Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს რეალობა და პერსპექტივები წყლის რესურსის გამოყენების თვალსაზრისით


პარადოქსია, მაგრამ წყლის რესურსით უმდიდრეს ქვეყანაში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი წყლის დეფიციტს განიცდის. ეს ქვეყანა, რაღა თქმა უნდა საქართველოა.

ჩვენი სამშობლო, რომელსაც თავისი ბუნებრივი სიმდიდრის რაციონალურად გამოყენება მნიშვნელოვან მოგებას მოუტანდა.

თუ ტყის გაჩეხვის პროცესი აღიკვეთება და დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობა ასე თუ ისე შენარჩუნდება, წყლით მომავლის საქართველო მაინც ისარგებლებს, მანამდე კი თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ წყლის რესურსით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, მოწინავეა ამ ბუნებრივი სიმდიდრის უყაირათოდ ხარჯვის თვალსაზრისითაც.
7 თებერვალს თბილისში, აჭარის წარმომადგენლობაში გამართული დისკუსია სწორედ საქართველოს წყლის რესურსებს ეხებოდა. ეკა წამალაშვილიც ამ თემაზე გესაუბრებათ.

ჯერ კიდევ 9 წლის წინ შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც საქართველოს წყლის რესურსები უნდა შეესწავლა, ამ ბუნებრივი სიმდიდრის შემდგომი გამოყენების გზების ძიების თვალსაზრისით. როგორც მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე იხსენებს, აღნიშნულმა კომისიამ სერიოზული სამუშაო ჩაატარა და ჩვენი წყლების საერთაშორისო გამოფენაზე გატანის საკითხიც დააყენა, მაგრამ მაშინდელმა მინისტრთა კაბინეტმა საერთაშორისო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობა დაბლოკა. ამის შემდეგ წყლის რესურსების შემსწავლელმა კომისიამ არსებობა შეწყვიტა და წყლის ექსპორტის განხორციელებისთვის მუშაობაც დასრულდა. რატომ მოხდა ასე, დღემდე ამოუხსნელია, თუმცა, ფაქტია, რომ საქართველოს სტრატეგიული ფუნქციის აღდგენის საქმით დაკავებულმა ხელისუფლებამ ის საქმე შეაჩერა, რომელსაც მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეეძლო.

სპეციალისტების მტკიცებით, საქართველოს წყლები მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით და განახლებადი რესურსებით გამოირჩევა, რაც საბადოების რაციონალური ექსპლუატაციის პირობებში ბუნებრივი სიმდიდრის შეუზღუდავი ვადით გამოყენების შესაძლებლობას ქმნის, მათ შორის წყლის სისტემატური ექსპორტის თვალსაზრისით. ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. ჯერ კიდევ, რადგან ჩვენს ირგვლივ უმოწყალოდ იჩეხება ის, რაც წყლით გვასაზრდოებს.

[გია გაჩეჩილაძის ხმა] "ფაქტია, რომ ეს რესურსი არსებობს. ეკოლოგიური მდგომარეობა ასე თუ ისე შენარჩუნებულია, მაგრამ პროცესები თუ ისე განვითარდება, როგორც დღეს მიმდინარეობს, იჩეხება ტყე, რაც წყლის რესურსების ძირითადი მარეგულირებელია, ჩვენი პრობლემები ძალიან სერიოზული იქნება. მე მინდა იცოდეთ, რომ საქართველოში არის 26000-ზე მეტი მდინარე (მე უნიკალურ ციფრებს ვასახელებ) 850 ტბა და 730-მდე მყინვარი. ეს არის ის, რაც წყლის უზარმაზარ რესურს შეიცავს."

მწვანეთა პრტიის თავმჯდომარის გია გაჩეჩილაძის ნათქვამს თუ დავამატებთ იმასაც, რომ წყლის რესურსია 225 ათასი ჰექტარი ჭარბტენიანი ტერიტორიაც. ცალკე აღსანიშნავია მიწისქვეშა წყლების უდიდესი ბუნებრივი რეზერვუარები, თერმული წყლის 250-მდე გამოსავალი და მინერალური წლების 2000-მდე გამოსავალი, უნდა ვირწმუნოთ, რომ მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ. უბრალოდ, სხვა ჩვენს ადგილას ამ სიმდიდრეს ასე უყაირათოდ არ გამოიყენებდა. ექსპორტზე რაღა უნდა ვთქვათ, როცა წყლის რესურსებით უმდიდრეს ქვეყნაში უწყლობას მრავალი სოფელი და რაიონი განიცდის. ამ დროს კი, როგორც გია გაჩეჩილაძე ამბობს:

"თბილისის წყალმომარაგება არარენტაბელური კი არ არის, რაღაც სიგიჟის დონეზეა. თუ ცივილიზებული ქვეყნების დიდ ქალაქებში ერთ სულ მოსახლეზე დღე-ღამეში 300, 500, 500 კუბური მეტრი წყალი იხარჯება, ეს მაჩვენებელი თბილისში 1300 კუბურ მეტრს უტოლდება. ეს უზარმაზარი ნაკადი შემოდის თბილისში და მერე დანგრეულ, დაჟანგებულ სისტემაში იკარგება. ახლა ტარიფის გაზრდით უნდათ ამ დანაკარგის ანაზღაურება."

ცნობისათვის: დღევანდელ მსოფლიოში 2 მილიარდი ადამიანი განიცდის წყლის მწვავე დეფიციტს. დადგენილია, რომ დაავადებების გავრცელების და სიკვდილიანობის 80 პროცენტი სწორედ დაბინძურებულ წყალს უკავშირდება. წყლის დეფიციტის და დაბინძურებული სასმელის მიზეზით მსოფლიოში 5 მილიონამდე ბავშვი კვდება. ამ გლობალური პრობლემის შემსუბუქებისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ძვირადღირებულ პროექტებს ამუშავებს. ამდენად, ვინ იცის, ჩვენი პრეზიდენტი იქნება საქართველოს ახალ გეოსტრატეგიულ ფუნქციაზეც ფიქრობდეს. მაგრამ, სანამ მისი ნაფიქრალი გამჟღავნებულა, საქმის მკვდარი წერტილიდან დაძვრაზე ზრუნვა აჭარის ლიდერს დაუწყია. როგორც თბილისში, აჭარის წარმომადგენლობაში ითქვა, ასლამ აბაშიძემ მოიწონა საქართველოს საინჟინრო აკადემიაში მომზადებული ბიზნეს გეგმა და უკვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წყლის რესურსების აფრიკის მიმართულებით ექსპორტის შესაძლებლობებს სწავლობს.
XS
SM
MD
LG