Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საახალწლოდ ლარის კურსის გამყარებას მოელიან


ბოლო თვენახევრის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებით 10 თეთრით დაეცა და ამჟამად 2,16 - 2,18 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას საქართველოს მოსახლეობა, როგორც წესი, მეტად მტკივნეულად აღიქვამს, რადგანაც ამ არეულ დროში, ყველაფრის მიუხედავად, ლარს ხალხი სტაბილურობის ერთადერთ სიმბოლოდ მიიჩნევს.

ექსპერტები ეროვნული ვალუტის გაუფასურების ექვს ძირითად მიზეზს ასახელებენ. ესენია: ენერგომატარებლების იმპორტის ზრდა, ქვეყნის გარე და შიდა ფაქტორები, წარმოების უმოქმედობა, ინვესტიციების სიმცირე, გაზრდილი მოთხოვნა დოლარზე და საბიუჯეტო გადასახადების სუსტი მობილიზება.

პირველი მიზეზი, ენერგომატარებლების იმპორტის ზრდა, ზამთარს უკავშირდება. ამ დროს ქვეყნიდან, ნედლეულის შესაძენად, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დოლარი გაედინება და ლარს ე.წ. სეზონურ საფრთხეს უქმნის. ხსენებული პრობლემა, როგორც წესი, დროებითია და მას ადვილად მოევლება, თუკი თან სხვა რისკ-ფაქტორებიც არ ახლავს.

სამწუხაროდ, ლარს ამჟამად გაუფასურების ყველა ჩამოთვლილი რისკ-ფაქტორი ერთად ემუქრება და, თუკი ვითარებას კარგად ჩავუღრმავდებით, შეიძლება გაგვიკვირდეს კიდეც, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა ჯერ კიდევ ცოცხალია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია დარწმუნებულია, რომ ლარის კურსის ბოლოდროინდელი დაცემის ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზს საგადამხდელო ბალანსის მკვეთრი (ლამის – 2-ჯერ) გაუარესება წარმოადგენს. აქვე ვიტყვი, რომ საგადამხდელო ბალანსი, რომელზეც კაკულია საუბრობს, სხვა ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო და საფინანსო ურთიერთობების წამგებიან სურათს ასახავს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ეროვნულ ვალუტას მუდმივ საფრთხეს უქმნის ბიუჯეტში გადასახადების სუსტი მობილიზება, განსაკუთრებით კი - თვის შუა რიცხვებამდე. გავრცელებული სენის მიხედვით, გადამხდელები თვის უკანასკნელ დღეებს, ანუ ლარის ხელსაყრელ კურსს ელოდებიან, რათა “მწვანე კუპიურები” უფრო მომგებიანად გაყიდონ. ხსენებული პრობლემა გაამწვავა საქართველოს შიდა პოლიტიკურმა “მიწისძვრამ” და, როგორც ნოემბრის ხუთმილიონლარიანი გარღვევა მოწმობს, მინისტრების გადაყენება-გადმოყენების პროცესში ცენტრალური ბიუჯეტის ღლეტა კიდევ უფრო გააქტიურებულა.

ჩვენი ეროვნული ვალუტის შემავიწროებელი სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში ფულის დაგროვების საშუალებას არა ლარი, არამედ დოლარი წარმოადგენს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება მაშინ, როდესაც ლარის კურსი დაცემას იწყებს. ასეთ დროს, ინფლაციით შეშინებული მოსახლეობა ლარის დოლარზე გადაცვლას ჩქარობს და ამით, ქართულ ფულს, თავისდაუნებურად, გაუფასურების კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის.

საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში ლარის გასაჭირს უცხოური ინვესტიციების შემცირებაც დაემატა. საქმე ის არის, რომ ყველაზე მსხვილ ინვესტორს, შეერთებული შტატების კომპანია “AES”-ს, რომელმაც საქართველოში (ერთად აღებული) 120 მილიონი დოლარი შემოიტანა, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ თავადაც ძალიან გაუჭირდა. შედეგად, მისი მხრიდან ახალ ინვესტიციაზე საუბარი ამ ეტაპზე არარეალურია.

უამრავი რისკ-ფაქტორის მიუხედავად, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მოსახლეობას მაინც ამშვიდებს, რომ საახალწლოდ ლარის კურსი აუცილებლად გამყარდება. ეს ოპტიმისტური პროგნოზი ნაწილობრივ ალბათ იმასაც ემყარება, რომ საახალწლო სამზადისის პერიოდში მოსახლეობა საგულდაგულოდ მოგროვილ დოლარებს ლარებზე გადაცვლის. დაბოლოს, ეროვნული ბანკის კიდევ ერთი პროგნოზი: სადღესასწაულო ტალღის გადავლის შემდეგ, დოლართან მიმართებით ლარი 2,1-სა და 2,2-ის ფარგლებში კიდევ დიდხანს იმერყევებს. ხოლო კონკრეტულ ნიშნულზე მისი გაჩერება მხოლოდ აპრილში იქნება შესაძლებელი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG