Accessibility links

როგორც ფეხსალაგის რიგში


რა შეიძლება იყოს უფრო ბანალური, ვიდრე ყოფილი პოლიტიკური პარტნიორების კინკლაობაა?

ნიშნის მოგება, წამოძახება, შიდასამზარეულოს გარეთ გამოტანა, ბინძური თეთრეულის გამომზეურება და ა.შ. - ამის მეტი რა უნახავს ქართველ ამომრჩეველს ბოლო 25 წლის განმავლობაში? თუმცა ხშირად ისეც ხდება, რომ ყოფილი თანაპარტიელების დაპირისპირება გასცდება უწყინარ კინკლაობას და ისეთ მასშტაბებს მიიღებს ხოლმე, რომ ძალაუნებურად აფიქრებინებს ადამიანს: როგორ შეიძლება ეს კაცები და ქალები ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები იყვნენ? აქამდე როგორ გაძლეს ერთად? პოლიტიკური პარტია ხომ მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, რომელიც საერთო მსოფლმხედველობრივ პრინციპებს ემყარება. რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ მათ?

დღეს მთელი საქართველო მეტ-ნაკლები ხალისით ადევნებს თვალს მმართველი პარტიის ყოფილი და მოქმედი წევრების დაპირისპირებას საქართველოს პარლამენტში. როგორ ლანძღავენ ერთმანეთს კმაყოფილი, ზომიერად ფერხორციანი კაცები და ქალები; როგორ სდებენ ერთმანეთს ბრალს კორუფციაში, გავლენით ვაჭრობაში და ა.შ. დეპუტატმა ზარდიაშვილმა თავის ყოფილ თანაპარტიელს, დეპუტატ ბესელიას, საჯაროდ, კამერების წინ უთხრა, ხელებზე ფულის სუნი აგდისო. არც ბესელია დარჩა ვალში, პატარა ზონდერო და მოსამართლეთა კლანის ნაწილოო, უთხრა ოპონენტს. მანამდე ქალბატონმა ეკამ პარლამენტის თავმჯდომარესაც მიუჩინა ადგილი, როცა „გოგლიმოგლიზე გაზრდილი პატარა ბიჭი“ უწოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი ყოფილი თანაპარტიელი ზვიად კვაჭანტირაძე გააკრიტიკა უნიათო მუშაობის გამო და ა.შ. და ა.შ. მოკლედ, ლამის ყოველდღიურ თავშესაქცევ სანახაობად იქცა ის, თუ როგორ არ ინდობენ ერთმანეთს ყოფილი თანაპარტიელები: ირაკლიკობახიძეები, გედევანფოფხაძეები, ვანოზარდიაშვილები, ეკაბესელიები, ზვიადკვაჭანტირაძეები, ანრიოხანაშვილები...

უყურებ სიძულვილით, ლამის ბიოლოგიური ზიზღით სავსე მათ სახეებს და გეფიქრება: მაინც რა ლოგიკით იყვნენ ეს ადამიანები ერთ პარტიაში და რა ლოგიკით არ ინდობენ ახლა ერთმანეთს?

აშკარაა, რომ ეს ხალხი ერთ პარტიაში მსოფლმხედველობრივი პრინციპების თანხვედრის გამო არ გაერთიანებულა. აშკარაა, რომ მათ უყვართ პარტია (მეტადრე პარტიის დამფუძნებელი), მაგრამ ვერ იტანენ თანაპარტიელებს, ანუ ერთმანეთს. აშკარაა, რომ ისინი პარტიაში საერთო ვნებებმა (სიძულვილი, შიში, ძალაუფლება და ა.შ.) მიიყვანა და არა საერთო იდეებმა. ეს მექანიზმი კარგად აქვს ახსნილი ოთარ ჭილაძეს თავის ერთ-ერთ რომანში, სადაც ამბობს, ფეხსალაგის რიგში მდგომ ადამიანებს საერთო გასაჭირი აერთიანებთ და არა საერთო იდეებიო.

ეს მექანიზმი მუშაობდა 2012 წელს, როცა კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილმა მკვეთრად განსხვავებული მიმართულების პარტიები შეანივთა, და მუშაობს დღესაც, როცა პარტია „ქართულ ოცნებაში“ განსხვავებული გამოცდილებისა და მსოფლმხედველობის ადამიანები (როგორც წესი, მწირი პოლიტიკური ბიოგრაფიის) ჩაყარა.

ბიძინა ივანიშვილმა, როგორც დოქტორმა ფრანკენშტეინმა, სხვადასხვა საჭირო ნივთებისა და სხეულების (მათ შორის მკვდარი პარტიებისა და პოლიტიკოსების) ნაწილების შეჯვარებით შექმნა პოლიტიკური მონსტრი (მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და მაჟორიტარი დეპუტატები ამ მონსტრის სათადარიგო ნაწილებია), რომელიც მგრძნობიარეა მხოლოდ შემქმნელის მიმართ. რაც უნდა ლანძღონ ერთმანეთი ირაკლიკობახიძეებმა, ვანოზარდიაშვილებმა, ეკაბესელიებმა და ა.შ., ერთი აუგი არ დასცდებათ ბატონ ბიძინაზე. რაც უნდა ეკოლოგიური პრობლემები შექმნას საქართველოს მთავრობამ (გიგანტური ხეების მოთხრა, ჰესების მშენებლობა და ა.შ.), „მწვანეთა პარტია“ (რომლის სიმწვანე დიდი ხანია დაფარა გვამურმა ლაქებმა) არაფერს იტყვის ბიძინა ივანიშვილის მოლოდინის საწინააღმდეგოდ. რაც უნდა მძიმე პირობები შეუქმნან დასაქმებულებს (გაწყდნენ ადამიანები შახტებში და ხარაჩოებზე), ქართველი სოციალ-დემოკრატები მაინც არ აწყენინებენ ბიძინა ივანიშვილს, თუმცა პარტიის ცალკეულმა წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა დატოვონ კიდეც.

ბიძინა ივანიშვილის აწყობილი პოლიტიკური სხეული ჯერჯერობით ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას და, მთლიანობაში, ერთგულობს პატრონს, თუმცა აშკარაა, რომ სხეულს რღვევა აქვს დაწყებული. ცალკეული ნაწილები ან ტოვებენ სხეულს, ან ერჩიან ერთმანეთს. ივანიშვილიც გრძნობს ლპობაშეპარული პოლიტიკური გვამის სუნს და უვარგისი ნაწილების დათრგუნვას ან ახლით შეცვლას ცდილობს (ეძებენ ახალ სახეებს), თუმცა ვერავინ ეუბნება ქართველ ფრანკენშტეინს, რომ ის შეუძლებელი ამოცანის გადაჭრას ცდილობს: არც ცალკეული ადამიანი და არც პოლიტიკური ერთობა არ არის უსულო და უიდეო საგნების პარციალური ჯამი, საკითხისადმი არამეცნიერული მიდგომა კი მარცხის კარგი წინაპირობაა. როგორც წესი, ფრანკენშტეინიც ცუდად ამთავრებს და მის მიერ შექმნილი მონსტრიც, რაში დარწმუნებაც მარტივად, ნიცშეზე ბევრად იოლად დასაძლევი ავტორის წაკითხვითაა შესაძლებელი.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG