Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ ჰერბსტი: „საქართველომ უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს“


ჯონ ჰერბსტი, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში
ჯონ ჰერბსტი, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში

ბლინკენისა და ლავროვის მორიგ შეხვედრას ჟენევაში რაიმე გარღვევა არ მოჰყოლია - ერთადერთი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, ჯერჯერობით დიალოგის გაგრძელება იყო. ამას გარდა, ვაშინგტონი დათანხმდა რუსული მხარის დაჟინებულ მოთხოვნას, წერილობით უპასუხოს კრემლს მის, ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნებზე, რაზეც როგორც აშშ-მა, ასევე ნატომ მოსკოვს მკვახე ზეპირი უარი გასულ კვირას უთხრეს.

დიპლომატიური გაურკვევლობის, მუქარისა და უკრაინის საზღვართან რუსული დანაყოფების მობილიზების ფონზე, დღითი დღე იზრდება ომის საფრთხეც - რაც კიდევ ერთხელ ცხადყო პრეზიდენტ ბაიდენის პრესკონფერენციამაც. „პუტინი ალბათ შეიჭრება უკრაინაში“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„არ ვიცი, შეიჭრება თუ არა რუსეთი უკრაინაში - მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ რუსები ამას გააკეთებენ, საბოლოო გამარჯვების მიღწევა გაუჭირდებათ. მათ შეუძლიათ მოიგონ სამხედრო დაპირისპირება, მაგრამ მოახერხებენ თუ არა ქვეყნის ოკუპაციას და საკუთარი გამარჯვებით დატკბობას - ეს უკვე სხვა საკითხია და ვფიქრობ, ამას რუსები ვერ შეძლებენ - პირველ რიგში იმიტომ, რომ უკრაინელები რუსები არ არიან. თუ სწორად მახსოვს, ნაპოლეონმა თქვა, ხიშტებით ყველაფერი შეგიძლია გააკეთო, მათზე დაჯდომის გარდაო. რუსულ ხიშტს დღეს შეუძლია უკრაინა დაიპყროს - მაგრამ პუტინის არმია უკრაინაში ვერ ჩაჯდება. ამას უკრაინელები არ შეეგუებიან“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი.

რადიო თავისუფლება: რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების მოთხოვნებში მკაფიოდ არ წერია, რას მოიმოქმედებს რუსეთი, თუ დასავლეთისგან უარს მიიღებს - რა შეიძლება გახდეს პუტინისთვის მისაღები ე.წ. სანუგეშო პრიზი, რომელიც პრესტიჟსაც შეუნარჩუნებს და უკან დახევის შესაძლებლობასაც მისცემს?

იმ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა დიდი შეცდომა დაუშვა. ეს არ ეხება მხოლოდ ე.წ. მცირე შეჭრის მონაკვეთს, ეს იყო განცხადება, რომელმაც ცხადყო, რომ ის არაა დარწმუნებული, რომ მოკავშირეებს აკონტროლებს. ის სისუსტეს ასხივებდა ყველა თავისი ფრაზით...

ჯონ ჰერბსტი: პუტინს მარტივად შეუძლია პრესტიჟი შეინარჩუნოს, თუ უბრალოდ გადაიფიქრებს და შემდეგ კრემლის მედიას დაავალებს, ხალხს ეს გადაფიქრება გამარჯვებად შეასაღოს. ვრცელდება ხმები, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გარდაუვალია - შეიძლება ასეცაა, მაგრამ შეიძლება, ეს ბლეფია და პუტინი ცდილობს შტატების, ნატოს, ევროკავშირის, გერმანიის დაშინებას, რათა ისინი დათმობებზე წავიდნენ. ორი აზრი არ არსებობს, რომ პუტინს საკმარისი სამხედრო ძალა აქვს, რომ უკრაინის ნებისმიერი ნაწილი ჩაიგდოს ხელში. მაგრამ ამას მოჰყვება რუსული მსხვერპლიც. ამას დაემატება დასავლეთის უმძიმესი სანქციებიც. შეიცვლება ნატოს ჯარების განლაგებაც და არა რუსეთის სასარგებლოდ. ეს ყველაფერი პუტინისთვის სერიოზული თავსატეხია - თუ მართალი ვარ, სწორედ ამის გამო შეიძლება თავი შეიკავოს უკრაინაში შეჭრისგან. თუ აღმოჩნდა, რომ ვცდები, მაშინ შეიჭრება და შედეგებსაც აიტანს.

რადიო თავისუფლება: საგულისხმოა, რომ ლავროვი დაჟინებით ითხოვს, დასავლეთმა კრემლის მოთხოვნებს წერილობით გასცეს პასუხი. ისიც საგულისხმოა, რომ შტატები საბოლოოდ ამ მოთხოვნას დაეთანხმა. ისმის კითხვა - რისთვის ეს ყველაფერი?

ჯონ ჰერბსტი: ამის მრავალნაირად ინტერპრეტირება შეიძლება. ერთი - რომ რუსებს უნდათ წერილობითი პასუხი, რათა შემდეგ ის დასავლეთს ცხვირწინ უფრიალონ, როგორც მიზეზი, თუ რატომ შეიჭრნენ უკრაინაში. მეორე სცენარი - ამჯერად რუს ხალხს აუფრიალებენ ამ წერილს ცხვირწინ და იტყვიან: ნახეთ! ამერიკასთან თანასწორებივით ვლაპარაკობთ - ხელშეკრულების პროექტებს ვუცვლით ერთმანეთს. მესამე სცენარი - რუსები იმედოვნებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უარს ვიტყვით მათ მთავარ მოთხოვნებზე, მაინც რაღაც დათმობებზე წავალთ. ასეთი დათმობა შეიძლება იყოს, როგორც მეუბნებიან, აშშ-ის ადმინისტრაციის თანხმობა, იმსჯელონ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც, ჩვენ უარს ვიტყვით უკრაინის შეიარაღებაზე. ეს, ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან ცუდი დათმობა იქნებოდა დასავლეთისთვის, პუტინისთვის კი - დიდი საჩუქარი. შეიძლება, რუსებს იმედი აქვთ, რომ რაიმე ასეთ საჩუქარს მიიღებენ მთელი ამ პროცესით - სამხედრო მუქარითა და დიპლომატიური აქტივობით.

რადიო თავისუფლება: როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის შეჭრა თქვენ არც ისე გარდაუვალად გეჩვენებათ, როგორც, მაგალითად, აშშ -ის პრეზიდენტს, რომლის პრესკონფერენციასაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა - ოპონენტები მას ფაქტობრივად რუსეთისთვის მწვანე შუქის ანთებაში ადანაშაულებენ. თქვენ რას იტყოდით?

როდესაც რუსეთი გაიაზრებს, რომ უკრაინაში წააგო, საქართველოს მიმართაც მოხდება კრემლის პოლიტიკის გადაფასება... დადგება დღე, და ალბათ ეს დღე ჩემს სიკვდილამდე დადგება, როდესაც რუსეთი გააცნობიერებს, რომ მისმა პოლიტიკამ უკრაინაში კრახი განიცადა...

ჯონ ჰერბსტი: იმ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა დიდი შეცდომა დაუშვა. ეს არ ეხება მხოლოდ ე.წ. მცირე შეჭრის მონაკვეთს, ეს იყო განცხადება, რომელმაც ცხადყო, რომ ის არაა დარწმუნებული, რომ მოკავშირეებს აკონტროლებს. ის სისუსტეს ასხივებდა ყველა თავისი ფრაზით. მის პრესგუნდში ესმოდათ, რომ ეს პრესკონფერენცია კატასტროფა იყო, შესაბამისად, ყველა განცხადება, რაც მათ შემდგომ გააკეთეს, იყო ძალიან პროფესიონალური და სწორი გზავნილებით - ისევე, როგორც ბლინკენის გზავნილები ევროპაში ვიზიტებისას. და მაინც, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასეთ რამეებს ამბობს, ეს ქმნის არასახარბიელო შთაბეჭდილებას. არ გამოვრიცხავ, რომ პუტინმა, ამ პრესკონფერენციის ნახვის შემდეგ თქვა: ჰეჰ, ცოტათი თუ შევიჭრები - და ცოტა ამ შემთხვევაში სულაც არაა ცოტა, ეს ცოტა შეიძლება, მაგალითად, მარიუპოლის დაპყრობა იყოს - ამას შეიძლება სანქციები არ მოჰყვეს. ვფიქრობ, პუტინი იმედგაცრუებული დარჩება, თუ ასე დაასკვნის, მაგრამ ამან შეიძლება ის წაახალისოს და ისეთი სვლა გააკეთოს, რაზეც პრესკონფერენციამდე არ ფიქრობდა.

რადიო თავისუფლება: საქართველოზე გადავიდეთ - რა გავლენა ექნება ამ ყოველივეს საქართველოზე?

ჯონ ჰერბსტი: საქართველოს დიდი ინტერესია, მოსკოვმა უკრაინაში მარცხი განიცადოს. რადგან როდესაც რუსეთი საბოლოოდ დამარცხდება უკრაინაში და იმედია, ეს მოხდება მანამ, სანამ რუსები გადაწყვეტენ, ასი ან ორასი ათასი ჯარისკაცით შეიჭრან იქ - მოკლედ, როდესაც რუსეთი გაიაზრებს, რომ უკრაინაში წააგო, საქართველოს მიმართაც მოხდება კრემლის პოლიტიკის გადაფასება. რუსეთი ერთსა და იგივე მეთოდებს იყენებს უკრაინასა და საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიები და განახლებული სამხედრო აგრესიის მუდმივი საფრთხე. დადგება დღე, და ალბათ ეს დღე ჩემს სიკვდილამდე დადგება, როდესაც რუსეთი გააცნობიერებს, რომ მისმა პოლიტიკამ უკრაინაში კრახი განიცადა. შეიძლება მომავალი 2-3 წლის განმავლობაშიც კი მოხდეს ეს, და უკრაინას საკუთარი გზის თავადვე ამორჩევის უფლება მიეცეს. უცნაური იქნება, ამის შემდეგ თუ ისინი მსგავსი პოლიტიკის ერთგულები დარჩებიან საქართველოშიც.

რადიო თავისუფლება: ფიქრობთ, რომ ეს მართლაც შეიძლება მოხდეს პუტინის მმართველობის პერიოდში?

რუსულ ხიშტს დღეს შეუძლია უკრაინა დაიპყროს - მაგრამ პუტინის არმია უკრაინაში ვერ ჩაჯდება...

ჯონ ჰერბსტი: ბევრი იტყვის, რომ პუტინი არასოდეს მოიქცევა ასე. მე ვფიქრობ, რომ თუ ის ფაქტის წინაშე დადგება, რომ ამ პოლიტიკის გაგრძელებით საკუთარ ხელისუფლებას უთხრის ძირს, რომ რუსეთს სერიოზულად ასუსტებს, შეიძლება ამ ცვლილებებზე წავიდეს. პუტინის არჩეული კურსი - კორუფციისა და რეპრესიის ტანდემი - რუსეთის მომავალს კატასტროფის გარდა არაფერს უქადის. მათი ეკონომიკა ვერ განვითარდება მსგავსი შიდა და საგარეო პოლიტიკის ფონზე. ამასთანავე, ვფიქრობ, რომ სულ უფრო იზრდება იმ გავლენიან რუს ფიგურათა რიცხვი, რომელთაც ესმით, რასაც ვგულისხმობ.

რადიო თავისუფლება: აფხაზეთის ომის დროს უკრაინა საქართველოს დაეხმარა. 2008 წელს უკრაინის პრეზიდენტი თბილისში ჩამოვიდა - როგორი უნდა იყოს საქართველოს პასუხი უკრაინის კრიზისზე?

ჯონ ჰერბსტი: ვფიქრობ, ამ კრიზისში საქართველომ უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს. რა თქმა უნდა, არავინ ითხოვს, საქართველომ იქ ჯარისკაცები გაგზავნოს საომრად. მაგრამ [საჭიროა] დიპლომატიური მხარდაჭერა - და შეიძლება გარკვეული სამხედრო მხარდაჭერაც, ოღონდ ალბათ არა საჯაროდ... დიპლომატიური მხარდაჭერა კი, ვფიქრობ, აუცილებელი მინიმუმია.

რადიო თავისუფლება: ოპონენტები იტყვიან, რომ ამან შეიძლება რუსეთის დამატებითი აგრესია გამოიწვიოს.

ჯონ ჰერბსტი: მესმის ამის, და მესმის, რომ ეს შეიძლება უმოქმედობის მიზეზი იყოს. მაგრამ, თუ საქართველო საკუთარ მომავალს რეალურად დასავლეთთან ერთად ხედავს - იმავე მისწრაფებების მქონე უკრაინას რიტორიკული, დიპლომატიური მხარდაჭერა მაინც უნდა გამოუცხადოს.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG