Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ნავთობის მოპოვება შეამცირა, კომპანიები დიდ ზარალს განიცდიან - მედია

ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ქალაქ ომსკში(საილუსტრაციო ფოტო)
ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ქალაქ ომსკში(საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთში ნავთობის მოპოვების მოცულობა შემცირდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების გამო გართულდა საერთაშორისო ბაზარზე რუსული ნავთობის გაყიდვა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.

  • რუსეთში ნავთობის მოპოვება ზედიზედ მეორე თვეა შემცირდა 2026 წლის იანვარში.
  • შეერთებულმა შტატებმა რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიებს, „ლუკოილსა“ და „როსნეფტს“ და მათ შვილობილ ფირმებს სანქციები 2025 წლის ოქტომბერში დაუწესა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების გამო.

რუსეთის ხელისუფლების მიერ გასაიდუმლოებულია ახალი მონაცემები ნავთობის წარმოებისა და ექსპორტის შესახებ, თუმცა Bloomberg-მა ამ მონაცემების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით 9 თებერვალს დაწერა, რომ იანვარში რუსეთი აწარმოებდა დღეში საშუალოდ 9,28 მილიონ ბარელ ნავთობს, რაც დეკემბერთან შედარებით 46 ათასი ბარელით ნაკლებია.

ნავთობის მოპოვების შემცირება სარისკოა რუსეთის ბიუჯეტისთვის, რომელმაც 2025 წელს ნავთობისა და გაზის მრეწველობის სფეროდან მიიღო შემოსავლების დაახლოებით 23%. უკვე 2026 წლის იანვარში ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავალი ხუთწლიან მინიმუმამდე დაეცა.

Bloomberg-ის წყაროთა მონაცემებს ირიბად ადასტურებს ინდური გამოცემა Hindustan Times-ის ინფორმაცია, რომ 2026 წლის იანვარში ინდოეთის მიერ იმპორტირებული იყო დღეში 1,215 მილიონი ბარელი ნავთობი, რაც 12%-ით ნაკლებია 2025 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე და 22%-ით ნაკლები ნოემბრის მონაცემებზე.

თებერვლის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან მიღწეული შეთანხმებით, რომელიც ინდური პროდუქციის ექსპორტის გადასახადის შემცირებას ეხება, ინდოეთი შეწყვეტს რუსული ნავთობის შეძენას. ჯერჯერობით უცნობია, სრულად შეწყვიტა თუ არა ინდოეთმა რუსული ნავთობის იმპორტი.

Bloomberg-ის მონაცემებით, ამჟამად ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში იმყოფება ათზე მეტი ტანკერი, საერთო ჯამში, დაახლოებით 12 მილიონი ბარელი ნავთობით, რომელსაც მყიდველი ჯერჯერობით არ გამოუჩნდა.

რუსეთისთვის პრობლემად იქცა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევებიც.

რუსულ გამოცემა „კომერსანტს“ სადაზღვევო ბროკერის, Mains-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ევგენი ბოროვიკოვმა 9 თებერვალს განუცხადა, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონებით დარტყმების შედეგად რუსული ნავთობკომპანიების ზარალმა ტრილიონ რუბლს გადააჭარბა.

სააგენტო Bloomberg-ის დათვლით, 2025 წელს უკრაინამ 120-მდე შეტევა მიიტანა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებზე, ნავთობის და გაზის საბადოებსა და მილსადენებზე.




ფორუმი

XS
SM
MD
LG