Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტარები კონსტიტუციაში აფხაზეთის სტატუსის შესახებ ჩანაწერის შეტანას ითხოვენ


საქართველოს კონსტიტუციაში აფხაზეთის სტატუსის შესახებ ჩანაწერის შეტანის ინიციატივა ეკუთვნის ფრაქციას "ახალი აფხაზეთი - ქრისტიან-დემოკრატი".

სწორედ ამ ფრაქციის წევრების თაოსნობით შეგროვდა ის 121 ხელმოწერა, რომლის საფუძველზეც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ჯერ საზოგადოება უნდა გაეცნოს, შემდეგ კი მისი განხილვა პარლამენტში უნდა შედგეს. სახელმწიფოს მთავარ კანონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ ჩანაწერის გაკეთების ინიციატივას აფხაზეთის თვითმარქვია ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე გამოეხმაურნენ.

საქართველოს კონსტიტუციაში აფხაზეთის სტატუსის შესახებ ჩანაწერის შეტანის ინიციატივას არძინბას პრესსამსახური გამოეხმაურა და გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, "თუ საქართველოს კონსტიტუციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ ჩანაწერი შევა, ის არ იმუშავებს და ქაღალდზე დარჩება. რადგან აფხაზეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და მხოლოდ საკუთარი კონსტიტუციის მოთხოვნებს ემორჩილება."

როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტში წამოწყებულ პროცესს სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები დიდად არ შეუშფოთებია. საქართველოს მხარეს ისინი სისტემატურად ახსენებენ, რომ სერიოზულ კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ. აქედან გამომდინარე, თავი ისე უჭირავთ, თითქოს სულაც არ ადარდებდეთ, რა ფორმით სცნობს საქართველო აფხაზეთის სტატუსს, ან რა ჩანაწერი შევა საქართველოს კონსტიტუციაში. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ინიციატორებმაც გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს კონსტიტუციაში აფხაზეთის სტატუსის შესახებ ჩანაწერის შეტანა ხელს არ შეუშლის თბილისის და სოხუმის მოლაპარაკებებს უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე.

შეგახსენებთ: საქართველოს კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ აფხაზეთის სტატუსი განისაზღვრება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ. მაშ რამ განაპირობა პარლამენტართა აჩქარება? როგორც ფრაქცია "ახალი აფხაზეთი - ქრისტიან დემოკრატის" წარმომადგენელი ანზორ წოწონავა ამბობს, კონსტიტუციაში დარჩენილი სიცარიელის შევსების მცდელობა არ უკავშირდება აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით გაეროში მომზადებული დებულებების განხილვის მოახლოებას. "კონსტიტუციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ ჩანაწერის შეტანა მაშინაც მოვითხოვეთ, როცა საქმე აჭარის ავტონომიის შესახებ ჩანაწერის გაკეთებას ეხებოდა. სამწუხაროდ, მაშინდელ ინიციატივას მსვლელობა არ მიეცაო" - თქვა ჩემთან საუბრისას ანზორ წოწონავამ. ასეა თუ ისე, კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის იდეას პარლამენტში დღეს 121 მხარდამჭერი გამოუჩნდა, რასაც 16 იანვრის რიგგარეშე სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მოჰყვა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "ესე რომ, ჩვენ უფლებამოსილნი ვართ, მივიღოთ პარლამენტის დადგენილება, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი 1 თვის მანძილზე უნდა გაგრძელდეს აღნიშნული ინიციატივის განხილვა, შემდეგ კი პარლამენეტი უნდა მიუბრუნდეს ამ საკითხს და უნდა განიხილოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა, აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით ხელმოწერილი ცვლილებები."

როგორ და რამდენად შეივსება საქართველოს კონსტიტუციაში დატოვებული სიცარიელე, ერთი თვის შემდეგ გაირკვევა. აფხაზეთის დეპუტაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა სწორედ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივაა და არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის. ცოტა სხვაგვარად ფიქრობს პრეზიდენტი. ის სერიოზულ იმედს ამყარებს გაეროში მომზადებულ პროექტზე, რომლის შესახებაც ჩვენი საზოგადოება ჭორების დონეზე არის ინფორმირებული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ შემუშავებული დებულებები, აფხაზეთს ფართო უფლებამოსილებას ერთიანი საქართველოს ფარგლებში სთავაზობს. გაეროს ამ ინიციატივაში პრეზიდენტი ქართველებსა და აფხაზებს შორის ისტორიული კომპრომისის მიღწევის საფუძვლებს ხედავს. თუმცა, არა მარტო მასში. ედუარდ შევარდნაძე ქართველებსა და აფხაზებს შორის დარღვეული ტრადიციული კავშირების აღდგენის გარკვეულ ნიშნებსაც ამჩნევს.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "ქართულ საზოგადოებაში, ისევე, როგორც აფხაზეთში, დაიწყო სერიოზული მოძრაობა ადამიანებს შორის დაახლოებისთვის, იმისთვის, რომ განახლდეს ტრადიციული კავშირები. მე მგონია, რომ ეს პროცესი შეუქცევადია და ის უფრო მეტი ინტენსივობით განვითარდება. ძალიან ბევრი აფხაზი ჩამოდის, მე მგონი ჟურნალისტებიც გვესტუმრებიან. როგორც მითხრეს, აფხაზეთში მიდის ქართული ფილმების დემონსტრირება. ეს პირველი ნიშნებია, მაგრამ ძალიან იმედისმომცემი."

მაგრამ გალის რაიონში ამ რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სადამსჯელო ოპერაცია აფხაზ სეპარტისტთა ძველებურ პოლიტიკაზე მეტყველებს. მათ კომპრომისებისთვის მზადყოფნა არ ეტყობათ. ამდენად, საეჭვოა 2002-მა წელმა ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობაში ისტორიული გარდატეხა შეიტანოს. ასევე ბუნდოვანია, რას შეცვლის პარლამენტში დაწყებული პროცესი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში აფხაზეთის ძველი სტატუსის მითითებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG