Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენსიების, პენსიონერებისა და ფოსტალიონების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ


პენსიონერებისა და ფოსტალიონების ურთიერთობა საქართველოში ლამის ნათესაურ რანგშია აყვანილი და მას, როგორც ჩანს, ორივე მხარე ერთნაირად უფრთხილდება.

ეს განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა, როცა პენსიების დარიგების საკითხში ფოსტალიონების ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მოთმინებადაკარგულმა პენსიონერებმა საჩივრისა და თხოვნა-მუდარის წერილები თითქმის ყველა ინსტანციას დაუგზავნეს. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი მომჩივანთა სასარგებლოდ უკვე გადაწყდა, ასეთი წერილები ჯერაც მრავლად ინახება საფოსტო განყოფილებებში და მათი შინაარსი მეტად გულის ამაჩუყებელია.

“ვერ წარმოიდგენთ, რამდენს ნიშნავს ფოსტალიონის ზარი ჩვენთვის და ნუ მოგვისპობთ ამ ბედნიერებას. თუნდაც იმიტომ, რომ ყოველთვიურად ბანკში სიარული და კუთვნილი პენსიის იქ აღება ჩვენთვის წარმოუდგენელია. თანაც, ვინ იცის, ამ დაქცეული სახელმწიფოს შემხედვარეებს, რამდენჯერ მოგვიწევს ტყუილად მისვლა და ხელცარიელი გამობრუნება. გვიანდება თუ როგორც არის, კეთილ ფოსტალიონს ჩვენი ფული შინ მოაქვს და მართლა ბევრს ნიშნავს, წინ და უკან სიარული რომ არ გვიწევს” – ვკითხულობ წერილში, რომელსაც 32 პენსიონერის ხელმოწერა ახლავს. სხვათა შორის, საკითხის მათს სასარგებლოდ გადაწყვეტის შემდეგ, იმავე პენსიონერებმა თავიანთ “კეთილ ფოსტალიონებს” მისალოცი წერილიც გაუგზავნეს და თვიდან თვემდე ერთგულად ლოდინსაც დაპირდნენ.

ცნობისთვის მოგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს მასშტაბით კარდაკარ 3000 ფოსტალიონი დადის და, წერილებთან და დეპეშებთან ერთად, “პენსიად” წოდებულ გროშებს არიგებს. თუმცა, როგორც საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი, კახა თოდუა აცხადებს, ხელფასების გაზრდის მიზნით, ფოსტალიონების რაოდენობა თანდათან შემცირდება. თოდუა მიიჩნევს, რომ მათთვის ხელფასის გაზრდა იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ფოსტალიონები უკანონო გასამრჯელომ აღარ აცდუნოს.

სხვათა შორის, მოხუცები ფოსტის თანამშრომლებს პენსიის მიტანისთვის 50 თეთრს ან ლარს მართლაც უტოვებენ, მაგრამ, როგორც თავად ამბობენ, ამაში ძალდატანების ნატამალიც არ არის. ჩემთან მოსაუბრე პენსიონერებმა ყოველივე ეს მადლიერების გრძნობით ახსნეს და ფოსტალიონების დასაჩუქრებისთვის მზადყოფნა სამომავლოდაც გამოთქვეს. ამდენად, საინტერესოა, მართლა სჯერა თუ არა საქართველოს ფოსტას, რომ ზემოხსენებული “დასაჩუქრების” რკინისებურ მექანიზმს ფოსტალიონთა რაოდენობის შემცირებითა და ხელფასების გაზრდით მოშლის. ამ საკითხზე ფიქრის ნაცვლად, პენსიონერების აზრით, აშკარად უკეთესი იქნებოდა, რომ ვიღაც-ვიღაცებს პენსიების დროულ დარიგებაზე და გაზრდაზე ეფიქრათ. თუმცა, ეს სურვილი ნამდვილად ოცნების სფეროდან არის.

საინტერესოა, რომ საქართველოში თურმე არსებობს პენსიონერთა ისეთი კატეგორია, რომელიც 14 ლარს პირად შეურაცხყოფად აღიქვამს და ამიტომ არც იღებს. მართალია, ასეთები ძირითადად შვილების კმაყოფაზე არიან და ხშირად შემოსავლის სხვა წყაროც აქვთ, მაგრამ, როგორც თავად ამტკიცებენ, “სახელმწიფოს მხრიდან 14-ლარიან დაცინვას ვერც სხვა შემთხვევაში აიტანდნენ”. თუმცა, როგორც რეალობა ცხადყოფს, ნამდვილად არსებობს ის “სხვა შემთხვევა”, როდესაც “სულ არაობასა” და შიმშილს თვეში 14 ლარის მიღება სჯობია.

ასეა თუ ისე, ახალი რეგისტრაცია (რომელიც შარშან ივნისში დაიწყო და კვლავაც გრძელდება) საქართველოს მასშტაბით 890 787-მა პენსიონერმა უკვე გაიარა, ხოლო ძველ სიაში მოხსენიებულ დაახლოებით 11 ათას ადამიანს პენსიის მიწოდება რეგისტრაციის გაუვლელობის გამო შეუწყდა. თუმცა, ასეთებს (თუკი საერთოდ გამოჩნდნენ), საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ საშუალება მიეცემათ, აიღონ არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ გასული თვეების კუთვნილი პენსიაც. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში პენსიების დასარიგებლად ყოველთვიურად 14 050 000 ლარია საჭირო.

ერთი სიტყვით, ტენდერში გამარჯვებული საბანკო ალიანსი პენსიონერებს ყოველთვიურ გროშებს შინ კვლავაც ფოსტალიონების ხელით გაუგზავნის. ხოლო რაც შეეხება საშვილიშვილოდ “გაყინულ” (და ქვეყნის მიერ შიდა ვალში ამაყად აღებულ) უზარმაზარ თანხას, მისი გალღობის იმედი ჯერ არავის აქვს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG