Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კურტ ვოლკერი: "პუტინი ისევ მიიტაცებს ტერიტორიებს... შემდეგ კი დაიწყებს ახალ ვაჭრობას"


კურტ ვოლკერი
კურტ ვოლკერი

რუსეთის მოთხოვნებს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ნატომ უარით უპასუხა - ბრიუსელში განაცხადეს, რომ არ აპირებენ, ორგანიზაციისთვის პრინციპულ ღირებულებებს ზურგი აქციონ.

ამის კვალდაკვალ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რიაბკოვი, რომელიც ჟენევაში მოლაპარაკებისას რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ დიალოგის გაგრძელების საფუძველს ვერ ხედავს.

ბევრის აზრით, სტრატეგიული დაპირისპირების პირველ რაუნდში გამარჯვება დასავლეთს დარჩა - თუმცა ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი, რომელიც 2017-2019 წლებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი იყო უკრაინის საკითხებში, ამბობს, რომ კრემლი ამ „მარცხს” მოელოდა და ახლა უკრაინაში ახალი აგრესიის საბაბად გამოიყენებს.

რადიო თავისუფლება: CNN-თან საუბრისას განაცხადეთ, რომ რუსულმა მხარემ თავიდანვე მშვენივრად იცოდა, დასავლეთი მათ მოთხოვნებს უარით უპასუხებდა და რომ ახლა ამ უარს პუტინი სამხედრო მოქმედებების დაწყების საბაბად გამოიყენებს. რატომ ფიქრობთ, რომ პუტინს საბაბი სჭირდება სამეზობლოში რუსეთის ქმედებების გასამართლებლად?

ის ცდილობს, შიდა აუდიტორიას განუმარტოს, რომ თუ იქნება მსხვერპლი, თუ ხალხი დაიხოცება, ეს მისაღებია, რადგან ის დიად რუსულ იმპერიას აშენებს და ხალხი ამას უნდა დაყაბულდეს...

კურტ ვოლკერი: იმიტომ, რომ ის საკმაოდ დიდ ძალისხმევას ხარჯავს ამაზე. აღმოსავლეთ უკრაინაში ომის წამოწყების დღიდან უარყოფს, რომ ამაში რუსეთის ხელი ურევია, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი საპირისპიროზე მეტყველებს. ამტკიცებს, რომ რუსეთი არ არის მხარე მინსკის შეთანხმებებში, და რომ ეს შეთანხმებები რუსეთს არ ავალდებულებს, რაც ასევე სიცრუეა. ამ ზაფხულს, 5-ათასსიტყვიანი ესე დაწერა [პუტინმა] იმის შესახებ, რომ უკრაინა საერთოდ არაა ქვეყანა. და ეს ყველაფერი კეთდება მისი ხედვის, მისი დოქტრინის განსამტკიცებლად, რომლის მიხედვითაც რუსეთს უფლება აქვს, უკრაინის ტერიტორიები მიიტაცოს და უკრაინის სუვერენიტეტი შეკვეცოს.

რადიო თავისუფლება: ვისზეა გათვლილი ეს ნარატივი - ქვეყნის შიგნით მოსახლეობაზე თუ დანარჩენ სამყაროზე?

კურტ ვოლკერი: ვფიქრობ, აქ კომბინაციასთან გვაქვს საქმე. ის ცდილობს, შიდა აუდიტორიას განუმარტოს, რომ თუ იქნება მსხვერპლი, თუ ხალხი დაიხოცება, ეს მისაღებია, რადგან ის დიად რუსულ იმპერიას აშენებს და ხალხი ამას უნდა დაყაბულდეს. ამავდროულად, ის მიუთითებს საერთაშორისო საზოგადოებას - აი, აქ ვავლებ ხაზს, ეს ჩემია. არ შეეხოთ! ეს ერთგვარი მუქარაა, რომლის მიზანია უკრაინის მიმართ მხარდაჭერის შემცირება.

რადიო თავისუფლება: ფაქტობრივად, დღეს რუსეთი უკრაინას სამი მხრიდან არტყამს ალყას - სად, რომელი მიმართულებით უფრო მოსალოდნელია რუსეთის შეჭრა?

ჩვენი ჩართულობა და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ახლავე უნდა გავზარდოთ, რათა ვცადოთ და შევაჩეროთ რუსეთი, სანამ ის ახალი სამხედრო მოქმედებების დაწყებას შეეცდება...

კურტ ვოლკერი: რეალურად, რუსეთს შეუძლია, უკრაინას ერთდროულად სამი ფრონტიდან შეუტიოს, რაც უკრაინის სამხედრო ძალებს მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს, რუსები კი ტერიტორიის მიტაცებას შეძლებენ. ვფიქრობ, ყველაზე მეტად მათ ის ტერიტორია აინტერესებთ, რომელიც ყირიმს რუსეთთან დააკავშირებს, რათა ჰქონდეთ როგორც საზღვაო წვდომა, ასევე სახმელეთო ხიდი ყირიმთან. ასე რომ, შეტევა შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით მოხდეს - დაიკავებენ, რასაც მოახერხებენ და შემდეგ დაიწყებენ ვაჭრობას, რას დააბრუნებენ და რას არა, მაგრამ არ დათმობენ სამხრეთ ნაწილს.

რადიო თავისუფლება:​ აშშ და ევროკავშირი რუსეთს მძიმე სანქციებით ემუქრებიან უკრაინაში „ახალი პირდაპირი სამხედრო აგრესიის“ შემთხვევაში. ყურადღებას იქცევს სიტყვა „ახალი“ - ნიშნავს თუ არა ეს, რომ უკრაინაში უკვე მიმდინარე სამხედრო აგრესია არ საჭიროებს მეტ რეაქციას და დასავლეთი მიიჩნევს, რომ უკვე საკმარისი გააკეთა?

კურტ ვოლკერი​: ვფიქრობ, ეს ძალიან მართებული კითხვაა და დიდი ხანია ვამტკიცებ, რომ რუსეთს ახალ სანქციებს დღეს უნდა ვაკისრებდეთ, იმის გამო, რასაც ახლა აკეთებენ. ჩვენი ჩართულობა და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ახლავე უნდა გავზარდოთ, რათა ვცადოთ და შევაჩეროთ რუსეთი, სანამ ის ახალი სამხედრო მოქმედებების დაწყებას შეეცდება. ამის სანაცვლოდ, ვსხედვართ და ველოდებით, რას იზამს პუტინი, შეიჭრება თუ არა უკრაინაში, და ვფიქრობთ, რომ ამის შემდეგ ვიმოქმედებთ, მაგრამ უკვე გვიანი იქნება. ჩვენ ახლა უნდა ვმოქმედებდეთ.

რადიო თავისუფლება:​ იზიარებენ თუ არა თქვენს ამ მიდგომას თქვენი დასავლეთევროპელი კოლეგები?

კურტ ვოლკერი​: ევროპელთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ერთადერთი, რაც უნდა გააკეთონ, რუსეთთან დიალოგის ახალ-ახალი არხების გაჭრაა და იმედოვნებენ, რომ რუსეთი გონს მოეგება. ჯერჯერობით არაფერი მოასწავებს იმას, რომ ეს მიდგომა იმუშავებს. მათ მყარად სწამთ, რომ შეუძლებელია რუსეთთან კონფლიქტი გქონდეს, შესაბამისად, რუსეთს უნდა ველაპარაკოთ და ასე დაუსრულებლად. ეს არის ერთადერთი რამ, რაზეც ევროპელების უმრავლესობა თანახმა იქნება.

რადიო თავისუფლება:​ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რამეა გასაკეთებელი, ეს ტვირთი შეერთებულმა შტატებმა უნდა იკისროს.

კურტ ვოლკერი​: სწორედ ასეა, ამერიკას მოუწევს, ლიდერის როლი მოირგოს და სხვებს გაუძღვეს წინ.

რადიო თავისუფლება:​ ამასთან დაკავშირებით - კონგრესში შესულია კანონპროექტი უკრაინისთვის ნატო + სტატუსის მინიჭებაზე, რაც მოიცავს უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად და დაუყოვნებლივ გაზრდას. კანონპროექტი ასევე მოითხოვს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენზე სანქციების დაკისრებას. რამდენად სავარაუდოა, რომ ეს ასეც მოხდება - და ეს კანონპროექტი ყველა ზღურბლს გადალახავს?

ყველა ქართველს სურს დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, სურთ საქართველო წარმატებულ საბაზრო ეკონომიკად იქცეს. სურთ უსაფრთხოება. და ამის გარანტიის ერთადერთი გზა არის ევროპასა და ნატოში ინტეგრაციის მიმართულების შენარჩუნება...

კურტ ვოლკერი​: არ მგონია, ეს სამთავრობო პოლიტიკად იქცეს. ეს არის სენატორების ჯგუფი, ორპარტიული, ძალიან, ძალიან პატივსაცემი ადამიანები. ეს სიგნალია უკრაინისთვის, რაც მიუთითებს ძლიერ მხარდაჭერაზე კონგრესში. ეს მისასალმებელი პროგრესია, მაგრამ, როდესაც საქმე იმას ეხება, თუ რას მოიმოქმედებს აშშ ნატოს ფარგლებში, მე არ ვფიქრობ, რომ ნატოს ფარგლებში ჩვენ ამ საკითხს „მივაწვებით“.

რადიო თავისუფლება:​ არ გგონიათ, რომ მსგავს ინიციატივებს, თუ ისინი ყოველთვის მხოლოდ ქაღალდზე დარჩენისთვის არიან განწირულნი, შესაძლოა საპირისპირო ეფექტი ჰქონდეს და პირიქით, იმედგაცრუება გამოიწვიოს უკრაინასა და საქართველოში?

კურტ ვოლკერი​: ასეთი რისკი არსებობს. თუ რუსეთი კვლავ თავს დაესხმება უკრაინასა და საქართველოს და დასავლეთი ისევ არაფერს გააკეთებს, ეს მოიტანს უზარმაზარ იმედგაცრუებას. ისინი იკითხავენ - რატომ ვართ ორიენტირებული დასავლეთისკენ? თუ მართლა ზრუნავენ ჩვენზე, რატომ არ გვეხმარებიან? ასე რომ, დიახ, მე ვხედავ მსგავსი რეაქციის რისკს. მეორე მხრივ, რა ალტერნატივა არსებობს? ყველა ქართველს სურს დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, სურთ საქართველო წარმატებულ საბაზრო ეკონომიკად იქცეს. სურთ უსაფრთხოება. და ამის გარანტიის ერთადერთი გზა არის ევროპასა და ნატოში ინტეგრაციის მიმართულების შენარჩუნება. ეს არ ხდება ისე სწრაფად, როგორც ბევრ ჩვენგანს სურს. მაგრამ ეს მაინც ერთადერთი მიმართულებაა.

რადიო თავისუფლება:​ რაც შეეხება რუსეთის მოთხოვნას, ნატომ აღმოსავლეთით გაფართოება შეაჩეროს - როგორც მოსალოდნელი იყო, ნატომ ამას უარით უპასუხა. მაგრამ თავად მოთხოვნის ასე პირდაპირ, ულტიმატუმის სახით გაჟღერება, იქონიებს თუ არა გავლენას დასავლეთის მხრიდან გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე?

კურტ ვოლკერი​: არ მგონია. ჩვენ გვაქვს პრინციპული ვალდებულება უკრაინისა და საქართველოს მიმართ - ჩვენ მათ ვუთხარით - დიახ, თქვენ ერთ დღეს შეგიძლიათ ნატოს წევრები გახდეთ. მაგრამ ნატოს მხრიდან არანაირი აქტიური ძალისხმევა არ ხდება ამის მისაღწევად. ხალხი კი სწორედ ამას ელოდება. უკრაინის შემთხვევაში, შეგვიძლია ვიდავოთ, რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი, საქართველოს შემთხვევაში შეგვიძლია, უკანასკნელი წლების განმავლობაში დემოკრატიულობის ხარისხის გაუარესებისკენ გავიშვიროთ ხელი, თუმცა ფაქტი ერთია - ღია კარის პოლიტიკა ძალაში რჩება, მაგრამ, პრაქტიკულად, ვერ ვხედავთ რაიმე მოძრაობას [ამ კარში შესასვლელად]. და დარწმუნებული ვარ, ეს სიტუაცია არც შეიცვლება გარკვეული დროის განმავლობაში. ერთადერთი, რასაც ვიტყოდი, არის ის, რომ თუ რუსეთი სამხედრო მოქმედებებს განაახლებს და უკრაინას მეტ ტერიტორიას წაართმევს, ამან რეალურად შეიძლება ნატოში საპირისპირო რეაქცია გამოიწვიოს და ბრიუსელმა თქვას, მგონი, სჯობს, რეალურად დავეხმაროთ უკრაინელებს და ნატოს გაფართოების საკითხმა უფრო ახლო მომავალში გადმოინაცვლოს.

რადიო თავისუფლება:​ რამდენად მოსალოდნელია მსგავსი რეაქცია ნატოს მხრიდან?

კურტ ვოლკერი​: ძნელი სათქმელია - ვერ ვიტყოდი, რომ ეს უფრო მოსალოდნელი სცენარია, ვიდრე ის, რომ პუტინი სამხედრო აგრესიას მიმართავს - და ეს აგრესია იქნება სწრაფი და ხანმოკლე. სცენარი, რომლის მიხედვითაც ის მიიტაცებს ტერიტორიებს, შემდეგ კი გაჩერდება და იტყვის, ახლა მოლაპარაკებების დროაო.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG