Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰავანის სინდრომი“ თბილისში: გამოძიება აღწერს, როგორ მუშაობს რუსეთის გრუ ამერიკელების წინააღმდეგ


ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ „ჰავანის სინდრომი“ თბილისშიც დაფიქსირდა - ამის შესახებ ამერიკელი დიპლომატის ცოლი საუბრობს.
ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ „ჰავანის სინდრომი“ თბილისშიც დაფიქსირდა - ამის შესახებ ამერიკელი დიპლომატის ცოლი საუბრობს.

„ჰავანის სინდრომის“ გამომწვევი ინციდენტი თბილისში: ამერიკელი დიპლომატები რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამიზნეში, ჟურნალისტური გამოძიება და ახალი მტკიცებულებები…

ახალი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, „ჰავანის სინდრომი“ - ჯერაც ამოუხსნელი, „ჯანმრთელობის ანომალიური ინციდენტი“, რაზეც წლებია, მსოფლიოს მასშტაბით ამერიკელი დიპლომატები და უშიშროების ოფიცრები საუბრობენ, - თბილისშიც დაფიქსირდა.

საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამდებობის პირის ცოლი ჰყვება, რომ თბილისში „ჯანმრთელობის ანომალიური ინციდენტი“ შეემთხვა.

ჟურნალისტური გამოძიება ამტკიცებს, რომ ასობით შემთხვევის უკან რუსეთის სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაციები დგას.

თბილისის შემთხვევა

2021 წლის 7 ოქტომბერს, თბილისში, დიღომში, „ამერიკულ სოფელში“ ამერიკელი დიპლომატის ცოლმა სარეცხის გაფენისას მოულოდნელად გამაყრუებელი ხმაური გაიგონა და თავის გაუსაძლისი ტკივილი დაეწყო.

ის და მისი ქმარი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ატაშე, ერთი წლით ადრე, კოვიდპანდემიის პერიოდში ჩამოვიდნენ თბილისში.

უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, ჟურნალისტურ გამოძიებაში მათი სახელები შეცვლილია - „ჯოი“ და „ჰანტერი“ შეარქვეს - თუმცა დაზარალებული კამერასთან სახეს არ მალავს.

„ჯოი“, ამერიკელი დიპლომატის ცოლი, რომელიც ამბობს, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს თბილისში, დიღომში „ჰავანის სინდრომი“ გამოცადა
„ჯოი“, ამერიკელი დიპლომატის ცოლი, რომელიც ამბობს, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს თბილისში, დიღომში „ჰავანის სინდრომი“ გამოცადა

„ჯოი“ გამომძიებელ ჟურნალისტებს უამბობს, რომ სარეცხის საშრობი მანქანიდან ტანსაცმელს იღებდა, როდესაც გაიგონა ისეთივე გამაყრუებელი ხმაური, როგორიც ფილმებში ბომბის აფეთქების შემდეგ ესმით ხოლმე.

ამბობს, რომ ხმაურმა, რომელიც გარედან, ფანჯრიდან შემოვიდა, ყური მოსჭრა, იმავე წამს კი თავის საშინელმა ტკივილმა დაუარა. ტკივილს თან გულისრევის შეგრძნებაც სდევდა და მეორე სართულზე სწრაფად ასვლის შემდეგ, გულიც აერია.

როგორც საელჩოს მაღალჩინოსნის ცოლს, უცხოეთში ცხოვრებისას უსაფრთხოების ტრენინგები ჰქონდა გავლილი.

მაშინვე შეამოწმა სათვალთვალო კამერა და სახლის წინ მერსედესის მარკის შავი ავტომობილი დაინახა. მანქანა, რომელიც ზუსტად მისი სარეცხი ოთახის მოპირდაპირედ იყო გაჩერებული.

მანქანასთან მაღალი, გამხდარი, ქერა ახალგაზრდა კაცი შენიშნა.

იხსენებს, როგორ ასწია ტელეფონი, რომ ფოტო გადაეღო: „თვალი თვალში გამიყარა. იცოდა, რასაც ვაკეთებდი“, - მაგრამ კაცი სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და გაიქცა.

„ჯოი“ ამბობს, რომ ამ ინციდენტმა მისი ჯანმრთელობა შეარყია: გონება ებინდებოდა ხოლმე, კოორდინირება უჭირდა და ვესტიბულარული დარღვევები დაეწყო; გაუჩნდა პრობლემები სმენასთან დაკავშირებითაც.

ამბობს, რომ ყურზე ორი ოპერაცია და ქალაში მეტალის ფირფიტების ჩადგმა დასჭირდა.

„ჰავანის სინდრომი“

სიმპტომები, რასაც იგი აღწერს, ემთხვევა „ჰავანის სინდრომის“ მახასიათებლებს:

  • ქრონიკული თავის ტკივილი,
  • ვერტიგო, - შეგრძნება, რომ ადამიანი, მის გარშემო საგნები, ან ორივე ერთად, მოძრაობს ან ბრუნავს,
  • გულისრევა,
  • წონასწორობის დაკარგვა,
  • ტინიტუსი - სრულ სიჩუმეში ხმაურის გაგონება,
  • ინსომნია - ძილის მოშლა,
  • განგრძობადი ფსიქო-ფიზიოლოგიური დარღვევები,
  • ზოგ შემთხვევაში - სიბრმავე და სიყრუე.

„ჰავანის სინდრომი“ ეწოდება ჯერაც ოფიციალურად დაუდგენელ დაავადებას, რომლის დადასტურებელი შემთხვევებიც, ძირითადად, შეერთებული შტატების თანამშრომლებს, - თეთრი სახლის თანამშრომლებს, დიპლომატებს, უსაფრთხოების ოფიცრებს, მათი ოჯახის წევრებს, - აღენიშნებათ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

სახელი ეწოდა იმის გამო, რომ პირველად 2016-17 წლებში კუბის დედაქალაქ ჰავანაში, აშშ-ის საელჩოში დაფიქსირდა (ეს ის პერიოდია, როდესაც აშშ-მა და კუბამ ურთიერთობები აღადგინეს).

„ჰავანის სინდრომი“ საკამათო საკითხად ითვლება: სოციოლოგები ამბობდნენ, რომ იგი „მასობრივი ფსიქოგენური დაავადებაა“, მაგრამ აშშ-ის უსაფრთხოების საკითხების სახელმწიფო ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევა ამას ეწინააღმდეგება.

კერძოდ, 2022 წლის სექტემბერში დასრულებული კვლევის თანახმად, დაავადებას აქვს „ძირითადი მახასიათებლების უნიკალური კომბინაცია, რომელიც ვერ აიხსნება ამ დროისთვის ცნობილი სამედიცინო მდგომარეობით ან გარემოფაქტორით, და შესაძლოა, გარე სტიმულებით იყოს გამოწვეული“.

თუმცა 2023 წლის მარტში აშშ-ის „ეროვნული უშიშროების სამსახურმა“ განაცხადა, რომ „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“, რომ ეს სინდრომი „უცხოელი მეტოქის“ ქმედებებით იყოს გამოწვეული.

ამ ვარაუდზე, - რასაც ბევრი, მათ შორის, დაზარალებულთა უმრავლესობა, არ იზიარებს, - კითხვის ნიშნებს აჩენს ახალი ჟურნალისტური გამოძიების დეტალები.

მოკლედ: რას ამბობს გამოძიება?

გამოცემების, The Insider-ის, PBS-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება პირველ აპრილს გამოქვეყნდა.

ვრცელი გამოძიების ერთ-ერთი ტექსტი, რომლის ავტორებიც გამომძიებელი ჟურნალისტები, მაიკლ ვაისი, ხრისტო გროზევი და რომან დობროხოტოვი არიან, 32-გვერდიანია.

მისი შინაარსი, არაერთი მაგალითისა და დეტალის აღწერის გარეშე, უკიდურესად რომ შევამციროთ, ასეთია:

  1. იმ შემთხვევებში, სადაც ადამიანები „ჰავანის სინდრომს“ უჩიოდნენ, ჟურნალისტებმა მოიპოვეს ცნობები, რომ ზუსტად იმ დროს შესაბამის ქალაქებში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ელიტური ქვედანაყოფის, UNIT 29155-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ;
  2. რუსეთის სამხედრო დაზვერვა - ГРУ (GRU/გრუ) - დიდი ხნის განმავლობაში ცდიდა „არალეტალური აკუსტიკური იარაღის პოტენციურ შესაძლებლობას“, - და სწორედ ამის შედეგია „ჰავანის სინდრომის“ მრავალი შემთხვევა.

დავუბრუნდეთ თბილისს: ვინ არის „ქერა ახალგაზრდა“?

„ჰავანის სინდრომსა“ და ГРУ-ს კავშირებს, გამოძიების თანახმად, თბილისის შემთხვევა კარგად აღწერს.

„მაღალი, გამხდარი, ქერა ახალგაზრდა კაცი“, რომელიც თბილისში თავისი სახლის წინ დაინახა საელჩოს თანამშრომლის ცოლმა, რამდენიმე წლის შემდეგ ამოიცნო.

იგი რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს, ГРУ-ს აგენტი, ალბერტ ავერიანოვი აღმოჩნდა.

ალბერტ ავერიანოვი (შუაში), რუსეთის სამხედრო დაზვერვის „29155 ქვედანაყოფის“ აგენტი, ქვედანაყოფის მეთაურის, ანდრეი ავერიანოვის ვაჟი
ალბერტ ავერიანოვი (შუაში), რუსეთის სამხედრო დაზვერვის „29155 ქვედანაყოფის“ აგენტი, ქვედანაყოფის მეთაურის, ანდრეი ავერიანოვის ვაჟი

ალბერტ ავერიანოვი იმ დროს მხოლოდ 24 წლის იყო.

მაგრამ იგი არ არის უბრალო აგენტი, რომელსაც გაუმართლა და ამის გამო მოხვდა ელიტურ ქვედანაყოფში.

მამამისი, ანდრეი ავერიანოვი რუსეთის სამხედრო დაზვერვის - ანუ რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს, ГРУ-ს - ამავე ქვედანაყოფის, „ქვედანაყოფი 29155-ის“ დამფუძნებელია.

ეს ქვედანაყოფი კი მსოფლიოს მასშტაბით რუსეთის ჩატარებულ არაერთ ოპერაციაზეა პასუხისმგებელი, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლაზე.

ჟურნალისტებს ორი დიპლომატიური წყარო ეუბნება, რომ უმცროსი ავერიანოვი იმ დროს სწორედ თბილისში იმყოფებოდა.

2021 წლის 30 სექტემბერს, - 8 დღით ადრე დიღომში მისვლამდე - ალბერტი მამასთან ერთად მოსკოვიდან ტაშკენტში, უზბეკეთში გაფრინდა. მოსკოვში მხოლოდ 10 ოქტომბერს დაბრუნდნენ.

იმ დროს მოსკოვთან პირდაპირი რეისები შეწყვეტილი იყო „გავრილოვის ღამის“ გამო, - მაგრამ სპეცსამსახურების თანამშრომლები ისედაც იკავებენ თავს პირდაპირი ფრენებისგანო, წერენ გამომძიებლები.

2019 წლის 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის წაყვანას ანტირუსული დემონსტრაციები მოჰყვა.
2019 წლის 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის წაყვანას ანტირუსული დემონსტრაციები მოჰყვა.

გეოლოკაციის მეთოდებისა და სატელეფონო ჩანაწერების გამოყენებით დაადგინეს, რომ იმ დროს, როდესაც 1 ოქტომბერს ტაშკენტი-თბილისის რეისი ჰაერში იყო, მისი ტელეფონი არ იყო ხელმისაწვდომი.

ამასთან, ზუსტად ამ დღეებში მის იმეილზე თბილისიდან შევიდნენ - სავარაუდოდ, თავად ავერიანოვი.

ავერიანოვმა თბილისში ოპერაციაზე ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და ყურმილი დაკიდა.

სხვა შემთხვევები

ეს არ არის საქართველოში, სავარაუდოდ, „ჰავანის სინდრომის“ პირველი შემთხვევა, - თუმცა წინა შემთხვევის შესახებ კიდევ უფრო ნაკლები დეტალია ცნობილი.

ამერიკული გამოცემა GQ 2020 წელს გამოქვეყნებულ გამოძიებაში წერს, რომ თბილისში 2019 წლის შემოდგომაზე თავს დაესხნენ CIA-ის ოფიცერს, - რომელმაც მსგავსი თავდასხმა იმავე წლის გაზაფხულზეც გამოცადა პოლონეთში.

ეს ოფიცერი, - რომლის სახელიც ასევე არ გასაჯაროვებულა, - მუშაობდა CIA-ის მაღალჩინოსნის, მარკ პოლიმეროპულოსის დაქვემდებარებაში მყოფ ცენტრში. „ჰავანის სინდრომი“ პოლიმეროპულოსსაც დაემართა 2017 წელს მოსკოვში.

გამოძიების თანახმად, ასეთი შემთხვევები სხვადასხვა დროს დაფიქსირდა უკრაინაში, ვიეტნამში, უზბეკეთში, ლონდონსა თუ ფლორიდაში.

„ქვედანაყოფი 29155“ ასევე პასუხისმგებელია ბულგარელი იარაღით მოვაჭრის, ემილიან გებრევის მოწამვლაზე, თუმცა ლეტალურად არც მისი შემთხვევა დასრულებულა.

ემილიან გებრევი, ბულგარელი ბიზნესმენი, იარაღით მოვაჭრე რადიო თავისუფლების ბულგარეთის სამსახურის ოფისში.
ემილიან გებრევი, ბულგარელი ბიზნესმენი, იარაღით მოვაჭრე რადიო თავისუფლების ბულგარეთის სამსახურის ოფისში.

გებრევი 2015 წელს მოწამლეს, და, გამოძიების თანახმად, „თითქმის ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რომ მოწამლეს იმიტომ, რომ მისი კომპანია, EMCO, იარაღს აწვდიდა უკრაინასა და საქართველოს - იმ ორ ქვეყანას, რომლებთანაც რუსეთს ბოლო წლებში ომი ჰქონდა“.

2021 წელს ბულგარელმა გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ 2011, 2015 და 2022 წლებში იარაღის საწყობების აფეთქებები რუსეთის მოწყობილი იყო, რათა საქართველოსა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეეჩერებინათ.

„ქვედანაყოფი 29155“ ასევე პასუხისმგებელია ჩეხეთში, ქალაქ ვრტებიცეში საბრძოლო მასალების საწყობში 2014 წელს მომხდარ აფეთქებაზე, - იქ შენახული იარაღიც უკრაინაში უნდა გაეგზავნათ.

„აკუსტიკური იარაღი“

გამომძიებელი რეპორტიორები წერენ, რომ სპეციალისტები წლების განმავლობაში იკვლევენ „ჰავანის სინდრომის“ გამომწვევ ორი შესაძლო ვერსიას: „პულსირებულ მიკროტალღურ რადიაციასა“ და „აკუსტიკურ ბგერით ტექნოლოგიას“.

მათ თანახმად, რუსეთი ათწლეულებია, ორივე მიმართულებით ატარებს ექსპერიმენტებს.

გამომძიებლების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იმის დასასაბუთებლად, რომ რუსეთი ახალ, ამ დრომდე უცნობ ტექნოლოგიას იყენებს მსგავსი თავდასხმებისათვის, შემდეგია:

მათ მოიპოვეს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ „ქვედანაყოფ 29155-ის“ ერთ-ერთი დავალება „არალეტალური აკუსტიკური იარაღის პოტენციური შესაძლებლობის“ წარმატებით ტესტირება იყო.

და ქვედანაყოფის ერთმა ოფიცერმა სახელფასო „ბონუსიც“ კი მიიღო ამაზე მუშაობის გამო.

ამჟამად ეს ოფიცერი, ივან ტერენტიევი, - რომელიც ათწლეულზე მეტხანს იყო „ქვედანაყოფ 29155-ის“ მეთაურის მოადგილე, - კრემლში მუშაობს.

* შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა ამ თემაზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად პირველ აპრილს განაცხადა, რომ „კონკრეტულ სტატიებზე“ კომენტარებს არ აკეთებს, თუმცა ზოგადად თქვა: „ცხადია, რუსეთის მიერ რეგიონის მასშტაბით დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტებით შეშფოთებულები ვართ“.

**საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ არ აქვს ამ ამბავზე ინფორმაცია. „დილიდან პარლამენტში ვარ, რასაც გავეცანი ღია წყაროებში, მხოლოდ ეს ინფორმაცია მაქვს, სხვა ინფორმაცია არ მაქვს და ვერაფერს მოგახსენებთ“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG