Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოვრება ზღვარზე


აგვისტოს ომის დროს განადგურებული სახლი ზარდიაანთკარში
აგვისტოს ომის დროს განადგურებული სახლი ზარდიაანთკარში

ციცინო ელიკაშვილი სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრებია. ეს სოფელი გორის მუნიციპალიტეტში,საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს და აგვისტოს ომის შემდეგ ყველაზე დიდხანს ადგილობრივი მოსახლეობა იქ შესვლას ვერ ახერხებდა. ელიკაშვილების ოჯახიც გორის საბავშვო ბაღში ცხოვრობდა, დევნილობაში. ზარდიაანთკარში დაბრუნება მხოლოდ 2012 წლის შემდეგ შეძლეს, როცა იქ ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა, მაგრამ ბინა ნახევრად განადგურებული დახვდათ. ციცინო ელიკაშვილი, მეშვიდე წელია, ბინის შეკეთებას უშედეგოდ ითხოვს.

ცხოვრება ზღვარზე
please wait

No media source currently available

0:00 0:05:30 0:00
გადმოწერა

„ომისგან მიყენებული ზარალი იმდენად აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს, რომ სახლები დამწვარი და განადგურებულია, შემოსავლის წყარო მოსპობილია, 5 წელი სოფელში ვერ ვბრუნდებოდით და ის ძირითადი შემოსავლის წყარო მოისპო. ხალხს საარსებო წყარო აღარ აქვს და სახლებს როგორ გააკეთებს?! არც დაზარალებულის სტატუსი გვაქვს და არც დახმარება მიგვიღია. დღემდე ვითხოვთ, რომ სახლების რეაბილიტაცია მოხდეს“, - ამბობს ციცინო ელიკაშვილი.

ცისანა თაზიაშვილიც ზარდიაანთკარელია. მასაც დაზიანებული სახლის შეკეთების პრობლემა აქვს. ამბობს, რომ სოფელში ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი უკვე განხორციელდა, მაგრამ ეს არასაკმარისია.

„2012 წელს შევბრუნდით სოფელში საბავშვო ბაღებიდან. ვთხოულობდით, რომ სახლები გაეკეთებინათ, სახურავები და თითო-ოროლა ოთახიც გაეკეთებინათ, იმიტომ რომ კედლები ინგრევა. არაფერი არ გაგვიკეთეს. ეგ არის ჩვენი მთავარი პრობლემა“, - აცხადებს ცისანა თაზიაშვილი.

ციცინო და ცისანა სხვა თანასოფლელებთან ერთად დღეს გორში, დემოკრატიის სკოლაში, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს სოფლის პრობლემები.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ომით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებს იცავს როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. ცენტრის მიერ მრავალწლიანი მონიტორინგისა და კვლევის შედეგად იკვეთება, რომ კონფლიქტის ზონაში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების პრობლემები, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტთანაა დაკავშირებული, კვლავ მოუგვარებელია. ბევრ ოჯახს ომის დროს დაზიანებული სახლების შესაკეთებლად ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარება ჯერაც არ მიუღია. სახელმწიფოს ომით დაზარალებულთა ნაწილისთვის ჯერ კიდევ არ მიუნიჭებია მსხვერპლისა და დაზარალებულისსტატუსი.

შეხვედრა დემოკრატიის სკოლაში
შეხვედრა დემოკრატიის სკოლაში

საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ ადამიანებს თითქმის ყოველდღე აკავებენ უკანონოდ, რაზეც სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ნაკლები და უშედეგოა. ადგილობრივები ხშირად ვერ ახერხებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასაც კი. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა არაერთხელ მოიარა საოკუპაციო გამყოფი ხაზის სოფლები და ადგილზე გაეცნო იმ პრობლემებს, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს. მისი თქმით, სახელმწიფო უწყებები არასაკმარისად ეფექტურია ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.ამას ემატება სწრაფი მიგრაცია და გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლები დაცლის საფრთხის წინაშეა.

„10 წლის თავზე ჩვენ გვაქვს მიგრაციის ახალი ტალღა, მოსახლეობა უკვე მასიურად ტოვებს ამ სოფლებს. ერთი მხრივ, იმიტომ რომ არ არის არანაირი უსაფრთხოების გარანტიები. დაკავებები კვლავ გრძელდება, ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციაკვლავ გრძელდება, სამწუხაროდ, და ამ კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკა რეალურად არაეფექტურია. მეორე მხრივ, ის პროგრამები, რომლებიც ამ სოფლებში ხორციელდება, არასაკმარისია. ნამდვილად კარგია ის, რაც გაკეთდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ომით დაზარალებულებს, ძალიან ბევრ ადამიანს დღემდე არა აქვთ დაზარალებულის სტატუსი. სოციალ-ეკონომიკური პირობები არ არის გაუმჯობესებული. ინფრასტრუქტურული პრობლემებიც არის - ბევრ სოფელში არ არის გზა, არ არის სასმელი წყალი. პრობლემებია საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. 10 წელია გასული და ბევრი ადამიანი კვლავ ელის კომპენსაციას და დახმარებას. ეს, ალბათ, ის საკითხია, რომელიც დღემდე უნდა გამოსწორებულიყო და სწორედ ამიტომ არის საჭირო როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მონაწილეობა ამ პროცესში და ჩვენ აქ ვხედავთ, რომ კოორდინაცია მოიკოჭლებს მათ შორის. ჩვენ ვართ, სამწუხაროდ, იმ მდგომარეობის წინაშე, რომ მოსახლეობა უკვე მასობრივად ტოვებს რეგიონს და ეს არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი მიგრაცია, ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტებს ვუთმობთ ჩვენს ტერიტორიებს და რეალურად რისკები, რომლებიც არსებობს ამ კუთხეში, ხელისუფლება ამას ვერ აცნობიერებს“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

შეხვედრას ესწრებოდა გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი. მისი თქმით, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ყველაფერს აკეთებს. რაც შეეხება ზარდიაანთკარს, მერის განცხადებით, მოსახლეობის ნაწილმა ფინანსური კომპენსაცია უკვე მიიღო და, გარდა ამისა, კომისია კიდევ ერთხელ ამოწმებს ზარდიაანთკარის პრობლემებს, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში უნდა მოგვარდეს.

„სოფელი ზარდიაანთკარი ომის დროს დაზიანდა. რამდენიმე სახლი დაიწვა კიდევაც. ადგილზე ვიყავით და გადავამოწმეთ. არის ოჯახები, რომლებსაც კომპენსაციები აქვთ მიღებული, 15 ათასი დოლარი, იმისათვის რომ ეს სახლები აღედგინათ. ასევე ზარდიაანთკარელი მოსახლეობა ჩასახლებულია ჩვენს ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, რომლებიც ითხოვენ, რომ გაუკეთდეთ სახურავები. თავის დროზე მთავრობის კომისია ამაზე დადიოდა და გააკეთა აღწერა და ახლაც მიმდინარეობს ამაზე მუშაობა, იმიტომ რომ განახლდა ეს ხელმეორედ, იმიტომ რომ ეს მოსახლეობა მისახედია“, - აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების პრობლემები ასახულია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გამოცემულ ბოლო ანგარიშშიც, რომელიც დღეს შეკრებილ საზოგადოებას გადაეცა. ამ ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ის საჭიროებები, რომელთა მოგვარებას კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს.

XS
SM
MD
LG