Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სანქციების მეოცე პაკეტი რეპერ ტიმატის და ეკონომისტ დვორკოვიჩსაც შეეხება

ევროკავშირის სანქციების მეოცე პაკეტი ასევე შეეხება რეპერ ტიმატის და ეკონომისტ დვორკოვიჩს, 2026 წლის 9 თებერვალი
ევროკავშირის სანქციების მეოცე პაკეტი ასევე შეეხება რეპერ ტიმატის და ეკონომისტ დვორკოვიჩს, 2026 წლის 9 თებერვალი

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მეოცე პაკეტი მოიცავს 30 პირს და 64 ორგანიზაციას.

ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ისინი დაკავშირებული არიან უკრაინის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრასთან, ომის მხარდაჭერასთან და უკვე შემოღებული სანქციებისთვის თავის არიდებასთან. ამ ცნობას გვაწვდის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი.

სიაში არიან რუსეთის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი, ალექსეი რტიშჩევი და მისი მოადგილე, ანდრეი მარჩენკო, რომელსაც მანამდე დიდი ბრიტანეთის სანქციები შეეხო. შეზღუდვები შესაძლოა შეეხოს ასევე განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის, "ალაბუგის" დირექტორს, ტიმურ შაგივალეევს - ევროკავშირის მონაცემებით, "ალაბუგი" აწარმოებს "შაჰედის" ტიპის დრონებს, მათ შორის, სტუდენტების მონაწილეობით. სანქციათა პროექტში დასახელებულია კონცერნ "კალაშნიკოვის" გენერალური დირექტორი, ვლადიმირ ლეპინიც.

კულტურისა და სპორტის სფეროების წარმომადგენელთა შორის სიაში მოხვდნენ რეპერი ტიმატი (ტიმურ იუნუსოვი), რომელსაც ევროკავშირი რუსეთის პროპაგანდის გავრცელებაში სდებს ბრალს. აღინიშნება, რომ მუსიკოსი აქტიურად მოგზაურობს ევროპის მასშტაბით.

სიაშია კულტურის მინისტრის მოადგილე, სერგეი ობრივალინიც - მას ევროკავშირი ადანაშაულებს უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების წაღებასა და ნებართვების გაცემაში არქეოლოგიური სამუშაოების წარმოებაში ყირიმში. სანქციები შესაძლოა შეეხოს "ერმიტაჟის" დირექტორს, მიხაილ პიოტროვსკის - "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მხარდაჭერისთვის".

დოკუმენტში ასევე მოხსენიებულია ეკონომისტი არკადი დვორკოვიჩი, რუსეთის სპორტული ასპარეზობის ფედერაციის პრეზიდენტი, მიხაილ მამიაშვილი, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი, სტანისლავ პოზდნიაკოვი და მოკრივე ფიოდორ ჩუდინოვი.

ბიზნესმენებს შორის სანქციები შესაძლოა შეეხოს ყოფილ სენატორს და მილიარდერს სამშენებლო სფეროდან, ანდრეი მოლჩანოვს, ასევე მეწარმეებს - ილია შჩერბოვიჩს და ვლადიმირ ავეტისიანს.

ცალკეა მოხსენიებული ფინანსური და სანავთობო კომპანიები. სანქციათა სიაში იგეგმება კიდევ 20-მდე რუსული ბანკის შეყვანაც - მათ შორის "რუსკი სტანდარტის", "ავანგარდის".

მოელიან, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მეოცე პაკეტს დაამტკიცებენ 24 თებერვალს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG