აშშ-ისა და ისრაელის მასშტაბურმა საჰაერო იერიშებმა, რომელიც 28 თებერვალს დაიწყო, ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დიდი ნაწილი გაანადგურა.
თუმცა თეირანისგა მომავალი საფრთხე ჰორმუზის სრუტისთვის, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო სატრანსპორტო მარშრუტია, არ შემცირებულა. ირანმა ვიწრო წყალგამყოფი, საიდანაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადის, პრაქტიკულად დახურა ასიმეტრიული ომის ტაქტიკის გამოყენებით.
ირანის კონვენციური საზღვაო ძალების გარდა, ქვეყნის ელიტურ სამხედრო სტრუქტურას — ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC) — საკუთარი საზღვაო დანაყოფებიც ჰყავს, რომლებიც სპარსეთის ყურეში კვლავ აგრძელებენ სავაჭრო გემების შევიწროებასა და თავდასხმებს.
ლონდონს საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის სამხედრო ანალიტიკოსი საშა ბრუხმანი ამბობს:
„მიუხედავად იმისა, რომ ირანის სამხედრო ფლოტი ახლა საბრძოლო უნარს მოკლებულია, IRGC-ის საზღვაო ძალებს მაინც შეუძლიათ სავაჭრო გემების შევიწროება.“
მისივე თქმით, ეს ქმნის მუდმივი საფრთხის განცდას, რომელსაც სამოქალაქო გადაზიდვების კომპანიები და სადაზღვევო კომპანიები მიუღებლად მიიჩნევენ.
განადგურებული ფლოტი
28 თებერვლის შემდეგ აშშ-მა ირანის ჩვეულებრივი სამხედრო-საზღვაო ძალებს მძიმე დარტყმა მიაყენა.
აშშ-ის სამხედროებმა 11 მარტს განაცხადეს, რომ 60 ირანული ხომალდი ჩაძირეს. სატელიტური გამოსახულებები და სამხედრო ვიდეომასალა მიუთითებს, რომ ირანის ფლოტის დიდი ნაწილი დაზიანებულია ან განადგურებული.
განადგურებულია ირანის Mowj-ის კლასის ორი სამხედრო ხომალდი, Alvand-ის კლასის ფრეგატი Sabalan, ასევე Makran - წინასწარი ბაზირების ხომალდი, რომელიც თეირანს გრძელმანძილზე მოქმედების შესაძლებლობებს აძლევდა.
ასევე განადგურდა სწრაფი შეტევის ასობით ნავი, რომლებიც სპარსეთის ყურეში IRGC-ის ასიმეტრიული საზღვაო სტრატეგიის საფუძველი იყო.
4 მარტს ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ინდოეთის ოკეანეში, შრი-ლანკასთან ახლოს, ტორპედოთი ჩაძირა ირანის სამხედრო ხომალდი IRIS Dena, რომელიც მრავალეროვნული სამხედრო სწავლებიდან ბრუნდებოდა. გემზე დაახლოებით 180 ადამიანი იმყოფებოდა.
ეს იყო პირველი დადასტურებული შემთხვევა, როცა წყალქვეშა ნავმა ომის დროს ზედაპირული სამხედრო ხომალდი ჩაძირა მას შემდეგ, რაც 1982 წელს ფოლკლენდის ომის დროს ბრიტანეთმა არგენტინის კრეისერი General Belgrano ჩაძირა.
თუმცა ექსპერტების თქმით, ამ დანაკარგებს სპარსეთის ყურეში გადაზიდვებისთვის საფრთხე არ შეუმცირებია.
11 მარტს ირანულმა ჭურვებმა დაარტყა ტაილანდის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო ტანკერს Mayuree Naree, როცა ის სრუტის გავლას ცდილობდა. ეკიპაჟის ევაკუაციის ფოტოებზე ჩანს დაზიანება წყლის ხაზის ზემოთ, რაც ხშირად მიუთითებს ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი საზღვაო დრონების დარტყმაზე.
12 მარტს ერაყის ტერიტორიულ წყლებში კიდევ ორი გემი გახდა ირანის სამიზნე, მათ შორის ერთზე 23 ქართველო მეზღვაური იმყოფებოდა. მეზღვაურების ევაკუაცია გემზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ უსაფრთხოდ მოხეხრდა,
ირანის საზღვაო დოქტრინა
ირანმა საზღვაო სტრატეგია შეცვალა მას შემდეგ, რაც 1988 წლის აპრილში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ერთ დღეში ირანის ჩვეულებრივი ფლოტის თითქმის ნახევარი გაანადგურეს. ეს თავდასხმა იყო პასუხი რამდენიმე დღით ადრე ამერიკული სამხედრო ხომალდის დანაღმვაზე.
ექსპერტების თქმით, ამ მოვლენამ თეირანს აჩვენა, რომ სუპერსახელმწიფოსთან პირდაპირი, სიმეტრიული საზღვაო ომი წაგებული ბრძოლა იქნებოდა.
ამის შემდეგ ირანმა ყურადღება გადაიტანა ასიმეტრიულ მეთოდებზე:
- სწრაფ შეტევით ნავებზე
- სანაპირო ანტისაზღვაო რაკეტებზე
- საზღვაო ნაღმებზე
- მცირე წყალქვეშა ნავებზე
- და ბოლო წლებში დისტანციურად მართვად საზღვაო დრონებზე, რომლებიც მცურავ ბომბებად გამოიყენება.
ირანმა ეს მოდელი ორ სხვადასხვა ფლოტად ჩამოაყალიბა.
ჩვეულებრივი სამხედრო-საზღვაო ძალები — რეგულარული არმიის ნაწილი — ინარჩუნებდნენ ტრადიციულ ფლოტს პრესტიჟისა და იშვიათი შორეული ოპერაციებისთვის.
რეალური საბრძოლო ძალა კი გახდა IRGC-ის საზღვაო დანაყოფები, რომლებიც სპეციალურად შეიქმნა სპარსეთის ყურის მეჩხერ წყლებში შევიწროებისა და გადაზიდვების შეზღუდვის ოპერაციებისთვის.
წლების განმავლობაში IRGC-ის საზღვაო ძალებმა გაავრცელეს ვიდეოები მიწისქვეშა საცავებიდან, სადაც ინახება სწრაფი შეტევითი ნავები, რომელთაგან ზოგი შესაძლოა დრონებად ან თვითმკვლელ ნავებად გადაკეთდეს.
მსგავს ტაქტიკას უკრაინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგაც იყენებს, თუმცა ექსპერტების თქმით, ირანის ტექნოლოგია ნაკლებად განვითარებულია.
ბრუხმანის თქმით, საეჭვოა, რომ „მათ შეეძლოთ ამერიკული სამხედრო ხომალდებისთვის ისეთივე ზიანის მიყენება, როგორსაც უკრაინა რუსეთის გემებს აყენებს.“
მისი აზრით, უფრო რეალური სამიზნე სამოქალაქო სავაჭრო გემებია, რომლებიც მსოფლიო ნავთობის ბაზარს ამარაგებენ.
ნაღმები არაა მთავარი
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ 10 მარტს განაცხადა, რომ ჩაძირა 16 ირანული ხომალდი, რომლებიც ნაღმების განთავსებისთვის გამოიყენებოდა.
თუმცა ირანის ყოფილი საზღვაო ოფიცერი მოჰამად ფარსი ამბობს, რომ ყურადღების დამნაღმველ გემებზე გადატანა არასწორია. „ნებისმიერ გემს შეუძლია ნაღმების განთავსება — თუნდაც IRGC-ის სწრაფ ნავებს, რომლებიც ახლა სპარსეთის ყურეში არიან.“
ფარსის შეფასებით: „ამ ეტაპზე ირანს საერთოდ არ სჭირდება სპარსეთის ყურის შესასვლელში ნაღმების განთავსება. გემები იმიტომ არ გადიან, რომ კომპანიებმა იციან — მოხვედრის ალბათობა ძალიან მაღალია.“
ფორუმი