Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეკორდული სამხედრო ხარჯები და სტაგნაციაში შესული ეკონომიკა: პუტინის რთული 2026 წელი

ვლადიმირ პუტინი, რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველი ელვირა ნაბიულინა და რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი. კოლაჟი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველი ელვირა ნაბიულინა და რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი. კოლაჟი

რუსეთში სამხედრო-ეკონომიკური აღმავლობა ნელ-ნელა სტაგნაციით იცვლება, რასაც ხელს უწყობს  როგორც გადასახადების ზრდა, ასევე ნავთობისა და გაზის ექსპორტთან დაკავშირებული მზარდი პრობლემები. მოახდენს თუ არა ეს გარემოება გავლენას უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე?

2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთის ეკონომიკა, უკრაინის პარტნიორი ქვეყნები კოლაფსსაც კი წინასწარმეტყველებდნენ.

„რუსეთის ეკონომიკა თითქმის ორჯერ შემცირების ზღვარზეა", — განაცხადა აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, - "უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი ეკონომიკის ზომის მიხედვით მე-11 ადგილზე იყო, მაგრამ მალე შესაძლოა პირველ 20-ეულშიც კი ვეღარ მოხვდეს.“

პროგნოზი არ გამართლდა. 2022 წელს სანქციების შოკის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად გაზარდა სამხედრო ხარჯები, რუსეთის ეკონომიკამ ზრდა დაიწყო. პირველი ოცეულის დატოვების ნაცვლად, 2025 წელს რუსეთი ეკონომიკის მოცულობით მეცხრე ადგილზე აღმოჩნდა (გაუსწრო კანადასა და ბრაზილიას). თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ახლა ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია. 2026 წელი იმის აშკარა ნიშნებით დაიწყო, რომ რუსეთის ეკონომიკა დასუსტებისა და შეუქცევადი პრობლემების ფაზაში შედის. შესაძლოა დრამატული კოლაფსი არ მოხდეს, მაგრამ კრემლი აშკარად უახლოვდება იმგვარ მყიფე ეკონომიკურ მდგომარეობას, როგორიც არ ჰქონია რუსეთს 2022 წლის თებერვლის ანუ უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

რუსეთის მშპ-ის დინამიკა (როსსტატის მონაცემები) წლების მიხედვით:

  • 2025 ~1%
  • 2024 - 4,9%
  • 2023 - 4,1%
  • 2022 - 1,4%
  • 2021 - 5,9%

რუსეთის ეკონომიკის ზრდის ტემპები მინიმუმამდე შემცირდა როგორც ნავთობის ფასების ვარდნის (ნავთობის ექსპორტი სახელმწიფო შემოსავლების მთავარ წყაროს წარმოადგენს) ფონზე, ასევე გრძელვადიანი დემოგრაფიული ზეწოლის გამო.

ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად რუსეთის მთავრობამ გადასახადები გაზარდა, სოციალური დაცვის, განათლებისა და ჯანდაცვის დაფინანსება კი შეამცირა. შედეგად რუსეთის მოქალაქეები სულ უფრო ხშირად აწყდებიან პრობლემებს, რომლებიც, როგორც წესი, თავს იჩენენ ხოლმე ომის საჭიროებებზე მორგებულ სახელმწიფოებში.

რუსეთის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა იქონია ვაჭრობს შემცირებამ მთავარ მოკავშირეებთან, გაიზრდება კორპორაციული გაკოტრებების რაოდენობა და თავი იჩინა სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტმა.

ექსპერტთა შეფასებით, ის, თუ როგორ აისახება რუსეთის ეკონომიკის არსებული არასტაბილური მდგომარეობა უკრაინაში მიმდინარე ომზე, დიდწილად დამოკიდებულია როგორც რუსეთის ბოლო მაკროეკონომიკურ მანევრებზე, ასევე ნავთობის საერთაშორისო ფასების დინამიკაზე. რუსეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი მცირდება ნავთობიდან მიღებული შემოსავლების კლების გამო.

2026 წლის იანვარში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 0,6%-მდე (ნაცვლად 1%-ისა), ხოლო 2026 წლისთვის 0,8%-მდე შეამცირა. პანდემიური წლების (2020–2022) გამოკლებით, ეს არის რუსეთის ეკონომიკის ყველაზე დაბალი წლიური ზრდის ტემპები 2014 წლის შემდეგ, როცა ყირიმის ანექსიის გამო დაწესებულმა სანქციებმა რეცესია გამოიწვია.

ეკონომიკის ასეთი თვალში საცემი შემცირება ხდება რუსეთის სამხედრო მანქანის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტის - ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების კლების ფონზე. არადა, 2022 წელს მრეწველობის ამ დარგიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლები რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დაფინანსების დაახლოებით 40%-ს შეადგენდა, რაც სრულად საკმარისი იყო სამხედრო ხარჯების დასაფარად. 2025 წლის პირველი სამი კვარტლის წინასწარი შეფასებებით კი ეს წილი 25%-დეა შემცირებული, რაც ნაწილობრივ აიხსნება ფასების ვარდნით: 1 ბარელი „ურალის“ მარკის ნავთობის ფასი 2022 წლის დასაწყისში დაახლოებით 90 დოლარი იყო, 2025 წლის ბოლოსთვის კი 50 დოლარამდეა შემცირებული გლობალურ ბაზარზე ნავთობის ჭარბი მიწოდების ფონზე. მნიშვნელოვან როლს ასრულებს დასავლეთის სანქციებიც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი გამუდმებით ეძებს ახალ მყიდველებსა და გასაღების ბაზრებს. თუმცა 2026 წლისთვის მათი ერთობლივი სავაჭრო მოცულობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება იმას, რასაც სანქციების შემომღები ქვეყნები ომის დაწყებამდე ყიდულობდნენ.

კერძოდ, ინდოეთმა ბოლო თვეებში შეამცირა რუსული ნავთობის შესყიდვები ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან სავაჭრო ტარიფების დაწესების მუქარის ფონზე.

როგორც ანალიტიკოსმა ისააკ ლევიმ უთხრა გამოცემა The Guardian-ს, 2025 წელს რუსეთის წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები ომამდელ დონესთან შედარებით 13%-ით დაბალი იყო - სანქციების გამკაცრების, უკრაინული დრონების მიერ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული წარმატებული იერიშების, გაზის ექსპორტისთვის ახალი ბაზრების პოვნის სირთულეებისა და ნავთობის მსოფლიო ფასების შემცირების გამო:

„ეს ფაქტორები განუხრელად ამცირებს იმ შემოსავლებს, რომლითაც მოსკოვი აფინანსებს ომს, თუმცა უკრაინის მოკავშირეები უფრო შორს უნდა წავიდნენ, რათა სრულად შეზღუდონ კრემლის ომის ბიუჯეტი. რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტზე დარტყმები, მათ შორის დროშის არმქონე გემების დაკავება, მკვეთრად შეამცირებს როგორც ნავთობის ექსპორტის მოცულობას, ისე მისგან მიღებულ შემოსავლებს.“

თუმცა ექსპერტები იმასაც შენიშნავენ, რომ გრძელვადიანი პერსპექტივით გლობალურ უსაფრთხოებაში არსებული პრობლემები კვლავაც მოუგვარებელია. ვლადიმირ პუტინისთვის ნავთობთან დაკავშირებული სირთულეები შესაძლოა მხოლოდ დროებითი შეფერხება აღმოჩნდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნავთობის ფასები კვლავ დაიწყებს ზრდას.

ექსპერტთა შენიშვნით, ასევე არსებობს გრძელვადიანი დემოგრაფიული ფაქტორებიც, რომლებიც ამჟამად უკვე მძიმედ მოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე. 2019 წლიდან მოყოლებული რუსეთის მოსახლეობა სტაბილურად მცირდება: 145,5 მლნ-დან 143,5 მლნ-მდე (2024 წ), ამის მიზეზი კი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაა: შობადობის შემცირება, ომში დაღუპულები და ემიგრაცია. შემთხვევით არ არის, რომ 2022 წლის შემდეგ როსტატი აღარ აქვეყნებს დემოგრაფიასთან დაკავშირებულ სტატისტიკას.

„რუსეთს არ აქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდის პოტენციალი", - ამბობს ეკონომიკის ანალიტიკოსი მარეკ დაბროვსკი, - "რა თქმა უნდა, ომთან დაკავშირებული არახელსაყრელი ბიზნესგარემო გარკვეულ როლს თამაშობს, მაგრამ მთავარი მიზეზი აქ გრძელვადიანი დემოგრაფიული ვითარებაა, რომელიც არ შეცვლილა“.

ექსპერტების თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სამუშაო ძალის დეფიციტი რუსეთში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რასაც ადასტურებს უმუშევრობის უჩვეულოდ დაბალი დონე, რომელიც მხოლოდ 2%-ს შეადგენს.

კრემლი ასევე ცდილობს ფინანსური მდგომარეობის გამყარებას საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვანი გაზრდით: 2025 წელს 20%-დან 25%-მდე გაიზარდა კორპორაციული გადასახადი, ასევე გაიზარდა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთები. გარდა ამისა, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, 2026 წლის დასაწყისში ძალაში შევიდა გაზრდილი დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) — 20%-დან 22%-მდე (რუსეთში დღგ უფრო მაღალია, ვიდრე აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში).

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობამ დღგ-გან გაათავისუფლა ზოგიერთი პირველადი მოხმარების საქონელი, მზარდი ინფლაციის გამო რუსეთში მაინც გაძვირდა თითქმის ყველა ტიპის ნაწარმი. ინფლაციის მოთოკვას ცდილობს როგორც რუსეთის მთავრობა, ასევე ცენტრალური ბანკი, თუმცა, როგორც ექსპერტები შენიშნავენ, ბრძოლის ამ მცდელობებმა მხოლოდ გააღრმავა ეკონომიკის შენელება.

ეკონომისტი ვლადისლავ ინოზემცევი ერთ-ერთ ფაქტორად ასახელებს ზომებს, რომლებიც ე.წ. ეკონომიკის გაცივებისთვის იქნა მიღებული:

„ამისთვის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო (რეფინანსირების) განაკვეთი 21%-მდე გაზარდა, მთავრობამ უარი თქვა სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამაზე, ხოლო ბანკებმა დაიწყეს სესხების მოცულობის შემცირება და პროცენტების ზრდა, რომელთა უმეტესობა ფიქსირებული კი არა, მცურავი იყო. რატომ უჭერდა კრემლი მხარს ასეთ პოლიტიკას — ჩემთვის დღემდე აუხსნელია“.

ვლადისლავ ინოზემცევი
ვლადისლავ ინოზემცევი

როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian შენიშნავს, არსებობს ნიშნები, რომ ეკონომიკური სირთულეები ნეგატიურად აისახება რუსეთის რიგითი მოქალაქეების მორალურ მდგომარეობაზე. გამოცემა იშველიებს Gallup-ის მიერ რუსეთში ჩატარებულ გამოკითხვას, რომლის მიხედვით, უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზე რუსეთის ეკონომიკის მიმართ ოპტიმიზმი იზრდებოდა ეკონომიკის აღმავლობის კვალად: 2021 წლის ივლისში რუსების უმეტესობა თვლიდა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა უარესდებოდა, თუმცა 2022 წლის ნოემბერში სურათი შეიცვალა და უმრავლესობა ფიქრობდა, რომ მდგომარეობა უმჯობესდებოდა. 2025 წლის აგვისტოსთვის ეს ოპტიმიზმი შესუსტდა: რუსების 39% აცხადებს, რომ ეკონომიკური პირობები უარესდება, მაშინ როცა 2022 წელს ეს მაჩვენებელი 29% იყო.

რუსეთი სამხედრო ხარჯები

ომის მსვლელობისას რუსეთის სამხედრო ხარჯების წილი მშპ-ში გაორმაგდა და 7%-ს გადააჭარბა. წილობრივად ეს ორჯერ მეტია, ვიდრე აშშ-ის სამხედრო ხარჯები (მშპ-ის 3,4%) და უფრო მაღალია, ვიდრე ნატოს რომელიმე ცალკეული წევრი ქვეყნის მაჩვენებელი.

რუსეთის 2026 წლის ფედერალური ბიუჯეტის მიხედვით, კრემლი გეგმავს 40,27 ტრილიონი რუბლის (518,9 მილიარდი აშშ დოლარი) შემოსავლის მიღებას, მაშინ როცა ხარჯები შეადგენს 44,06 ტრილიონ რუბლს (567,8 მილიარდი დოლარი). ბიუჯეტის დეფიციტი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 1,6%-ს უტოლდება.

ბიუჯეტის თითქმის 30% ანუ 12,93 ტრილიონ რუბლი (166,8 მილიარდი დოლარი) მიმართული იქნება შეიარაღებულ ძალებზე, მათ შორის იარაღის შესყიდვაზე. როგორც გამოცემა The Moscow Times აღნიშნავს, ეს სამხედრო ხარჯები რეკორდულია საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული. ამასთან, დაახლოებით 3,91 ტრილიონი რუბლი (50,4 მილიარდი დოლარი) გათვალისწინებულია მუხლში „ეროვნული უსაფრთხოება“, საიდანაც ფინანსდება შინაგან საქმეთა სამინისტრო, როსგვარდია, სპეცსამსახურები და პენიტენციური სისტემა. ექსპერტთა შეფასებით, ეს ყველა უწყება, სხვადასხვა დონეზე, ასევე ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში.

ჯამში, რუსეთის ბიუჯეტის ხარჯები არმიასა და ძალოვან სტრუქტურებზე 16,84 ტრილიონ რუბლს (217,2 მილიარდ დოლარს) შეადგენს, ანუ ბიუჯეტის 38%-ს. შედარებისთვის, 2021 წელს, როდესაც რუსეთი უკვე ემზადებოდა უკრაინაზე თავდასხმისთვის, ეს მაჩვენებელი 24% იყო.

ექსპერტთა თქმით, სამხედრო ხარჯების ასეთი ზრდა შესაძლებელია მხოლოდ სხვა ხარჯების შემცირების ხარჯზე. ასე მაგალითად, სოციალური ხარჯების წილი რუსეთის ბიუჯეტში ომამდელი 38%-დან მომდევნო წელს 25%-მდე შემცირდა. ეკონომიკის მხარდაჭერის ხარჯები კი 17,6%-დან 10,9%-მდე დაეცა. ორივე შემთხვევაში ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია.

გარდა ამისა, როგორც ექსპერტები შენიშნავენ, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას რუსეთი აფინანსებს არა მხოლოდ არმიასა და ძალოვან სტრუქტურებზე გაწეული პირდაპირი ხარჯებით. ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს საკუთარ თავზე იღებენ რეგიონების ადგილობრივი ბიუჯეტები, რომლებიც ნაწილობრივ ფარავენ ფრონტზე გამგზავრებული კონტრაქტორებისთვის განკუთვნილ ანაზღაურებებს. გარდა ამისა, არსებობს სამხედრო ქარხნების არაპირდაპირი დაფინანსების მექანიზმებიც: ბანკებს აიძულებენ გასცენ უპერსპექტივო სესხები იარაღის წარმოებისთვის, რომელსაც შემდგომ მთავრობა დაბალ ფასად იძენს.

როგორ გაუმკლავდება პუტინი გამოწვევებს?

რუსეთს იმის გამო შედარებით მცირე სახელმწიფო ვალი აქვს, თეორიულად შეუძლია თავს უფლება მისცეს და სესხი აიღოს, თუმცა უკრაინაში შეჭრისა და შემდგომი სანქციების დაწესების გამო საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე წვდომა შეზღუდული აქვს. ამიტომ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ძალიან ბევრია დამოკიდებული ნავთობზე: ფასების შემდგომი ვარდნა უთუოდ გამოიწვევს არასტაბილურობის გაღრმავებას, ხოლო ფასების ზრდა — პირიქით, სტაბილიზაციას. შესაბამისად, ექსპერტები ასკვნიან, რომ რუსეთი შეძლებს ომის დაფინანსების გაგრძელებას, სულ მცირე მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც.

„პუტინი წაახალისებს ცენტრალურ ბანკს ფულის ბეჭდვისკენ; პუტინი გააგრძელებს გადასახადების ზრდას, სახელმწიფო ქონების გაყიდვას და კერძო კორპორაციების ნაციონალიზაციას", - ამბობს ვლადისლავ ინოზემცევი, - "ეს საშუალებას მისცემს მას, მიიღოს საკმარისი თანხა ომის გასაგრძელებლად 2026 წელს და, დიდი ალბათობით, 2027 წელსაც“.

რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის ანგარიშის მიხედვით, რუსეთში უკვე დაფიქსირებულია საბანკო კრიზისი. სისტემურ საბანკო კრიზისად ანალიტიკოსები მიიჩნევენ ისეთ ვითარებას, როდესაც საბანკო სისტემის პრობლემური აქტივების წილი 10%-ს აღემატება, კლიენტებს ანგარიშებიდან და დეპოზიტებიდან მნიშვნელოვანი მოცულობის თანხები გააქვთ, ხოლო შედეგების თავიდან აცილებისთვის საჭიროა ბანკების მნიშვნელოვანი ნაწილის ნაციონალიზაცია.

რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის პრობლემური იყო კორპორაციული სესხების 11%-ზე მეტი და საცალო სესხების 6%. როგორც გაზეთი The Washington Post იუწყება, რუსეთის მთავრობის ფინანსური ბლოკის წარმომადგენლებმა ვლადიმირ პუტინი გააფრთხილეს, რომ ზაფხულისთვის შესაძლოა მასშტაბური ეკონომიკური კრიზისი დაიწყოს.

რუსულ ბანკებს ჯერჯერობით სახელმწიფოსგან დახმარება არ მოუთხოვიათ. თუმცა სახელმწიფოსგან შეღავათიანი კრედიტი მოითხოვა მსხვილმა სამშენებლო კომპანიამ „სამოლეტმა“. პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინისათვის გაგზავნილ წერილში კრედიტი ითხოვა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ანა აკინშინამ. ტელეკომპანია RTVI-ს წყაროების მიხედვით, წერილში აღნიშნულია, რომ „სამოლეტის“ პრობლემები წარმოიშვა შეღავათიანი იპოთეკის გაუქმებისა და ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებული რეფინანსირების მაღალი განაკვეთის გამო.

ეკონომიკის დოქტორის იგორ ლიპსიცის თქმით, რუსეთის მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ ნავთობის ალტერნატიული მყიდველები არ ჰყავს.

“რუსეთს აქამდე ორი მსხვილი მყიდველი ჰყავდა - ინდოეთი და ჩინეთი", - უთხრა ეკონომიკის ექსპერტმა რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივ პროექტ The CurrentTime-ს, - "ისინი მთელი ექსპორტის 80%-ზე მეტს ითვისებდნენ. თუ ახლა ინდოეთი უარს იტყვის რუსულ ნავთობზე, საკითხავია, მოინდომებს თუ არა ჩინეთი იმ მოცულობის ათვისებასაც, რომელიც ინდოეთში მიდიოდა. ასეც რომ მოხდეს, სავარაუდოდ პეკინი მოითხოვს გიგანტურ ფასდაკლებებს. ასეთ პირობებში ვაჭრობა პრაქტიკულად წამგებიანი გახდება. სურათი სწორედ ასეთია. სხვა მსხვილი მყიდველები მსოფლიოში უბრალოდ არ არსებობენ. რუსულ ნავთობს სხვაგან ვეღარ გაასაღებ. ამიტომ რუსეთი მთლიანად ჩინეთის ნებაზე აღმოჩნდება დამოკიდებული. თუმცა ჩინეთსაც არ სჭირდება ნავთობის უზარმაზარი მოცულობები, რადგან ისიც ცვლის თავის ენერგეტიკას და ელექტროტრანსპორტზე გადადის. ნავთობპროდუქტების მთავარი მომხმარებლები ავტო- და საზღვაო ტრანსპორტია. შესაბამისად, რუსეთისთვის საკმაოდ ტრაგიკული ვითარება იქმნება. რუსეთის ეკონომიკის მთავარი დარგი უსარგებლო ხდება. ეს საკმაოდ შემაშინებლად ჟღერს, მაგრამ რუსეთმა თავი თავად შეიყვანა ამ ჩიხში. ამ ეტაპზე გამოსავალი არ ჩანს”.

იგორ ლიპსიცის თქმით, ეს გარემოება ძლიერ დარტყმას მიაყენებს რუსეთის მთელ ეკონომიკას, რადგან რუსეთის ბიუჯეტი რაღაც მცირე სახელმწიფო ხარჯებისგან კი არა, ომის უზარმაზარი ხარჯებისგან შედგება:

„ნავთობის ექსპორტი - რუსეთის მთელი ეკონომიკისთვის ფულის გიგანტური წყაროა. რუსეთის ეკონომიკა ძლიერად არის დამოკიდებული სახელმწიფო შესყიდვებზე. ქვეყანაში ადამიანების უზარმაზარი რაოდენობა სახელმწიფოზე მუშაობს. და ის ფინანსური კრიზისი, რომელიც ახლა რუსეთს მიადგა კარზე, საკმაოდ სწრაფად გამოიწვევს იმას, რომ საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული ბევრი ადამიანი ხელფასს რეგულარულად ვეღარ მიიღებს. შემდეგ კი ეს პენსიებზეც გავრცელდება”.

იგორ ლიპსიცის თქმით, ახლახან გამოქვეყნდა რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტის სტატისტიკა, რომელიც ასევე საგანგაშოა რუსეთის ეკონომიკისათვის.

იგორ ლიპსიცი
იგორ ლიპსიცი

“არის ფედერალური ბიუჯეტი, რეგიონული ბიუჯეტები და სოციალური ფონდი, რომელიც პენსიებს გასცემს. სოციალური ფონდი რუსეთში, როგორც წესი, საკმაოდ დეფიციტურია, თანხები არ ჰყოფნის და მას ფედერალური ბიუჯეტი ავსებს, ამიტომ ეს სამი კომპონენტი ერთად შეიძლება განვიხილოთ. ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ჯამური დეფიციტი დაახლოებით 8 ტრილიონ რუბლს შეადგენს. ეს კოლოსალური თანხაა, თუმცა ფულის ამ მასის დაბეჭდვა შესაძლებელია, რასაც, ფაქტობრივად, აკეთებს კიდეც რუსეთის მთავრობა, მაგრამ ეს ფული შემდეგ ბაზარზე ხვდება და იწვევს უზარმაზარ ინფლაციას. ინფლაცია „ჭამს“ ხელფასების ზრდით მიღებულ სარგებელსაც კი. ხელფასს იღებ, მაგრამ ყოველ თვე უფრო ღარიბი ხდები. და ამ მდგომარეობიდან გამოსავალი რუსეთს არ აქვს, რადგან სხვა წყაროები, გარდა ნავთობის სექტორისა და მოსახლეობის ფულისა, არ არსებობს. ახლა სრულიად რეალური ხდება მოსახლეობის დანაზოგების კონფისკაციის, ანგარიშებზე თანხების გაყინვის ან გატანის შეზღუდვის განხილვა. ეს უკვე აღარ არის უცნაური ჰიპოთეზა, არამედ რეალური სცენარია. ეს ჰგავს საბჭოთა კავშირს 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მთავრობამ მთლიანად წაიღო მოსახლეობის დანაზოგები და ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად გამოიყენა. რუსეთში ახლა დაახლოებით იგივე სურათია”, - უთხრა ეკონომიკის პროფესორმა იგორ ლიპსიცმა რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტის The CurrentTime-ის რედაქციას.


  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG