Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების და მოქალაქეების ქცევა ცხინვალში „მკაცრი“ შეზღუდვების მიუხედავად


ცხინვალი
ცხინვალი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 30-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების ადგილზე დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარიული ექიმის მოადგილემ, ანა გაგლოევამ, სააგენტო „რესს“ აცნობა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი დაუდგინდა კიდევ 5 პირს. მათგან 4 რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტია და ცხინვალში დაბრუნების შემდეგ კარანტინში იმყოფებოდნენ. გაგლოევას ინფორმაციით, ამჟამად კარანტინში რჩება 279 პირი.

საერთო ჯამში, 30 ინფიცირებულიდან უმრავლესობა რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტია.

ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები, ყოველდღიურად ყურადღებით აკვირდებიან კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკის ზრდას და აცხადებენ, რომ მოქალაქეები ბოლომდე ვერ აცნობიერებენ საფრთხეს, ამის მაგალითს კი მათ ბიბილოვის ხელისუფლებაც აძლევს.რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო ქალაქში შექმნილ ვითარებასა და თავისდაკვირვებებზე გვიყვება:

„ხელისუფლება მოქალაქეებს გულგრილობის მაგალითს აძლევს, არც ერთ მოხელეს არ უკეთია პირბადე. ატარებენ მასობრივ თავყრილობებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით აკრძალულია. ბიბილოვი თვითონ 9 მაისის სადღესასწაულო დღეებში ნიღბის გარეშე დადიოდა, არ იცავდა დისტანციას და სხვა ზომებს დაამით რა მაგალითს აძლევდა მოქალაქეებს? ვფიქრობ, საშინელ მაგალითს აძლევდადა ხალხიც მერე ასე იქცევა. გვარწმუნებენ, რომ თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ შემთხვევების ზრდა გვაფიქრებინებს, რომ პროცესს ვერ გააჩერებენ. რესპუბლიკაში, სადაც 50 ათასამდე მცხოვრებია, 30 შემთხვევა უკვე დიდი რიცხვია. გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო ბაზაზეც უკვე არიან დაავადებულები, მაგრამ იქიდან სრულყოფილი ინფორმაციის მიღება შეუძლებელია“.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი წევრი როლანდ ქელეხსაევი ამბობს, რომ არსებობს ინფექციის შიდა გავრცელების სერიოზული საფრთხე:

„ვატარებთ აღლუმებს, დავდივართ პირბადეების გარეშე. მე ვფიქრობ, ეს შეცდომაა. ის ღონისძიებები, რაც რესპუბლიკის პერიმეტრის გასწვრივ ტარდება, აუცილებელია, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინფიცირებულთა გამოსავლენი ტესტები არასაიმედოა. გარდა ამისა, კარანტინს მიღმა შეიძლება უსიმპტომო ინფიცირებულები აღმოჩნდნენ, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რესპუბლიკის შიგნით უფრო სერიოზული ზომები უნდა მივიღოთ“.

ცხინვალელი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა თვითიზოლაციის რეჟიმს იცავს. მას არ სჯერა ოფიციალური სტატისტიკის და ამიტომ მისი ოჯახი სამედიცინო რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებს, კონტაქტები მინიმუმამდე აქვთ დაყვანილი, მაგრამ მასმაღაზიებში გასვლაც კი არწმუნებს, რომ ცხინვალში მის შეშფოთებას ძალიან ცოტა ადამიანი იზიარებს:

„იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა სახლიდან გავდივარ, ვხედავ აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ადამიანებს. პურკომბინატთან ისეთი რიგებია, საერთოდ არავინ იცავს დისტანციას, არავის უკეთია პირბადე. არ მესმის, რატომ უნდა მიუახლოვდნენ ერთმანეთს, როცა გარშემო უამრავი ადგილია. ყველას გვესმის, რომ ამ დაავადებასთან საბრძოლველად მზად არ ვართ და ის ტანკივით გადაგვივლის“.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ამჟამად ცხინვალში შეუფერხებლად მუშაობენ სავაჭრო ცენტრები, სილამაზის და სპა სალონები, ავტოშემკეთებელი საამქროები და სხვა საყოფაცხოვრებო ობიექტები, თუმცა მათთვის არავის უთქვამს, რა უსაფრთხოების ზომები უნდა გაატარონ მომსახურებისას. ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტების აზრით, როცა ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ იქცევა, მოსახლეობაც მას ბაძავს, რაც, ახალი სახეობის კორონავირუსის ფართოდ გავრცელების თვალსაზრისით, დიდ რისკს შეიცავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG