Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


წამყვანი მარიამ ჭიაურელი, პრაღა წლის ბოლოს ტრადიციულად წლის მნიშვნელოვან მოვლენებს იხსენებენ.

ჩვენც ტრადიციას მივყვებით და ახალგაზრდულ პროგრამაში 2001 წლის ერთერთ ყველაზე ხმაურიან მოვლენას, ნოემბრის სტუდენტურ მღელვარებას გამოვეხმაურებით. ვისაუბრებთ იმაზეც, თუ რატომ ვერ ეგუებიან ქართველი ახალგაზრდები საქართველოს რეალობას და რამდენად მძლავრობს მათში ამ რეალობის შეცვლის მოთხოვნა.

ეკა წამალაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ბაჩო ახალაია და ვახო გოძიაშვილი ნოემბრის საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეები იყვნენ. ამ აქციების მიმდინარეობისას, საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილთა რიგებში ისინიც რაღაცის შეცვლის მოთხოვნამ ჩააყენა. მათაც, ისევე როგორც სხვა სტუდენტებმა, სიტყვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით აგორებულ აქციებზე, ხელისუფლების გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნები აიტაცეს. რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლის გზად, მათაც ვადამდელი არჩევნები დაინახეს. რა შეცვალა და რა ვერ შეცვალა სტუდენტების აქტიურობამ, სჯერათ თუ არა ქართველ ახალგაზრდებს პრეზიდენტის და რას ელიან ისინი ახალი 2002 წლისგან. ამ შეკითხვებზე პასუხს თავად ნოემბრის მღელვარების მონაწილეები გასცემენ. ბაჩო ახალაიას და ვახო გოძიაშვილს ეკა წამალაშვილი ესაუბრა.


ნოემბრის ხალხმრავალი, შეიძლება ითქვას, გრანდიოზული საპროტესტო აქციები, რომელშიც ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების შეჭრას მოჰყვა და ჯერ სიტყვის თავისუფლებისთვის, მოგვიანებით კი ხელისუფლების გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის ქუჩაში გამოსულთა მღელვარებას წარმოადგენდა. მოგეხსენებათ მას მთავრობის დათხოვნა და ამით ხელისუფლებისგან მხოლოდ რამდენიმე პირის ჩამოშორება მოჰყვა. საპროტესტო აქციების მონაწილეები კი გაცილებით მეტს მოელოდნენ, ფიქრობდნენ, რომ მთავრობის გადაყენებას უფრო სერიოზული შედეგები ექნებოდა და აღმასრულებელი ხელისუფლება გაცილებით სუფთა რეპუტაციის ხალხით დაკომპლექტდებოდა. მოლოდინი არ გამართლდა და სტუდენტთა დიდი ნაწილიც იმედგაცრუებული დარჩა, თუმცა ამ იმედგაცრუების მიუხედავად სტუდენტების წარმომადგენლების აზრით, ნოემბრის აქციებს უშედეგოდ არ ჩაუვლია.

[ჩანაწერი ნოემბრის საპროტესტო აქციიდან და ვახო გოძიაშვილის ხმა]: “ეს გამოსვლები იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არ შეიძლება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი იყო გულგრილი. ლაპარაკს იმაზე, რომ სტუდენტები არ უნდა იყვნენ პოლიტიზირებულები, ვერ დავეთანხმები. ერთის მხრივ, სტუდენტები მართლაც დეპოლიტიზირებულნი უნდა იყვნენ, მაგრამ მათ უნდა აინტერესებდეთ, უნდა აღელვებდეთ ის, რაც ქვეყანაში ხვდება.”

ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვახო გოძიაშვილი, (აქვე შევნიშნავ, რომ ის სტუდკავშირს წარმოადგენს) და მიიჩნევს, რომ კორუფციასთან ასოცირებული რამდენიმე პირის ხელისუფლებისგან ჩამოშორებით სტუდენტებმა მიზანს ნაწილობრივ მაინც მიაღწიეს.

რამდენიმე მინისტრის შეცვლაში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამოსწორების ნებას ვერ ხედავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენელი ბაჩო ახალია.
“მთვარობის ძველი კადრებით დაკომპლექტებით, პრეზიდენტმა და პარლამენტმა საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარა. ეს არ არის შედეგი, სტუდენტთა აქციებმა შედეგი ერთადერთი მიმართულებით გამოიღო: ხელისუფლებას დაანახვა, რომ ქართველი ახალგაზრდობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისდამი გულგრილი არააო.” თქვა ჩემთან საუბრისას სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენელმა და დასძინა:

[ბაჩო ახალაიას ხმა]: “ამ აქციებმა თვალნათლივ ის მაინც დაგვანახვა, რომ ლაპარაკი, თითქოს ჩვენს საზოგადოებას ქვეყნაში არსებული მდგომარეობა არ აინტერესებს, რომ გვყავს რეპზე გაზრდილი ახალგაზრდობა, უაზრო წარმოდგენებით, ფარსი ყოფილა. ამ აქციებმა გვაჩვენა, რომ საზოგადოებას ადარდებს თავისი ქვეყნის აწმყო და მომავალი და ხელისუფლება ასეთი პოლიტიკით დიდხანს ვერ გაძლებს”.

ხელისუფლებას, განსაკუთრებით, ხელისუფლების პირველ პირს ჩვენი ახალგაზრდები ბევრ რამეს უწუნებენ, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ბევრი მათგანი ვერ ხედავს ვერანაირ საფუძველს იმისთვის, რომ პრეზიდენტს, თუნდაც როგორც სახელმწიფოს სიმბოლოს, პატივის სცემდეს. ვახო გოძიაშვილის აზრით, საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების პატივისცემის მოსაპოვებლად პრეზიდენტმა ერთ რამეს უნდა მიაღწიოს - დაამტკიცოს, რომ ყველას პრეზიდენტია.

[ვახო გოძიაშვილის ხმა]: “უბრალოდ, არა აქვს მხარდაჭერა ხელისუფლებას და პრეზიდენტს. ჩვენი ხალხი და მათ შორის ახალგაზრდობა გრძნობს, რომ ის არ არის მისი პრეზიდენტი და არის გარკვეული ჯგუფების პრეზიდენტი. ეს თუ მოიშლება, პრეზიდენტისდამი განწყობაც შეიცვლება, მაგრამ...”

არსებობს მრავალი მაგრამ. პრეზიდენტის უკანასკნელი გადაწყვეტილებების გათვალისწინებით ვახოც და ბაჩოც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების პირველ პირს მართვის ძველებური სტილის შეცვლა არ შეუძლია.

[ბაჩო ახალაიას ხმა]: “ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავ. მართალია, იყო პრეზიდენტის მკაცრი ტონი რამდენიმე მინისტრის მიმართ, მაგრამ ეს ჩვენი პრეზიდენტისთვის უცხო არ არის. ის ცეკადან მოყოლებული შეჩვეულია ასეთ მკაცრ ტონს. მთავარია, რა კეთდება, მთავარია შედეგი. ის მინისტრები, რომლებიც ღუპავდნენ ქვეყანას ვერაფერს ვერ შეცვლიან, გამორიცხულია. რამდენიც არ უნდა ურახუნოს მათ პრეზიდენტმა მეგობრულად, ძმურად, შედეგი ამას არანაირად არ მოჰყვება.”

ასეთი, არცთუ ოპტიმისტური, განწყობილების მიუხედავად, ვახო გოძიაშვილი და ბაჩო ახალაია, ახალი 2002 წლისგან ბევრს, პირველ რიგში კი საქართველოს რუხ რეალობაში ნათელი ფერების შემოსვლას ელიან. მათ სურთ, პატივს სცემდნენ საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს, სჯეროდეთ მისი და ახალ წელს უკეთესი მომავლის რწმენით ხვდებიან.
ეკა წამალაშვილი, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

მარიამ ჭიაურელი: ეკა წამალაშვილმა თავის სიუჟეტში რეალობასთან ახალგაზრდობის შეგუება ახსენა. მართლაც, საინტერესოა, არა მხოლოდ 2001 წელს, არამედ აღდგენილი დამოუკიდებლობის მთელი ათი წლის მანძილზე რა ცვლილებებთან მოუხდა ადაპტაცია ახალ თაობას, როგორ აღიქვა ისინი, რა ღირებულებები ჩამოუყალიბდა. უკვე 90-ანი წლების პირველ ნახევარში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით ფსიქოლოგები და სოციოლოგები ამბობდნენ, რომ თავისუფლების ცნებამ საქართველოს ახალგაზრდობაში დაკარგა პოლიტიკური შინაარსი და ძირითადად პიროვნულ ან ქცევის თავისუფლებამდე დავიდა. მაგრამ თავისუფლება არ იყო ერთადერთი ღირებულება, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ორიენტირად გამოცხადდა. როგორ აფასებენ ახალგაზრდები მომხდარ ცვლილებებს და როგორ შეიძლება შეცვლილიყო თავად ახალგაზრდობის ორიენტირები – დავით პაიჭაძე თავის სიუჟეტში შეეცადა მოეძებნა ამ კითხვათა პასუხი.

რა სარგებელი ნახა საქართველოს ახალგაზრდა თაობამ დამოუკიდებლობის ათი წლის მანძილზე განხორციელებული ცვლილებებისაგან? დავიწყოთ იმით, რომ თავად ამ ცვლილებებს (სხვას შეუძლია რეფორმები უწოდოს), განვლილი ათწლეულის სირთულეთა ფონზე, ბევრი აღიქვამდა როგორც იძულებითსა და თავსმოხვეულს, გაუგებარსა და გაუმართლებელს. ასეთი აღქმა ჩანს ნოსტალგიურ განწყობილებებსა და ცვლილებათა პოზიტიური ფოკუსის თანთადათანობით კარგვაში (მაგალითად, საქართველოში შესამჩნევად იკლო დასავლეთის პოზიტიურმა ღირებულებამ); ჩანს ასევე იზოლაციონისტური თუ ქსენოფობიური განწყობების ზრდაში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ცვლილებებზე ასეთი რეაქცია და შეფასება დამახასიათებელია მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის, რომელშიც ახალგაზრდობა უმრავლესობას არ შეადგენს. თუ რეფორმებიდან მიღებული სარგებლის საკითხს დავუბრუნდებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პოზიტიური შედეგების სკალაზე ახალგაზრდა თაობა აუცილებლად განათავსებს იმას, რაც დამოუკიდებელ საქართველოს მეტ-ნაკლებად განასხვავებს საბჭოთა საქართველოსგან: შეგიძლია იკითხო, უსმინო და უყურო იმას, რაც გინდა; უფრო თავისუფლად გამოთქვა შენი აზრი; წახვიდე საზღვარგარეთ სამუშაოდ ან სასწავლებლად; მოინახულო უცხო ქვეყნები; გქონდეს პროდუქციის ფართო არჩევანი; წამოიწყო საკუთარი საქმე; მიიღო საინტერესო, პერსპექტიული სამუშაო; მიაღწიო წარმატებას; იშოვო მეტი ფული; იცოდე, რომ სახელმწიფო ისე აღარ ერევა შენს პირად ცხოვრებაში; ბოლოს და ბოლოს, შეგიძლია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც მოსინჯო ძალები. ძნელი სათქმელი ის არის, მნიშვნელობის თვალსაზრისით რა თანმიმდევრობით განლაგდება ჩამოთვლილი შესაძლებლობები. უთუოდ იქნება ნაწილი, ვინც იტყვის, რომ ცვლილებებს კარგი არაფერი მოუტანია.

ცვლილებებთან, ტრანსფორმაციის პროცესებთან ადაპტირების ყველაზე გავრცელებული ფორმა საქართველოში, ალბათ უფრო პასიური ან წმინდად რეაქტიული განწყობაა. ახალგაზრდების უმეტესობა ირჩევს უბრალო კვლავწარმოების, შეგუების, გადარჩენისა თუ გაძლების ტაქტიკას, მარტივად რომ ვთქვათ, ე.წ. “ჩალიჩის” უნარს. მოკლედ, პირადი აქტიურობა იძულებითი ქცევის კატეგორიებით ფასდება. მომავალსა და განვითარებაზე მიმართება, რაც გულისხმობს გაცნობიერებულ ღირებულებებს, უფრო განვითარებულ ინდივიდუალურ კონსტრუქციასა და ღირებულებით ჰორიზონტს, ჩვენს ახალგაზრდობაში სუსტად არის გამოხატული.

ახალგაზრდული აქტიურობის კიდევ ერთ ასპექტზე მიგვანიშნებს სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია; საქმე ეხება ოჯახურ ურთიერთობათა ტრადიციული ფორმების ცვლილებას [ჯგერენაიას ხმა]: “ამ ახალგაზრდებს აქვთ გარკვეული ამბივალენტური ფსიქოლოგია და მსოფლმხედველობა; ვგულისხმობ იმას, რომ, პრინციპში, უჭირთ რისკის საზოგადოებაში ცხოვრება, რისკზე წასვლა არ უნდათ. ისინი არ გამოდიან მშობლების ოჯახიდან, ოჯახში რჩებიან ბოლომდე, იშვიათად ნახავ ახალგაზრდას, რომელმაც გაწყვიტა კავშირი მშობლების ოჯახთან და დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება. ეს ტენდენცია ძალიან სუსტია ახალგაზრდებში, ძალიან ცოტაა ასეთი ადამიანების რაოდენობა; შესაბამისად, კრიტიკული მასაც ძალიან ცოტაა ცხოვრების იმ წესის მიმართ, რომელსაც მშობლები ეწევიან. მაგრამ დღითიდღე ეს მასა ავლენს ტენდენციას ზრდისკენ, ე.ი. იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ცდილობენ უცხოეთში წასვლას მშობლებისაგან დამოუკიდებლად, თავისი მეურნეობის მოწყობას, დამოუკიდებელი ეკონომიკური, ემოციური და ყველა სხვა ტიპის ცხოვრების დაწყებას. ჩემს პრაქტიკაში, სტუდენტებს შორის, მე მინახავს ასეთი ადამიანები, რომელთაც აქვთ სურვილი დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყონ. ახალგაზრდობა იცვლება, მისი სურვილია ძლიერი ქვეყანა იხილოს, მაგრამ ამ სურვილს ახშობს დღევანდელი პოლიტიკური ვითარება და ის ხალხი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია. პირველ რიგში კი, მე ვფიქრობ, პრეზიდენტი, რომელიც ამ თაობის მოლოდინებს ვერანაირად ვერ უპასუხებს და არც შეიძლება პასუხობდეს”.

ამას ამბობს სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია. ჩვენ კი აქ ვასრულებთ წლევანდელი ახალგაზრდული პროგრამის ბოლო გადაცემას.
დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.
XS
SM
MD
LG