Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ხორავას ქუჩის საქმე": წავა თუ არა მიხეილ კალანდია ციხეში


მიხეილ კალანდია სასამართლო სხდომაზე, 21 თებერვალი.
მიხეილ კალანდია სასამართლო სხდომაზე, 21 თებერვალი.

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის, მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დასასრულს მიუახლოვდა. 21 თებერვალს, კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას თითქმის 4 საათის განმავლობაში წარმოთქვამდა. 150 მოწმის ჩვენებებისა და ფაქტების გაანალიზების შედეგად ადვოკატი აცხადებს, რომ მიხეილ კალანდია აბსოლუტურად უდანაშაულოა და ის პოლიტიკურ ინტერესებს ეწირება. 21 თებერვლის პროცესზე საბოლოო სიტყვა ბრალდებულმაც წარმოთქვა.

„მე რომ ციხეში წავიდე, თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ თქვენ თავთან რომ მარტო დარჩებით, გააანალიზოთ ის, რომ უდანაშაულო ადამიანი ციხეში გაუშვით?! ... იფიქრეთ ამაზე, ჩემი ძალიან დიდი თხოვნაა...“, - ამ სიტყვებით მიმართა მიხეილ კალანდიამ საქმის პროკურორებს 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე.

კალანდიას თქმით:

  • ის აბსოლუტურად უდანაშაულოა, მაგრამ უსამართლო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი გახდა - „პროკურატურა პოლიტიკურად ანგაჟირებულია“;
  • ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა წინასწარ დაგეგმილი არ იყო და ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ შემთხვევის ადგილას ის სახელმძღვანელოებით სავსე ჩანთით იყო მისული;
  • ხორავას ქუჩის თაღიანი ეზოს ფარდულში ის მხოლოდ (ამჟამად მსჯავრდებული) გიორგი ჯანაშიას დასახმარებლად შევიდა, რადგან დაინახა, რომ დავით სარალიძეს ის შებოჭილი ჰყავდა;
  • მზად არის ციხეში წასასვლელადაც, მაგრამ იმედი აქვს, რომ ყველა დამნაშავეს კანონით აგებინებს პასუხს და ადრე თუ გვიან, სიმართლე მაინც გამოაშკარავდება.

„მე დანებებას არ ვაპირებ. მეც და ჩემი ოჯახიც ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, რადგან ჩვენ სიმართლით ვიბრძვით... ყველანაირად ვეცდებით, რომ ის სიბინძურე და უკანონო ქმედებები გამოვიტანოთ სააშკარაოზე“, - განაცხადა მიხეილ კალანდიამ და მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილს სთხოვა, რომ განაჩენის გამოტანისას იყოს „სამართლიანი და ობიექტური“, რადგან მას ეს ძალიან სჭირდება დღეს.

მიხეილ კალანდიას პოლიტიკური ინტრიგების მსხვერპლად თვლის ადვოკატი ზურაბ თოდუაც - „როდესაც არ არსებობს მტკიცებულებები და ბრალდება მაინც ამბობს, რომ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და სხვა არაფერი“.

თოდუას თქმით, საზოგადოების თვალში მიხეილ კალანდიას მკვლელად გამოცხადებას დიდწილად შეუწყო ხელი პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ და ეს „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ ინტერესების ურთიერთდამთხვევის შედეგად მოხდა.

ადვოკატის ვერსიის თანახმად:

  • „ქართულ ოცნებას“ დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიერ გამართული ხალხმრავალი და ხმაურიანი საპროტესტო აქციების შეჩერება უნდოდა;
  • ხოლო „ევროპულ საქართველოს“ სჯეროდა, რომ კალანდიას ბიძას (პროკურატურის თანამშრომელს) ჰქონდა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები და თუკი კალანდიაზე დაიწყებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა, გაბრაზებული სუბელიანი (რომელიც დანაშაულის დაფარვისთვის იხდიდა სასჯელს) ამ კადრებს გამოაქვეყნებდა;
  • შედეგად, გადაიკვეთა ამ ორი პარტიის ინტერესები და შეიქმნა „ხორავას ქუჩის“ საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელმაც მიხეილ კალანდიას დაკავების რეკომენდაცია გასცა.

მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის მეორე დღეს. 2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად.

„დაცვის მხარე საკუთარ ნებისმიერ რეპლიკაში, ნებისმიერ გამოსვლაში, ნებისმიერ შუამდგომლობაში ცდილობს, რომ ეს მხარე გადაიყვანოს პოლიტიკურ კონტექსტში, პოლიტიკურ არენაზე, რასაც ვცდილობთ რომ შევეწინააღმდეგოთ და ამიტომ პოლიტიკურ კონტექსტზე ვერც პროცესზე და ვერც პროცესის გარეთ, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - უთხრა ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, მირიან მეგრელიშვილმა.

კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას თქმით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, არ არის ამოღებული არანაირი საგანი (მათ შორის, არც - დანა), რომელიც მიხეილ კალანდიას ბრალეულობას დაამტკიცებდა.

„150 დაკითხული მოწმიდან მხოლოდ სამად სამი მოწმე ჰყავს პროკურატურას (რომლებიც მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას), თუმცა გონივრულ ეჭვს მიღმა შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ნორმალური შეფასების პირობებში ამ ჩვენებებს არცერთი მოსამართლე არ გაიზიარებს...

ამ სამი მოწმიდან ერთია გიორგი ჯანაშია, რომელსაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და თავისთვის სასარგებლო განაჩენის მისაღებად ყვება რაღაც ზღაპარს, რომ თითქოს კალანდიას ჰქონდა „დანის მაგვარი საგანი“; მეორე მოწმეა - გუგა ბარბაქაძე, რომელიც ელოდებოდა საპროცესო შეთანხმებას და რომ არა დაზარალებულ დადუნაშვილის პრინციპული პოზიცია, იმასაც გაუფორმებდნენ საპროცესო შეთანხმებას; ხოლო მესამე გახლავთ გიორგი მენაბდე (მღვდლის შვილი), რომელთან მიმართებითაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნები არსებობს და ცრუ ჩვენების მიცემა მისგან არც არის გასაკვირი“, - განაცხადა თოდუამ.

დეკანოზ შიო მენაბდის შვილს - გიორგი მენაბდეს, რომლის მიმართაც ადვოკატი ზურაბ თოდუა დიდ ეჭვებს გამოხატავს, ზაზა სარალიძე თავიდან სავარაუდო მკვლელების ჩამონათვალში მოიხსენიებდა; თუმცა ამ მიმართულებით გამოძიება აღარ წასულა.

ზურაბ თოდუამ სასამართლოზე წარმოადგინა გრაფიკული მოდელირება იმ სიტუაციისა, თუ რა ხდებოდა ხორავას ქუჩის თაღიანი ეზოს ფარდულში 2017 წლის 1 დეკემბერს.

ჩვენებებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ადვოკატი ამბობს, რომ:

  • გიორგი მენაბდე ფარდულში დავით სარალიძის მარჯვენა მხარეს იდგა და სწორედ მარჯვენა მხარეს არის მიყენებული სასიკვდილო მე-11 ჭრილობა (საზარდულთან არტერიაა გადაჭრილი) - „იმ ჭრილობის მიყენება მხოლოდ იმ პოზიციიდან იყო შესაძლებელი, სადაც მენაბდე იდგა“;
  • მიხეილ კალანდია იმ დროს დავით სარალიძის ზურგს უკან მარცხენა მხრიდან იდგა და ვერაფრით შეძლებდა, რომ მარჯვენა მხარეს დაერტყა დანა - „ელემენტარულად ვერ მისწვდებოდა“;
  • შეკითხვას აჩენს ის ფაქტი - თუ რატომ დაჭრეს გიორგი მენაბდე და არა მიხეილ კალანდია მაშინ, როდესაც სარალიძის მეგობარს (რომელმაც სავარაუდოდ მენაბდე დაჭრა) კალანდია, თავისი ფიზიკური მონაცემებით, უფრო დიდ საფრთხედ უნდა ჩაეთვალა - „რას აკეთებდა ამ დროს მენაბდე ისეთს?!“;
  • შეკითხვას აჩენს ის ფაქტი, თუ რატომ არ დაინტერესდა გამოძიება მენაბდის დაჭრის ფაქტით და რატომ გაჭიანურდა პროცესი? - „ამ საქმის ობიექტური გამოძიება ბევრ რამეს მოჰფენდა ნათელს“.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ამჟამად ორ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და ეს ორი საქმე თეორიულად შეიძლება კიდევ ბევრ საქმედ იქცეს... თუმცა ამ მომენტისთვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას ვერცერთ პირზე ვერ დავადასტურებ... თუმცა დავადასტურებ იმას, რომ შეფასდება მტკიცებულებები ერთობლიობაში ნებისმიერი პირის მიმართ... ერთ-ერთი მიმდინარე საქმე არის გ.მ.-ს (გიორგი მენაბდის) დაჭრის ფაქტზე, რომელშიც ის არის პოტენციური დაზარალებული“, - უთხრა ჟურნალისტებს პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა და იმედი აქვს, რომ სასამართლო ბრალდების მხარის პოზიციას გაიზიარებს.

სიმართლის გამარჯვების იმედი აქვს დაცვის მხარესაც - ზურაბ თოდუა ამბობს, რომ სასამართლოს სამართლიანობის პირობებში მიხეილ კალანდიას საპატიმრო სასჯელი არ უნდა შეეფარდოს და თუ ეს ასე არ მოხდება, პროცესი სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდება.

საბოლოო სიტყვა მოსამართლემ უნდა თქვას. წინასწარი ინფორმაციით, განაჩენი 25 თებერვალს 12:00 საათზე გამოცხადდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG