Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიიღებს თუ არა პარლამენტი 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 30 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას განაგრძობს.

მანამდე, ფრაქციები კონსულტაციებს განაგრძობენ სახელმწიფო და ფინანსთა მინისტრებთან. როგორც გახსოვთ, გასულ კვირას ასევე რიგგარეშე სესიაზე პარლამენტმა ბიუჯეტის პროექტის მეორე მოსმენისას კენჭისყრაზე უარი განაცხადა. მიზეზი პროზაული გახლდათ - კვორუმის არარსებობა. დაუჭერს თუ არა მხარს ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი.

სახელმწიფო მინისტრთან კონსულტაციების პარალელურად, პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი ეკონომიკური რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარის ვანო მერაბიშვილის განცხადების საფუძვლიანობას იკვლევს. შეგახსენებთ, მან თავის კოლეგებს, ვინც პირველი წაკითხვით მხარი დაუჭირა ბიუჯეტის პროექტს, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გარიგებაში დასდო ბრალი. პარლამენტართა ნაწილმა ეს ბრალდება პარლამენტის სხდომაზე უკვე გააპროტესტა.

[ჯანსუღ ჩარკვიანის ხმა] " ჯანსუღ ჩარკვიანი ის კაცი არ არის, რომ ვინმემ მოქრთამოს და ხმა მივცე...იმიტომ, რომ...არა, მე ხმას ვაძლევ იმიტომ, რომ არ არის ეს, შეიძლება, სრულყოფილი ბიუჯეტი, მაგრამ თუ სახელმწიფოა ქვეყანაზე - თავისი ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ, ვერ ვართ იმგვარად, რომ გენიალური ბიუჯეტი გვქონდეს."
ბიუჯეტის პროექტით ჯერჯერობით ყველა უკმაყოფილოა. ფრაქციების პროტესტს ისიც ამძაფრებს, რომ პირველი წაკითხვისას აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან გაზიარებული შენიშვნები პროექტში არ აისახა. პირველ რიგში საუბარია მოსახლეობისთვის საარსებო მინიმუმის დაუკმაყოფილებლობაზე, რაც, პარლამენტარ კობა დავითშვილის განცხადებით, ხელს უწყობს კორუფციას.

[კობა დავითაშვილის ხმა] "დღეს ბიუჯეტი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულებრივ დოკუმენტს. ეს არის ორგანიზებული დანაშაულებრივი დოკუმენტი, რომელიც უბიძგებს ყველა სახელმწიფო მოხელეს პირდაპირ კორუფციისკენ. სხვა გამოსავალს არ უტოვებს. როცა ჩვენ მათ ვაძლევთ საარსებო მინიმუმზე ნაკლებს, და მერე მთელი კანონმდებლობა მათ უკრძალავთ ნებისმიერ ანაზღაურებად საქმიანობას, ეს არის წაქეზება და წაბიძგება დანაშაულისაკენ."

პრინციპში, ალბათ, კობა დავითაშვილი მართალია. მეორე მხრივ, ალბათ, თემა - მხოლოდ დაბალი შემოსავლებია თუ არა კორუფციის მაღალი დონის განმსაზღვრელი საქართველოში, ძალიან წააგავს იგავს, რა შეიქმნა პირველად, კვერცხი თუ ქათამი. კორუფციის "საპატიო"შეკრულ წრეში ყველას პასუხისმგებლობის თავისი წილი მიუძღვის _- მოქალაქეს, რომელსაც გადასახადის გადახდას მოხელის მოქრთამვა ურჩევნია, მოხელეს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში სწორედ ასე ვთქვათ "ლევი" შემოსავლის გამო მიდის, პარლამენტარებს, რომლებიც უხეირო კანონებს იღებენ და მოქალაქეებს გადასახადის გადაუხდელობისკენ უბიძგებს.

თუმცა, ისევ ბიუჯეტის პროექტის საკითხს რომ მივუბრუნდეთ, პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთავრობამ ყველა რეალისტური მოთხოვნა გაითვალისწინა. შესაბამისად, ედუარდ შევარდნაძე იმედიანად არის განწყობილი:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] " ბიუჯეტის მიუღებლობა ხელს შეუშლის იანვარში დაგეგმილზე ზევით თანხების განაწილებას. პირველ რიგში, პენსიონერებზე და ლტოლვილებზე. ამიტომ, დრო საშურია და მეორე და მესამე წაკითხვა რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში უნდა მოხდეს."

შესაბამისად, როგორც ჩანს, პარლამენტს მაინც მოუწევს ბიუჯეტის მხარდაჭერა იმის მიუხედავად, რომ ეს ბიუჯეტი არავის მოსწონს.
XS
SM
MD
LG