Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს ერთი დიდი ციხეა.“ ყირიმიდან გაქცევა რუსეთის ხელისუფლებისგან თავის დასაღწევად

ფოტოკოლაჟი: არტიომ ზვენიგოროდსკი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტითა და საშუალო სკოლის ატესტატით, ასევე უკრაინის დროშით, კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე
ფოტოკოლაჟი: არტიომ ზვენიგოროდსკი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტითა და საშუალო სკოლის ატესტატით, ასევე უკრაინის დროშით, კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე

არტიომ ზვენიგოროდსკი ექვსი წლის იყო, როდესაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა. მშობლები რუსეთის ხელისუფლების ერთგულები იყვნენ, მაგრამ არტიომი მალევე მიხვდა, რომ რუსეთში ცხოვრება არ სურდა.

მან დამოუკიდებლად ისწავლა უკრაინული ენა და, როგორც კი 18 წელი შეუსრულდა, უკრაინის ძირითად ნაწილში გაემგზავრა; ამ დროისთვის, მას ყირიმში უკვე სამხედრო სამსახურში გაწვევის შეტყობინება მიღებული ჰქონდა.

არტიომი ამჟამად კიევში ცხოვრობს: სურს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ისწავლოს და თავის ტოლებს ოკუპირებული ყირიმიდან გამოსვლაში დაეხმაროს. არტიომმა თავისი ამბავი რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტ „კრიმ.რეალიის“ უამბო.

არტიომ ზვენიგოროდსკი ზაპოროჟიეში დაიბადა, თუმცა ხუთი წლის ასაკში მისი ოჯახი ყირიმში გადავიდა საცხოვრებლად. ერთი წლის შემდეგ, 2014 წელს, რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. ის ამბობს, რომ პრორუსულ გარემოში გაიზარდა:

„ამ საკითხებზე ჩემს მშობლებთან არ ვსაუბრობდი; ისინი ძალიან აპოლიტიკურები არიან. ვერ ვიტყვი, რომ ისინი ოკუპაციას უჭერდნენ მხარს, უფრო ვიტყოდი, რომ მას წინააღმდეგობას არ უწევდნენ“, - ამბობს ყირიმელი მოზარდი.

ანუ, მათი დამოკიდებულებაა ასეთია: „რაც არის, არის, ჩვენთვის სულერთია. ისინი მოერგნენ რუსეთს და ყველაფერი აწყობთ”.

არტიომი ამბობს, რომ თავდაპირველად ის დიდად ვერ ერკვეოდა, რას ნიშნავდა სინამდვილეში ყირიმის ოკუპაცია: ის ბავშვი იყო, როდესაც ეს მოხდა. მაგრამ როცა უკვე სკოლაში წავიდა, იქ ყირიმის სკოლების მოსწავლეები მასობრივი პროპაგანდის სამიზნე გახდნენ, რათა პროუკრაინული განწყობები აღმოეფხვრათ.

„მახსოვს 2015 წელი. სკოლაში ვიყავი და ფანჯრიდან ვიყვირე: „დიდება უკრაინას!“. ზუსტად ხუთი წუთის შემდეგ ფსიქოლოგი მოვიდა და იკითხა, ვინ ჩაიდინა ეს. მე ვაღიარე, – იხსენებს არტიომი. – და დამიწყეს ლაპარაკი, რომ ეს ძალიან ცუდია, რომ ეს არასწორია, რომ ამას ნაცისტები ყვიროდნენ, როცა ბავშვებს ხოცავდნენ დონბასში მეორე მსოფლიო ომის დროს. რვა წლის ვიყავი, მაგრამ უკვე მაშინაც მესმოდა, რომ ეს რაღაც სისულელე იყო“.

პროპაგანდა ყოველწლიურად სულ უფრო ძლიერდებოდა
„მახსოვს, როგორ გამოდიოდა მხოლოდ რუსული ახალი ამბები, როგორ აჩვენებდნენ იმას, რომ მანქანებს უკრაინულ სანომრე ნიშნებს გლეჯდნენ, აჩვენებდნენ დროშების ჩამოგდებას, როგორ ცვლიდნენ სიმბოლიკას და ა.შ.“, - იხსენებს ზვენიგოროდსკი თავის ცხოვრებას ყირიმში.

არტიომ ზვენიგოროდსკი სევასტოპოლში
არტიომ ზვენიგოროდსკი სევასტოპოლში

არტიომი უკრაინულად ლაპარაკობს მიუხედავად იმისა, რომ რუსულენოვან გარემოში გაიზარდა. ის განმარტავს, რომ ენა ჯერ კიდევ ბავშვობაში ისწავლა, როდესაც თანამგზავრის საშუალებით უკრაინულ ტელევიზიას უყურებდა. მისი ოჯახი სახლში რუსულად საუბრობდა და მთლიანობაში, ყოველდღიურობიდან, უკრაინული ენა ძლიერად იდევნებოდა.

„ყირიმში უკრაინულად არავინ საუბრობს. სამწუხაროდ, იქ უკრაინული ენა თითქმის მკვდარია. ოფიციალურად იქ სამი ენა არსებობს: რუსული, ყირიმულ-თათრული და უკრაინული. მაგრამ თუ ყირიმში უკრაინულად ისაუბრებთ, ეს კარგად არ დასრულდება“, - ამბობს ის.

არტიომის თქმით, მისი შეხედულებები რადიკალურად შეიცვალა 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ აგრესორი რუსეთი იყო და ყირიმში ცხოვრება აღარ სურდა.

„მე, როგორც მედიაში მუშაობის მსურველმა, დავიწყე ინფორმაციის ძიება და საკითხში გარკვევა. და უკვე ორიოდ თვეში ნათლად ჩამოვაყალიბე ჩემი პოზიცია: მე უკრაინელი ვარ, ომი ცუდია, რუსეთი აგრესორია, – განმარტავს ის თავისი შეხედულებების ევოლუციას. – მაშინაც კი, თუ მხოლოდ რუსულ ტელევიზიას უყურებ, შეგიძლია მიხვდე, რომ რაღაც ისე არ არის: გუშინ ერთს ამბობდნენ, ხვალ – მეორეს“.

„მე, ასევე, როგორც ადამიანი, რომელმაც იცის VPN-ის და სხვათა გამოყენება, ვკითხულობდი სხვადასხვა წყაროებს: პრორუსულსაც, პროუკრაინულსაც და ნეიტრალურსაც. ვადარებდი ინფორმაციას: რას ამბობს რუსეთი, მაგალითად, „კიევის რეჟიმმა დაბომბა რომელიღაც სოფელი“. ვუყურებ პროუკრაინული მხარის ვიდეოებს, ვუყურებ ამერიკული მედიის ვიდეოებს - და იქ ნათლად ჩანს, როგორც იყო: რუსეთის საჰაერო თავდაცვა ან რაღაც ეგეთი, - იხსენებს ის. - რუსეთი ამბობს: „ჩვენ გავათავისუფლებთ უკრაინას“ და შემდეგ ვხედავ, რომ მარიუპოლი განადგურებულია, რომ იქ მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. ასე რომ, საკმარისია, იყო ობიექტური, ლოგიკურად იფიქრო და არ დახუჭო თვალი აშკარა ფაქტებზე“.

არტიომი იხსენებს პროპაგანდის გაკვეთილებს სკოლაში, რომელშიც დადიოდა. ის ადასტურებს, რომ გაკვეთილებზე ჯარისკაცები მოჰყავდათ და უკრაინასთან ომის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ.

„2022 წლიდან, ყოველ ორშაბათს, ყველა ბავშვი უნდა შეკრებილიყო გარეთ (სკოლასთან), ემღერა რუსეთის ჰიმნი და აღემართა დროშა, - ჰყვება ის. - გაკვეთილების ნაცვლად ატარებდნენ „საუბრებს მნიშვნელოვან საკითხებზე“ (პროპაგანდის გაკვეთილები), თემებზე „სვო“-ს (როგორც რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს უკრაინასთან ომის დარქმევას) „გმირების“ შესახებ.“

არტიომი იხსენებს, რომ პროპაგანდის გაკვეთილებზე პატრიოტიზმის დონე ყოველწლიურად იზრდებოდა.
„როდესაც მეხუთე კლასში ხარ, უბრალოდ გეუბნებიან: „შენ რუსეთში ცხოვრობ“. მეშვიდე კლასში კი გეუბნებიან, რომ შენ რუსეთში ცხოვრობ, ხოლო ყველა შენს გარშემო - მტერია. მეცხრე კლასში უკვე გეუბნებიან, რომ შენ რუსეთში ცხოვრობ, გარშემო მტრები არიან და ახლა შენი მთავარი მტერი არის დასავლეთი და უკრაინა“, - ამბობს ის. „ ხოლო მეთერთმეტე კლასში გეუბნებიან: აი, ჩვენ სამხედროები ვართ, ჩვენ ვართ „გმირები“, ამიტომ შემოგვიერთდი. გახდი სამშობლოს დამცველი, წადი ჯარში“.

„არსებობს „ახალგაზრდული არმია“, საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ორგანიზაცია, რომელიც „პატრიოტულ აღზრდაზეა“ ორიენტირებული. დადიხარ საპროტესტო აქციებზე, მხარს უჭერ სამხედროებს, ქსოვ შენიღბვის ბადეებს და ა.შ. და ისინი, ვინც ამ ორგანიზაციებში იმყოფებიან, იღებენ „ფუნთუშებს" (შეღავათებს). მაგალითად, შეგიძლია ხვალ სკოლაში არ მიხვიდე ან შეღავათი გაგიწიონ საკონტროლოში - აი, ამდაგვარი რაღაცები“, - იხსენებს არტიომი.

როცა არტიომის პროუკრაინული პოზიცია ჩამოყალიბდა, ის შიშობდა, არ მიეპყრო „ყირიმის სმერშ“-ის ყურადღება: ამ დაჯგუფების წევრები უკრაინის მხარდამჭერი შეხედულებების მქონე ყირიმელებს უთვალთვალებდნენ. ის ამბობს, რომ ერთხელ მათ ინტერნეტში წააწყდა.

„მათი სახელწოდება ნიშნავს „სიკვდილი ჯაშუშებს“. ეს არის, როგორც საბჭოთა ორგანიზაცია, რომელიც ახლახან აღდგა. რას აკეთებს ის? აი, არის ვინმე, სახელად არტიომი, რომელიც უკრაინის მომხრეა. თუ ვინმე ამის შესახებ გაიგებს, აცნობებს „სმერშს“ და „სმერში“ მოდის არტიომთან“, - ამბობს ზვენიგოროდსკი. „ამის შემდეგ არტიომი მიჰყავთ ეფესბეში (უშიშროების ფედერალური სამსახური), იქ დაკითხავენ, გამოუწერენ ჯარიმას და აიძულებენ, ბოდიში მოიხადოს რუსეთის დროშისა და პუტინის პორტრეტის ფონზე“.

„ერთგული უნდა იყო. თუ ერთგული არ ხარ - რატომ არ ხარ? შენ რა, რუსეთის წინააღმდეგი ხარ? უკრაინის მომხრე ხარ? ესე იგი, შენ „ჟდუნი“ („ჟდუნი“ - მომლოდინე - ჟარგონზე რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებს უწოდებენ, რომლებიც უარყოფითად არიან განწყობილნი საკუთარი მთავრობის მიმართ და ჩუმად ელოდებიან, უკრაინის შემთხვევაში, რუსეთის ჯარების მოსვლას, ხოლო რუსეთის შემთხვევაში - რუსეთის რეჟიმის შეცვლას. რედ.), „ჯაშუში“, „მოღალატე“, „ბანდერა“ და „ნაცისტი“ ხარ, - ამბობს ის. - ანუ, ან რუსეთის მომხრე ხარ, ან მოღალატე. ვარიანტი - „მე აპოლიტიკური ვარ“ - არ არსებობს".

„როდესაც „ჩატ-რულეტკაზე“ (ვებსაიტი, რომელიც შემთხვევით მომხმარებლებს აკავშირებს და ვებკამერის საშუალებით ორ სხვა მომხმარებელს შორის ჩატის არჩევის შესაძლებლობას აძლევს) ხალხთან ვსაუბრობდი, ვამბობდი, რომ ყირიმიდან ვიყავი.

პოლიტიკაზე ვსაუბრობდი, მაგრამ ჩემს პოზიციას არ გამოვხატავდი. და აი, ერთ დღეს ერთი კაცი შემხვდა. მან მკითხა: „საიდან ხარ?“ - „ყირიმიდან“. - „ვისია ყირიმი?“ მე ვუპასუხე: „არ ვარ პოლიტიკაში ჩართული“. და მან თქვა: „აჰა, ჟდუნი!“ (ადამიანი, რომელიც ელოდება, რომ უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს - რედ.), - იხსენებს არტიომი. აღმოჩნდა, რომ ის „სმერშში“ მუშაობდა - ორგანიზაციაში, რომელიც ჩემნაირ ადამიანებს ეძებს. მისი თავიდან მოშორება რთული იყო, მაგრამ მოვახერხე“.

არტიომი ამბობს, რომ მას თავისი პროუკრაინული პოზიცია მეგობრებთანაც კი არ გამოუხატავს. ის ამბობს, რომ ყირიმში თანატოლებს ძირითადად პრორუსული შეხედულებები აქვთ. ხოლო ისინი, ვინც ოკუპაციას არ ეთანხმებიან, ამას მალავენ:

„ისინიც კი, ვისაც რუსეთი არ მოსწონს, საკუთარ თავს უფრო რუს ოპოზიციონერებად თვლიან, ვიდრე უკრაინელებად“, - აღნიშნავს არტიომი. „ყირიმში უკრაინული საკითხების განხილვა ძალიან რთულია, რადგან ეს არ არის უსაფრთხო. თუ ვინმე შენი ახლო მეგობარია, მაშინ შეგიძლია მასთან საუბარი. მაგრამ თუ ადამიანში ასი პროცენტით არ ხარ დარწმუნებული - ეს არ არის უსაფრთხო. ერთი ზარი, ერთი წერილი - და მორჩა, მოვლენ, წაგიყვანენ და ბოდიშს მოიხდი რუსეთის დროშის ფონზე.“

მოზარდი არაერთხელ ცდილობდა ესაუბრა დედასთან და მამინაცვალთან უკრაინაში ომის შესახებ, მისი სურვილის შესახებ, გამგზავრებულიყო ყირიმიდან, მაგრამ ეს თემა მათ ოჯახში ტაბუდადებული იყო. მშობლები ცდილობდნენ, ის წასვლისგან გადაერწმუნებინათ და რუსული პროპაგანდისტული ნარატივები მოჰყავდათ:

„ვეუბნები: ვფიქრობ, ის, რაც ახლა ხდება, არასწორია. ისინი ამბობენ: „დიახ“. მე ვეუბნები: ვფიქრობ, უკრაინის დროს უკეთესი იყო. ისინი ამბობენ: „დიახ“, - იხსენებს ის ამ საუბრებს. „მე ვეუბნები მათ, რომ მინდა „უკრაინაში“ წასვლა. ისინი მეუბნებიან: „არა, ჩვენ არ გაგიშვებთ“. ვეკითხები: „რატომ?“ - „იმიტომ, რომ იქ დაგაკავებენ, შენ უკვე რუსი ხარ. იქ ნაცისტი ბანდერას მხარდამჭერები არიან, რომლებიც ბიჭებს საცვლებით ჯვარს აცვამენ, იქ რუსულენოვანები სძულთ, რუსულად საუბრის გამო საერთოდ დაგიჭერენ“.

არტიომის მშობლები ეუბნებოდნენ, რომ ვითომ უკრაინაში სძულთ ყირიმელები, „დონეცკელები“ და „ლუგანსკელები“ - ანუ უკრაინელები, რომელთა რეგიონებიც რუსეთს ოკუპირებული აქვს.

„მე ვეუბნები მათ: „მარიუპოლიდან ჩამოდიან უკრაინაში, ბრუნდებიან, არის ჰუმანიტარული დერეფნები“. ისინი კი ამბობენ: „დიახ, ისინი უკრაინელები არიან, მაგრამ თქვენ 10 წელია რუსეთის ქვეშ ხარ, ისინი უკრაინელად არ გთვლიან“, - იხსენებს ზვენიგოროდსკი ოჯახთან საუბრებს. „მათი კიდევ ერთი არგუმენტია, რომ მე უკვე მაქვს რუსული პასპორტი და უკრაინულს არ მომცემენ. იურიდიულად ეს სრული სისულელეა, მაგრამ მათ სჯერათ - პროპაგანდამ ძალიან კარგად იმუშავა. ან ისინი თვლიან, რომ უბრალოდ დამაბამენ, მაწამებენ და მაშინვე ფრონტზე გამგზავნიან. ისინი ამბობენ: „მე ჩავალ და პირდაპირ პოკროვსკში გამგზავნიან“ (ქალაქი, რომლის მახლობლადაც რუსეთი და უკრაინა ამჟამად იბრძვიან).

„მე ვუხსნი: ასე არაა ასე. უკრაინაში მობილიზაცია 25 წლიდან იწყება (ახლა 22 წლიდან). სამხედრო სამსახურში გაწვევა არ არსებობს. ეს ყველაფერი სისულელე და პროპაგანდაა. ისინი (მისი მშობლები) კი ეუბნებიან: „არსადაც არ წახვალ“, - გვიყვება არტიომი.

არტიომ ზვენიგოროდსკი
არტიომ ზვენიგოროდსკი

სანამ არტიომი არასრულწლოვანი იყო, მას ყირიმის დამოუკიდებლად დატოვება არ შეეძლო; მას მშობლების ნებართვა სჭირდებოდა. თუმცა, ის ამბობს, რომ თავად გადაწყვიტა: როგორც კი 18 წლის გახდებოდა, წავიდოდა. კოლეჯში სწავლის დროს ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა და გაქცევისთვის ფულს აგროვებდა.

„როგორ შეგიძლია იცხოვრო ისეთ ადგილას, სადაც ხალხი შენს შეხედულებებს არ იზიარებს, სადაც ყოველთვის უცხო ადამიანი იქნები? როდესაც მაღაზიაში შედიხარ და ვიღაც ნაძირალა ქალს ავიწროებს და ხვდები, რომ ვერაფერს გააკეთებ?“ - განმარტავს არტიომი. „სადაც ადვილად შეიძლება ქუჩაში დანა დაგარტყან და ამ ადამიანს პასუხს არ მოსთხოვენ - იმიტომ, რომ ის ჯარისკაცია, „გმირი“. იქ კანონები არ მოქმედებს. მინდოდა ჟურნალისტი ვყოფილიყავი და ვიცოდი, რომ თუ ამ გზას ავირჩევდი, ციხეში მალე მოვხვდებოდი. პუტინის წინააღმდეგ ყოფნა და რუსეთში ცხოვრება - ეს ჩემი ვარიანტი არ იყო.“

"ჩემთვის ეს იყო ბრძოლა ღირსებისთვის, ბედნიერებისთვის, ცხოვრების აზრისთვის. თავისუფლებაში ცხოვრება – ეს არის ჩემი ცხოვრების აზრი. მაგრამ იქ თავისუფლება არ არის; ეს ერთი დიდი ციხეა", – ამბობს ის რუსეთზე.

არტიომს რუსული პასპორტის აღება მოუწია, 16 წლის ასაკში კი, ყველა სხვა რუსი მამაკაცი მოქალაქის მსგავსად, სამხედრო სამსახურში გასაწვევად რეგისტრირებას აიძულეს. როდესაც 18 წელი შეუსრულდა, სამხედრო აღრიცხვის სამსახურიდან გამოძახება მიიღო. არტიომი, თირკმლის დაავადების მიუხედავად, სამხედრო სამსახურისთვის ვარგისად ცნეს.

"მივედი და მეუბნებიან: "სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ხარ". ვეკითხები: " როგორ? აი, საავადმყოფოდან ცნობა". და მიპასუხეს: "მაგრამ აქ ხომ მოტოციკლით მოხვედი; ჩაფხუტი გიკეთია, ვხედავ. ანუ ვარგისი ხარ", — იხსენებს ზვენიგოროდსკი სამხედრო აღრიცხვის ოფისში გამართულ საუბარს. მერე ფსიქოლოგი შემოვიდა და ისეთი საუბარი გვქონდა, რომ სულ დამაბნია. მეკითხება: "სამსახურისთვის მზად ხარ?" მე ვუპასუხებ: "არა, უვარგისი ვარ". ის კი მეუბნება: "ისეთი დროა, როცა ყველა ვარგისია. და ისინიც კი, ვინც უვარგისია, მერე მაინც წავლენ".

უწყება, რომელიც არტიომმა რუსეთის სამხედრო კომისარიატიდან მიიღო
უწყება, რომელიც არტიომმა რუსეთის სამხედრო კომისარიატიდან მიიღო

გამოძახების მიღების შემდეგ, არტიომმა სამხედრო აღრიცხვის ოფისის თანამშრომლებს სთხოვა, ორი კვირით გადაედოთ მისი გაწვევა და მოიგონა, რომ ჩინეთში საქმიანი ვიზიტით მიემგზავრებოდა. ამასობაში, მან ყირიმის სასწრაფოდ დატოვების გზების ძებნა დაიწყო.

"თუ ყირიმიდან ხარ, ყირიმში იმსახურებ. რა პრობლემაა? შენ აქტიურ სამხედრო ნაწილებში მსახურობ და კანონიერი საომარი სამიზნე ხდები", — აღნიშნავს არტიომი. "და შენ, არსებითად, ამ სამხედრო აგრესიის ნაწილი ხდები. ის ფაქტი, რომ რაიმე ფორმით ამ აგრესიაში ვიქნებოდი ჩართული, ჩემთვის მიუღებელი იყო. ეს ის იყო, რისი დაშვებაც უბრალოდ არ შემეძლო. მერჩივნა, ციხეში მოვხვედრილიყავი, ვიდრე იმ არმიაში აღმოვჩენილიყავი".

ყირიმიდან წასვლაში დამხმარე ადამიანების პოვნა გაუჭირდა. არტიომი აღიარებს, რომ ეჭვი ეპარებოდა, შეეძლო თუ არა უცნობი მოხალისეების ნდობა. მაგრამ მან მაინც გადაწყვიტა გარისკვა.

"ყველას ვწერდი, მაგრამ უკრაინა ყირიმელებს არ ეხმარება . და არც არავინ მინახავს, ვინც ყირიმიდან წასულიყო; ამან შემაშინა", — ამბობს არტიომი. "საბოლოოდ, რამდენიმე უკრაინელი მოხალისე ვიპოვე. მათ ამიხსნეს, რა მოხდებოდა, რა მელოდა და რომ არაფერი იყო საშიში, რადგან მსგავსი შემთხვევები უკვე ჰქონდათ.”

არტიომი სევასტოპოლიდან როსტოვისკენ მიმავალ მატარებელში
არტიომი სევასტოპოლიდან როსტოვისკენ მიმავალ მატარებელში

ნატალია ლიუტიკოვამ, უკრაინელმა მოხალისემ და კოორდინატორმა პროექტისა "ოკუპაცია მოზარდის თვალით", თავად დატოვა ყირიმი 2014 წლის შემდეგ და ახლა ეხმარება არტიომის მსგავს ადამიანებს — სრულწლოვან ყირიმელ ახალგაზრდებს, რომლებსაც მშობლების მხარდაჭერა არ აქვთ — დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები. ის აღნიშნავს, რომ ყირიმში უამრავი ახალგაზრდა ელის, რომ კვლავ უკრაინას დაუბრუნდეს. ისინი უკრაინის ერთგულნი რჩებიან და ინტერესდებიან იქ მიმდინარე მოვლენებით.

"ასე რომ, ჩვენ ნამდვილად გვყავს ხალხი, რომელიც უნდა დავიბრუნოთ", — აღნიშნავს ლიუტიკოვა. "ყირიმის ახალგაზრდობა სწორედ ის ხალხია, რომელიც უკრაინის ერთგულია. ჩვენ რომც არ ვხედავდეთ მხარდაჭერის ამ ნიშნებს (და ეს ნორმალურია, რადგან ოკუპაციის პირობებში სახიფათოა, აჩვენო, რომ უკრაინას უჭერ მხარს), ჩემი დაკვირვებებისა და აქ ჩამოსული ახალგაზრდების მონათხრობის მიხედვით, ყირიმსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უამრავი ახალგაზრდა ელოდება უკრაინის დაბრუნებას, ერთგულია მისი და აინტერესებს, თუ რა ხდება აქ".

საბოლოოდ, არტიომმა მოიგონა, რომ როსტოვში სურდა წასვლა. მოხალისეებმა მას მატარებლის ბილეთები უყიდეს, ჯერ როსტოვში, შემდეგ კი მინსკში უნდა ჩასულიყო. ბელარუსში ის უკრაინის საკონსულოს დაუკავშირდა, სადაც დოკუმენტების მოწესრიგებაში დაეხმარნენ.

"საკონსულოში მივედი და ვთქვი: "მე ვარ ეს-და-ეს, აი, ჩემი დოკუმენტები". და სანამ წამოვიდოდი, მშობლების დოკუმენტების ფოტოასლები ფარულად გავაკეთე და ძალიან გამომადგა", ამბობს არტიომი. "ყველაფერი რეეესტრის მონაცემებს შეადარეს: დიახ, ეს ადამიანები მონაცემთა ბაზაში არიან. მე ყირიმში არ დავბადებულვარ, ზაპოროჟიეში დავიბადე, ამიტომ მონაცემთა ბაზაში ვიყავი. და ამან პირდაპირი მნიშვნელობით გადამარჩინა. ორ საათში "თეთრი პასპორტი" (უკრაინაში დაბრუნების დამადასტურებელი ცნობა) გამომიწერეს. და იმავე საღამოს, ამ დოკუმენტით ხელში, ბრესტისკენ გავემგზავრე. ხოლო "დომანოვოს" საგუშაგოზე საზღვრის გადაკვეთის პროცედურას შევუდექი. "

ნატალია ლიუტიკოვა ადასტურებს, რომ ამჟამად ბელარუსის გავლით დერეფანი საუკეთესო მარშრუტია მათთვის, ვისაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში დაბრუნება სურს. გამგზავრებამდე, ის ახალგაზრდებს ურჩევს, შეაგროვონ დოკუმენტები, რომელიც მათ უკრაინის მოქალაქეობის დადასტურებაში დაეხმარება.

"პირველ რიგში, უნდა იპოვოთ თქვენი უკრაინული დაბადების მოწმობის ორიგინალი. სასურველია, ასევე იქონიოთ მშობლების პასპორტების ასლები მაინც. ამ დოკუმენტებით შეგიძლიათ მიმართოთ როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისს, ასევე უკრაინის საკონსულოებს", — განმარტავს მოხალისე. "ბელარუსის გავლით ჰუმანიტარული დერეფანი მეტ-ნაკლებად გამართულად და მოხერხებულად მუშაობს. სხვა ქვეყნები, რომელთა გავლითაც ახალგაზრდები რუსეთიდან უკრაინაში ჩადიან, ფაქტობრივად, ყაზახეთია და სომხეთი. მაგრამ იქ საკონსულო სამსახურებთან ურთიერთობა მარტივი არ არის და, სამწუხაროდ, ადამიანები იქ ჩარჩებიან ხოლმე - ხშირად თვეების განმავლობაში, ზოგ შემთხვევაში კი — რამდენიმე წლის განმავლობაში, რადგან საკონსულო ყოველთვის არ თანამშრომლობს ან არ ეხმარება უკრაინაში დაბრუნების მსურველებს".

არტიომისთვის ყველაფერი შეუფერხებლად წარიმართა; უკრაინამდე მგზავრობას ხუთი დღე დასჭირდა. უკრაინის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მას მოხალისეები დახვდნენ, რომლებმაც კიევში დროებით საცხოვრებელი შესთავაზეს.
"კიევს რომ მივუახლოვდით, დილით მატარებელში უკრაინის ეროვნული ჰიმნის ხმაზე გამეღვიძა. კიდევ ერთი კვირა დამჭირდა, რომ გონს მოვსულიყავი", — იხსენებს არტიომი.
კიევში ჩასვლის შემდეგ არტიომმა დედას დაურეკა და უთხრა, სინამდვილეში სად იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ მშობლებთან კავშირზეა.

ყირიმიდან გაქცევის შემდეგ არტიომმა ბლოგიც წამოიწყო. სოციალურ ქსელში ის თავის მოგზაურობასა და გამოცდილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ სურს დაეხმაროს ახალგაზრდებს, რომლებიც ასევე ცდილობენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებას. ახალგაზრდა ყირიმელი აღიარებს, რომ უკვე საკმაო რაოდენობის ადამიანმა გაუგზავნა პირადი შეტყობინება მხარდაჭერის გამოსახატად და ეკითხებოდა, როგორ შეძლო ოკუპაციისგან თავის დაღწევა.

არტიომი კიევში, მაიდან ნეზალეჟნოსტიზე (დამოუკიდებლობის მოედანზე)
არტიომი კიევში, მაიდან ნეზალეჟნოსტიზე (დამოუკიდებლობის მოედანზე)

"ნაცნობმა ადამიანებმა, რომლებსაც ადრე თითქმის არ ვესაუბრებოდი, მომწერეს: "მისმინე, მეც უკრაინის მომხრე ვარ, როგორ შეძელი?" — ამბობს ის. "ვიცოდი, რომ ჩემზე ილაპარაკებდნენ, რომ იქნებოდა სიძულვილი და, შესაძლოა, მუქარებიც. მაგრამ მივხვდი, რომ სწორედ მედიის გაშუქების წყალობით მიაღწევდა ეს ინფორმაცია მათთან, ვისაც ის სჭირდებოდა — მათ, ვისაც სჭირდებოდა რეალური მაგალითი ყირიმიდან უკრაინაში გადასვლისა. იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩემსავით ეჭვებშია. ვინც დაინახავს: "დიახ, ის წავიდა" – და იმავეს გაკეთება მოუნდება".

"გასაოცარია: როდესაც მედიაში ამ საკითხს წამოჭრი, ის ხალხში რეზონანსს იწვევს. სწორედ ეს არის მთავარი.
რადგან საკონსულო ყოველთვის არ თანამშრომლობს ან არ ეხმარება რეპატრიაციაში. ეს არის მთავარი პრობლემა: ყირიმში ხალხს ამაზე ღიად საუბრის უფლება არ აქვს. ყირიმში რომ ასე რამე მეთქვა, უბრალოდ ჩამსვამდნენ ციხეში და ყველა დადუმდებოდა", — ფიქრობს არტიომი. "მაგრამ ხალხი ამის შესახებ პირად შეტყობინებებში მწერს. და ახლა ვხედავ, რამდენი ადამიანია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, მაგრამ ამის თქმა არ შეუძლია. ისინი გააჩუმეს".

კიევში არტიომმა უკრაინის პასპორტი მიიღო. ის ამბობს, რომ სურს ჟურნალისტიკა ისწავლოს და ევროპაში იმოგზაუროს. მაგრამ ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხალხს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში ცხოვრების შესახებ უამბოს და თავის თანატოლებს ოკუპაციისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს.

"დიახ, უკრაინაში თავისუფლად ვსუნთქავ; თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად", — ამბობს ახალგაზრდა კაცი ღიმილით.

This item is part of
XS
SM
MD
LG