რუსეთის სხვადასხვა რეგიონში კვლავ იხსნება ე.წ. გამოფხიზლების ცენტრები („ვიტრეზვიტელები“), რომლებიც, როგორც სისტემა, 2011 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის დროს გაუქმდა. 2021 წლის 1 იანვრიდან რუსეთის დუმამ აღადგინა მათი გახსნის შესაძლებლობა, ახლა კი ამ შესაძლებლობა რეალიზდება.
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ე.წ. გამოფხიზლების ცენტრები ფუნქციონირებს რუსეთის რეგიონების დაახლოებით 30%-ში, მათ შორის, თათარეთში, ტუვაში, ჩელიაბინსკის ოლქსა და კრასნოიარსკის მხარეში.
როგორც რუსი ჩინოვნიკები განმარტავენ, საავადმყოფოები და კლინიკები ვეღარ უმკლავდებიან ალკოჰოლზე დამოკიდებულების მქონე აგრესიულ პაციენტებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რუსეთში ასეთი ადამიანების რაოდენობამ 2022 წლიდან ისევ დაიწყო ზრდა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ძირითადად „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ვეტერანების“ ხარჯზე.
2022 წლიდან მოყოლებული რუსეთში ასევე იზრდება მძიმე დანაშაულის სტატისტიკაც, რაც ექსპერტთა აზრით, ასევე უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე ომის მონაწილეების დაბრუნებას მშობლიურ ადგილებში. ამასთან, როგორც წესი, დანაშაულთა მნიშვნელოვანი ნაწილი ნასვამ მდგომარეობაში ხდება.
„გასაგებია, რომ ამას როგორმე უნდა ებრძოლო, რადგან ამ ადამიანებს რეაბილიტაცია სჭირდებათ არა მხოლოდ ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული, არამედ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების დამოკიდებულებისგანაც. ეს ადამიანები როდესაც მშვიდობიან გარემოში ბრუნდებიან, საერთოდ ვერ ხვდებიან, რა უნდა გააკეთონ. ისინი მიჩვეულები არიან მკვლელობას, სისხლის გემოც აქვთ გასინჯული, სვამენ, თვრებიან და შემდეგ „ეომებიან“ საკუთარი ოჯახების წევრებს, მეზობლებს, ახლობლებს. და ეს ყველაფერი ხშირად მძიმე დანაშაულებით მთავრდება“, - ეუბნება რადიო თავისუფლების მიერ დაფუძნებული The CurrentTimes-ს რედაქციას ავღანეთის ომის ვეტერანი, სერგეი გულიაევი.
2022 წელს რუსეთში 1 მილიონ 200 ათასი ადამიანი იტანჯებოდა ალკოჰოლური დამოკიდებულებით
რუსეთის სტატისტიკის სამსახურის (როსსტატის) ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულთა რაოდენობამ ზრდა დაიწყო 2022 წლიდან. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიხედვით, ამ წელს რუსეთში 1 მილიონ 200 ათასი ადამიანი იტანჯებოდა ალკოჰოლური დამოკიდებულებით. ნიშანდობლივია, რომ მომდევნო წლებში ეს მონაცემები საჯაროდ აღარ გამოქვეყნებულა.
„ერთ პატარა პროფესიულ საიდუმლოს გავამხელ, - ამბობს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ანდრეი პროკოფიევი, - არსებობს ერთი მაჩვენებელი, რომლის დამალვა შეუძლებელია — ვერც შეამცირებ და ვერც გააზვიადებ და, რომელიც ფაქტობრივად საზოგადოების "ალკოჰოლიზების მაჩვენებელია" მოცემულ მომენტში. ეს არის მწვავე ალკოჰოლური ფსიქოზების ანუ, რუსულად რომ ვთქვათ, „ბელაია გორიაჩკა“-თი (თეთრი ცხელება, იგივე ალკოჰოლური დელირიუმი) დაავადებულთა რაოდენობა. ამას ვერ დამალავ. ეს არ არის უბრალოდ მთვრალი ადამიანი, რომელიც სახლშია ან სკამზე წევს. ეს მდგომარეობა ყოველთვის მკურნალობას საჭიროებს და მკურნალობენ კიდეც“.
თუმცა 2023 წლის დასაწყისიდან როსსტატმა ასევე შეწყვიტა რუსეთის ჯანდაცვის სტატისტიკის განყოფილებაში ალკოჰოლური ფსიქოზების შესახებ ცალკე მონაცემების გამოქვეყნება. ამიტომ ექსპერტები ცდილობენ ირიბი მონაცემებით დაადგინონ, რა ხდება რუსეთში ალკოჰოლიზმის თვალსაზრისით.
ერთ-ერთი ასეთი „ირიბი მაჩვენებელია“ მძიმე ალკოჰოლის საცალო გაყიდვების მოცულობა. როგორც ირკვევა, 2022–2025 წლებში სასმლის მოხმარება გაიზარდა კამჩატკაში, კარელიისა და კომის რესპუბლიკებში, არხანგელსკის, მურმანსკის, მაგადანისა და სახალინის ოლქებში. ალკოჰოლის მოხმარებით ლიდერობენ ასევე იამალ-ნენთა და ჩუკოტკის ავტონომიური ოლქების მცხოვრებლები.
მოცემულ რუკაზე აღნიშნულია ქალაქები, სადაც უკვე მუშაობს ან უახლოეს პერიოდში გაიხსნება 2011 წელს დახურული სამედიცინო გამოსაფხიზლებლების ცენტრები (რუს. „ვიტვრიზვიტელები“). ადგილობრივი ხელისუფლებები ასეთი დაწესებულებების გახსნის შესახებ იუწყებიან ტომსკში, ნიჟნი ნოვგოროდში, ნოვოსიბირსკში, პეტროზავოდსკში, არხანგელსკში, ომსკში, ულან-უდეში, ტულაში, აჩინსკში, კრასნოიარსკში, ნორილსკსა და ჩებოქსარებში. მსგავსი ნაბიჯისთვის ემზადებიან კრასნოდარსა და სოჭში, ასევე ირკუტსკში და მოსკოვის ოლქში.
საბჭოთა წლებში სამედიცინო გამოსაფხიზლებლები რუსეთის თითქმის ყველა ქალაქში არსებობდა. მილიციის თანამშრომლებს მთვრალი ადამიანები მიჰყავდათ სპეციალურ დახურულ დაწესებულებებში, სადაც მათ ყოფდნენ აგრესიულ და მშვიდ კატეგორიებად, საჭიროების შემთხვევაში კი სარეანიმაციო დახმარებას უწევდნენ და შემდეგ იქვე ტოვებდნენ გამოსაძინებლად. გამოსაფხიზლებლების აღდგენის აუცილებლობას რუსი ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები ხსნიან არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის 1980-იანი წლების ანტიალკოჰოლური კამპანიის „დადებითი გამოცდილებით“, არამედ თანამედროვე რუსეთში როგორც ნარკოტიკული, ისე ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ჩადენილა მძიმე დანაშაულის ზრდითაც.
გამოსაფხიზლებლები მოსკოვის ოლქში
2026 წლის თებერვლის ბოლოს მოსკოვის ოლქის დუმამ მიიღო გადაწყვეტილება რეგიონში გამოსაფხიზლებლების შექმნის შესახებ. როგორც გაზეთი „კომერსანტი“ წერს, მოსკოვის ოლქის ხელისუფლებამ ამ ცენტრების ფუნქციონირებისთვის წლიურ ხარჯად დაახლოებით 15 მილიონი რუბლი განსაზღვრა.
ვარაუდობენ, რომ მოსკოვის ოლქში ყოველწლიურად დაახლოებით 10 ათასი ადამიანი მიმართავს გამოსაფხიზლებელს — სწორედ ამდენი ადამიანი შევიდა 2024 წელს რეგიონულ საავადმყოფოებში ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, მაგრამ არ მოხდა მათი ჰოსპიტალიზაცია „სამედიცინო ჩვენებების არარსებობის“ გამო.
მოსკოვის ოლქის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ოლგა ოტდელნოვამ, საოლქო სათათბიროში გამართულ მოსმენაზე „გამოფხიზლების ცენტრის” მომსახურების ღირებულება 1461 რუბლად შეაფასა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ იქნა ეს თანხა გამოთვლილი. ამასთან პოლიციას ექნება მოქალაქეების გამოსაფხიზლებლებში იძულებით მიყვანის უფლება, ხოლო გაწეულ ხარჯს თვითონ „გამოფხიზლებული“ მოქალაქეები დაფარავენ.
ამასთან ვარაუდობენ, რომ მოსკოვის ოლქში გამოსაფხიზლებლებისთვის ახალი შენობები არ აშენდება. ისინი უკვე მოქმედი საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკების ბაზაზე გაიხსნება და მასში ექიმები იმუშავებენ.
რუსეთის დუმის ინფორმაციით (2021 წელს მიღებული კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით) ალკოჰოლური სიმთვრალით ყოველწლიურად რუსეთში იღუპება 50 000 ადამიანი, მათ შორის 10 000 ჰიპოთერმიით. ერთი წლის განმავლობაში საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში გამოავლინეს 1 მლნ ადამიანი, მათგან 180 000 არ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება.
რატომ მოშალეს გამოსაფხიზლებლების სისტემა?
ანატოლი ჩერნიაევი, საბჭოთა კავშირის კპ-ის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, მიხეილ გორბაჩოვის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში, 1985 წლის 18 მაისით დათარიღებულ ჩანაწერში წერს:
ყოველწლიურად გამოფხიზლების ცენტრებში ხვდება 107 000 კომუნისტი და 370 000 კომკავშირელი
„ხუთშაბათს იგორ ლიგაჩოვმა ცკ-ს აპარატის ყველა განყოფილების ხელმძღვანელი და მათი მოადგილეები შეკრიბა. გააფრთხილა, რომ ხვალ გამოქვეყნდება დადგენილებები და ბრძანებები ალკოჰოლიზმისა და სიმთვრალის წინააღმდეგ (როგორც ჩანს, მალე რუსეთში სიმთვრალის წინააღმდეგ ბრძოლის 400 წლის იუბილესაც აღვნიშნავთ — ეს ბრძოლა ბორის გოდუნოვმა დაიწყო). ლიგაჩოვმა ასევე მოიტანა სტატისტიკა: ყოველწლიურად გამოფხიზლების ცენტრებში ხვდება 107 000 კომუნისტი და 370 000 კომკავშირელი“.
როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, ალკოჰოლიზმთან ბრძოლის კამპანიამ, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში წარმოებდა, მკვეთრად გააუარესა გამოსაფხიზლებლებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება - მათ შორის როგორც „მსმელების“, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან.
მედიკოსები თავიანთ პროფესიულ ჟარგონზე გამოსაფხიზლებლებს საკონცენტრაციო ბანაკებს უწოდებდნენ. საბჭოთა ჟურნალისტის გეორგი ელინის თქმით, მოსკოვის N36-ე საავადმყოფოში მისულს შესთავაზეს, რეპორტაჟის გაკეთება „ოსვენციმიდან“ — ანუ ტრავმირებული ალკოჰოლიკების მიმღები განყოფილებიდან. „საინტერესოა, რომ სკლიფოსოვსკის ინსტიტუტში ასეთივე განყოფილებას „ბუხენვალდი“ ჰქვია“, - შენიშნავს ჟურნალისტი ელინი.
„მსმელებს“ არ მოსწონდათ ის, რომ იქ ხშირად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, ხოლო „მილიციელებისთვის“ ეს დაწესებულებები პრაქტიკულად ზედმეტ ტვირთად და პრობლემად იქცა. მაშინდელმა მთავრობამ გადაწყვიტა, გამოსაფხიზლებლები მილიციის (შსს) დაქვემდებარებიდან ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაეცათ, თუმცა ეს ასე არ მოხდა. იურიდიულად, როგორც შინაგან საქმეთა ორგანოების სპეციალური დაწესებულებები, გამოსაფხიზლებლები საბოლოოდ მხოლოდ 2010 წელს გაუქმდა.
„როდესაც 2010 წელს დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა და მილიციის ბაზაზე შეიქმნა პოლიცია, მთავრობამ წამოაყენა ინიციატივა, რომ სამინისტროს სტრუქტურიდან ამოეღოთ გამოფხიზლების ცენტრები და ჯანდაცვის სისტემისთვის გადაეცათ, - ამბობს სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი და ამ კანონის (გამოსაფხიზლებლების აღდგენის) ერთ-ერთი ავტორი ალექსანდრე ხინშტეინი, - ამავე ლოზუნგით დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას იმდროინდელმა ქვეყნის ხელმძღვანელობამ. ამიტომ „პოლიციის შესახებ კანონის“ ფარგლებში, რომელიც ძალაში შევიდა 2012 წლის 1 იანვრიდან, გამოფხიზლების სამედიცინო ცენტრები როგორც სტრუქტურული ერთეული აღარ არსებობდა.“
გამოსაფხიზლებლების დახურვის შემდეგ მძიმე ალკოჰოლური თრობის ან ალკოჰოლური კომის მდგომარეობაში მყოფი ადამიანები საავადმყოფოების ტოქსიკოლოგიურ, რეანიმაციულ ან თერაპიულ განყოფილებებში მიჰყავდათ.
„რეგიონები შეეჯახნენ პრობლემებს, რომლებიც თავიდანვე პროგნოზირებადი იყო, - ამბობს ალექსანდრე ხინშტეინი, - პირველი ამოცანა (გამოფხიზლების ცენტრების გამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან) შესრულდა, მაგრამ მეორე (მათი გადაცემა ჯანდაცვის სისტემისთვის) — არა. შედეგად მკვეთრად გაიზარდა სიკვდილიანობა, რომელიც დაკავშირებულია ჰიპოთერმიასთან და მოყინვასთან იმ ადამიანებში, რომლებიც ქუჩაში ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. სტატისტიკა ყოველწლიურად 10–12 ათას ასეთ შემთხვევაზე მიუთითებს“.
სპეციალისტების თქმით, 35%-ით გაიზარდა ნასვამ მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. ამასთან, ასევე გაიზარდა დანაშაულებრივი თავდასხმები თავად ნასვამ ადამიანებზე.
გამოსაფხიზლებელი რუსულ ტრადიციაში
როგორც ისტორიკოსები შენიშნავენ, პირველი „მთვრალთა თავშესაფარი“ („приют для опьяневших“) რუსეთში ჯერ კიდევ 1902 წელს გაიხსნა, თუმცა გამოფხიზლების ცენტრები (გამოსაფხიზლებლები) ფართოდ გავრცელდა საბჭოთა პერიოდში. სტანდარტული პროცედურა მოიცავდა სამედიცინო შემოწმებას, ცივ შხაპსა და რამდენიმე საათიან ძილს საერთო ოთახში განთავსებულ საწოლებზე; გამოსაფხიზლებელში მოხვედრა ფული ჯდებოდა. ხშირად მილიციის თანამშრომლები ძალადობასაც მიმართავდნენ, ხოლო ე.წ. უძრაობის წლებში გამოსაფხიზლებლებში ხანდახან ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებსაც გადაჰყავდათ.
ალექსანდრ დრაიცერი, მედიცინის მუშაკი ასე აღწერს გამოსაფხიზლებლის მუშაობის სტანდარტულ დღეს 1941 წლის 13 აგვისტოს გაკეთებულ ჩანაწერში:
„ორლიკოვის შესახვევში, პატარა სახლში, გამოსაფხიზლებელი იყო განთავსებული. ქუჩაში ბნელოდა, მაგრამ მძღოლმა ზუსტად იცოდა ადგილი და მანქანა კართან გააჩერა. ავადმყოფი ძლივს მიგვყავდა - წინააღმდეგობას გვიწევდა, იგინებოდა და ჩხუბსაც იწყებდა. მორიგე მილიციელებმა და ფელდშერმა, რომლებიც გამოცდილი ადამიანები იყვნენ, სწრაფად მოათვინიერეს: იატაკზე დააგდეს, ნიშადურის სპირტში დასველებული პირსახოცი მის ქუდში ჩააფინეს და სახეზე დააფარეს. გაისმა ველური ყვირილი, მაგრამ ის უკვე ნახევრად მოთვინიერებული იყო. ამის შემდეგ იგი გადასცეს ორ ჯანიან ქალს (ე.წ. გამხდელებს), რომლებმაც კაცი დივანზე დააგდეს და ერთ წუთში მთლიანად გააშიშვლეს. ტანსაცმელს უკნიდან, თავზე გადავლით ხდიან ისე, რომ ღილები იატაკზე ცვივა. შემდეგ ცივ აბაზანაში შეათრიეს, საპნითა და ღრუბლით დაბანეს, გაამშრალეს და, უკვე დამორჩილებული, საძინებელში წაიყვანეს. შიშველი კაცი ყოველთვის უფრო თვინიერია, ვიდრე ჩაცმული, რაც ქალებზე არ ითქმის. საძინებელში გავასინჯე - დაზიანებები არ ჰქონდა. რამდენიმე წუთში კი წმინდანივით მშვიდად ეძინა. პირველ ოთახში მისი ყველა ნივთი და ფული აღწერეს და გულდასმით ჩააწყვეს ნომრიან ტომარაში. დილით მას ყველაფერს უბრუნებდნენ - ნივთებსაც და ფულსაც - მაგრამ 25–40 რუბლის გამოკლებით, მისი აგრესიულობის ხარისხის მიხედვით. ჩამოჭრილი თანხის სანაცვლოდ მას ქვითარს მისცემენ: „სამედიცინო მომსახურებისთვის“.
საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ დახურული გამოსაფხიზლებლები კვლავ აღადგინეს 1931 წელს. 1940 წლამდე, ვიდრე ბერიამ შინსახკომს არ გადასცა, ისინი ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატის დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ქუჩებში აგროვებდნენ მთვრალ ადამიანებს და მიჰყავდათ გამოსაფხიზლებლებში, სადაც ისინი დილამდე რჩებოდნენ. გატარებული ღამის შემდეგ საბჭოთა ალკოჰოლიკებს ფელდშერი ამოწმებდა, ხოლო გაწერის წინ მომსახურების გადასახადის ქვითარს აძლევდა (საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა წლებში თანხა 25–35 მანეთს შორის მერყეობდა, რაც იმ დროის საშუალო ხელფასის დაახლოებით მეოთხედი იყო). გარდა ამისა, სამუშაო ადგილზე იგზავნებოდა სპეციალური შეტყობინებაც. ამ ქაღალდის გამო ადამიანი შეიძლებოდა არა მხოლოდ „სირცხვილის დაფაზე“ აღმოჩენილიყო, არამედ თანამდებობაც დაეკარგა. თუ ეს ყველაფერი ვერ შეაჩერებდა დამრღვევს და ის წელიწადში სამზე მეტჯერ მოხვდებოდა გამოსაფხიზლებელში, მას აუცილებლად გააგზავნიდნენ ნარკოლოგიურ განყოფილებაში შემოწმებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობისთვის.
ვინ შეიძლება მოხვდეს გამოსაფხიზლებელში?
როგორც ექსპერტები შენიშნავენ, „იძულებით დახმარებას“ გაუწევენ იმ პირებს, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში იმყოფებიან და დამოუკიდებლად გადაადგილება ან გარემოში ორიენტირება არ შეუძლიათ. ნასვამ ადამიანებს პოლიციის პატრულები გამოავლენენ, ხოლო შემდეგ, თუ სად უნდა გადაიყვანონ ისინი, ამას ექიმები გადაწყვეტენ. თუ ადამიანი დაშავდა (ტრავმა მიიღო) — საავადმყოფოში წაიყვანენ; თუ აგრესიულად იქცევა - პოლიციაში; ხოლო თუ ფეხზე ძლივს დგას - გამოსაფხიზლებელში.
კანონმდებლები ამტკიცებენ, რომ თუ ადამიანი ქუჩაში მშვიდად, თუნდაც არასტაბილური ნაბიჯით მოძრაობს, მისი დაკავებისა და გამოფხიზლების ცენტრში გადაყვანის საფუძველიც არ არსებობს.
ფორუმი