Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ველმონდი“ დაილუქა


ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდი“, რომელიც მომხდარი ტრაგედიის შემდეგ „ველმონდის“ სახელით აგრძელებდა მუშაობას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დალუქეს.

სასტუმროს საქმიანობის შეჩერების ვადა 17 აგვისტოს 18:00 საათამდე ჰქონდა. სასტუმროს შენობა სწორედ ამ დრომდე უნდა დაეცალა 300-მდე სტუმარს და 400-ზე მეტ თანამშრომელს, სასტუმრო „ველმონდის“ მენეჯმენტმა კი სტუმრების გამოსახლება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უარი მიიღო მოთხოვნაზე, რომ ოქტომბრის ბოლომდე გაეგრძელებინა ფუნქციონირება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა არ შეცვალა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნა, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სასტუმროსთვის მუშაობის შეჩერებას გულისხმობდა.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ველმონდიდან“ სტუმრების შენობიდან გამოყვანა დილიდანვე დაიწყო, სასტუმროს შესასვლელთან მობილიზებული ავტობუსებითა და მსუბუქი ავტომანქანებით ისინი სხვადასხვა სასტუმროში გადაიყვანეს. როგორც სასტუმროს წარმომადგენლები იუწყებოდნენ, „ველმონდის“ 194 ნომერი მთლიანად იყო შევსებული - ზოგი საქართველოს, უმრავლესობა კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებით, რომელთა ნაწილი ამბობდა,რომ არ იყვნენ ინფორმირებული, თუ რატომ გადაჰყავდათ ალტერნატიულ სასტუმროში:

„არ ვიცოდი, დავჯავშვნე, ჩამოვედი და ახლა გვაცილებენ, კარგადაა ყველაფერი. ახალი ნომრები დაგვიჯავშნეს ჩაქვში და ახლა მივდივართ ჩაქვში ბავშვებთან ერთად, ყველაფერი კარგადაა. რა თქმა უნდა, ყველას უნდოდა, რომ ეს დღე არ დაეკარგა, მაგრამ ყველაფერი ხდება ცხოვრებაში“.

„არაფერი ვიცით იმის შესახებ, რა ხდება, რატომ უნდა დავტოვოთ სასტუმრო ამ საღამოს. ხუთი დღით უნდა დავრჩენილიყავით და დღესვე გვიწევს წასვლა, არ ვიცი, რატომ. გვითხრეს, რომ სხვა სასტუმროში გადაგვიყვანენ, მაგრამ ჯერ არ ვიცით, სად. ახლა სასეირნოდ მივდივართ და ვნახოთ, რა იქნება“.

„ველმონდის“ სტუმრების ალტერნატიულ სასტუმროში გადაყვანის პროცესში სასტუმროს თხოვნით ჩაერთო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმის გათვალსწინებით, რომ შუა აგვისტოში ტურისტული სეზონი ბათუმში პიკს აღწევს, ქალაქში კი განთავსების ობიექტებში თავისუფალი ადგილების დაჯავშნას სასტუმრო თავისი ძალებით ვერ შეძლებდა, მით უფრო მაშინ, როდესაც სასტუმრო „ველმონდის“ მენეჯმენტმა ფუნქციონირების შეჩერება ულტიმატუმის ამოწურვამდე 24 საათით ადრე გადაწყვიტა. მანამდე სასტუმროს მენეჯერი აცხადებდა, რომ მოლაპარაკებას აწარმოებდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და საკითხის დადებითი გადაწყვეტის იმედი ჰქონდათ. იქვე იმასაც აღნიშნავდა, რომ სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობის გამო სასტუმროს ფუნქციონირების შეჩერება ტურიზმისა და, ზოგადად, ქვეყნის იმიჯისთვის არ იქნებოდა კარგი. ამ შეფასებას არ ეთანხმება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ კაიკაციშვილი:

„არ მგონია, რომ ამ პროცესმა ნეგატიური გავლენა იქონიოს ტურისტულ სეზონზე ან ქვეყნის იმიჯზე. პირიქით, სახელმწიფო ზრუნავს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისა და კონკრეტულ ბიზნესსექტორში დასაქმებულების უსაფრთხოებაზე. ვფიქრობ, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება და ბიზნესსექტორი და სახელმწიფოც იზრუნებს, რომ ადამიანის სიცოცხლე მაქსიმალურად იყოს დაცული და რისკები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი“.

სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გამართვისთვის სამუშაოების საკმაოდ დიდი ნაწილი შესრულებულია, ნაწილი კი შესასრულებელია. მათ შორის კი, რაზეც კეთდებოდა აპელირება, კვამლის გამწოვ სისტემასთან დაკავშირებით, გასაკეთებელია, თუმცა რა დროს მოითხოვს, ამაზე საუბარი გამიჭირდება.

სიცოცხლისათვის საშიშ გარემოს კი ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ველმონდში“ ის ვითარება ქმნიდა, რომ, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა დაადგინეს, სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობის გამო, მცირე ხანძრის შემთხვევაშიც კი სასტუმროს შენობაში მყოფ ადამიანებს გადარჩენის მცირე შესაძლებლობაც არ ეძლეოდათ. სწორედ ამიტომ სამსახურმა ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად სასტუმროს ორდღიანი ვადა მისცა. სახანძრო სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან მაისურაძე ამბობს, რომ სასტუმრო მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს მუშაობის აღდგენას, რაც სამსახურის რეკომენდაციას შეასრულებს:

„სულ 43 რეკომენდაციაა, აქედან კი ყველაზე მნიშვნელოვანი მითითებები, რამაც სასტუმრო „ლეოგრანდში“ ადამიანების სიკვდილი გამოიწვია, არ არის შესრულებული. მაგალითად, კვამლის გამწოვი სისტემა არ აქვთ დამონტაჟებული, დღეის მდგომარეობით, მიუხედავად იმისა, რომ თვეების განმავლობაში მათ გონივრული ვადები მიეცათ გამოსასწორებლად. ჩვენ მომავალში ისევ შევამოწმებთ სასტუმროს სახანძრო სისტემის უსაფრთხოებას და ამის მიხედვით გადაწყდება დავეთანხმოთ ექსპლუატაციაში შენობის შესვლას თუ არა“.

სასტუმრო „ველმონდის“ ხელმძღვანელობა სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გამართვასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა რეკომენდაციის უმოკლეს ვადაში შესრულებას გეგმავს, - აცხადებს ადვოკატი კახაბერ წერეთელი, თუმცა როდის განაახლებს სასტუმრო მუშაობას, ვერ აკონკრეტებს და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ „ველმონდში“ დასაქმებული 400-ზე მეტი თანამშრომელი, შეჩერებული მუშაობის მიუხედავად, ანაზღაურებას მაინც მიიღებს:

„სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გამართვისთვის სამუშაოების საკმაოდ დიდი ნაწილი შესრულებულია, ნაწილი კი შესასრულებელია. მათ შორის კი, რაზეც კეთდებოდა აპელირება, კვამლის გამწოვ სისტემასთან დაკავშირებით, გასაკეთებელია, თუმცა რა დროს მოითხოვს, ამაზე საუბარი გამიჭირდება. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ყველას ინტერესშია, - როგორც სასტუმროს მეპატრონისა და ადმინისტრაციის, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ამ პროცესში ჩართული ყველა მხარის, - რომ პრობლემა გადაიჭრას დროულად, იმისთვის რომ ბიზნესიც დაცული იყოს და, ამავე დროს, უზრუნველყოფილი იყოს სახანძრო უსაფრთხოების წესები“.

სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო კი ამ დროისთვის სასტუმრო „ველმონდის“ - მანამდე „ლეოგრანდის“ სახელით მომუშავე სასტუმროს - ორი თანამშრომელია დაკავებული. საქმე ეხება 2017 წლის ნოემბერში ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს, რა დროსაც შენობაში 11 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სასტუმრო „ლეოგრანდი“ დაიხურა, 2018 წლის მაისში კი მუშაობა განაახლა „ველმონდის“ სახელით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG