Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროფკავშირები ბიუჯეტში პენსიებისა და ხელფასების გაზრდას მოითხოვენ


საპარლამენტო ფრაქციების უმრავლესობის მოთხოვნებს 2002 წლის ბიუჯეტის ლამის 300 მილიონით გაზრდის შესახებ, პროფესიული კავშირების გაერთიანებაც შეუერთდა.

პროფკავშირებს, ისევე როგორც პოლიტიკურ პარტიებს, არ აინტერესებთ ბიუჯეტის შეუსრულებლობის მიზეზების მოსმენა. ისინი ხელისუფლებისაგან კონტრაბანდისა და კორუფციის მცირეოდენი შემცირების ხარჯზე ბიუჯეტის რეალისტური მოცულობით გაზრდას დაჟინებით მოითხოვენ.

საქართველოს მთავრობას ბიუჯეტის შესრულება განსაკუთრებული მონდომებით არასდროს უცდია. მთავრობაში ყველამ კარგად იცოდა, რომ საკანონმდებლო ორგანო შეუსრულებელ ბიუჯეტის სეკვესტრის წყალობით შესრულებული ჩათვლიდა და დაამტკიცებდა. შესაბამისად წლების მანძილზე გროვდებოდა საბიუჯეტო ვალდებულებები, ძირითადად კი სოციალურდად დაუცველი ფენის საპენსიო და სახელფასო დავალიანებები. ამის გამოც დიდად არავინ შეწუხებულა, რადგან ერთი საკანონმდებლო აქტით ამ დავალიანების გაყინვა ან ჩამოწერა ისევე მარტივია, როგორც მოსახლეობის მრავალ ასეულ მილიონიანი საბანკო ანაბრების მითვისება.

პენსიები და ხელფასები აქამდე რომ არავის გახსენებია, ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ წლების მანძილზე მინიმალური ხელფასი 20 ლარი, ხოლო პენსია 14 ლარი, ერთი თეთრითაც არ გაზრდილა. მაშინ, როდესაც საარსებო მინიმუმი 120 ლარს შეადგენს, ძნელი სათქმელია, როგორ უნდა შეძლოს მილიონამდე პენსიონერმა 14 ლარით არსებობა. პარლამენტარებმა ეს რეალობა მხოლოდ საკუთარ თავზე გააცნობიერეს და ერთი საკანონმდებლო აქტით დაადგინეს, რომ დეპუტატის პენსია ხელფასის ოდენობის ტოლი უნდა იყოს. პარლამენტარის ხელფასი - ჯამური შემოსავლები, ყოველთვიურად 700 ლარს აღწევს, საშუალოდ კი 500 ლარის ტოლია. ანუ დეპუტატის პენსიაც 500 ლარის ფარგლებში იქნება.

15 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ლიდერმა ირაკლი ტუღუშმა ამ ფაქტის გამო, აღშფოთება ვერ დამალა. [ტუღუშის ხმა] „მე არ მინდა ამ საკითხზე ქილიკი, მაგრამ ეს ისეთი არნახული თანხაა, რომ როცა სახელმწიფოში არის 14-ლარიანი პენსია საკუთარ თავს 495-ლარიანი პენსია არ უნდა დაუნიშნო, დაუმტკიცო. ეს არც არის ცნობილი. ალბათ მოსახლეობამ კარგად რომ იცოდეს ამის შესახებ, არ ვიცი, შეიძლება ძალიან რადიკალურად იმოქმედონ.“

ხელისუფლებას მოსახლეობისათვის რადიკალურად მოქმედების ბევრი სხვა საბაბიც მიუცია, თუმცა ბოლო წლების მანძილზე ქართველი ამომრჩეველი პოლიტიკური აქტივობით ნაკლებად გამოირჩევა. ამას ირაკლი ტუღუშიც აღიარებს და დასძენს, რომ მოსახლეობა ამგვარ ხელისუფლებას შეეჩვია, პროფკავშირები კი არ უნდა შევურიგდეთო. ეს შეურიგებლობა იმაში გამოიხატება, რომ პროფკავშირების გაერთიანებაც ბიუჯეტის გაზრდას მოითხოვს. ტუღუში აცხადებს, რომ წლევანდელ ბიუჯეტში ხელფასებისა და პენსიების ზრდის ტენდენცია მაინც უნდა ჩაიდოს. [ტუღუშის ხმა] „მესმის, რომ ერთ წელიწადში, ერთ დღეში ამას ვერ გავაკეთებთ მაგრამ 2015 წლისთვის თუ ჩვენ მართლა ვფიქრობთ, რომ სადღაც 300 ლარამდე იქნება 2015 წელს, ჩვენ ეს ტემპები არ გვაკმაყოფილებს.“

კარგია, რომ საპარლამენტო ფრაქციებთან ერთად პროფკავშირებმაც გაიხსენა წლების მანძილზე მივიწყებული პენსიებისა და ხელფასების რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის თემა. თუმცა აქამდე პარლამენტსა და საზოგადოებას მთავრობისათვის ბიუჯეტის შესრულება პრინციპულად რომ მოეთხოვა, ახლა პენსიებისა და ხელფასების ზრდა უფრო რეალური იქნებოდა.
XS
SM
MD
LG