Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია, დოლიძე და კუპრავა ისევ არ გამოუშვიათ დიღმის იზოლატორიდან


ნიკა მელია ენმ-ს წევრებთან ერთად დააკავეს
ნიკა მელია ენმ-ს წევრებთან ერთად დააკავეს

წუხელ დაკავებული ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ამ დრომდე დიღომში, დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

მელია, დოლიძე და კუპრავა პარასკევს, 22 სექტემბერს, ღამის საათებში დააკავეს გლდანში, სადაც ისინი თანაპარტიელის, საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძის მხარდასაჭერად მივიდნენ.

ეძგვერაძეს ცოტა ხნით ადრე ფიზიკურად გაუსწორდნენ - როგორც მისი თანამოაზრეები ამბობენ, დაახლოებით, 30-ზე მეტი ადამიანი.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამას უკავშირებს ეძგვერაძის დაპირისპირებას საკრებულოში „ოცნების“ დეპუტატ კოტე ზარნაძესთან. ეძგვერაძე ზარნაძეს სხდომაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

როგორც ეძგვერაძემ თქვა, ადამიანები, რომლებიც მას თავს დაესხნენ, თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის გვერდით იდგნენ 2020 და 2021 წლების არჩევნებზე. „იარაღით როდესაც მოვარდნენ საარჩევნო უბანზე [არჩევნების დროს]. ზოგიერთი დასაქმებულიც ჰყავთ გამგეობაში“, - აღნიშნა ეძგვერაძემ.

საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ზარნაძე უარყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ეძგვერაძემ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.

მელია, დოლიძე და კუპრავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს.

რაც შეეხება ეძგვერაძეზე ძალადობას, შსს-მ განაცხადა, რომ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო.

XS
SM
MD
LG