23 სექტემბერს საკრებულოში ერთობლივ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ „უმძიმესი დანაშაული“ უწოდა კოლეგა ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმას და განაცხადა:
„მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი [ირაკლი ნადირაძე] საკრებულოში გამოდის და ითხოვს, დაისაჯოს რუსეთის აგენტი ფარცხალაძე; რომელიც ითხოვს, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს რუსული მმართველობა, [„ოცნების“ ხელისუფლებაში] მზად არიან, სახლთან დახვდეს სუსის 40-მდე აგენტი და ფიზიკურად გაუსწორდნენ ბავშვების, ქალების, მშობლების თვალწინ“.
- „მოვითხოვთ, დაისაჯონ არა მხოლოდ ჯგუფური თავდასხმის მონაწილეები, არამედ მისი დამკვეთები და ორგანიზატორებიც, რომლებიც უნდა ვეძებოთ „ქართულ ოცნებაში“, სუსსა და პოლიციაში.
- მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაპატიმრებული ადამიანები - ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე“, - განაცხადა ნადირაძემ საკრებულოში საგანგებო ბრიფინგზე.
მოთხოვნას უერთდებიან „ლელოს“ წარმომადგენლებიც.
მელია, დოლიძე და კუპრავა პარასკევს, 22 სექტემბერს, ღამის საათებში დააკავეს გლდანში, სადაც ისინი თანაპარტიელის, საკრებულოს წევრ ირაკლი ეძგვერაძის მხარდასაჭერად მივიდნენ.
ეძგვერაძეს ცოტა ხნით ადრე ფიზიკურად გაუსწორდნენ - როგორც მისი თანამოაზრეები ამბობენ, დაახლოებით, 30-ზე მეტი ადამიანი.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამას უკავშირებს ეძგვერაძის დაპირისპირებას საკრებულოში „ოცნების“ დეპუტატ კოტე ზარნაძესთან. ეძგვერაძე ზარნაძეს სხდომაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
როგორც ეძგვერაძემ თქვა, ადამიანები, რომლებიც მას თავს დაესხნენ, თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის გვერდით იდგნენ 2020 და 2021 წლების არჩევნებზე. „იარაღით როდესაც მოვარდნენ საარჩევნო უბანზე [არჩევნების დროს]. ზოგიერთი დასაქმებულიც ჰყავთ გამგეობაში“, - აღნიშნა ეძგვერაძემ.
საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ზარნაძე უარყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ეძგვერაძემ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.
მელია, დოლიძე და კუპრავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს.
რაც შეეხება ეძგვერაძეზე ძალადობას, შსს-მ განაცხადა, რომ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო.