Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკანდახევა არ იქნება! რას ჰპირდებიან ზელენსკი და პუტინი 2024 წელს თავიანთ მოქალაქეებს?


ახალი წლის ღამეს რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით გაშვებული, 90 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო თვითმფრინავი ადასტურებს, რომ მოსკოვი არც 2024 წელს აპირებს თავის საომარ გეგმებში კორექტივების შეტანას.

„მშვიდობა იქნება მაშინ, როცა ჩვენს მიზნებს მივაღწევთ“, - განაცხადა პუტინმა გასული წლის ბოლოს, 14 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციასა და მოქალაქეებთან ე.წ. პირდაპირი ხაზის დროს.

დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას ვლადიმირ პუტინი მოსახლეობას თავის საახალწლო მიმართვაშიც დაჰპირდა.

„ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ურთულესი ამოცანების გადაჭრა შეგვიძლია და უკან არასოდეს დავიხევთ, რადგან არ არსებობს ისეთი ძალა, რომელსაც შეუძლია გაგვყოს, რომელიც გვაიძულებს დაგვივიწყოს მამების მეხსიერება და რწმენა, შეაჩეროს ჩვენი განვითარება“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებისადმი საახალწლო მიმართვაში.

თავის მხრივ, აგრესორ ქვეყანას 2024 წელს მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით „გააფთრებულ წინააღმდეგობას“ დაჰპირდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც კოლექტიური დასავლეთისგან 2024 წელს ამერიკული წარმოების გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემას ელის.

„ჩვენი მფრინავები უკვე ეუფლებიან F-16-ებს და ჩვენ მათ აუცილებლად ვიხილავთ ჩვენს ცაში, რათა ჩვენმა მტერმა დაინახოს, თუ რას ნიშნავს ნამდვილი რისხვა. და მომავალ წელს მტერი იგრძნობს სამამულო წარმოების რისხვასაც. ეს იქნება ჩვენი იარაღი, ჩვენი ტექნიკა, არტილერია, ჩვენი საზღვაო და მინიმუმ მილიონამდე საჰაერო დრონი. ყველაფერი ის, რითაც ჩვენ მათ გულუხვად გავუმასპინძლდებით. ხმელეთზე, ჰაერსა და, რა თქმა უნდა, ზღვაზე. ჩვენს შავ ზღვაზე. და ჩვენი ქმედებები შავ ზღვაზე ფაშისტური ფლოტის ისტორიის შავი ფურცლად იქცა“, - მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლეობის საახალწლოდ.

ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს ერთ-ერთი ძლიერი საავიაციო იერიში ანექსირებული ფეოდოსიის პორტზე, რასაც ინფრასტრუქტურის გარდა, პორტში მდგარი დიდი სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკის" განადგურება მოჰყვა.

სამხედროების ფონზე (გა)დაწერილი პუტინის საახალწლო მიმართვა

თებერვალში ორი წელიწადი შესრულდება მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინის ბრძანებით იბრძვის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო არმია მეზობელი ქვეყნის, უკრაინის ტერიტორიაზე ამ ქვეყნის მიერ არჩეული ხელისუფლებისა და განვითარების ევროატლანტიკური კურსის შესაცვლელად, რასაც კრემლი „დენაციფიკაციას“ და „დემილიტარიზაციას“ უწოდებს.

უკრაინაში შეჭრამდე კრემლმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. ომის მსვლელობისას რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები, თუმცა ვერცერთ მათგანს სრულად ვერ აკონტროლებს.

მიუხედავად ამისა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის მიზნების მიღწევის შემდეგ და დარწმუნებულია, რომ ეს მიზანი რუსეთის ყველა მოქალაქეს აერთიანებს.

„და მთავარი, რაც გვაერთიანებდა და გვაერთიანებს, არის სამშობლოს ბედი. ღრმა გაგება იმ ისტორიული ეტაპის უმაღლესი მნიშვნელობისა, რომელსაც რუსეთი გადის, იმ ამბიციური მიზნებისა, რომელთა წინაშეც საზოგადოება დგას, და სამშობლოზე უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი განიცდის... საზოგადოება გააერთიანა საერთო კეთილდღეობისთვის ღვაწლმა. ჩვენ გაერთიანებულნი ვართ ჩვენს მისწრაფებაში, შრომასა თუ ბრძოლაში, სადაგ დღეებსა თუ დღესასწაულებზე, ვამჟღავნებთ რა რუსი ხალხის ყველაზე მნიშვნელოვან თვისებებს - სოლიდარობას, გულმოწყალებას და შეუპოვრობას“, - თქვა ვლადიმირ პუტინმა კრემლის ფონზე გაკეთებულ საახალწლო მიმართვაში.

31 დეკემბერს რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინის ვიდეომიმართვა შაბათს, 30 დეკემბერს ბელგოროდის დაბომბვის გამო გადაიწერა. კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა პუტინის ვიდეომიმართვის გადაწერის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა. გასული წლის ბოლოს, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ბელგოროდში 24 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

უკრაინის ჯარებს ბელგოროდზე იერიშის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. სპეცსამსახურებში „უკრაინსკა პრავდის“ წყარო აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს სამხედრო ობიექტებზე, მაგრამ რუსეთის საჰაერო თავდაცვის შეცდომების გამო რაკეტების ნამსხვრევები ქალაქის ცენტრში ჩამოცვივდა.

„ვისაც ჩვენს მიწაზე ჯოჯოხეთი მოაქვს, ის ერთხელ საკუთარი ფანჯრებიდან დაინახავს ამას“

ბელგოროდის დაბომბვამდე ერთი დღით ადრე რუსეთმა, როგორც კიევი აცხადებს, მთელი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასირებული საავიაციო იერიში განახორციელა, რასაც სულ მცირე 30 ადამიანი შეეწირა, 160 დაშავდა.

რუსეთმა ჰიპერბგერითი და სხვა რაკეტებით, ასევე დრონებით მიიტანა იერიში სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე კიევში, ლვოვში, ოდესასა და სხვა ქალაქებში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა გამოიყენა იარაღის თითქმის ყველა სახეობა, რაც აქვს არსენალში. „უკრაინა პასუხს გასცემს ყველა თავდასხმას“, - აღნიშნა ვოლოდიმრ ზელენსკიმ, რომელმაც იგივე თავის საახალწლო მიმართვაშიც გაიმეორა.

„და რამდენი რაკეტაც არ უნდა გამოუშვას მტერმა, რამდენი მასირებული, უმოწყალო და მზაკვრული იერიშიც არ უნდა განახორციელოს ჩვენი, უკრაინელების დასაშინებლად, გასატეხად, მიწაზე დასანარცხებლად და დასასამარებლად, - ჩვენ მაინც წამოვდგებით. ვინაიდან ის, ვისაც ჩვენს მიწაზე ჯოჯოხეთი მოაქვს, ერთხელაც ამას საკუთარი ფანჯრებიდან დაინახავს“, - განაცხადა თავის მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა უსურვა ყველა მოქალაქეს, რომელიც „ყოყმანობს“, რომ გააკეთონ მტკიცე არჩევანი - დაიცვან თავისი მშობლიური ქვეყანა, უფრო მეტი იმუშაონ და იბრძოლონ ქვეყნის გამარჯვებისთვის, რომელიც უკრაინელებმა თავად უნდა მოიპოვონ.


„და ამისთვის დღეს ჩვენ უნდა ვიცხოვროთ წესით: შენ ან იბრძვი, ან შრომობ. ვინაიდან ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ტერორისტული სახელმწიფო. ამიტომ ცხადია, თუ რამდენად უფრო მეტის გაკეთება გვმართებს, რამდენად აქტიურად უნდა ვიღვაწოთ, რამდენად მტკიცე უნდა იყო ჩვენი ბრძოლა და ერთიანობა“, - აღნიშნა საახალწლო მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ახალი წლის წინა დღით უკრაინის პრეზიდენტს სამხედრო სარდლობის შემაჯამებელ სხდომაზე სამხედროებმა 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინეს.

„წელი შევაჯამეთ. გავაანალიზეთ საბრძოლო მოქმედებების წარმოების შედეგები და გადაწყვეტილებები. რა გავაკეთეთ სწორად და რის გაუმჯობესება შეგვეძლო“, დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამში. სხვა დეტალები პრეზიდენტს არ უხსენებია. და არც დაპირებები არ გაუცია, გარდა ერთისა:

„ისევე როგორც გასული წლის 31 დეკემბერს, მე დღესაც გეუბნებით: "არ ვიცით, რას მოგვიტანს ახალი წელი". მაგრამ წელს შეგვიძლია დავამატოთ: "რაც არ უნდა მოგვიტანოს, ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით", - განაცხადა ზელენსკიმ თავის საახალწლო ვიდეომიმართვაში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG