმდა, სოფელ პატრიკეთისა და კოპიტნარის დასახლების ბაღები კი ეტიკეტირების უქონლობის გამო 600 ლარით დააჯარიმეს.

წყალტუბოს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის თეონა ქობულაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 22 ბაგა-ბაღში სწავლა პრევენციის მიზნით შეწყდა და შესაბამისი სამსახურების მოკვლევის შედეგებს ელოდებიან.

ფიქრია ჭლიკაძის განმარტებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების 6 ბაღში აღსაზრდელების ინტოქსიკაციის მიზეზის დასადგენად ლაბორატორიის დასკვნას ელოდებიან. წყლის ნიმუშები გაიგზავნა ბათუმის ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში, ხოლო საკვების - ყველის, მაწვნის, რძის ფხვნილის, კარაქის, ხორცის, ბოსტნეულისა და მწვანილის - ნიმუშები ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ჭლიკაძის განცხადებით, დასკვნის მიხედვით, ბაღებში შესაბამის დამატებით ზომებს მიმართავენ. მისი ინფორმაციით, ოთხ ბაღში უკვე ჩატარდა გენერალური რეცხვა-დეზინფექცია, ორ დაწესებულებაში კი ამჟამადაც მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელის ფიქრია ჭლიკაძის განცხადებით, საბავშვო ბაღების შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების კრიტიკული შეუსაბამობა, თუმცა რამდენიმე მათგანში ეტიკეტირება დაცული არ იყო, რისთვისაც ადმინისტრაციები გააფრთხილეს. ჭლიკაძის თქმით, რადგან ბავშვები სხვდასხვა ბაღში მოიწამლნენ, მიზეზი, შესაძლოა, საკვები იყოს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების ბაღებში. წყალტუბოს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის თეონა ქობულაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 22 ბაგა-ბაღში სწავლა პრევენციის მიზნით შეწყდა და შესაბამისი სამსახურების მოკვლევის შედეგებს ელოდებიან

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მოწამვლის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადების ფაქტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG