Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰყავს თუ არა სომხეთს მეგობრები ОДКБ-ში? ერევანში პუტინისა და ლუკაშენკას ვიზიტს აპროტესტებენ


ნიკოლ ფაშინიანი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ვლადიმირ პუტინი - ფოტოილუსტრაცია

„პუტინი მკვლელია“, „ბუჩა“, „ირპენი“, „მარიუპოლი“, პერსონა ნონ-გრატა - რუსეთის პრეზიდენტს ერევანში საპროტესტო აქციებით დახვდნენ. სომხეთის დედაქალაქში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო - ОДКБ) სხდომა მიმდინარეობს. ერევანში ჩავიდა ბელარუსის ლიდერი ლუკაშენკაც.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, 22 და 23 ნოემბრის აქციების მონაწილეებმა გააპროტესტეს არა მხოლოდ პუტინისა და ლუკაშენკას ვიზიტი, არამედ სომხეთის ОДКБ-დან გამოსვლაც მოითხოვეს. იტყობინებოდნენ, სულ ცოტა, 4 მომიტინგის დაკავების შესახებ.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ლიდერებს და მათ შორის - რუსეთის პრეზიდენტს, იმედგაცრუებული დახვდა სომხეთის ხელისუფლებაც. ვლადიმირ პუტინის ერევანში ჩასვლის ძირითად მიზნებად ექსპერტები სწორედ სომხეთის გულის მოგებასა და სახელგატეხილი ОДКБ-ს შენარჩუნებას ასახელებენ.

სომხეთში რუსეთის მიმართ მზარდ უნდობლობასა და უკმაყოფილებაზე ლაპარაკობენ ექსპერტები.

იმედგაცრუებული მასპინძელი

ОДКБ-ს თავყრილობას სომხეთი იმედგაცრუებული მასპინძლობს და მოკავშირეების მიმართ საყვედურები პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, 23 ნოემბერს, 6 სახელმწიფოს ლიდერთა სხდომაზეც გაიმეორა. მან თქვა, რომ ОДКБ-მ არ შეისმინა თხოვნა და არ დაეხმარა სომხეთს აზერბაიჯანის სამხედრო ძალის შეჩერებაში.

"სომხეთი ასრულებს ორგანიზაციის თავმჯდომარეობას. მართალია, ეს საიუბილეო წელი იყო, მაგრამ ის სულაც არ იყო საიუბილეო სომხეთისთვის. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოს [სომხეთი], სულ ცოტა, სამჯერ დაესხა თავს აზერბაიჯანი და, ფაქტობრივად, ამ ეტაპამდე ვერ ვნახეთ ОДКБ-ს რეაგირება აზერბაიჯანის აგრესიაზე, რაც წარმოადგენს დიდ დარტყმას ამ ორგანიზაციის იმიჯზე", - განაცხადა ფაშინიანმა და ეს ფაქტი "ყველაზე დიდ ჩავარდნად" შეაფასა.

ОДКБ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო ალიანსია, რომელშიც 6 ქვეყანა (რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი) შედის. ექსპერტებისთვის ნათელია, რომ ერევნის უკმაყოფილება, პირველ რიგში, სწორედ რუსეთისკენ არის მიმართული.

მიტინგი ერევანში. 23 ნოემბერი, 2022 წელი.
მიტინგი ერევანში. 23 ნოემბერი, 2022 წელი.

პუტინის ვიზიტის გასაპროტესტებლად ერევნის ქუჩებში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გამოვიდნენ. ისინი საგანგებო გულისწყრომას გამოხატავდნენ კიდევ ერთი სტუმრის - ბელარუსის ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მისამართით.

"პუტინი, ლუკაშენკა და სხვები არ უნდა ჩამოვიდნენ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. ისინი იმსახურებენ პატიმრობას და მხოლოდ პატიმრობას. აქ ვნახე პლაკატები წარწერით - ბუჩა, ირპენი... - რაც იქ გააკეთა რუსეთის ჯარმა და ამას დავამატებ, რაც აზერბაიჯანმა, რუსეთის დახმარებით გააკეთა გადრუტში, შუშაში", - აცხადებდა "ინფორმირებული მოქალაქეების გაერთიანების" პროგრამების კოორდინატორი.

სომეხი პოლიტოლოგი რუბენ მეგრაბიანი კი ამბობს, რომ "სომხეთს არ ჰყავს და ვერც ეყოლება მეგობრები ОДКБ-ში".

სომხური მედიასაშულებების ცნობით, 23 ნოემბერს, მიტინგზე, სულ ცოტა, 4 პირი დააკავეს და მათ შორის იყო ევროპული პარტიის თავმჯდომარე, ტიგრან ხზმალი. მოგვიანებით გავრცელდა ცნობები დაკავებულების გათავისუფლების შესახებ.

სომხეთის, უკრაინისა და რუსეთის მიქალაქეები ერევანში, თავისუფლების მოედანზე. 23 ნოემბერი, 2022 წელი.
სომხეთის, უკრაინისა და რუსეთის მიქალაქეები ერევანში, თავისუფლების მოედანზე. 23 ნოემბერი, 2022 წელი.

მთიანი ყარაბახის გამო შეიარაღებული კონფლიქტის განახლებისას ერევანმა ოფიციალურად მოსთხოვა მოსკოვსა და ОДКБ-ს სხვა დედაქალაქებს, დახმარებოდნენ აზერბაიჯანის წინააღმდეგ. შედეგად, ორგანიზაციის წესდება, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთის სახედრო დახმარებას ავალდებულებს, მხოლოდ ქაღალდზე დარჩა.

რატომ ჩავიდა პუტინი ერევანში?

ვლადიმირ პუტინი ერევანში 23 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში ჩავიდა.

"განხილული იქნება თანამშრომლობის საკვანძო მიმართულებები ორგანიზაციის [ОДКБ] ფარგლებში, აქტუალური საერთაშორისო და რეგიონალური პრობლემები", - წერია კრემლის ოფიციალურ განცხადებაში ვლადიმირ პუტინის ერევანში ვიზიტთან დაკავშირებით. წინასწარ იყო დაგეგმილი მისი პირისპირ შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან.

ერევანში ჩასვლამდე, 22 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს. კრემლის ოფიციალური ვებსაიტის მიხედვით, განხილვის თემა იყო „2022 წლის 31 ოქტომბერს, სოჭში მიღწეული სამმხრივი შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციის საკითხები“, სამმხრივ ფორმატში მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობა და „ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები“.

რუსი პოლიტოლოგი, პრიმაკოვის სახელობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ალექსეი მალაშენკო ასახელებს ორ ძირითად მიზანს, რამაც, მისი აზრით, პუტინი სომხეთში ჩაიყვანა:

  • შეინარჩუნოს სომხეთი - „[რუსეთმა] უნდა დაიბრუნოს ის ქულები, რომლებსაც იგივე სომხეთი იღებს ურთიერთობებით ფრანგებთან და დასავლეთთან, ზოგადად“;
  • შეინარჩუნოს ОДКБ - „ღიად გამოითქმება კრიტიკული მოსაზრებები ОДКБ-ს მიმართ... საჭიროა რაღაცის ახსნა, რაღაცის ჩვენება, შესაძლოა - რაღაც დათმოს, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს“.

„ეს [ერევანში ჩასვლა] საჭიროა იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთი ჯერ ისევ იქ არის და წარმოადგენს ფაქტორს, რომელსაც შესაძლოა ეწოდოს მშვიდობისმყოფელი. თუმცა ამას ბევრი უკვე ერთგვარი ეჭვით უყურებს“, - მალაშენკოს სიტყვებს რუსეთის მედია ავრცელებს.

რუსეთის მედიასაშუალებები აქვეყნებენ ერევნელი პუბლიცისტისა და მიმომხილველის ედუარდ აიანიანის კომენტარს, სადაც ის რუსეთის მიმართ ხალხის დამოკიდებულების გაუარესებაზე ლაპარაკობს.

„იკვეთება საკმაოდ არსებითი ძვრები ხალხის ცნობიერებაში და უნდა ვთქვა, რომ - ეს რუსეთის სასარგებლოდ არ ხდება... არ ვიჩქარებ, ვთქვა, რომ ეს არის ურთიერთობების გამწვავება და არც მასობრივი პროტესტია მოსალოდნელი, მაგრამ ჩვენს რეგიონში რუსეთის ნეიტრალური როლი საკმაოდ ბევრ შეკითხვას იწვევს“, - ამბობს ედუარდ აიანიანი.

სომხეთში აცხადებენ, რომ რუსეთისა და ОДКБ-ს წინააღმდეგ მიმართული აქციები ხალხმრავალი არ არის და არც პერმანენტული.

ОДКБ - სავსე პრობლემებით

ОДКБ-ს ავტორიტეტი დიდწილად სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს შეეწირა და ეს, სომეხი ექსპერტების თქმით, განპირობებული იყო სწორედ რუსეთის ინერტულობით.

მართალია, წლის დასაწყისში, შიდა არეულობის ჩასახშობად ОДКБ-ს სამხედრო ძალა ყაზახეთმა დაიხმარა, მაგრამ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ექსპერტების შეფასებით, რუსეთს ყაზახეთის ხელისუფლებაც უნდობლობით უყურებს.

23 ნოემბერს, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომან ვასილენკომ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას - რეაგირება მოახდინოს კრემლის მხარდამჭერი ექსპერტის გამონათქვამზე, კრემლის მომხრე წამყვანის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში (სახელმწიფო ტელეარხ "Россия 1"-ის ეთერში), რომ უკრაინის შემდეგ, რუსეთისთვის "შემდეგი პრობლემა" ყაზახეთი იქნება. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური იტყობინება.

ОДКБ-ს საზრუნავი დღეს მხოლოდ აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირება არ არის. უმეტესი ქვეყნები საომარ მდგომარეობაში ან მის ზღვარზე არიან: რუსეთი და ბელარუსი მოკავშირეები არიან უკრაინასთან რუსეთის მიერ დაწყებულ ომში; მდორე, მაგრამ განუწყვეტელია სამხედრო დაპირისპირება ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის სასაზღვრო ზონაში.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა 23 ნოემბერს განაცხადა, რომ პრაქტიკულად ყოველდღიურად ხსნიან ცეცხლის აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე. სროლის შესახებ ინფორმაცია 23 ნოემბერსაც გავრცელდა, ერევანში ОДКБ-ს ლიდერთა სხდომის პარალელურად.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG