რთულ ვითარებას, ბოლო დღეებში, მოსკოვის გადაწყვეტილებაც დაემატა - 1 აპრილიდან რუსეთი სრულად წყვეტს საწვავის ექსპორტს.
- 30 მარტს, საღამოს Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასმა 114 დოლარს მიაღწია [მაჩვენებლები დღის განმავლობაში იცვლება - ბირჟა რეაგირებს ესკალაციაზე, მსოფლიო ლიდერების განცხადებებზე, პროგნოზებზე];
- 5 მარტს, ბარელის ფასი 84 დოლარი იყო.
მარტის დასაწყისში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი [IRGC] იმუქრებოდა, რომ ნავთობის ფასს სწრაფად - 200 დოლარამდე გაზრდიდა. სპეციალისტები ამგვარ სცენარს არ გამორიცხავენ, თუკი აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო ოპერაცია - ზაფხულამდე გასტანს.
ფასები უკვე გაიზარდა 15-50 თეთრით
თბილისელ ტაქსის მძღოლს - ირაკლი კამკამიძეს, 29 მარტს, Gulf-ის ბენზინგასამართ სადგურზე, G-Force პრემიუმი 3.33 ლარად დახვდა, მაგრამ თვითმომსახურების სერვისით 20 თეთრი დაზოგა და საბოლოოდ - ერთი ლიტრი ბენზინი 3.13 თეთრად ჩაასხა. გვეუბნება, რომ - თვითმომსახურების სერვისს ბოლო დღეებში ბევრი იყენებს და ზოგჯერ არცთუ მოკლე რიგში ჩადგომაც ხდება საჭირო.
“დღეში დაახლოებით 10 ლიტრი ბენზინი მჭირდება. ლიტრზე 20 თეთრი თითქოს არაფერია, მაგრამ, ჯამში, დღეში - 2 ლარს, 10 დღეში - 20 ლარს, თვეში კი - ლამის 60 ლარს ზოგავს ადამიანი. ვინც ბევრს ასხამს, ფასის მატება მათთვის უფრო შესამჩნევია, ამ გაძვირებულზე”, - ეუბნება მძღოლი რადიო თავისუფლებას.
მარტის განმავლობაში, საქართველოში, ბენზინის ფასი დაახლოებით 15-30 თეთრით, ხოლო დიზელი 35-50 თეთრით გაძვირდა.
„ყველა პროდუქტი სხვადასხვა ხარისხის არის და სხვადასხვა ადგილზეა ნაყიდი. ზოგიერთ კომპანიას რუსეთიდან აქვს ჩამოტანილი და ზოგსაც გეოგრაფიულად უფრო დაშორებული ადგილებიდან - ეს ყველაფერი მოქმედებს ფასზე... გაძვირებას რაც შეეხება, ირანში ომის დაწყების შემდეგ, შედეგები საქართველოზე ზუსტად 2 კვირაში აისახა, მარაგების ამოწურვიდან გამომდინარე“, - გვეუბნება ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი და ასახელებს მიზეზსაც, თუ რატომ მოიმატა დიზელის ფასმა “ყველა ქსელში, ყველაზე მეტად”:
“ომში მთავარი პროდუქტი - დიზელია. დიზელზე მუშაობს სამხედრო ტექნიკა, შესაბამისად - მოთხოვნა მაღალია, მსოფლიო ბაზარზე ფასიც უფრო მაღალია, ბენზინთან შედარებით”.
ვახტანგ იობაშვილი შეუძლებლად თვლის პროგნოზის გაკეთებას - მით უფრო, როცა ირანში ვითარება მუდმივად იცვლება, მაგრამ ჰორმუზის სრუტის გახსნის მექანიზმები ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი.
ჰორმუზის სრუტის გახსნა აშშ-ის პრეზიდენტის ძირითადი მოთხოვნა და თეირანისთვის წაყენებული ულტიმატუმის ნაწილია.
„თუკი ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ „არ გაიხსნება ბიზნესისთვის“, ჩვენს მშვენიერ „ყოფნას“ ირანში, დავასრულებთ ყველა მათი ელექტროსადგურის, ნავთობის ჭაბურღილისა და ხარქის კუნძულის [და შესაძლოა, გამამტკნარებელი დანადგარების!] სრული აფეთქებითა და განადგურებით“ - დაწერა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30 მარტს, სოციალურ პლატფორმა Truth-ზე. პრეზიდენტი მოითხოვს, რომ ირანი სწრაფად დაეთანხმოს აშშ-ს გეგმას.
როგორც Financial Times-ი წერს, ხარქზე თავდასხმა სარისკოა, რადგან გაზრდის ამერიკელი სამხედრების მსხვერპლს და ომის ხარჯს.
თეირანმა უარი განაცხადა აშშ-ის მიერ შემუშავებულ 15-პუნქტიან გეგმაზე, რომელიც მას პაკისტანის წარმომადგენლებმა გადასცეს. 30 მარტს ამ გეგმას ირანმა „არარეალისტური, არალოგიკური, გადამეტებული“ უწოდა და ისრაელისკენ რაკეტებისა და დრონების გაშვება განაგრძო.
ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შესახებ ირანმა მარტის დასაწყისში განაცხადა. ის აფეთქებით ემუქრება ყველა გემს „არამეგობრული“ ქვეყნებიდან, რომლებიც სრუტეში გავლას გაბედავს. გახმაურდა თავდასხმის არაერთი ფაქტი.
ჰორმუზის სრუტე წლიურად მსოფლიოს მიერ მოხმარებული ნავთობისა და თხევადი აირის 20-25%-ს ატარებს და უალტერნატივო საზღვაო გზაა, ენერგომატარებლების გემებით გადასაზიდად. ის მთავარი დამაკავშირებელია მსხვილ ნავთობმწარმოებლებთან - საუდის არაბეთში, ირანში, ერაყსა თუ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
ირანს მსოფლიოში ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის უდიდესი მარაგები აქვს. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით ირანი საკუთარ გზასაც იჭრის - სხვადასხვა სტატისტიკით, ამ სრუტით მას დღეში 1.7 მილიონამდე ბარელი ნავთობი გაჰქონდა.
რუსეთმა ბენზინის ექსპორტი აკრძალა
საწვავზე ფასების ზრდას კიდევ ერთი ამბავი დაეწია - 1 აპრილიდან რუსეთი ბენზინის ექსპორტს კრძალავს. რუსეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია - რადიო თავისუფლებას ვახტანგ იობაშვილმაც დაუდასტურა.
“ერთი თვით გაგვიჩერა ექსპორტი. ეს რა არ გააძვირებს ბენზინს?! გააძვირებს. თუკი იმპორტიორები ვერ იყიდიან რუსეთში, მათ უნდა შემოიტანონ ევროპული ქვეყნებიდან. ბენზინი ჩვენ ვერ შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან, რადგან ის არ აწარმოებს ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინს", - გვეუბნება იობაშვილი.
იმპორტიორი კომპანიების უმრავლესობას საქართველოში რუსული ბენზინი შემოაქვს.
რუსეთის მედიის თანახმად, ექსპორტის აკრძალვა, სულ მცირე - აგვისტომდე გაგრძელდება.
რუსეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ ექსპორტის აკრძალვა ხელს შეუწყობს „ბენზინზე ფასების დასტაბილურებას და უზრუნველყოფს შიდა ბაზრის პრიორიტეტულ მომარაგებას“. აკრძალვა არ შეეხება უკვე გაფორმებულ შეთანხმებებს.
რუსეთის ხელისუფლებას მსგავსი შეზღუდვები სხვა დროსაც არაერთხელ აქვს დაწესებული - უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ექსპერტების შეფასებით, ამ ჯერზე, აკრძალვა დიდწილად უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაზე მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანს უკავშირდება. 25 მარტს Reuters-ი წერდა, რომ, უკრაინული დრონების შეტევის შედეგად, რუსეთის ნავთობის საექსპორტო სიმძლავრეების 40% უკვე მწყობრიდან არის გამოსული.
რა არის მოსალოდნელი უახლოეს მომავალში?
პირობების შესასრულებლად ტრამპმა ირანს დრო 6 აპრილამდე მისცა.
ამერიკულმა გამოცემა Washington Post-მა დაწერა, რომ პენტაგონი ემზადება ირანში სახმელეთო ოპერაციისთვის და თუკი პრეზიდენტი ტრამპი ამ გეგმას დაამტკიცებს, ეს იქნება ომის ახალი და უფრო რთული ეტაპი.
28 მარტს, საფრანგეთში გამართული “დიდი შვიდეულის” შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანში მიზნების უმეტესობა გრაფიკით დადგენილზე სწრაფად სრულდება და პროცესის ბოლომდე მიყვანა შესაძლებელია „ნებისმიერი სახმელეთო ჯარის გარეშე“, თუმცა, მისი თქმით - აშშ მრავალმხრივი გაუთვალისწინებელი სცენარებისთვისაც ემზადება.
მარკო რუბიო ამბობს, რომ ირანში კონფლიქტი არ გაჭიანურდება და სამხედრო ოპერაციის დასრულება შესაძლებელია არა რამდენიმე თვეში, არამედ რამდენიმე კვირაში.
Financial Times-თან ინტერვიუში, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანში 13 ათასი სამიზნე უკვე დაბომბეს და დაახლოებით 3 ათასი დარჩათ. 2 მარტს ის ამბობდა, რომ სამხედრო ოპერაციები უკვე წინ უსწრებს წინასწარ შემუშავებულ გრაფიკს. მისი პროგნოზით - აშშ-ის სამხედრო კამპანია 4-5 კვირას გასტანდა, თუმცა არც ის გამორიცხა, რომ - უფრო მეტი დრო გამხდარიყო საჭირო.
- 2026 წლის 28 თებერვალს ირანს ჯერ ისრაელმა დაარტყა; ხოლო რამდენიმე საათში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში „მასშტაბური სამხედრო ოპერაციები“ დაიწყო. მან ასევე თქვა, რომ თეირანის “ტერორისტულ რეჟიმს აღარასოდეს ექნება ბირთვული იარაღი!”.
- სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის ხანგრძლივი და უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები ავითარებდა.
ფორუმი