Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტანტული ეკლესიების ალიანსი ხალხმრავალი საპროტესტო აქციების ჩატარებას გეგმავს


სოზარ სუბელიანი, თბილისი მუდმივი დევნითა და ხელისუფლების უმოქმედობით შეწუხებულმა საქართველოს პროტესტანტულმა ეკლესიებმა ალიანსი შექმნეს და თავდაცვის გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება გადაწყვიტეს.

8 თებერვალს ალიანსის წევრები უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად მომავალი მოქმედების სტრატეგიის შემუშავებას ცდილობდნენ, მაგრამ ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღება, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა. თუკი კონფერენციის ზოგიერთი მონაწილე მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების გამართვას უჭერს მხარს, სხვები შიშობენ, რომ ამგვარმა აქციებმა, შეიძლება, ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა გამოიწვიოს. მით უმეტეს, რომ მოახლოებული სასამართლო პროცესების წინ სიტუაციის მაქსიმალური დაძაბვა და დესტაბილიზაციის მოწყობა ბასილ მკალავიშვილის ინტერესში შედის.

პროტესტანტული ეკლესიების შეშფოთება გასაგებია: სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვნელობაში მომხდარი საკადრო ცვლილებები მკალავიშვილის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე გავლენას ვერ ახდენს. მეტიც - მკალავიშვილის რაზმელები რაც უფრო აფართოებენ თავიანთი კრიმინალური საქმიანობის არეალს, ხელისუფლება მით უფრო ლოიალური ხდება მათი მოქმედებების მიმართ. ევანგელისტური ეკლესია "მადლის" პასტორის, ნინო ტყეშელაშვილის თქმით, მკალავიშვილის დებიუტი გაცილებით ნაკლებად აგრესიული იყო მის შემდგომ მოქმედებებთან შედარებით. [ნინო ტყეშელაშვილის ხმა] "ბასილის ასეთი მოღვაწეობა დაიწყო იმით, რომ ის მოვიდა პოლიციის დასაცავად გლდანის სასამართლოში და მისი აგრესია გამოიხატებოდა იმით, რომ დროშას გადაგვიფრიალებდა სახის წინ".

მოვლენათა შემდგომი განვითარება, ნინო ტყეშელაშვილის აზრით, პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი იყო. სხვანაირად შეუძლებელია საქმე იმგვარად შეტრიალებულიყო, როცა განსხვავებული რწმენის ადამიანებს არჩევანის გაკეთების საშუალება, პრაქტიკულად, აღარ დარჩათ: [ნინო ტყეშელაშვილის ხმა] "შუა საუკუნეებში რაღაც ჯადოქრობას მაინც აბრალებდნენ ხოლმე: რაღაც სასამართლო გაიმართებოდა და იქ გადაწყვეტდნენ, რომ ესა თუ ის ადამიანი უნდა დაეწვათ. საკითხი დგას ასე: ის ქართველები, რომლებსაც სხვა, მართლმადიდებლობისგან განსხვავებული რწმენა აქვთ, რას იმსახურებენ. ან კანონით უნდა დადასტურდეს, რომ ეს ხალხი არის დაწვის ღირსი, დაჭერის ღირსი - ამას მოვითხოვთ ჩვენ. სახელმწიფომ გაგვცეს პასუხი, ამას მოვითხოვთ ჩვენ".

არასამთავრობო ორგანიზაციის - "რწმენის თავისუფლების ცენტრის" წარმომადგენლის, ლელა ქართველიშვილის თქმით, გამოსავალი პროტესტანტულმა ეკლესიებმა მასობრივი საპროტესტო აქციის ჩატარებაში დაინახეს. უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამგვარი აქციების ჩატარებას უფრო ფრთხილად ეკიდებიან, რადგან შიშობენ, რომ ამას შეიძლება თავად რელიგიურ ჯგუფებს შორის შეტაკება მოჰყვეს, ხელისუფლება კი, ტრადიციულად, განზე გადგეს და ხელი დაიბანოს. მით უმეტეს, რომ თავისუფლების ინსტიტუტის წევრის, დავით ზურაბიშვილის თქმით, მკალავიშვილი და მისი რაზმი საზოგადოებრივ საფრთხედ სწორედ ხელისუფლების ძალისხმევით იქცნენ: [დავით ზურაბიშვილის ხმა] "მათ ეს მიუშვეს თავის დროზე, მისცეს ყველაფრის უფლება: მისცეს უფლება, რომ დაერბია ხალხი, ელაპარაკა მართლმადიდებლობის სახელით… როგორც ჩანს, ისინი ფიქრობდნენ, რომ ამით მოახდენდნენ სამოქალაქო სექტორის, უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას, მაგრამ, საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ იშვა ისეთი ფენომენი, რომელიც საფრთხეს უქმნის რიგითი ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას".

მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთაგან კონფერენციაში მონაწილეობდა დეკანოზი როსტომ ლორთქიფანიძე, რომელმაც კონფერენციის დანარჩენი მონაწილეებისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა: [როსტომ ლორთქიფანიძის ხმა] "არავითარი მიტინგი არ შეიძლება და არ შეიძლება დაპირისპირება მკალავიშვილთან, რადგან ეს სერიოზულობას აკლებს იმ ხალხს, ვინც მას დაუპირისპირდება. მკალავიშვილი როგორც კი საკანში აღმოჩნდება, ის წმინდანად გახდიან. ცოდვაა საქართველო, კაცო".
XS
SM
MD
LG