Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნია მოლაპარაკებებს იწყებს, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის უსამართლობაზე ლაპარაკობს


ფოტო: თბილისი, 9 დეკემბერი, 2023. ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი დემონსტრაცია.
ფოტო: თბილისი, 9 დეკემბერი, 2023. ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი დემონსტრაცია.

უკრაინისა და მოლდოვის შემდეგ, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ბრიუსელმა უკვე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოსთანაც გადაწყვიტა. საქართველოს ხელისუფლება კვლავ ევროკავშირის უსამართლო მიდგომებზე ლაპარაკობს.

ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ, თუკი ევროკომისიის მიერ "შავით თეთრზე დაწერილ" ე.წ. 9 დათქმას შეასრულებს, საქართველოს შესაძლებლობა ექნება, რომ წლის ბოლოსთვის წაიწიოს წინ.

ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინამ ბოლო ერთ წელიწადში იმაზე შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენა, ვიდრე გასულ ათწლეულში.

ევროკავშირი, რომლისთვისაც გაფართოება სულ უფრო მკაფიო პრიორიტეტი ხდება, ბალკანეთის სახელმწიფოს მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს.

ერთი ნაბიჯით წინ

გადაწყვეტილება სულ ახალი მიღებული იყო, როდესაც 21 მარტს, ღამით, ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბოსნია-ჰერცეგოვინას X-ზე გამოქვეყნებული საგანგებო პოსტით მიულოცა.

„თქვენი ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახშია. დღევანდელი გადაწყვეტილება ევროკავშირის თქვენს გზაზე გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. მუყაითი მუშაობაა საჭირო, რომ ასე გააგრძელო, ბოსნია-ჰერცეგოვინა“, - დაწერა მიშელმა, ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტის პირველი დღის მიწურულს.

ბოსნია-ჰერცეგოვინაში ზეიმია. ქვეყანა და მისი მოქალაქეები მილოცვებს დემოკრატიული სამყაროს ქვეყნებიდან იღებენ. "დაიმსახურა" - წერენ კომენტატორები და ბრიუსელს გადაწყვეტილებას უწონებენ.

საქართველო ლიდერია, დაჩაგრეს, - ამბობენ "ოცნებაში"

ბოსნია-ჰერცეგოვინის დაწინაურების ფონზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კვლავ ბრიუსელის უსამართლობასა და საქართველოს დაჩაგვრაზე ალაპარაკდა.

„საქართველო, რომელიც სამივე ქვეყანასთან [უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია-ჰერცეგოვინა] შედარებით ლიდერია, აბსოლუტურად ყველა პარამეტრით, არის დაჩაგრული. ეს უსამართლობა ძალიან სამწუხაროა ევროკავშირის მხრიდან. კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, გადაწყვეტილებები არ არის დაფუძნებული დამსახურებაზე“, - უთხრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტებს და იმედი გამოხატა, რომ "ევროკავშირი ამ წლის განმავლობაში მიიღებს საბოლოოდ სამართლიან გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით".

„ამ 9 დათქმიდან არცერთი რომ არ შესრულდეს, მაინც ლიდერები ვართ", - სჯერა პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს ხელისუფლების ამოცანად მიიჩნევს მუშაობას - "რათა ევროკავშირი დაარწმუნოს, გადაწყვეტილებები იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული და სამართლიანი“.

მსგავსი მესიჯები, 22 მარტს, „ქართული ოცნების“ სხვა არაერთი წარმომადგენლისგან ისმოდა.

პარტიის გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების დაგვიანებაც გაიხსენა:

„მთავარი მიზეზი იყო ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა, რომ ხალხი დაეპირისპირებინათ ხელისუფლებისთვის და ძალიან მარტივი მესიჯი ჰქონდათ, რომ - აი, თქვენ, იცით - ქართველები კარგი ხალხი ხართ, იმსახურებთ ევროპას, ევროპულ მომავალს, სტატუსს, მაგრამ, აი - ხელისუფლება გყავთ ცუდი. აი, ასეთი სიბინძურე იყო ჩაფიქრებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ქართველი კაცი გონიერია - არ გამოუვიდათ ამ ყველაფრის განხორციელება და იძულებული გახდნენ ქვეყნისთვის მიეცათ სტატუსი, რომელიც მანამდეც გვეკუთვნოდა“, - ამბობს კახა კალაძე.

ბრიუსელის უსამართლობაზე საქართველოს მმართველი პარტია აქტიურად მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც 2022 წლის ივნისში, ევროკომისიამ და შემდეგ უკვე ევროპულმა საბჭომ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით.
ევროინტეგრაციის თემას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მათი მოკავშირეები - ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის თემასაც უკავშირებდნენ.
2022 წლის 6 ივლისს, მაშინ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში თქვა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი გარანტირებული ექნებოდა ომის დაწყების შემთხვევაში, თუმცა „ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს“ და „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი ავირიდოთ თავიდან“, - თქვა კობახიძემ.

„თვალთმაქცობა და საარჩევნო ტრიუკებია“, - ასე აფასებს კახა გოგოლაშვილი ევროკავშირის უსამართლობასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს.

„რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი არ მოელის, რომ „ქართული ოცნება“ ევროკომისიის 9 დათქმას შეასრულებს:

„მაგალითად, ანტიკორუფციული მოთხოვნა რომ მიიყვანოს ბოლომდე ისე, როგორც ევროკავშირი სთხოვს, ანტიკორუფციულ ბიუროს მთლიანად უნდა გაუხსნას ხელ-ფეხი, რომ იმან გამოიძიოს, მაგალითად - პრემიერ-მინისტრები რატომ არ ასაჯაროებდნენ მთავრობის გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში... არჩევნების წინ ეს ხომ ხარაკირი იქნება.

ასევე, მაგალითად, ევროკავშირის რეკომენდაციები რომ გაითვალისწინონ, საარჩევნო ბარიერი უნდა შეამცირონ 2%-მდე და საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები, რომელსაც ახლა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას უპირებენ, უკან უნდა დააბრუნონ და მიიღონ ნორმალური კანონმდებლობა. გააკეთებენ ამას? არ გააკეთებენ, რადგან ხვდებიან, რომ ასეთნაირად ვერ გაიმარჯვებენ არჩევნებში“, - ეუბნება კახა გოგოლაშვილი რადიო თავისუფლებას.

ექსპერტი ამას უკავშირებს „ქართული ოცნების“ მცდელობას, ევროკავშირის უსამართლობასა და არაობიექტურობაში დაარწმუნოს საზოგადოება და „თუკი არჩევნებში გამარჯვებისთვის საკმარისი ნაწილი დაარწმუნა“, მაშინ „წავლენ ნებისმიერ გაუხეშებაზე [ევროკავშირთან]“ და „შესაძლოა, ევროკავშირთან საერთოდ გაცივდეს ურთიერთობები“, - ამბობს გოგოლაშვილი. ის თითქმის გამორიცხავს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინ წაწევის საკითხი ბრიუსელმა 2024 წლის არჩევნებამდე შეაფასოს - „ყველაფერი არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული“.

9 დათქმა - "დრო იწურება"

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, ჟურნალისტებთან საუბრისას, 22 მარტს, თავი აარიდა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხს.

ელჩმა ბრწყინვალე უწოდა ბოსნია-ჰერცეგოვინის შესახებ ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებას და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ, თუკი მოინდომებს, წინ წაწევის რეალური შანსი საქართველოსაც აქვს; ამისთვის კი აუცილებელია, საქართველომ შეასრულოს ყველა ის პირობა, რომლებიც ევროკომისიამ 9 ნაბიჯის სახით „შავით თეთრზე“ დაწერა.

ჰერჩინსკი მიანიშნებს, რომ - ევროკავშირი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არაფერს დააძალებს.

„თუ რაღაც მიზეზით თქვენ [საქართველო] თვლით, რომ გჭირდებათ მეტი დრო, ანდა მეტი დაფიქრება გჭირდებათ, ან არსებობს უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, ვიდრე ევროკავშირში ინტეგრაციაა, ეს თქვენი ნებაა. როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა არჩევანს, რაც აქ, თბილისში გაკეთდება, მაგრამ რაშიც მინდა დაგარწმუნოთ - კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ ხმამაღლა და ნათლად განაცხადა, რომ - კარი ღიაა და ჩვენ თქვენ გელოდებით“, - განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ.

პაველ ჰერჩინსკი დღეს დილით დაბრუნდა ბრიუსელიდან, სადაც ევროპული საბჭოს ფორმატში, 27 წევრი ქვეყნის ლიდერები 2-დღიან [21-22 მარტი] შეხვედრას მართავდნენ და რომელზეც - უკრაინის დახმარების საკითხთან ერთად, გაფართოების თემატიკაც განიხილებოდა.

ელჩმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუკი საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინ წაწევა და დეკემბრისთვის [ევროპული საბჭოს ხელახალი შეფასებისას] შესაბამისი შედეგის მიღება სურს - უნდა იჩქაროს, რადგან საარჩევნო წელიწადი ისედაც არ არის ხელსაყრელი დრო რეფორმებისთვის და „დრო იწურება“.

„ევროპული საბჭო ცნობად იღებს საქართველოს განგრძობად ძალისხმევას და მხარს უჭერს ქვეყანას წაიწიოს წინ გადაუჭრელი პრიორიტეტული რეფორმების მიმართულებით“, - წერია ევროპული საბჭოს ფორმატში ლიდერების მიერ მიღებულ ერთობლივი განცხადების ქვეთავში - „გაფართოება და რეფორმები“.

ამავე ქვეთავში ხაზგასმულია უკრაინის, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.

რა დაუფასდა ბოსნიას?

„ქვეყანამ გადადგა შთამბეჭდავი ნაბიჯები ჩვენი კავშირისკენ. ბევრად მეტ პროგრესს მიაღწია ერთ წელიწადში, ვიდრე მთელ გასულ დეკადაში. ბოსნია-ჰერცეგოვინა ახლა სრულ შესაბამისობაშია ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, 21 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც ბოსნია-ჰერცეგოვინას ისტორიულ დღეს ულოცავდა.

მანამდე, 12 მარტს, როცა ევროკომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება გამოაცხადა, ფონ დერ ლაიენმა განმარტა, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინა „აჩვენებს, რომ შეუძლია დააკმაყოფილოს წევრობის კრიტერიუმი და მისი მოქალაქეების მისწრაფება, გახდნენ ჩვენი ოჯახის ნაწილი“.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP-ის) დამფუძნებელს, კორნელი კაკაჩიას არ უკვირს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ბოსნია-ჰერცეგოვინის მიღწევებს შორის პირველ ადგილას - ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობა დაასახელა.

„ევროკავშირი ვერ დათმობს პოტენციური წევრებისგან მის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შეუსაბამობას... ევროკავშირს, რომელიც გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებს, უნგრეთის მხრიდან წინააღმდეგობებმა ისეთი პრობლემა შეუქმნა, რომ მეორე ასეთი ქვეყანა აღარ სჭირდებათ.

გაწევრიანების შანსი არა აქვს ქვეყანას, რომელიც არ ეთანხმება ევროკავშირის პოლიტიკას. ეს საკითხი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ახლა, ვიდრე ჩვენთან შეიძლება ჰგონიათ... როცა ექსკლუზიურ კლუბში გინდა შესვლა, ან მათი წესები უნდა მიიღო, ან არ უნდა შეხვიდე“, - კორნელი კაკაჩია შეუსაბამობებს შორის ჩამოთვლის - საქართველოს მიერ არჩეულ პოლიტიკას უკრაინასთან, მოლდოვასთან, რუსეთსა თუ ჩინეთთან მიმართებით.

საერთო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკაში თანხვედრა - ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაწერილი 9 დათქმის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

ასევე, ეს საკითხი - ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დაასახელა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა 2024 წლის თებერვალში, როცა ირაკლი კობახიძეს, როგორც პრემიერ-მინისტრს, პირველად შეხვდა ბრიუსელში.

მაშინ პრიორიტეტებს შორის დასახელდა ასევე - ანტიდასავლური რიტორიკის წინააღმდეგ ბრძოლა და საარჩევნო რეფორმა, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის.

ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველომდე ერთი წლით ადრე, 2022 წლის დეკემბერში მიენიჭა.
2023 წლის დეკემბერში, ევროკავშირის ლიდერებმა ამ ქვეყანას დაუწესეს პირობები, რომელთა შესრულების შემდეგ, მალევე დაიწყებოდა გაწევრიანების მოლაპარაკებები.
პროგრესი მარტში შეფასდა და ევროკომისიამ განაცხადა, რომ ბალკანეთის სახელმწიფო მზად არის შემდეგ საფეხურზე ასასვლელად.
ბოსნია-ჰერცეგოვინამ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების უფლება მოიპოვა 8 წელიწადში, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანიდან.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG