Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარის კურსის ვარდნა – საახალწლო ზეიმის დასრულების პირველი ნიშანი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი თუ, ერთი ქართველი პოეტის ლექსის თანახმად, “შემოდგომას სულ პირველად რუსთაველზე გაიგებ,” საახალწლო დღეების დასრულებას ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის კურსის ვარდნით გაიგებ.

ამჯერადაც ასე მოხდა.

ზეიმი უსასრულოდ არ გრძელდება. თუ ახალი წლის წინა დღეებში ამერიკული დოლარის მყიდველებისთვის მშვენიერი პერიოდი იყო გამეფებული (დოლარის კურსი საგრძნობლად დაეცა და სულ რაღაც 2 ლარსა და შვიდს თეთრს შეადგენდა), თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის განახლებამ დაადასტურა, რომ ლარის სიმყარე დროებითი მოვლენა იყო: დოლარის კურსმა ისევ მოიმატა. 8 იანვარს ერთი დოლარი უკვე 2 ლარი და 21 თეთრი ღირდა.

ექსპერტების განმარტებით, ლარის კურსის ვარდნა მოულოდნელი არ ყოფილა და, წინასწარი გაანგარიშებით, კურსი ამ ნიშნულზე შეჩერდება. შეგახსენებთ: ლარის არსებობის მანძილზე ვარდნის მაქსიმალური ნიშნული 1999 წლის თებერვალში დაფიქსირდა, როცა ეროვნულმა ბანკმა ლარი თავისუფალ ვარდნაში გაუშვა. მაშინ ერთი დოლარი 2 ლარი და 70 თეთრი ღირდა. მას შემდეგ ლარის კურსის რყევებს კატასტროფული მასშტაბისთვის არ მიუღწევია. ამჯერადაც, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის ფისკალური და ეკონომიკური პრობლემები ეროვნული ვალუტის კურსზე რაიმე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს.

პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები კი ისევ ჯერ არშობილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პარამეტრების ირგვლივ ცდილობენ შეთანხმების მიღწევას და ჯერაც უშედეგოდ. ფრაქციის “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” მოთხოვნას პედაგოგებისთვის ხელფასების გაორმაგების შესახებ, ფრაქცია “დემოკრატიული საქართველოსთვისაც” უჭერს მხარს და მას ინვალიდებისთვის დახმარებების გაზრდის მოთხოვნასაც ამატებს. ფრაქცია “მრეწველები” საქართველოში ბიზნესის დასახმარებლად ბიუჯეტის პროექტში 50 მილიონი ლარის გათვალისწინების მოთხოვნით გამოდის. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კი თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების 15 მილიონით გაზრდას მოითხოვს და ა.შ. და ა.შ.

ფინანსთა სამინისტრო, როგორც აქამდეც არაერთხელ მომხდარა, გასაოცარ პრინციპულობას იჩენს და ხარჯების გაზრდაზე უარს აცხადებს. სხვათა შორის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან დაახლოებული პირების ცნობით, უცხოელი პარტნიორების სიმპათია ზურაბ ნოღაიდელის მიმართ სწორედ მისი იმ განსაკუთრებული სიჯიუტით არის განპირობებული, რომელსაც იგი ბიუჯეტის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით იჩენს ხოლმე. სამაგიეროდ, იმავე თვისების გამო, ნოღაიდელი სამშობლოში კოლეგებს არ უყვართ. მაგალითად, ამჯერადაც, როცა კომპანია “იტერა” დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, გაზის მოწოდების შეწყვეტით იმუქრება, ნოღაიდელი აცხადებს, რომ მისი სამსახური სახანძრო რაზმის ფუნქციას ვერ იტვირთავს და ყოველი განსაკუთრებული შემთხვევისთვის ბიუჯეტიდან თანხებს ვერ გამოძებნის. არადა, იმ შემთხვევაში, თუ გაზის მოწოდება მართლაც შეწყდა, საეჭვოა, რომელიმე სახანძრო სამსახურმა მოსახლეობის დაშოშმინება შეძლოს.
XS
SM
MD
LG