Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოგრაფიული სიტუაცია რუმინეთში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა კომუნიზმის დაცემის შემდეგ, 1989 წელს, მოსახლეობის შემცირებას ამ ქვეყანაში რამდენიმე ფაქტორის კომბინაცია უწყობს ხელს. ესენია: შობადობის დონის კლება, მაღალი სიკვდილიანობა და ემიგრაცია.

ეს მოვლენები ქვეყნის ქრონიკულ სიდუხჭირეს, უმუშევრობის მაღალ დონესა და ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სისტემების მოშლას უნდა დავაბრალოთ.

ეს ნეგატიური ტენდენცია, როგორც ჩანს, გაგრძელდება, თუმცაღა უფრო შენელებული ტემპებით.

რუმინეთი, რომლის მოსახლეობა 22,5 მილიონია, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა.

მაგრამ, ისევე როგორც სხვა კომუნისტური ქვეყანა კომუნიზმის კოლაპსის შემდეგ, ისიც განუხრელად კარგავს მოსახლეობას. მშვიდობიან პერიოდში რუმინეთში ასეთ მოვლენას პირველად აქვს ადგილი.

რუმინეთი 1989 წლისთვის უკვე იყო ღარიბი ქვეყანა და შემდგომი ათი წლის განმავლობაში ის, განსხვავებით მისი აღმოსავლეთი ევროპის მეზობლებისგან, კიდევ უფრო გაღატაკდა.

საშუალო ხელფასი დაახლოებით 100 დოლარია. ის ევროპის ყველაზე ღატაკი ქვეყანაა და თუმცა წლეულს დაიწყო სუსტი ეკონომიკური ზრდა, ჯერჯერობით რუმინელების უმრავლესობას ის არ დასტყობია.

პროფესორი ვასილე ღეტაუ (Ghetau), რუმინეთის ერთერთი წამყვანი დემოგრაფი, თვლის, რომ თუ არ დაიწყება სერიოზული ეკონიმკური ზრდა და არ იქნება გატარებული საღი სოციალური პოლიტიკა, მოსახლეობის კლება არ შეჩერდება.

1999წელს 1000 ადამიანზე 10,4 ახალშობილი მოდიოდა. 2000 წელს მხოლოდ 6. 1989 წელს ერთი რუმინელი ქალი თავისი სიცოცხლის მანძილზე 2,2 ბავშვს აჩენდა, გასულ წელს მხოლოდ 1,3. მოსახლეობის დღევანდელი რიცხვის შესანარჩუნებლად საჭიროა 2,1.

რუმინეთში სიკვდილიანობის დონეც ერთერთი უმაღლესია აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს შორის.

რუმინეთის შემთხვევაში, მოსახლეობის მკვეთრ კლებას ხელი შეუწყო აბორტების აკრძალვის გაუქმებამ. ამ პოლიტიკას, მის დამხობამდე 1989 წელს, დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ ატარებდა.

კომუნიზმის პერიოდში კონტრასეპტივები და აბორტები აკრძალული იყო, რასაც მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტი ჰქონდა. ბევრი ქალი იატაკქვეშა აბორტს მიმართავდა, რაც ხშირად მისთვის სიკვდილითა და ექიმისთვის ციხით თავდებოდა. პროფესორი ღეტაუ ამბობს, რომ ეს აკრძალვები ახდენდა გარკვეულ ფსიქოლოგიურ გავლენას ქალებზე და როგორცა კი აკრძალვა გაუქმდა, შობადობამ გაცილებით უფრო მკვეთრად იკლო, ვიდრე სხვა პოსტ-კომუნისტურ ქვეყნაში.

(ღეტაუს ხმა) ნს092055
“ესეც ყოფილი რეჟიმის გადმონაშთია. არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუმინეთში ტარდებოდა ძალიან მკაცრი, შეიძლება ითქვას, უმოწყალო დემოგრაფიული პოლიტიკა, როცა შეზღუდული და კიდევაც აკრძალული იყო კონტარსეპტივები და აბორტები. როგორც კი ეს პოლიტიკა გაუქმდა 1989 წლის დეკემბერში, ცხადი იყო, რომ შობადობა მკვეთრად უნდა დაეცემულიყო.”

ქალებისთვის, რასაკვირველია, კონტრასეპტივების ხელმისაწვდომობა დადებითი მოვლენად იქცა. ქალების სიცხოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, ერთერთი ყველაზე დაბალი ევროპაში კომუნიზმის პერიოდში, ბოლო ათი წლის განმავლობაში ორი წლით გაიზარდა და 75 წელს მიაღწია.

რუმინეთის მოსახლეობის კლების კიდევ ერთი მიზეზია ეკონმიკური მიგრაცია. მზარდი უმუშევრობა ერეკება რუმინელებს საზღვარგარეთ და მრავალი მათგანი უკან დაბრუნებას არ აპირებს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებითად შემცირდა ლეგალური ემიგრაცია. 2000 წელს ემიგრციაში ოფიციალურად მხოლოდ 4 ათასი ადამიანი წავიდა. მაგრამ დღითი დღე იზრდება იმ, კარგად განათლებული ახალგაზრდა პროფესიონალების რიცხვი, რომლებიც ტოვებენ სამშობლოს, საზღვარგარეთს კარგ ხელფასიანი სამუშაოს მიღების იმედით. რუმინეთიდან დასავლეთში არალეგალური ემიგრაციის ოფიციალური მონაცემების მიღება არ ხერხდება, მაგრამ სავარაუდოთ, ეს ციფრი საკმაოდ მაღალი უნდა იყოს.

ქვეყნის შიგნით მიგრაცია აგრეთვე გაიზარდა, მაგრამ ტრადიციული -სოფლიდან ქალაქში გადასხლების ნაცვლად, ამ მოვლენას უკუ მიმართულება აქვს.

1970-იანი წლებში ინდუსტრიალიზაციის პიკზე, ასობით ათასი სოფლელი წააქეზეს გადასახლებულიყო ქალაქში, უზარამაზარ სახელმწიფო ფაბრიკა-ქარხნებზე სამუშაოდ. ახლა ბევრმა მათგანმა დაკარგა სამუშაო და იძულებულია სოფელში დაბრუნდეს, რათა საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე მოწეულით გამოკვებოს ოჯახი.

რუმინეთის ვერცერთმა, ვერც მემარცხენე და ვერც ამჟამინდელმა სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ ვერ მოახერხა ოჯახის ზრდის სტიმულირება.

შემწეობა ბავშვზე, საშუალო ხელფასის მხოლოდ 4 პროცენტს შეადგენს. მთავრობა აპირებს მომავალი სამი წლის განმავლობაში მის 10 პროცენტამდე გაზრდას.

აღსანიშნავია, რომ რუმინეთის მოსახლეობის საშუალო ასაკი 35 წელია, შედარებით დასავლეთ ევროპასთან საკმაოდ ახალგაზრდა. მოსალოდნელია, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ის 43 წელს მიაღწევს.

მიუხედავად ამისა შობადობის დაბალი დონის გამო, შემცირდება, აგრეთვე, მომუშავეთა და პენსიონერთა შეფარდებაც, და თუმცა დასავლეთ ევროპაში ეს შეფარდება გაცილებით უფრო დაბალია, რუმინეთის ეკონომიკისთვის ესეც საკმაოდ დამძაბველი იქნება.

აპრილში მიღებულ იქნა ახალი საპენსიო კანონი, რომლის თანახმად მომავალი 13-15 წლის განმავლობაში თანდადნობით გაიზრდება პენსიაში გასვლის ვადა და გახდება 65 წელი, როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის.

ამჟამად რუმინელი მამაკაცი პენსიაში 62, ქალი კი 57 წლის ასაკში გადის.

ამავე კანონით, 5-დან 12 პროცენტამდე გაიზრდება მომუშავის წილი საპენსიო ფონდში, დანარჩენი დამსაქმებელმა უნდა შეიტანოს.

მაგრამ რამდენად გაამართლებს თავს ეს სქემა საკითხავია. წარსულში სახელმწიფო საწარომებს საპენსიო ფონდში თავისი წილი არ შეჰქონდათ.

ისევე როგორც ჩეხეთში, რუმინეთშიც ამყარებენ გარკვეულ იმედებს კერძო საპენსიო გეგმებზე. მაგრამ ამ სისტემის ასამუშავებლად აუცილებელია მკაფიო კანონმდებლობა და სტაბილური ეკონომიკა. რუმინეთში არაფერი ამის მაგვარი არ არის.

ბოლო წლების ორმა გრანდიოზულმა საფინანსო სკანდალმა, რასაც ათასობით ადამიანის დანაზოგი შეეწირა, საერთოდ დაუკარგა რუმინელებს კერძო ინვესტიციებისამი ნდობა.
XS
SM
MD
LG