Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორავას ქუჩის საქმის ორი დასკვნა პარლამენტში


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი

საქართველოს პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიამ ორი დასკვნა შეიმუშავა. ერთია „ევროპული საქართველოს“ დასკვნა, ხოლო მეორე - „ქართული ოცნების“. „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის - მისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომისიის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესწავლა, საგამოძიებო კომისიის წევრთა უმრავლესობის მიერ შექმნილი იყო არასწორი მოლოდინი დავით სარალიძისათვის სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელ პირთან და, ზოგადად, მოცემულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენასთან დაკავშირებით, რომელიც, მათივე განცხადებებით, განსხვავდებოდა გამოძიების ვერსიისგან - კომისიამ, სხვა საკითხებთან ერთად, ამოცანად დაისახა დავით სარალიძისათვის სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი პირის იდენტიფიცირება, რასთან დაკავშირებითაც კომისიის მუშაობის შედეგად არ გამოკვეთილა ახალი პირდაპირი ან, თუნდაც, ირიბი მტკიცებულება.

საგამოძიებო კომისიის ზემოთ ხსენებული ლეგიტიმაციის მიუხედავად, კომისიის წევრების კითხვებიც ახსნა-განმარტების მიმცემ პირთა მიმართ უმეტესწილად ამ კონკრეტული გარემოების დადგენას ისახავდა მიზნად. შესაბამისად, ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის - მისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე", - აღნიშნულია დადგენილებაში.

საგამოძიებო კომისია რამდენიმე რეკომენდაციას გასცემს. ის შსს-სა და პროკურატურას მიმართავს, რომ სამსახურებრივი შემოწმება ჩაატაროს, რათა არსებობის შემთხვევაში, გამოკვეთონ კანონდარღვევა გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა მხრიდან და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. საბოლოოდ, კომისიამ ხმათა უმრავლესობით - „ევროპული საქართველოს“ დასკვნას ცხრა ხმით, ოთხის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა.

პლენარულ სხდომაზე, კომისიის სახელით, დოკუმენტი კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ წარადგინა.

სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე

„მიგვაჩნია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების მიზნით შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა და შეასრულა ის მიზანი, რაც მისი მანდატით იყო შესაძლებელი“, - აცხადებს კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე.

„გაიცა რეკომენდაცია, შემდეგი ერთი თვის განმავლობაში მთავარი პროკურორი და შს მინისტრი მივიდეს პარლამენტში და ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას, თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები. ჩვენ დიდი სამუშაო გავწიეთ, 79 ახსნა-განმარტება მოვისმინეთ, დავიბარეთ და გავესაუბრეთ შსს-ს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებს და მინისტრებს. საბოლოოდ იქნა კომისიის მიერ დადგენილი რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება და დასკვნა. ჩვენ ამ დასკვნის ფარგლებში, ისევე როგორც შუალედურად, მივმართეთ მთავარ პროკურატურას, რომ დაიწყონ სისხლისსამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები იმის სავარაუდოდ, რომ ის მონაწილეობდა სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში. ჩვენ კომისიის ფარგლებში დავადგინეთ მთელი რიგი გარემოებები, მათ შორის ის, რომ ხელთ ჰქონდა კონკრეტული საგანი, ასევე, რომ ის მას იყენებდა ჩხუბში.

ჩვენ დავადგინეთ გამოძიების პროცესში, რომ ამ გამოძიებაში ერეოდა მირზა სუბელიანი, რომელიც მაშინ იყო პროკურატურის მაღალჩინოსანი და რომლის როლიც გამოიკვეთა ჩვენი სამუშაოს შედეგად. ასევე მისი ახლობლების მიმართ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები - არ მოხდა მთავარი ფიგურანტების სახლის ჩხრეკა, ნივთმტკიცებების მოპოვება, ასევე არ იქნა დაკითხული მთელი რიგი მოწმეები, მათ შორის ისეთი მოწმეები, რომელთაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს კომისიას.

ჩვენ დავადგინეთ, რომ ამ ყველაფერზე იკვეთება პასუხისმგებლობა კონკრეტული თანამდებობის პირების, მათ შორის შს სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში. ეს პირები არიან, პირველ რიგში, საქმის ზედამხედველი პროკურორი ზვიად ფხაკაძე და ბატონი ფიფია, რომელიც იყო საგამოძიებო ჯგუფის წევრი, ასევე მათი ზემდგომი ჩინოვნიკები, რომელთა მხრიდან იკვეთება მინიმუმ გულგრილობა და, შესაძლოა, თანამდებობის ბოროტად გამოყენების ნიშნები. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ მთავარ პროკურატურას, შსს-ს, რომ გამოიძიონ ეს დარღვევები და გააკეთონ დასკვნები, რა ტიპის დანაშაულებია.

ჩვენ ასევე დავადგინეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ადამიანების - შს მინისტრის და იუსტიციის მინისტრის, მათ მიერ გაკეთებული განცხადებების, გადადგმული თუ გადაუდგმელი ნაბიჯების გამო. მივიღეთ ასევე გადაწყვეტილება, რომ შემდეგი ერთი თვის განმავლობაში ვინც იქნება მთავარი პროკურორი თუ შს მინისტრი, მოვიდეს პარლამენტში და ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას, თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები, რომელიც გაიცა კომისიის მხრიდან. მიგვაჩნია, რომ რაც იყო შესაძლებელი, კომისიამ დაადგინა. ის მანდატი, რაც გვქონდა, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დაგვედგინა ამ საქმეზე, შეასრულა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სესიის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან კომენტირებისას განაცხადა, რომ „პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩის საქმეზე ჭეშმარიტება ვერ დაადგინა, რაც აჩენს ეჭვს, რომ რასაც პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობდა, იყო მართალი - არსებობდა ობიექტური დაბრკოლებები, რომელიც საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას უშლიდა ხელს“.

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

კობახიძის შეფასებით, საგამოძიებო კომისიის დასკვნა პოლიტიკურ კონტექსტს ასახავს.

თავის მხრივ, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტს სახალხო დამცველმა მიმართა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი ითხოვს, პარლამენტის დადგენილებაში სხვა საკითხებთან ერთად შევიდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შემუშავებული ის რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება გამოძიების დაწყებას სამოხელეო დანაშაულზე და იმ პირების მიმართ, რომლებმაც არამართლზომიერი გავლენა მოახდინეს გამოძიებაზე; სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მ.კ.-ს მიმართ მკვლელობაში მონაწილეობისათვის.

პლენარულ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარეს, სერგი კაპანაძეს, მოხსენების შემდეგ დეპუტატებმა შეკითხვებით მიმართეს.

პროცედურის გათვალისწინებით,“ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს მისაღებად დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საკუთარი დადგენილების პროექტი წარუდგინა, სადაც ასახულია “ქართული ოცნების“ პოზიცია ხორავას ქუჩის საქმესა და საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე.

პროცედურის მიხედვით, დეპუტატებმა კენჭი სწორედ დადგენილების პროექტს უნდა უყარონ, კომისიის მიერ მიღებული დადგენილება კი ცნობად იქნება მიღებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG