Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძე უარს ამბობს აფხაზეთიდან დევნილთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე


28 იანვარს ამოიწურა იმ ულტიმატუმის ვადა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილებმა ხელისუფლებას წაუყენეს.

აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ისინი სწორედ 28 იანვრამდე მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებით იმუქრებოდნენ. დევნილთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე პრეზიდენტმა უარი თქვა და მოსალოდნელი გართულებებისთვის პასუხისმგებლობაც იკისრა. აფხაზეთში მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის და ფორმატის საკითხი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა სამიტმა უნდა გადაწყვიტოს.

ედუარდ შევარდნაძე აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რადგან მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეთა გამოკითხვის შემთხვევაში, მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის სამშვიდობო მისიის აფხაზეთში დარჩენის მომხრე იქნება. “მათ გაყვანას არავინ იცის რა შეიძლება მოჰყვეს, არა მარტო აფხაზეთის, არამედ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.” – აცხადებს პრეზიდენტი და თბილისში რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანს - ვლადიმირ რუშაილოს ელის.

29 იანვარს ედუარდ შევარდნაძე და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე იმსჯელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეხვედრზე განსაკუთრებული ყურადღება ჩეჩენი დევნილების სამშობლოში დაბრუნებისა და აფხაზეთში მყოფი რუსეთის სამშვიდობო მისიის საკითხებზე გამახვილდება.

პრეზიდენტი აღნიშნული მისიის აფხაზეთში დარჩენის და მისი მოქმედების არეალის გაფართოების მომხრეა. საქართველოს მხარემ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურებს უკვე გაუგზავნა მოსაზრებები, აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატისა და ფორმატის გაფართოების თაობაზე. საქართველოს წინადადებებს 1 მარტს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა სამიტი განიხილავს. სწორედ თანამეგობრობის სამიტზე იქნება მიღებული საბოლოო დოკუმენტი, რომელშიც, შევარდნაძის თქმით, აუცილებლად შევა ჩანაწერი სამშვიდობო ძალების მანდატის სოხუმის მიმართულებით გაფართოების შესახებ.

მოკლედ, პარლამენტის 11 ოქტომბრის დადგენილება ფარატინა ქაღალდად რჩება. პრეზიდნეტი არც ამ დადგენილების და არც დევნილთა კარნახით მოქმედებას არ აპირებს. მას ესმის აფხაზეთიდან დევნილთა ტკივილი, მაგარამ იმისაც სჯერა, რომ რუსეთის სამშვიდობო მისიის მოქმედების არეალის მდინარე ღალიძგამდე გაფართოება, აფხაზეთის კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგებას წაადგება. ასე იყო მუდამ. ედუარდ შევარდნაძე ყოველთვის იტოვებდა რუსეთის იმედს, მაშინაც კი, როცა სოხუმს ტოვებდა.

აფხაზეთიდან დევნილთა ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, ის აცხადებს, რომ თავად არის პასუხისმგებელი იმ გართულებებზე, რაც დევნილთა მოთხოვნის შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს. ენგურის ხიდთან დევნილთა საპროტესტო აქცია გრძელდება. ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხთან შეკრებილ დევნილებს ბორჯომის რაიონში მცხოვრებმა დევნილებმაც აუბეს მხარი. თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ვითარების შემდგომ დრამატიზებას არ ელის. ის მზად არის, მივიდეს აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლების ყრილობაზე, რომლის გამართვაც ამ დღეებში იგეგმება და გაიმეოროს ის, რაც 28 იანვარს ორშაბათის ტრადიციულ გამოსვლაში თქვა:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელება თუ მოხდება, მოხდება ამ ძალების მოქმედების არეალის გაფართოების კონტექსტში.”
XS
SM
MD
LG