Accessibility links

ჭიათურა, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარნეული, ხულო - არჩევნების წინ


ჭიათურა

ჭიათურაში, ზესტაფონში, ზუგდიდში, მარნეულსა და ხულოში 19 მაისს მერის არჩევნები ტარდება. რადიო თავისუფლების სპეციალური რეპორტაჟები საქართველოს ქალაქებიდან და სოფლებიდან, სადაც მერებს აირჩევენ.

ჭიათურა - მანგანუმის გარშემო მბრუნავი ქალაქი

40-ათასიან ქალაქში მანგანუმის წარმოებაა როგორც შემოსავლის, ისე სიღატაკის წყარო. თითქმის 140 წელია, ქალაქი მანგანუმის მოპოვებით არსებობს და მანგანუმის მოპოვებასვე ეწირება. მადნის მტვერში გახვეულ ქალაქში, ჟანგიანი საბაგირო გზები სერავს ცას და ადგილობრივების გაჭირვებას დაატარებს.

ზესტაფონი - ქალაქი ჩავლით

​ყავის კაფეებისა და ფეროშენადნობთა ქარხნის ქალაქი. ფეხბურთის ფანების ქალაქში სპორტის ამ სახეობას პოპულარობა აქვს დაკარგული. დასაქმების პრობლემა, მოუწესრიგებელი შიდა გზები და ბაზარი სადაც დასავლეთ საქართველოში მოწეული პროდუქცია იყიდება ზესტაფონის სავიზიტო ბარათია.

ზუგდიდი - რეაბილიტაციის პროცესში მყოფი ქალაქი

ამ ქალაქში წლებია არემონტებენ გზას, გაჰყავთ წყლისა და კანალიზაციის სისტემა. წლებია, მოსახლეობა გადათხრილ და ამტვერებულ ქალაქში ბორძიკით იკვლევს გზას. ჩამოინგრა დადიანების სასახლის ჭერი და რემონტამდე ტენდერის გამოცხადებას ელიან. ათი წელი მოტოვებულ ბოტანიკურ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები შარშან დაიწყეს. ზუგდიდელებმა, ქალაქის შემყურე, იძულებითი მოთმინება გამოიმუშავეს.

მარნეული - საარჩევნოდ გამოცოცხლებული ქალაქი

მარნეული - ქალაქი, სადაც აქაურები პრობლემებზე საუბარს წუწუნად მიიჩნევენ, სახელმწიფო ენაზე საუბარი უჭირთ, ჩაიხანებში ნარდის თამაშში თავისუფალი დრო გაჰყავთ და ქალაქის სიკეთეებს ხალისით ჩამოთვლიან. მარნეულელი ახალგაზრდები კი თამამად საუბრობენ, ქაოსურ სატრანსპორტო სისტემაზე, უკანონოდ მითვისებულ ტროტუარებზე, გადავსებულ სანაგვე ურნებზე, ხშირად ცეცხლი რომ უკიდია და უმისამართოდ დატოვებული შენობებზე.

ხულო - მთაში დადგმული სპექტაკლი

ბათუმიდან 88 კილომეტრით დაშორებული, მთებს შორის მოქცეული ქალაქის - ხულოს ცენტრში დრამატული თეატრის დანახვა მაშინაც კი განცვიფრებს, თუ წინასწარ იცი, რომ ამ ქალაქში თეატრი დაგხვდება. ათასკაციან ქალაქს ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლეზე რომ მდებარეობს და ულამაზესი ბუნება აკრავს, ყველაზე მეტად ადგილობრივების შრომითი მიგრაცია აწუხებს. უწყლობა და მწირი მოსავლით თავის გატანა უჭირს.

5-ვე ქალაქში, 19 მაისს ჩატარებულ მერის არჩევნებში მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG