Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. აგენტების კანონპროექტი და მასშტაბური პროტესტი - რა ვერ გათვალა "ოცნებამ"?


საპროტესტო აქცია თბილისში ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ. 8 მარტი, 2023 წელი.
საპროტესტო აქცია თბილისში ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ. 8 მარტი, 2023 წელი.

7 მარტის მრავალრიცხოვანი აქციის შემდეგ, 8 მარტის მორიგ მასშტაბურ აქციამდე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კვლავ აცხადებდნენ, რომ ე.წ. აგენტების კანონი, რის გამოც ახალი საპროტესტო ტალღა აგორდა, ხალხისთვის არის აუცილებელი და საქართველოს ღირსების საკითხსაც წარმოადგენს.

7 მარტს, ხელისუფლებამ მიტინგი თბილისში სპეციალური საშუალებებით, მათ შორის - წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა და "წიწაკის სპრეის" გამოყენებით დაშალა; 8 მარტს - ქალების მარშით დაიწყო და დღეს აქციას ორგანიზებულად შეუერთდნენ სტუდენტები. ხალხი ქუჩაში საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გამოვიდა.

„ქართული ოცნება“, მისი განაყოფი „ხალხის ძალა“ და მათი მხარდამჭერები ქუჩაში ხალხის მასობრივ გამოსვლას არ მოელოდნენ; ისინი დღემდე ირწმუნებიან, რომ ე.წ. აგენტების კანონპროეტების წინააღმდეგ მხოლოდ „რადიკალური ოპოზიცია“, არასამთავრობო ორგანიზაციები და „ეკლესიის მაგინებლები“ ილაშქრებენ და მათ საზოგადოება არ უჭერს მხარს.

ქუჩაში მეორე დღეა ათასობით ადამიანი დგას.

  • რა ვერ გათვალა ხელისუფლებამ?
  • რა როლს თამაშობს ანდა შესაძლებელია, რომ ითამაშოს ოპოზიციამ საპროტესტო პროცესებში?

ვერ გათვალა

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქუჩაში ასეთი მასშტაბური აქციის გამართვას არ მოელოდა რამდენიმე ფაქტორის არასწორად გათვლის გამო და მათ შორის, უპირველესი - ახალი თაობის მისწრაფებებს და ნებას უკავშირდება:

„ეს არის ძლიერი სურვილი ცვლილებებისა, მეტი თავისუფლებისა და რაც შეიძლება ნაკლები შეზღუდვებისა... ახალ თაობაში ეს სურვილი გაცილებით მაღალია, ვიდრე უფროსი თაობის წარმომადგენლებში, თუმცა ჩემს თაობაშიც ბევრია ასეთი... ხელისუფლებამ ვერ გათვალა ახალგაზრდების მძაფრი, სწრაფი და ემოციური რეაქციის რესურსი“.

ვახტანგ ხმალაძე ასევე მიუთითებს, რომ შესაძლებელია, საზოგადოების ერთი ნაწილი კანონპროექტის მუხლებს არ ჩაღრმავებია, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორების მრავალრიცხოვანი მწვავე განცხადების ფონზე, ხალხმა დაინახა მთავარი - „სასწორის ერთ პინაზე იდო ეს სადავო კანონპროექტები, ხოლო მეორე პინაზე - ქვეყნის ევროპული მომავალი“ და ხელისუფლებამ ვერ გათვალა, რომ „ამ კანონპროექტების მოწინააღმდეგეების მიმართ ნდობის ხარისხი საზოგადოებისთვის, ჯამურად, უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე მათ მიმართ, ვინც მხარს უჭერდა ამ კანონპროექტებს“.

და კიდევ ერთი - საზოგადოების მზარდ უარყოფით განწყობას, ხმალაძის თქმით, ტყუილიც დაემატა:

„ხელისუფლებამ ვერც ტყუილისადმი ხალხის მიუღებლობა გათვალა. 7 მარტს დილით ითქვა, რომ კანონპროექტი [ე.წ. აგენტების შესახებ] პარლამენტის სხდომაზე 9 მარტს განიხილებოდა. ამიტომ პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ხალხი სახლში წავიდა; მაგრამ დღის მეორე ნახევარში - გადაწყვეტილება მოულოდნელად შეცვალეს და განხილვა დაიწყეს... ხელისუფლებამ ალბათ იფიქრა, უკან აღარ დაბრუნდებიანო; მაგრამ ვნახეთ, რომ ამ ტყუილმა კიდევ უფრო გაამძაფრა პროტესტის გამოხატვის სურვილი“.

„ჩვენ ვივლით წინ ქრისტიანობით ევროპისკენ! ჩვენ ვივლით წინ სუვერენიტეტით ევროპისკენ! ჩვენ ვივლით წინ, ღირსებით ევროპისკენ“, - თქვა 8 მარტს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, 7 მარტის მასშტაბური აქციის დაშლის გრძელი, ხმაურიანი ღამის შემდეგ და საერთაშორისო პარტნიორების კიდევ უფრო მეტი კრიტიკული განცხადების ფონზე - რომ გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაადგა, ევროპული ოჯახისკენ არ მიდის.

ხელისუფლებამ არაერთხელ განმარტა, რომ ღირსების დაკარგვად სწორედ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და რჩევების შესრულებას თვლის.

როგორც ხელისუფლება აცხადებს, კანონპროექტების ე.წ. ქართული და ამერიკული ვერსიები ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას უკვე გადაეგზავნა. ამას "ოცნებაში" ევროსტრუქტურების მაქსიმალურ პატივისცემად თვლიან; თუმცა არ იზიარებენ იმ სტრუქტურის - ევროკავშირის - მწვავე შეფასებებს, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ბედი უშუალოდ უნდა გადაწყვიტოს.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ არის სავალდებულოდ შესასრულებელი და ხელისუფლებას, სხვადასხვა დროს, მათთვის არაერთხელ აუვლია გვერდი.

ვიდრე რუსთაველის გამზირზე მორიგი მასშტაბური აქცია დაიწყებოდა, 8 მარტს გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ თქვა ისიც, რომ წინა ღამით ქუჩაში, „გულწრფელი ვნებათაღელვით“, მაგრამ მოტყუებული ხალხი გამოვიდა.

„რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა მედიასაშუალებებმა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი დაარწმუნეს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ამერიკული კანონი იყო რუსული, რამაც გუშინ ადამიანების გულწრფელი ვნებათაღელვა გამოიწვია, თუმცა, როგორც ყოველთვის, რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა, ეს გულწრფელი ვნებათაღელვა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და დავალებების აღსრულებისთვის გამოეყენებინა“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს ხელისუფლების პოზიციის ევროპელებისგან დაცვა 8 მარტს მოსკოვიდანაც სცადეს. „ზეწოლას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე“, - დაწერა რუსმა სენატორმა, გრიგორი კარასინმა „ტელეგრამზე“ ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის იმ განცხადების საპასუხოდ, სადაც აღნიშნულია, რომ ე.წ. აგენტების კანონი „ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოს მიზანს, გაწევრიანდეს ევროპის კავშირში“.

„არა რუსულ კანონს!“, „არ წაგვართვა მომავალი“, „საქართველო არ იქნება რუსეთი!“, „არა ტოტალურ კონტროლს!“, - ამ შინაარსის პლაკატებით 8 მარტს რუსთაველის გამზირი ჯერ „ქალების მარშის“ მონაწილეებმა გადაკეტეს; ამის შემდეგ, თანდათან, საზოგადოებრივი ჯგუფები და უპირატესად ახალგაზრდები - სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები პლაკატებითა და შეძახილებით, კოლონებად შეუერთდნენ აქციის მონაწილეებს.

7 მარტის აქციებზე, საზოგადოების მთავარ და ერთადერთ მოთხოვნას დამაზიანებელი კანონპროექტების გაწვევა წარმოადგენდა და ამ დრომდე ეს მოთხოვნა უცვლელია.

ოპოზიციის როლი

პირველი მცდარი პროგნოზის შემდეგ, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდოდა, ხელისუფლების მხარდამჭერები, სოციალურ ქსელებში, ახლა უკვე პროტესტის შესუსტებასა და გაქრობას წინასწარმეტყველებენ.

ამ ფონზე, მომიტინგეთა წრეებში კვლავ ტრიალებს ტრადიციული კითხვა - არიან თუ არა საჭირო და საერთოდ, უნდა ჩაერთონ თუ არა პოლიტიკოსები საპროტესტო პროცესებში? იხსენებენ უახლოესი წარსულის არაერთ საპროტესტო აქციასაც, დაწყებულს საზოგადოებრივი ჯგუფების ძალისხმევით და ჩამქრალს - ოპოზიციური პოლიტიკოსების გამოჩენის შემდეგ.

7 მარტს, აქციაზე, მომიტინგეებს ოპოზიციური პარტიების არაერთმა წარმომადგენელმა მიმართა, მაგრამ როგორც თვითმხილველები უყვებიან რადიო თავისუფლებას - მათთვის დროის გამოყოფის საკითხზე საკმაოდ მწვავე კამათიც წარიმართა და ბოლოს, პოლიტიკოსებს მიკროფონი შეზღუდული ფორმატის გამოსვლებისთვის დაუთმეს. პოლიტიკოსები მიმართავენ საპროტესტო აქციის მონაწილეებს 8 მარტსაც.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სავსებით შესაძლებელია, აქციები, პოლიტიკოსების გარეშე, საზოგადოებრივმა ჯგუფებმა მართონ.

„შესაძლებელია რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფი იყოს, რომელიც სხვადასხვა სტრატეგიით მოემსახურება ერთ მიზანს - ამ კანონპროექტების გამოწვევას და ევროპულ რელსებზე ჩვენს დაბრუნებას. მთავარია, მათ ჰქონდეთ გეგმა და ხედვა“, - ამბობს მენაბდე. მისი შეფასებით, დღევანდელ ოპოზიციურ პარტიებს ხალხის დაბალი ნდობა აქვთ, რაც, ძირითადად, მათი არათანმიმდევრული, სუსტი და „მოკლე ნაბიჯებზე გათვლილი“ სვლებით არის განპირობებული. თუკი პოლიტიკოსებს პროცესებში ჩართვა სურთ, ვახუშტი მენაბდის თქმით, უნდა გადახედონ და გააანალიზონ ახლო წარსულის შეცდომები.

იმისათვის, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მომიტინგეებმა სცენაზე უარყოფითი რეაქციების გარეშე აუშვან და მათი სცენაზე დგომის ერთგვარი „კომპლექსი“ დაიძლიოს, ცვლილებების საჭიროებას ხედავს ექსპერტი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდიაც. თუმცა ასევე ამბობს, რომ ნებისმიერი მსგავსი პროცესისთვის უბრალოდ აუცილებელია „პოლიტიკური ფუნქციის შეძენა“.

„ვერანაირი თვითმართვადი ღონისძიება ვერ იქნება ეფექტური, თუ მას პოლიტიკური სუბიექტების ჩართულობა არ მოჰყვა. ამისთვის თავად პოლიტიკურმა სუბიექტებმაც უნდა შეცვალონ მუშაობის სტილი და საზოგადოება კი არ უნდა მართონ, არამედ - მათთან შეთანხმებით უნდა იმოქმედონ... რეალურად, ისინი აღმსრულებლები უნდა იყვნენ“, - განმარტავს გამზარდია რადიო თავისუფლებასთან.

„გვექნება კიდევ უფრო ერთიანი, კიდევ უფრო კოორდინირებული, დაგეგმილი მოქმედებები. ჩვენ ახლა გვმართებს მრავალფუნქციური და გონიერი პროტესტი. პროტესტს ექნება სხვადასხვა სახე, სხვადასხვა კერა, მას უერთდებიან და კიდევ უფრო გაიზრდება, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების პროტესტი“, - ეს უკვე „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის 8 მარტის განცხადებაა.

6 მარტს გაიმართა ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრა. „ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო კოორდინაციას არასამთავრობო სექტორთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც ვერთიანდებით ევროპისთვის. საქართველო უნდა იყოს ევროპის ნაწილი და ამაში ვერთიანდებით ყველა“, - თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ, შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ინიციირებულია „ხალხის ძალის“ მიერ, რომელიც „ქართული ოცნების“ წიაღიდან ამოზრდილი და მისივე მოკავშირე ჯგუფია და უმრავლესობასაც პარლამენტში მასთან ერთად ქმნის. მთელი ეს გუნდი - „ოცნების“ მოქმედი თუ ყოფილი წევრები - შეთანხმებულად მოქმედებენ, რათა ორი კანონპროექტიდან, საბოლოოდ, რომელიმე ერთი დაამტკიცონ. ხელისუფლება არ ეთანხმება ოპონენტებს, რომ ეს კანონპროექტები არსით რუსულია და საქართველოში რუსეთის მსგავსი რეპრესიების დასაწყისი იქნება. თუმცა საერთაშორისო პარტნიორებიც, როცა საქართველოს აფრთხილებენ, ხშირად სწორედ რუსულ გამოცდილებასთან ავლებენ პარალელს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG