Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბული ურთიერთობა ჩეხეთსა და ავსტრიას შორის


ჩეხეთის რესპუბლიკასა და ავსტრიას შორის დაძაბულობა გასცდა ტემელინის ატომური ელექტროსადგურის გარშემო უთანხმოებას და უფრო ფართო მასშტაბი შეიძინა.

ავსტრიელი პოპულისტები საამისო პოტენციალს ხედავენ ეგრეთწოდებულ ბენეშის დეკრეტებში, რომელთა საფუძველზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩეხოსლოვაკიიდან განდევნეს სუდეტელი გერმანელები. განსაკუთრებით ავსტრიის თავისუფლების პარტია ცდილობს ჩეხეთის სახით ახალი მტრის ხატის შექმნას.

ბენეშის დეკრეტები ერთობ სახიფათო თემაა. ამ თემის დაძლევა, რაც არ უნდა წარმოუდგენელი ყოფილიყო ეს მანამდე, მაინც მოახერხეს გერმანიამ და ჩეხეთის რესპუბლიკამ. ხუთი წლის წინ მაშინდელი მთავრობების მეთაურებმა, ჰელმუტ კოლმა და ვაცლავ კლაუსმა, ხელი მოაწერეს გერმანია-ჩეხეთის დეკლარაციას – პოლიტიკური ექსპერტების აზრით, უდიდესი მნიშვნელობის დოკუმენტს, ვინაიდან იშვიათად თუ გამომდგარა ამ ტიპის დოკუმენტი ასეთი ეფექტიანი. ორმა მხარემ შეძლო მთავარი – მათ ერთმანეთთან დიალოგს დაუჭირეს მხარი და შეწყვიტეს იმის გარკევა, თუ ვინ იყო უფრო მართალი და ვინ – უფრო მტყუანი.

ამით გერმანიას და ჩეხეთს საშუალება მიეცათ უარი ეთქვათ ტაბუზე და გარეგანი ზეწოლის გარეშე შესდგომოდნენ წარსულის მძიმე თემების დამუშავებას.

თავად დოკუმენტი არ გამოირჩევა რანგით, მაგრამ ძალზე დიდია მისი მნიშვნელობა მომავლისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მომავალი არც ისე მალე დადგება. უკანაკნელი რამდენიმე წლის მანძილზე ავსტრიასა და ჩეხეთს შორის ტემელინის ატომური ელექტროსადგურის გარშემო ატეხილმა დავამ კვლავ ზედაპირზე ამოიტანა ის დაფარული და დიდი ხნის მანძილზე გამოუთქმელი აგრესია, რაც რიგით ავსტრიელებსა და რიგით ჩეხებს აქვთ ერთმანეთის მიმართ და რის მანიპულირებასაც ეწევიანი პოლიტიკოსები ორივე მხრიდან.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი მილოშე ზემანი, რომელიც ცნობილია ტლანქი და მოურიდებელი გამოთქმებით, არად აგდებს ზემოხსენებულ დოკუმენტს და მიიჩნევს, რომ სუდეტელი გერმანელები სრულიად სამართლიანად გააძევეს ქვეყნიდან. იგი სიამოვნებით ივიწყებს ნაცისტური რეჟიმისადმი სუდეტელების წინააღმდეგობას და მათ მხოლოდ კოლაბორაციონისტებად ხატავს. ზემანს ტოლს არ უდებს ავსტრიელი პოპულისტი, იორგ ჰაიდერი, რომელიც ამომრჩეველთა ხმების მოპოვების საშუალებას არ უშვებს ხელიდან. ამ ორ პოლიტიკოსს შორის უკანასკნელ ხანებში მიმდინარე ვერბალური ომი იმაზე მიანიშნებს, რომ, სამწუხაროდ, ორივე ქვეყანაში დიდია მოთხოვნილება ასეთ შავ-თეთრ რიტორიკაზე დამყარებულ აზროვნებაზე.

რაც შეეხება თავად ჩეხეთის სამხრეთში მდებარე ტემელინს, რომელიც შესაძლოა მართლაც წარმოადგენს გარკვეულ საფრთხეს ჩეხეთის მეზობლებისთვის, ავსტრიელებს არც კი გახსენებიათ სხვა, ბევრად უფრო ძველი და უფრო მეტად სახიფათო ატომური ელექტროსადგური დუკოვანიში.

სპეციალისტების საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს თუ დავუჯერებთ, ავსტრიელი ნაციონალისტების საქციელის მთავარი მოტივი ისაა, რომ მათ არ სურთ ევროკავშირში ჩეხეთის გაწევრიანება.
XS
SM
MD
LG