Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დემილიტარიზებიდან“ უკრაინის „რემილიტარიზებამდე“


უკრაინის სამხედროები. 2022 წლის 2 აპრილი
უკრაინის სამხედროები. 2022 წლის 2 აპრილი

რუსეთის მიერ უკრაინის „დენაციფიკაციისა“ და „დემილიტარიზების“ მიზნით წამოწყებული ფართომასშტაბიანი ინტერვენციის 42-ე დღეს სრულიად აშკარაა, რომ რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.

უკრაინის ხელისუფლება სულ უფრო ფართო მხარდაჭერით სარგებლობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით დასავლურ სამყაროში, რომელიც სულ უფრო მეტ საბრძოლო ტექნიკას და შეიარაღებას უგზავნის რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმულ თავის პარტნიორ ქვეყანას.

6 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას 100 მლნ დოლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინებს“ მიაწვდის.

ხოლო ესტონეთმა და ჩეხეთმა კიევს ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, რუსული წარმოების ტანკები და სხვა შეიარაღება მიაწოდეს.

ეს დახმარება უკრაინას შესაძლებლობას აძლევს, არა მხოლოდ აღადგინოს ომით მიღებული დანაკარგი, არამედ, რიგ შემთხვევებში, როგორიც ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება და უპილოტო ავიაციაა, უფრო უკეთაც გამოიყურებოდეს, ვიდრე რუსეთი, რომელიც სამხედრო ძალით მთლიანობაში მას ბევრად აღემატება.

„რუსეთს ჯერ კიდევ აქვს 10 000-ზე მეტი ტანკი, 10 000-ზე მეტი ჯავშანმანქანა და ასე შემდეგ. ეს არის უზარმაზარი სახელმწიფო და ამიტომ ის შეფასება, რომ რუსეთი აგონიაშია და მას ყველა რესურსი ეწურება, ცხადია, არ შეესაბამება სიმართლეს. რუსეთს საკმარისი ჯართი აქვს იმისთვის, რომ გადმოისროლოს ის უკრაინაში. მაგრამ სტრატეგიულად მან ომი უკვე წააგო, რადგან ჩაიფუშა მისი პირველი სტრატეგიული ჩანაფიქრი, როდესაც უკრაინაში ჩეხოსლოვაკიის 1968 წლის სცენარის განმეორებას - კიევის ხელში აღებას და, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, უკრაინის მთელი ტერიტორიის ოკუპაციას - გეგმავდა“, - ამბობს მიხაილო სამუსი, „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტი.

როგორ ითვლიან მოწინააღმდეგე მხარეები სამხედრო დანაკარგს?

მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ომის დროს მოწინააღმდეგე მხარეები საგულდაგულოდ მალავენ საკუთარ დანაკარგებს, ღია წყაროებით და სხვადასხვა ქვეყნის სადაზვერვო მონაცემებით აშკარაა, რომ უკრაინასთან 42-დღიან ომში რუსეთის არმიამ ათასობით ჯარისკაცი, ოფიცერი და სამხედრო ტექნიკა დაკარგა.

„ომის დროს დანაკარგის დათვლა ყოველთვის ძალიან რთულია. მით უფრო, რომ ზოგჯერ მოწინააღმდეგის განადგურება მტრის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ამიტომ ხდება მიახლოებითი დათვლა. მაგრამ არსებობს ასევე ბრიტანული და სხვა ქვეყნის დაზვერვების მიერ გაკეთებული ანგარიში, რომელშიც მსგავსი რიცხვებია მოყვანილი, განსაკუთრებით განადგურებული ჯავშანტექნიკის მხრივ. თუმცა პირადი შემადგენლობის დანაკარგის ზუსტი დათვლა უფრო რთულია. მაგალითად, თუ ჩვენ გავანადგურეთ რომელიღაც ჯავშანმანქანა, შეგვიძლია მიახლოებით ვიანგარიშოთ ეკიპაჟის სამი წევრი და კიდევ დესანტი, პლუს-მინუს, ვინ დაიღუპა და ვინ გადარჩა. მაგრამ ჯავშანტექნიკის მხრივ რიცხვები ძალიან ემთხვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ახალი სტატისტიკით, 6 აპრილისთვის, რუსეთის საბრძოლო დანაკარგი ასე გამოყურება:

  • 18 600 სამხედრო მოსამსახურე;
  • 684 ტანკი
  • 1861 საბრძოლო ჯავშანმანქანა;
  • 332 საარტილერიო სისტემა;
  • 107 ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი;
  • 55 საჰაერო თავდაცვის სისტემა;
  • 150 თვითმფრინავი;
  • 135 შვეულმფრენი;
  • 1184 ერთეული საავტომობილო ტექნიკა;
  • 7 გემი და კატარღა;
  • 96 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და სხვა სახის ტექნიკა.

ეს არ არის მარტო მშრალი ციფრები, ეს არისსტატისტიკა, რომელიც მეტყველებს, რომ რუსეთის არმიას უკრაინასთან 42-დღიან ომში განცდილი დანაკარგის გამო, ჯავშანტექნიკისა და ავიაციის მხრივ, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები დაუგდეს, - ამბობს მიხაილო სამუსი.

„როდესაც ვამბობთ, რომ რუსეთს კიდევ ჰყავს 10 000 ტანკი, ხოლო ჩვენ გავანადგურეთ მათგან 700 ერთეული, ჩემი აზრით, რუსებს კიდევ უნდა ჰყავდეთ დაახლოებით 500 ერთეული ასეთი [მაღალი] ხარისხის ტანკი. სინამდვილეში, რუსეთმა ტანკების მოდერნიზება მოახდინა, მაგრამ დიდი თანხები შეჭამა პროექტმა „არმატამ“ (მძიმე უნივერსალური მუხლუხიანი პლატფორმა, რომელიც რუსულმა კომპანია „ურალვაგონზავოდ კორპორეიშენმა“ შექმნა - რედ). ანუ, უხეშად თუ ვიტყვით, ფულს იპარავდნენ, თანხები კორუფციამ შეიწირა. საერთოდ რუსეთში 2010-დან 2020 წლამდე ჯავშანტექნიკის მოდერნიზების სახელმწიფო პროგრამაში დაახლოებით ტრილიონ დოლარამდე დახარჯეს, როგორც ვხედავთ, ფუჭად, რადგან უკრაინის გზებზე კვლავ ტანკი T-72 დადის. იგივე ვითარებაა ავიაციის მხრივ. უკრაინის ჯარმა გაანადგურა დაახლოებით 143 თვითმფრინავი და იმდენივე შვეულმფრენი, მაგრამ თუ უკრაინა გაანადგურებს ამდენივე ავიაციას, მაშინ რუსეთისთვის სერიოზული პრობლემა დაიწყება“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

რაც შეეხება უკრაინის დანაკარგებს, 42-დღიანი ომის განმავლობაში, მისმა ხელისუფლებამ მხოლოდ ერთხელ გაავრცელა ინფორმაცია ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 12 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის ინტრვენციის წინააღმდეგ ბრძოლაში 1300-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

ამის შემდეგ კიევმა შეწყვიტა საბრძოლო დანაკარგების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. თუმცა 20 მარტს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ათობით უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის თაობაზე.

„იმავე ალექსი არესტოვიჩმა [უკრაინის პრეზიდენტის სამსახურის მრჩეველი - რედ.] ამის შემდეგ თქვა, რომ უკრაინა აღარ გამოაქვეყნებს მონაცემებს საკუთარი დანაკარგების შესახებ, რადგან ეს არის კლასიფიცირებული ინფორმაცია, რომელსაც გავასაიდუმლოებთ იმისთვის, რომ იგი მტერს არ ჩაუვარდეს ხელში და არ მივაყენოთ გარკვეული ზიანი მებრძოლების მორალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობასო. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ დანაკარგი გაცილებით უფრო ნაკლები გვაქვს, ვიდრე რუსეთს. ეს ერთმნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ფართომასშტაბიან ომში რუსეთი გამუდმებით უტევს და გამუდმებით უშვებს შეცდომებს. შესაძლოა იყო შეცდომები და ტაქტიკური წარუმატებლობა უკრაინის მხრიდანაც, მაგრამ ოპერატიულ-სტრატეგიულ დონეზე რუსეთი გამუდმებით ვარდება ძალიან მძიმე ვითარებაში, როგორც ახლა ხერსონის ოლქში, სადაც აშკარად დაწყებულია რუსეთის დაჯგუფების ალყაში მოქცევა. შემდგომ კი, ცხადია, დაიწყება ამ რუსული დაჯგუფების განადგურება და ამას კვლავ მოჰყვება რუსეთისთვის ძალიან დიდი დანაკარგი“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

მაგრამ რუსეთის ხელისუფლება, თავის მხრივ, ხელოვნურად ამცირებს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომში განცდილ დანაკარგს.

25 მარტს რუსეთის გენერალურმა შტაბმა დანაკარგების შესახებ ბოლო ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთმა მოკლულის სახით დაკარგა 1351 ჯარისკაცი, ხოლო 3825-მა სხვადასხვა ჭრილობა მიიღო.

ეს სულ მცირე ათჯერ ნაკლებია იმ რიცხვზე, რომელიც უკრაინისა და მისი დასავლელი პარტნიორების ანგარიშებში ფიგურირებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა 30 მარტს „წარმოუდგენელი“ უწოდა რუსეთის სამხედრო დანაკარგს, რომელიც, ამერიკელი დიპლომატის თანახმად, 10 ათასს აჭარბებს.

„ვფიქრობ, რუსებმა სამწუხაროდ ბოლომდე ვერ გააცნობიერეს, რამდენად ძლიერია უკრაინის არმია“, - თქვა ნულანდმა რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ ერთობლივი პროექტის, Current Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

უკრაინის სამხედრო ძალთა ბალანსის შესავსებად

მიჩნეულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის პირველ ეტაპზე, დასავლელი მოკავშირეების ძლიერი დახმარების წყალობით, უკრაინამ მოწინააღმდეგეზე გარკვეულ უპირატესობასაც კი მიაღწია თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მხრივ. ხარკოვის, მარიუპოლის, ხერსონის, გოსტომელისა თუ კიევის მახლობლად გამართულ ბრძოლებში რუსეთის ასობით ჯავშანტექნიკა უკრაინის დამცველებმა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთისგან მიღებული „ჯაველინით“, NLAW-ებით და ასევე სამამულო წარმოების უკრაინული „სტუგნებით“ გაანადგურეს.

„რაც შეეხება ძალთა ბალანსს, იმის გამო, რომ უკრაინის არმიამ ხარისხიანად მოაწყო თავდაცვა, უკრაინას უწინდებურად ძალიან სჭირდება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რადგან რუსეთი ყოველდღიურად განაგრძობს მასირებული სარაკეტო იერიშების მიტანას სტრატეგიული ბომბდამშენებიდან და სხვა პლატფორმებიდან ისე, რომ აღარ შემოდის უკრაინის საჰაერო თავდაცვის მოქმედების ზონაში. ანუ უკრაინის საჰაერო თავდაცვას არ შეუძლია ამ თვითმფრინავების ჩამოგდება, ხოლო, ვინაიდან რუსული რაკეტები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოდის, ჩვენ გვჭირდება ანტისარაკეტო თავდაცვის გაძლიერება. თუნდაც საშუალო სიშორის სისტემებით, როგორიც არის ამერიკული „პეტრიოტები“, - ამბობს მიხაილო სამუსი, „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტი.

უკრაინაში ფიქრობენ, რომ რუსეთმა მხოლოდ დროებით შეაჩერა კიევზე შეტევა და ამჟამად მთელი ყურადღება გადატანილი აქვს დონბასზე, რასაც ამ არეალიდან ბოლო დღეებში გავრცელებული საომარი ქრონიკაც ადასტურებს.

რუსეთის მთავარ ჩანაფიქრს წარმოადგენს უკრაინის თავდაცვითი ძალების ალყაში მოქცევა დონბასის ზონაში და უკრაინის არმიისათვის სტრატეგიული მარცხის მიყენება. მიხაილო სამუსის აზრით, ამის შემდგომ კრემლი კვლავ დაუბრუნდება მთელი უკრაინის ოკუპაციის თავდაპირველ გეგმას, რაც, ცხადია, კიევზე, ხარკოვზე, ოდესაზე და შემდეგ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას ითვალისწინებს.

სწორედ ასეთი განვითარება ჰქონდა მხედველობაში 5 აპრილს ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელმაც ნატოს შტაბბინიდან განაცხადა, რომ ალიანსმა უნდა მოასწროს უკრაინის დახმარება დონბასზე რუსეთის იერიშის დაწყებამდე.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩვენ „ომის ახალ სახეს“ ვხედავთ. რუსეთის ჯარები ტოვებენ უკრაინის ჩრდილოეთს და ხდება მათი გადაჯგუფება და ხელახლა შეიარაღება. ამის შემდეგ მათი მთავარი იერიში მიმართული იქნება ქვეყნის აღმოსავლეთისკენ, რათა დაიკავონ მთელი დონბასი, სადაც უკრაინას ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯარები ჰყავს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა 5 აპრილს ისაუბრა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

„დასრულდა ომის პირველი ეტაპი და ახლა რუსეთი ემზადება მეორე ეტაპისთვის, რაც, პრინციპში, უკვე დაიწყო რუსეთის სამხედრო ძალის კონცენტრირებით დონბასში, სადაც შეეცდება უკრაინის არმიის დაჯგუფების ალყაში მოქცევას ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. ეს იქნება სარკისებური ანარეკლი კურსკის ბრძოლისა, მით უფრო, რომ მოხდება იმავე ადგილმდებარეობაზე ცოტა უფრო სამხრეთით. ეს ბრძოლა პრინციპში გადაწყვეტს მოვლენათა შემდგომ მსვლელობას“, - ამბობს მიხაილო სამუსი, უკრაინელი სამხედრო მიმომხილველი.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადების შემდეგ, ალიანსის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ განაცხადა, რომ მზად არიან მიაწოდონ ლეტალური საბრძოლო იარაღი უკრაინას.

ნატოს წევრმა ჩეხეთმა უკვე გაგზავნა უკრაინაში ათობით Т-72 მოდელის ტანკი და ჯავშანმანქანა. ამასთან, მან ეს ტექნიკა, რომელიც არმიის საცავებში საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან იმყოფებოდა, უკრაინას უფასოდ გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხანდაზმულია, როგორც უკრაინული გამოცემა, „უკრაინსკა პრავდა“ წერს, ამ მოდელის 30 მოდერნიზებული ტანკი აქტიურად გამოიყენებოდა ჩეხეთში და ახლა უკვე მას უკრაინის დამცველები გამოიყენებენ.

ნატოს კიდევ ერთმა წევრმა ესტონეთმაც უშურველად გააღო სამხედრო საცავების კარები და უკრაინას გადასცა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ჰაუბიცები, ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხები, ერთჯერადი ყუმბარსატყორცნები, ხელყუმბარები და ავტომატური იარაღი.

მიხაილო სამუსი
მიხაილო სამუსი

„რამდენადაც ვიცი, დიდმა ბრიტანეთმა უკვე დაიწყო ჩვენი დახმარება ამ მიმართულებით, გვაწვდის რა AS90-ის ტიპის საარტილერიო სისტემებს, იგი განეკუთვნება 155-მილიმეტრიან თვითმავალ სისტემებს, რომელიც სრულიად ახალ, უპილოტო ავიაციასთან ინტეგრირებული ავტომატური მართვის სისტემით მუშაობს. ანუ ეს არის ისეთი შეიარაღება, რომელიც საჭიროა ეფექტიანი კონტრშეტევითი და შეტევითი ოპერაციების საწარმოებლად. გვჭირდება დახმარება ასევე თანამედროვე ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით. აშშ-ს აქვს მსგავსი სისტემები, რომლის სროლის სიშორე, სხვადასხვა საბრძოლო მასალით შეიძლება იყოს 100 და 300 კილომეტრამდე. ეს რუსული და საბჭოური ანალოგებისგან იმით განსხვავდება, რომ თითოეულ რაკეტას აქვს თავისი მიზანი და აღწევს ძალიან მაღალი სიზუსტის შედეგს. ცხადია, გვჭირდება ავიაციით დახმარება, მაგრამ ამაზე დისკუსია გრძელდება და ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერჯერობით არ არის მზად გადაწყვეტილების მისაღებად. მიმდინარეობს მოლაპარაკება ბრიტანეთთან ასევე გემთსაწინააღმდეგო საშუალებების გადმოცემის თაობაზე, რათა გაძლიერდეს უკრაინის შესაძლებლობები საზღვაო მიმართულებაზე“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

შეიარაღებით დახმარების თაობაზე 24 მარტს ნატოს წევრ სახელმწიფოებს მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„თქვენ შეგიძლიათ მოგვცეთ თქვენი თვითმფრინავების 1%, თქვენი ტანკების 1%, ჩვენ ამის ყიდვა, უბრალოდ, არ შეგვიძლია, ასეთი მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება ნატოს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული“, - თქვა მაშინ ზელენსკიმ.

წლების განმავლობაში უკრაინის სამხედრო ძალების უმთავრეს დონორად რჩება აშშ, რომელიც უკრაინას დამატებით 100 მლნ დოლარის ღირებულების დახმარებას გაუწევს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, დახმარება ითვალისწინებს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის მიწოდებას.

„ჯაველინების“ ეს პარტია იქნება აშშ-ის მიერ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის გაწეული დახმარების მეექვსე პაკეტი აგვისტოს შემდეგ.

რაც შეეხება რუსეთის უკრაინაში შეიარაღებული შეჭრის შემდეგ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო ტექნიკის ღირებულებას, ის 1.7 მლრდ დოლარს შეადგენს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG