Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"7 ნოემბრის" მონატრება


„როგორ უნდა შეხედონ ხალხს თვალებში? ამდენ ხალხს გადაგვიარეს! გადაგვიარეს!“ - ასაკოვანი ქალის ტირილით ნათქვამი ეს სიტყვები პირადად მაქვს მოსმენილი რუსთაველის გამზირზე 2007 წლის 7 ნოემბერს, როცა რადიო თავისუფლებისთვის რეპორტაჟს ვამზადებდი. აშკარაა, რომ ეს იყო საპროტესტო აქციის დარბევის ერთადერთი სწორი ემოციური შეფასება, რომელშიც ნათლად გამოსჭვიოდა როგორც აღშფოთების, ასევე დაუჯერებლობის ტონი. მოქალაქეს არ სჯეროდა, რომ პროტესტის გამოხატვის გამო სცემდა მის მიერ არჩეული მთავრობა, პრეზიდენტი, ხელისუფლება, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ თვითონ მართავდა მრავალათასიან საპროტესტო აქციებს.

7 ნოემბერს დარბეულ ყველა მოქალაქეს აქვს გაუნელებელი აღშფოთების უფლება, ყოველი წლის 7 ნოემბერს რუსთაველზე შეკრებისა და ძალადობის დაგმობის უფლება, თუმცა ძალადობასთან ერთად ასევე დასაგმობია უმთავრესი მიზეზი, რამაც 11 წლის წინ მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესის ჩიხში შეყვანა და ძალადობა გამოიწვია. „7 ნოემბერი“ არ მოხდებოდა პოლიტიკოსებს დემოკრატიის მეტი რწმენა რომ ჰქონოდათ, მათ არსენალში მხოლოდ მშვიდ (არაისტერიულ) გარემოში გამართული არჩევნები რომ ყოფილიყო. არჩევნები, როგორც ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნების ერთადერთი საშუალება.

ქართველ პოლიტიკოსებს არ სჯერათ, რომ არჩევნები ჯილდოა და არა სასჯელი, რომ არჩევნები შვებაა და არა განსაცდელი, რომ სწორედ არჩევნები გაძლევს ღირსეულად მოსვლის, წასვლის და დაბრუნების საშუალებას. თუ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის საშუალება აქვს, უპირველეს ყოვლისა აქვს იმის გამო, რომ ბოლო მომენტში არ ჩაებღაუჭა ძალაუფლებას, არ წავიდა ხალხის ნების წინააღმდეგ და 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შეეგუა ახალ რეალობას.

7 ნოემბერს ძალადობასთან ერთად დასაგმობია სწორედ ეს - დემოკრატიისა და არჩევნების რწმენის დეფიციტი; დასაგმობია ცდუნება, ზეგავლენა მოახდინო ხალხის, მოქალაქეების, ამომრჩევლების ნებაზე; დასაგმობია ყველაფრის ფასად ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილი; დასაგმობია ხალხის დაშინება და ნებაზე ზეგავლენის მოხდენა, თუმცა 11 წლის შემდეგ, 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ადამიანებმა, რომლებიც დღევანდელ ხელისუფლებას უჭერენ მხარს და, რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანეს ბიძინა ივანიშვილის მოწოდება, „ქართული ოცნების“ ძველმა გვარდიელებმა არ დაუშვან მმართველი პარტიის დამარცხება, „რატომღაც“ მხოლოდ აქციის დარბევა და დარბევის ორგანიზატორები დაგმეს: „არა ნაციზმს!“, „ძირს მიშა!“ და ა.შ. თან ისეთი ემოციით და მოწოდებებით გამოვიდნენ თითქოს 2007 წლის "7 ნოემბერი" იყოს და არა 2018 წლისა. ალბათ, დროში ამგვარი აცდენის გამოა, რომ „7 ნოემბრის“ დასაგმობად შეკრებილმა ადამიანებმა გულგრილად ჩაუარეს რუსთაველზე ღია ცის ქვეშ მდგომ შვილმოკლულ მამებს, რომლებიც ამ ხელისუფლების პირობებში ვერ პოულობენ სამართალს და უსაშველოდ იტანჯებიან, თუმცა რაღაც უცნაური პარადოქსით, ხელისუფლების მხარდამჭერებს მეხსიერება კარგი აქვთ (წინა ხელისუფლების დროს მომხდარი ცუდი არაფერი ავიწყდებათ), მაგრამ ვერ დაიკვეხნიან კარგი მხედველობით: ვერაფერს ხედავენ, რაც მათ გარშემო ხდება აქ და ახლა. ამ ადამიანების სურვილზე რომ იყოს დამოუკიდებული, საერთოდაც წარსულში იცხოვრებდნენ, წარსულში, სადაც მოძალადე წინა ხელისუფლებაა, თვითონ კი მსხვერპლის როლში არიან. ვერ ეგუებიან იმას, რომ დღეს სხვა ხელისუფლებაა და მსხვერპლიც სხვაა და ამის გამო, შეძლებისდაგვარად, ცდილობენ მუდმივად წარსულში დაბრუნებას. წლევანდელი „7 ნოემბერიც“ 2007 წლის "7 ნოემბრის" ერთგვარი მონატრება იყო, ნამდვილი "7 ნოემბრის" რეკონსტრუქციისა და შეხორცებული ჭრილობების გახსნის მცდელობა, მაგრამ მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერით გაერთიანებული ამ ადამიანების მცდელობას აკლდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რაც კიტჩს ნამდვილ დრამად აქცევდა და, რასაც ყველაზე კარგად, ალბათ, თვითონ გრძნობდნენ. აკლდა მთავარი ანტაგონისტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გამოვიდოდა და მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს უმოწყალოდ დაარბევდა... დაარბევდა და თავის პოლიტიკურ ოპონენტებს კვლავ მიანიჭებდა ჯერ მორალურ, შემდეგ კი პოლიტიკურ უპირატესობას და 2012 წლის 1 ოქტომბრის მსგავსად, კვლავ დამარცხდებოდა მოახლოებულ არჩევნებში... მაგრამ სინამდვილეში დღეს სულ სხვა კაცს უდგას ნეგატიურ პერსონაჟად ქცევის საფრთხე, სხვას ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, სხვა ვერ ეგუება არჩევნების შედეგებს, სხვა დგას არჩევნების გაყალბების ცდუნების წინაშე და სხვა აკეთებს ყველაფერს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, სხვა იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და სწორედ ეს სხვა ადამიანი ატარებს საპროტესტო აქციებისა და მათი დარბევების საფრთხეს. წინა ხელისუფლებაც ასე მივიდა თავის „7 ნოემბრამდე“ და არც მოქმედი ხელისუფლებაა დაზღვეული ახალი „7 ნოემბრისგან“. მოძალებულ კიტჩს რომ ვუერთგულოთ, ასე ვთქვათ: „7 ნოემბერი“ დასრულდა, „7 ნოემბრის“ გეშინოდეთ, ხალხო!

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG