Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში


სოზარ სუბელიანი,თბილისი 19 დეკემბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოისმინა საქართველოს სახალხო დამცველის, ნანა დევდარიანის, რიგით მეორე ანგარიში

რომელშიც საქართველოში, 2001 წლის პირველ ნახევარში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაა ასახული. ანგარიშში ცალკე თავად არის გამოყოფილი ისეთი საკითხები, როგორიცაა კორუფცია და ადამიანის უფლებები, სინდისის თავისუფლება და რელიგიური ექსტრემიზმი, მდგომარეობა ჯარში და სამხედრო მოსამსახურეთა უფლებები, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, სოციალურ-ეკონომიკური უფლებები, კულტურული უფლებები, ბავშვთა უფლებები და სხვა. მიუხედავად დადებითი შეფასებისა, კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის ოფისის მიმართ კრიტიკული შენიშვნაც მრავლად გამოითქვა.

ნანა დევდარიანის მოხსენებაში საკმაო ადგილი დაიკავა იმ სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე საუბარმა, რომელიც ბოლო წლის განმავლობაში სახალხო დამცველის ოფისში განხორციელდა და იმ სიძნელეებზე ჩივილმა, რომლებსაც სახალხო დამცველის აპარატს დაუფინანსებლობა უქმნის. რაც შეეხება ადამიანის უფლებების დაცვას, დევდარიანმა ყველაზე მწვავედ ქართულ ჯარში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა:

[ნანა დევდარიანის ხმა] “ანგარიშში არის ამაზრზენი ფაქტები მოყვანილი იმასთან დაკავშირებით, რასაც რუსები ეძახიან დედოვშჩინას, რაც ჩვენთანაც გადმოვიდა, კიდევ უფრო ცუდი ფორმა მიიღო და კუთხურობის ნიშნით მიდის დაპირისპირება ჯარში. არის იერარქია: რაც იყო ადრე ციხეში და ქურდულ სამყაროში, იმან გადაინაცვლა ჯარში, ახლა არიან პატრონიანები, კარგი ბიჭები, მუჟიკები, შნირები…”

სამაგიეროდ, სახალხო დამცველის აზრით, სამართალდამცავ ორგანოებში წინა წლებთან შედარებით გაცილებით ნაკლებად ირღვევა ადამიანის უფლებები: [ნანა დევდარიანის ხმა] “გაცილებით უკეთესია მდგომარეობა, ვიდრე იყო არა მხოლოდ შარშან, არამედ ორი, სამი და ოთხი წლის წინ…”

მდგომარეობის გაუმჯობესების მიზეზი ყოფილა სახალხო დამცველის ოფისის მიერ ჩატარებული სემინარები, რომელთაც პოლიციისა და პროკურატურის მაღალი დონის ჩინოსნები, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალური პროკურორის პირველი მოადგილეებიც ესწრებოდნენ: [ნანა დევდარიანის ხმა] “აი, ამ ორდღიანი სემინარების შემდეგ მათი შეხედულებები ძალიან ბევრ საკითხზე შეიცვალა”.

ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდა კომიტეტის თავმჯდომარეს ელენე თევდორაძეს, რომლის აზრითაც ადამიანის უფლებების დარღვევამ არათუ არ იკლო, პირიქით, იმატა კიდეც, მოსახლეობამ კი ჯერ კიდევ ვერ იგრძნო, რომ სახალხო დამცველის ოფისი მისივე უფლებების დაცვას ემსახურება. იმის შესახებ, რომ სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობას ჯეროვნად არც საზოგადოება იცნობს და არც ხელისუფლების წარმომადგენლები, თავად ნანა დევდარიანმაც ისაუბრა. მისი თქმით, ქუთაისში სახალხო დამცველის რწმუნებულს ციხეში შესვლის უფლებაც კი არ მისცეს: [ნანა დევდარიანის ხმა] “და ეს არ მომხდარა იმიტომ, რომ ვიღაცამ მე სპეციალურად გამიკეთა. უბრალოდ, მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა არის სახალხო დამცველის აპარატი. ამან გვაიძულა ჩვენ, რომ პატარა ამონაკრები გაგვეკეთებინა და დაგვერქმია ასე: სახალხო დამცველის კომპეტენცია…”

ნანა დევდარიანის ამ სიტყვებს არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის საკმაოდ მკაცრი შეფასება მოჰყვა: [ნანა კაკაბაძის ხმა] “ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო ის, რაც ქალბატონმა ნანამ ახსენა: რომ სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი მიდის ქუთაისის ციხეში და მას ეუბნებიან: ჩვენ არ ვიცით ასეთი ინსტიტუტის არსებობის შესახებ და ციხეში არ შეგიშვებთო. მე არა მგონია, რომ ამ პრობლემას გადაწყვიტავს ის 500-ტირაჟიანი ბროშურა, რომელიც სახალხო დამცველის ოფისმა გამოუშვა. მე მიმაჩნია, რომ ამაში უფრო სხვა პრობლემა ჩანს, ვიდრე ინფორმაციის არარსებობაა. თქვენ თუ გახსოვთ როდესმე, რომ ქალბატონი ელენე თევდორაძის წარმომადგენელი მისულიყო სადმე და ეთქვათ მისთვის, ასეთი კომიტეტის არსებობა არ გაგვიგიაო. ანუ, თავისთავად პრობლემა ის კი არ არის, რომ იმ პიროვნებას არ იცნობდნენ, არამედ ის, რომ არ იცნობენ ამ ინსტიტუტს. მე კიდევ ერთი რამ მაინტერესებს: ის თქვენი თანამშრომელი, რომელსაც ქუთაისში არ იცნობდნენ, ის დღეს ისევ თანამდებობაზეა თუ უკვე შეუწყდა უფლებამოსილება, იმიტომ, რომ ეს არ არის უმნიშვნელო ფაქტი”.

მიუხედავად გარკვეული კრიტიკისა, კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიში დადებითად შეაფასა და მას პარლამენტის პლენარული სხდომისკენ ვიზა მისცა.
XS
SM
MD
LG